ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ნინო ძმანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმსა და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლო ამაშიცაა.

© courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილი

ქართველი ინჟინერ-ენერგეტიკოსი ნინო ძმანაშვილი 28 წელია მოსკოვში ცხოვრობს. ამბობს, რომ სული საქართველოში დატოვა და მხოლოდ ხორცით არის იქ... ნოსტალგიას უადვილებს ხელოვნება და პოეზია, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მის სულიერ თავშესაფრად იქცა. ხატების ქარგვა და ლექსების წერა აქტიურად სწორედ ემიგრაციაში დაიწყო. ეს მისი ცხოვრების ამბავია...

ბავშვობა ყველაზე უდარდელი პერიოდია და ეს არც ჩემთვის ყოფილა გამონაკლისი. ბავშვობის წლები ქიზიყში, წნორში გავატარე. ყველა ქიზიყელს ალბათ დაბადებიდან მოჰყვება თავისუფლების გრძნობა, ეს ხომ უბატონო კუთხეა და ამით ყველა ქიზიყელი ამაყობს. იქაურები ძალიან კეთილი, ამაყი, პირდაპირი და ჯიუტი ხალხია. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეც ბავშვობიდან მამკობდა.

გავიზარდე ძალიან თბილ და სიყვარულით სავსე ატმოსფეროში. მამა ენერგოზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა. დედა სპეციალობით ბუღალტერი იყო, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ ყველაფერი გვერდზე გადადო და შვილების აღზრდას ემსახურებოდა.

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილი

დედა იყო თბილი და დამთმობი პიროვნება, რითიც ვსარგებლობდი ხოლმე, მამა — მკაცრი და მომთხოვნი, ამიტომ მის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ყოველთვის ვცდილობდი მათი იმედები არ გამეცრუებინა. დროს უფრო მეტად სახლში ვატარებდი, ვკითხულობდი, მიყვარდა ყვავილები და ულამაზესი ბაღიც მქონდა. კიდევ ვქსოვდი, ვქარგავდი, ვხატავდი, ვწერდი ჩანახატებსა და ლექსებს.

წნორის N1 საშუალო სკოლა დავამთავრე და სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განვაგრძე. ჯგუფში ძალიან თბილი მეგობრები მყავდა, რომლებთანაც დღესაც მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ელექტროსადგურების კათედრაზე დამტოვეს, განაწილების დროს ბევრი ვიწვალე და სამუშაოდ წნორის მანქანათმშენებელ ქარხანაში წავედი. ბევრისთვის ეს უცნაური იყო, მაგრამ მე ძალიან მიჭირდა ცხოვრება ალაზნის ველისა და კავკასიონის გარეშე. თუმცა არცთუ ისე ცუდი სვლა გამომივიდა, რადგან უკვე 23 წლისა ქარხნის მთავარი ენერგეტიკოსი გავხდი.

სიძნელეები იყო, რადგან არც გამოცდილება მყოფნიდა და ქარხანაც მოძველებული იყო. ბევრჯერ ჩამიკეტავს კაბინეტის კარი და მიტირია. მაგრამ ხომ იცით, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. ამიტომ მერე მაინც ყველაფერი მომიგვარებია.

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი

არ შემიძლია არ აღვნიშნო მაშინდელი დირექტორის დიმიტრი ჯანაშვილისა და მთავარი ინჟინრის თენგიზ აბრამიშვილის გვერდში დგომა — ისინი ყოველთვის მეიმედებოდნენ.

ჩემი პრინციპულობის გამო ბევრჯერ საფრთხეც შემიქმნია საკუთარი თავისთვის. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ერთ შემთხვევას: შესრულებული სამუშაო არ მომეწონა და დაუკვირვებლად მარჯვენა ხელი ელექტროსადენს მოვკიდე, მარცხენათი ჩარხს დავეყრდენი და... უცებ მივხვდი, რომ 380 ვოლტის ძაბვამ ერთ ადგილზე გამაშეშა. იმ წუთებში მხოლოდ ერთი რამ გავიფიქრე – უფალო, ოღონდ ასეთი სიკვდილით ნუ მომკლავ და მერე რაც გინდა, ის იყოს-მეთქი. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მაშინ ის ხელი უცებ გამითავისუფლდა. დღემდე ვერ ამიხსნია, თუ არა უფლის ნებამ, სხვამ რამ გადამარჩინა მაშინ...

პროფესიაზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული და საქმეს დიდი სიყვარულით ვემსახურებოდი. დამიჯერეთ, უკან იგივე სიყვარული მიბრუნდებოდა ხოლმე.

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი

იმდენად ვიყავი ჩაფლული ქარხნის საქმიანობაში, რომ პირად ცხოვრებაზე არც ვფიქრობდი, ყველა და ყველაფერი მიყვარდა და ყველაში მხოლოდ ძმასა და მეგობარს ვხედავდი. მახსოვს, როდესაც ჩვენი მთავარი მექანიკოსი სიყვარულში გამომიტყდა და ცოლობა მთხოვა, რაც საბუთები მეჭირა ხელში, მოულოდნელობისგან ყველაფერი დამიცვივდა. მან კი იმდენი მოახერხა, რომ ნელ-ნელა ამ აზრს შემაჩვია და 1992 წელს ოჯახი შევქმენით. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და ეკონომიკაც თან მიჰყვებოდა. ერთ დღესაც ქარხანა დაიკეტა და ორივე უმუშევარი დავრჩით. იმ დროს რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი...

მანამდე კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად თითქმის ყოველწლიურად ჩავდიოდი მოსკოვში, რადგან ჩვენი ქარხანა რუსეთს ექვემდებარებოდა და სამინისტროც მოსკოვში იყო. და რადგან საქართველოში ძალიან რთული ვითარება შეიქნა, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ წავსულიყავით მოსკოვში, სადაც ბინა მქონდა.

მოსკოვში 1993 წლის 25 სექტემბერს ჩამოვედით. მახსოვს, ქალაქი თოვლით შეგვხვდა, თითქოს პირველი დღიდან გვაგრძნობინა სუსხი, მიგვახვედრა, რომ არ გველოდა ადვილი ცხოვრება. თუმცა რამდენიმე დღეში გამოიდარა და დათბა კიდეც...

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილი

დღეს ვცხოვრობ კოპტევოს რაიონში, ეს მოსკოვის ერთ-ერთი მწვანე, ძალიან მყუდრო და ძველი რაიონია. გზის გადასწვრივ ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტია, დიდი ტყითა და ტბით. აქ ყოფნას ფაქტობრივად ეს ადგილი მიადვილებს.

ემიგრანტობა ყველგან რთულია, სადაც უნდა ცხოვრობდე, ჩვენთვის კი ორმაგად რთული. ემიგრანტისთვის ხომ ერთ თბილ სიტყვასაც ოქროს ფასი აქვს. ყოველთვის ვგრძნობ, რომ აქ სხვა ვარ, სულ რაღაც უკმარისობის გრძნობა მაქვს. ვგრძნობ, რომ ეს მიწა ჩემი არ არის და უცხო ჰაერს ვსუნთქავ. 28 წელია აქ ვცხოვრობ და მაინც ვერ გავითავისე. ამაზე ბევრი ქართველი იცინის ხოლმე, მაგრამ მე ჩემი ქიზიყი დღესაც მეძახის, ჩემი ალაზნის ველი და ბუმბერაზი კავკასიონი მიხმობს.

სულიერად ხელოვნება მეხმარება, უქმად არასდროს ვყოფილვარ, ძაფით ჯვარედინი ქარგვით საკმაოდ დიდ ფორმატზე რვა ნახატი შევქმენი, ბისერებით 16 ხატი მოვქარგე. ასევე მოვქსოვე სუფრები. ხანდახან კი პოეზიით ვეფერები ხოლმე საქართველოს:

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი

რად გაგჩენია ჭაღარა, ფრთათეთრა იასამანო,

რა დარდი შემოგეყარა, ნეტავ, სად დაგისავანო.

რომელ ქვეყნიდან მოხვედი, საით გაგირბის ფიქრები,

მიწის სურნელი თუ გახსოვს, მან დაგადინა ცრემლები.

უცხო მხარეში ცხოვრება, ვიცი, რომ სატანჯველია,

თუ მიწას ფესვით მიები, განშორება ხომ ძნელია.

ვიცი, სხვა გზა რომ არა გაქვს, ცდილობ დაფარო ტკივილი,

აქაც ლოცულობ სამშობლოს, თეთრ ანგელოზად ქცეული.

თეთრი ზოგისთვის სიბერე, ზოგისთვის — სილამაზეა,

შენი სითეთრე, მერწმუნე, საამო დასანახია.

რიჟრაჟზე შენს სითეთრეში მზის სხივნიც იძირებიან,

შენიდან არეკლილები ცის კაბადონზე სხდებიან.

გამთენიისას ბულბული დაგმღერის, ტრფობის ალში გხვევს

და ფერდაკარგულ სახეზე სიმორცხვის ალი იფეთქებს.

შენი სურნელით დამტკბარი, თავს დაგტრიალებს ფუტკარი,

სანთელში შენს სურნელს აფრქვევს და ასე მიდის უფლამდის.

© photo: courtesy of Nino Dzamanashviliნინო ძმანაშვილის ნამუშევარი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვგრძნობ, რომ უცხო ჰაერს ვსუნთქავ და ჩემი ქიზიყი მეძახის“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ნინო ძმანაშვილის ნამუშევარი

საქართველოში უკანასკნელად 2012 წელს ვიყავი, მაშინ მამა გარდამეცვალა. იქ ჩასვლა უკვე მიჭირს, გამიუცხოვდა სახლი, სადაც აღარც დედა მელოდება და აღარც მამა... არადა, მენატრება ყველაფერი, ეზოში დაგდებული ქვაც კი; მენატრება იქ დარჩენილი ბავშობა, ახლობლები და მეგობრები; მენატრება ჩემი ეზოდან დანახული, ბინდში ჩაწოლილი სიღნაღი, გამთენიისას კავკასიონიდან ამოსული მზის დანახვა...

ჩემი ფიქრები სულ საქართველოს დასტრიალებს, სულ იქ ვარ, მისით ვსუნთქავ. მე სული იქ დავტოვე, ამ ქვეყანაში მხოლოდ ხორცით ვარ. მე აქ ჩემი პატარა საქართველო მაქვს — ტომარაში გამოკრული ერთი მუჭა ქართული მიწა...

ყველა ახალი ამბავი
0