08:30 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კონფლიქტები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)
32 0 0

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ხელი შეუწყოს ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობიანი პროცესის განხორციელებას.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი გადაჭრის პროცესს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

გუშინ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

„საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, დოკუმენტის ხელმოწერას სომხეთის კაპიტულაცია უწოდა. მისი თქმით, შეთანხმება მაქსიმალურად ხელსაყრელია ბაქოსთვის, ახლა საომარი ეტაპი დასრულდა და შესაძლებელია პოლიტიკურ საკითხებზე გადასვლა. 

სომხეთის მოქალაქეებს პრემიერ ფაშინიანის განცხადებაზე მთიან ყარაბაღში ომის დასრულებისა და ტერიტორიების დაკარგვის შესახებ მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები შენობაში შეიჭრნენ, ფაშინიანის კაბინეტი დაარბიეს და სახელმწიფო სიმბოლიკა გაიტაცეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტისკენ დაიძრნენ.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.

კონფლიქტის მონაწილეებმა სრული ან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ომმა მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)

მთავარი თემები