23:34 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
კინოფირი

”სიმინდის კუნძულის” რეჟისორი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება

© photo: Sputnik / Артем Житенев
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
1501

გიორგი ოვაშვილმა აღნიშნა, რომ მაყურებელი თავად გადაწყვეტს, ვის შეადაროს მთავარი გმირი: გამსახურდიას, ალექსანდრე მაკედონელს, მეფე ლირს, სტალინს თუ ჰიტლერს...

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი 2016 წლის დასაწყისში ახალი სურათის ”ხიბულას” გადაღებას იწყებს. ხიბულა სამეგრელოს ერთ-ერთი სოფელია, სადაც 1993 წლის ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა.

ოვაშვილის თქმით, ეს ფსიქოლოგიური დრამა იქნება. სცენარისტები არიან გიორგი ოვაშვილი და როლაფ იან მინებოო (Roelof Jan Minneboo).

”მაყურებელი თავად გადაწყვეტს, ვის შეადაროს მთავარი გმირი: გამსახურდიას, ალექსანდრე მაკედონელს, მეფე ლირს, სტალინს თუ ჰიტლერს… გადავწყვიტეთ, რომ თემა ფართო და გლობალურია. ეს კონკრეტული პრობლემა არაა, რომელთანაც გვაქვს საქმე, არამედ ზოგადი პრობლემაა კაცობრიობის ისტორიაში, ლიდერის და ხელისუფლების პრობლემა”, — განუცხადა ოვაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, გადაღებები, სავარაუდოდ, 2016 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მსახიობები მიიღებენ. მსახიობთა შემადგენლობა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

ამჟამად კინოპროექტი დაფინანსების ქართული წყაროს მოძიების სტადიაზეა. ”ხიბულას” ბიუჯეტი 1,7 მლნ ევროა.

გიორგი ოვაშვილმა ქართული კინოს საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდო ”ხელოვნების ქურუმი” მიიღო.

ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა ”სიმინდის კუნძული” 2015 წელს ”ოსკარის” კინოპრემიაზე კატეგორიაში ”საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” ნომინანტთა შორტ-ლისტში მოხვდა; მიიღო მაყურებლის სიმპათია ფრიბურგის 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (Festival International de Films de Fribourg), დსთ-ის ქვეყნების, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის კინოს ღია ფესტივალზე ”კინოშოკი-2014” გრან-პრი ”ოქროს ვაზი”, ასევე კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო ”ბროლის გლობუსი”. 

 


მთავარი თემები