04:34 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
კონფლიქტები
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (91)
113 0 0

კონფლიქტის მოგვარება მთიან ყარაბაღში რთულდება თურქეთის ინტერესების გამო, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების გაძლიერება სურს, მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. გამოცხადებული ზავის რეჟიმი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმარისი არ აღმოჩნდა მთიან ყარაბაღში ვითარების სტაბილიზაციისა და თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტისთვის, მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს.

„როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს, და თავიდანვე ასე იყო. აქ ხომ არ იყო მარტო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, ეს მხოლოდ ზედაპირზე ჩანდა ასე. სინამდვილეში ეს იყო უფრო მსხვილი მოთამაშეების ჭიდილი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები გაეტარებინათ“, – განაცხადა არეშიძემ.

ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს>>

ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა თურქეთი. თურქეთის მთავარი ამოცანაა თავისი პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ დასავლეთის გავლენის შემცირება, აღნიშნა ექსპერტმა

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო მსხვილი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ვიდრე არ მოხდება მთელი მსოფლიოს კონსოლიდირებული მიდგომა, იმ მსხვილი მოთამაშეებისა, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან“, – განაცხადა არეშიძემ.

თუმცა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გაჩნდა გარკვეული იმედიც იმისა, რომ ეს კონფლიქტი მუდმივად არ გაგრძელდება.

„გაჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ ცოტა ხანში გარკვეული ფორმატი შედგება, არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო – გაეროს უშიშროების საბჭოც დაემატება, ევროპელებიც გაინძრევიან და რაღაც გარკვეული შედეგი უნდა დადგეს“, – განაცხადა ექსპერტმა.

ამავე დროს, როგორც არეშიძემ აღნიშნა, შედეგი არ დადგება, თუ თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავი გამარჯვებულად არ იგრძნეს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მართლაც უნდა გაიმარჯვონ, აღნიშნა არეშიძემ. მათ უნდა ჰქონდეთ პროპაგანდის, იმის თქმის შესაძლებლობა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს. გამარჯვება იქნება, მაგალითად, თუ ისინი დაიკავებენ იმ მონაკვეთებს, რომლებიც მდებარეობს ყარაბაღის ირგვლივ. ცნობილია, რომ ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანის შვიდი რაიონი ოკუპირებულია სომხეთის მიერ. ამიტომ ეს შეიძლება იყოს შვიდიდან ხუთი რაიონი. ორს სომხეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანი გარკვეულ მონაკვეთებს დაიკავებს, შეძლებენ თქმას, რომ ყარაბაღის დეოკუპაციის პროცესი დაიწყეს. ეს უკვე წარმატება იქნება. ესაა აზერბაიჯანული მხარის პროგრამა–მინიმუმი და ჩათვალეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა თურქეთისთვისაც, განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

მრავალსაათიანი მოლაპარაკებების მსხვლელობისას მოსკოვში 9 ოქტომბერს ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტდნენ ცეცხლს ყარაბაღში 10 ოქტომბრის შუადღიდან, გაცვლიდნენ ტყვეებსა და დაღუპულებს, ასევე დაზავების კონკრეტულ დეტალებს შეათანხმებდნენ. თუმცა უკვე შაბათს მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (91)

მთავარი თემები