ემიგრანტი ქალის წერილები: „საქართველოში ამ პროგრამაზე ბევრმა არაფერი იცოდა“

© photo: courtesy of Nato Kakauridzeნატო კაკაურიძე
ნატო კაკაურიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია.

ეს ისრაელში მყოფი ნატო კაკაურიძის ღია გზავნილია სამშობლოში.

© photo: courtesy of Nato Kakauridzeნატო კაკაურიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „საქართველოში ამ პროგრამაზე ბევრმა არაფერი იცოდა“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
ნატო კაკაურიძე

„როგორც ყველას, ისე ჩემ შემთხვევაშიც ემიგრანტობა ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. ყოველთვის ვერიდებოდი იმაზე ფიქრსაც კი, რომ ჩემი ოჯახი და ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ პრობლემებმა მაიძულა ეს რთული ნაბიჯი გადამედგა. დავიწყე იმის გარკვევა, თუ სად შეიძლებოდა წავსულიყავი ლეგალურად, რათა წელიწადში ერთხელ მაინც მომეხერხებინა ოჯახის ნახვა. აღმოჩნდა, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ ისრაელში იყო.

გავიგე, რომ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სამუშაო ვიზით ისრაელში დამხმარე პერსონალი ჩაჰყავდათ მოხუცის მომვლელის პოზიციაზე. ეს სამუშაო ვიზა B1 ტიპისაა, რომელიც მხოლოდ მოხუცის მოვლას ითვალისწინებს, ამიტომ სხვაგან მუშაობის უფლება არ გვაქვს. საქართველოში ამ პროგრამაზე ბევრმა არაფერი იცოდა. პირადად მე მის შესახებ ისრაელში მყოფმა მეგობარმა მითხრა, რის გამოც მისი ძალიან მადლიერი ვარ. ასე აღმოვჩნდი ისრაელში.

© photo: courtesy of Nato Kakauridzeნატო კაკაურიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „საქართველოში ამ პროგრამაზე ბევრმა არაფერი იცოდა“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
ნატო კაკაურიძე

საქართველოში არის სპეციალური ფირმა, რომელიც ამ პროექტს საელჩოსთან ერთად ახორციელებს. პირველად კონტრაქტით მოვხვდი ქალაქ რამათგანში, შიმშილაშვილების ოჯახში. ისინი ქართველი ებრაელები არიან და მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. განსაკუთრებით ანა კოლ-შიმშილაშვილისა, რომელიც დასავით დამიდგა გვერდით და ემიგრანტობის პირველი უმძიმესი თვეები გადამატანინა. ეს ადამიანი დღესაც არ მტოვებს უყურადღებოდ. ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ. ამ საოცარმა გოგომ ისრაელი გულწრფელად შემაყვარა...

რაც შეეხება კონტრაქტს, ის ყველასთვის შაბლონურია. პირობები ადამიანურია და, რაც მთავარია, ყველაფერი სრულდება, რაც კონტრაქტში წერია. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. არის ოჯახები, რომლებიც ცდილობენ, გარკვეული პირობები დაარღვიონ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლია საკუთარი თავი დაიცვა. თუ პირობები არ მოგეწონება, კონტრაქტით უფლება გაქვს, რომ სამსახური შეიცვალო. ამაში გეხმარება ის ფირმა, რომლის შუამავლობითაც კონტრაქტი ფორმდება.

ჩემი გასაჭირი მარტო ის იყო, რომ შვილი და ოჯახი, ქვეყანა დავტოვე, თორემ სხვა მხრივ ყველანაირად გამიმართლა და პრობლემები არ მქონია. ვისთანაც მოვხვდი, იმ ხალხმაც გამიმართლა. ემიგრანტობა − გამართლებაცაა...

დღეს ისევ ამ პროგრამის ფარგლებში, ისევ კონტრაქტით ვმუშაობ და ერთ წელში ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. ახლა ბევრ ქვეყანასთანაა დასაქმების პროგრამები, მაგრამ, როგორც გავიგე, პირობები ხშირად ირღვევა ხოლმე. ისრაელში კი, ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან დახვეწილია და ამიტომ აქ პრობლემებიც იშვიათად იქმნება.

ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა და ოჯახი. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ, ჩემს სახლში გამითენდეს და დამიღამდეს. უკვე მესიზმრება, შინ დაბრუნების შემდეგ როგორ განვაგრძობ ცხოვრებას.  

იმედი მაქვს, რომ ამ მარტოობის, სულისა და გულის ტკივილით სავსე ემიგრანტული ცხოვრების შემდეგ შევძლებ ნორმალურ და ღირსეულ ცხოვრებას...“

 

ყველა ახალი ამბავი
0