თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. 28 აგვისტოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი იტალიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში Castel Dei Mondi, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ პარასკევს თეატრში.
იტალიურ ქალაქ ანდრიაში (http://www.casteldeimondi.com/index.php) ფესტივალის ფარგლებში ქართული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „ქალი ძაღლით“.
სპექტაკლი დადგმულია ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების „ქალი ძაღლით“ მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ლევან წულაძეა.
თეატრალური ჯგუფი საქართველოში 1 სექტემბერს დაბრუნდება.
თეატრის ახალი სეზონი სექტემბრის ბოლოს პრემიერით გაიხსნება. ნაჩვენები იქნება წულაძის დადგმული ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“.