20:16 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (412)
37620

XVII საუკუნის საქართველოში თამარ მუხრან-ბატონის მშვენიერება ყველას პირზე ეკერა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა მოცილეობის მიზეზი და მის გამო ბევრი სისხლიც დაიღვარა.

თამარზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგი მას აღვირახსნილ ქალად მოიხსენიებს, ზოგს კი ტრაგიკულ ადამიანად მიაჩნია. საქმე ისაა, რომ თამარი ხუთჯერ იყო გათხოვილი და მისი ყველა ქორწინება სკანდალური გამოდგა. ორჯერ საკუთარ სიძეებზე — დის ქმარსა და შვილის მეუღლეზე იქორწინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ თამარს არავინ არაფერს ეკითხებოდა და უმეტეს შემთხვევებში, როგორც სამხედრო ალაფი, ისე გადადიოდა გამარჯვებულის ხელში.

თამარ მუხრან–ბატონს „ქართველ ელენედაც“ მოიხსენიებენ. თუ მშვენიერი ელენესთვის ტროელები ათი წელი იბრძოდნენ, თამარისთვის ქართველები 20 წლის განმავლობაში ღვრიდნენ სისხლს — რამდენიმე მეფე-მთავრის ჟინს ათასობით ვაჟკაცის სიცოცხლე ეწირებოდა. თამარის სიცოცხლეში დასავლეთ საქართველოს მშვიდობა არ ღირსებია. შეიძლება ითქვას, რომ მუხრან-ბატონების ულამაზესი შთამომავალი მართლაც ტრაგიკული ფიგურა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პირი იყო.   

სამწუხაროდ, მისი პორტრეტი არ შემოგვრჩა. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, თამარი იყო „ფრიად კეკლუცი და აღმატებული მშვენიერებითა სრული უმეტესად“. როგორც ჩანს, თამარი არა მარტო ძალიან ლამაზი, ვნებიანი ქალიც იყო და მამკაცებს მისი დათმობა ალბათ ამიტომაც უჭირდათ. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქართლის გამგებელმა ვახტანგ მეხუთემ, ანუ შაჰ-ნავაზმა სამეგრელოს მთავარ ლევან მესამეს ცოლად შერთო მთელ საქართველოში სილამაზით განთქმული ქალი, თავისი ძმის კონსტანტინეს ასული თამარ მუხრან-ბატონი — მარაბდის გმირის, თეიმურაზ მუხრან-ბატონისა და გიორგი სააკაძის შთამომავალი. სამწუხაროდ, თვინიერი თამარი მისდა უნებურად გახდა მიზეზი იმ დიდი უბედურებისა, რაც მაშინ იმერეთის სამეფოში დატრიალდა.

1663 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ბაგრატ მეოთხე ავიდა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე დედინაცვალმა დასთხარა თვალები. გამეფებისთანავე მას სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი დაესხა თავს. ამ ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, ხოლო დადიანი ტყვედ ჩავარდა. იმერეთის მეფემ ჩათვალა, რომ ლევან დადიანისთვის ულამაზესი ცოლის წართმევის დრო დადგა, ვინაიდან მეფე იყო და მის სამეფოში ყოველივე საუკეთესო (მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ქორ-შევარდენი იქნებოდა, ქამარ-ხანჯალი, ცხენი თუ ქალი) მისი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც თამარ მუხრან-ბატონის ხელში ჩასაგდებად (რომელიც ამავე დროს მისი ცოლისდაც იყო) „ტრაგიკომედია“ გაითამაშა.

უსინათლო ბაგრატს ერთადერთი და თინათინი ჰყავდა, რომელიც ვინმე გოშაძის ნაცოლარი ყოფილა. ძმის წაქეზებით თინათინმა დადიანი აცდუნა. ქალს დანატრებულ ტყვესაც მეტი რა უნდოდა და ანკესზე წამოეგო. დილით მეფე მოტრფიალეებს „თავს წაადგა“ და დადიანს უთხრა, ოჯახის შერცხვენასა და გაბახებას არ გაპატიებ, თუ გინდა სიცოცხლე შეგინარჩუნო, თინათინზე უნდა იქორწინოო. დადიანმაც სიკვდილს სამარცხვინო ქორწინება ამჯობინა და თინათინი ცოლად შეირთო.

იმერეთის მეფემაც არ დაახანა, თავადაც გააგდო კანონიერი მეუღლე თითია მუხრან-ბატონი და ცოლისდაზე — თამარზე დაიწერა ჯვარი. სამწუხაროდ, იმ დროს ქართველ წარჩინებულთა შორის არავინ აღმოჩნდა ვინმე წესიერი, რომელიც წინ აღუდგებოდა გარყვნილი მეფის ამ უზნეო საქციელს. პირიქით, იმერეთის დიდებულებს თავი რომ დავანებოთ, მეფეს ამ საქმეში კვერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსმა სვიმონ ჩხეტიძემაც დაუკრა. შესაძლოა, ეს ქვეყანაში მშვიდობის დამყარების მიზნით გაკეთდა, თუმცა სვიმონ კათალიკოსისა და სხვა მთავრების მიერ განხორციელებულმა „ორიგინალურმა“ საქორწინო მანიპულაციამ იმერეთში შინაომი კი არ ჩააქრო, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო გააღვივა და თითქმის მთელი სამეფო მოიცვა.

ლევან დადიანი არ შეგუებია ცოლის დაკარგვას და მის დასაბრუნებლად არაფერს ერიდებოდა. „ბოღმით დამხრჩვალი“  ბაგრატზე შურისძიებასა და თამარის დაბრუნებაზე ოცნებობდა. ამიტომ როგორც კი შანსი მიეცემოდა, მაშინვე თავს ესხმოდა ცოლისძმას.

მერე ის იყო, ბაგრატ მეფეს სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე განუდგა და სატახტო ქალაქში ოსმალთა გარნიზონი ჩააყენა — „მოიპარა ციხე ქუთათისისა და შეაყენა ოსმალნი“. მაგრამ გამოჩნდა გმირი მამულიშვილი, მოურავი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც ერთ ღამეს მამაც იმერთა მცირე გუნდით „შეეტყუა ქუთათისის ციხესა, მოსრნა ოსმალნი და აღიღო ციხე... და მისცა ბაგრატსა“.

ამის საპასუხოდ 1665 წელს ახალციხის ფაშამ ოსმალთა ჯარით ზეკარის უღელტეხილი გადალახა და იმერეთში შეიჭრა. ასლან ფაშას მაშინვე მიეგებნენ სეხნია ჩხეიძე, დემეტრე გურიელი და ლევან დადიანი. ბაგრატ იმერთა მეფემ ბრძოლა უაზროდ ჩათვალა და ოჯახთან ერთად ქართლში გაიქცა:

„მაშინ ოსმალთა მოსრნეს, მოსტყვევნეს იმერეთი, შემუსრნეს მრავალნი ხატნი და ჯვარნი, მოსწვეს ქვეყანანი“.

დადიანი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა, თუმცა მაინც „არ დასცხრა დადიანი, რამეთუ შური აქუნდა ცოლისა თვისისა თამარისათვის...“ ამიტომ როგორც კი უსინათლო ბაგრატმა იმერეთის ტახტი დაიბრუნა, ისევ განაახლა ბრძოლა მის წინააღმდეგ. მაგრამ ჯერ 1669 წელს ჩხართან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა სასტიკად, შემდეგ კი გეგუთთანაც და ისევ ტყვედ ჩავარდა. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მეფემ მოღალატე ერისთავსა და სიძეს სიცოცხლეც აჩუქა და თავისუფლებაც.

მალე ორივეს – ბაგრატსა და ლევან დადიანს ახალი მეტოქე გამოუჩნდა გიორგი გურიელის სახით. ახლა მან დაადგა თვალი მუხრან-ბატონის ულამაზეს ასულს.

ვახუშტი ბაგრატიონის დახასიათებით, გიორგი გურიელი „იყო კაცი მხნე, შემმართებელი, მშვილდოსან-მოასპარეზე რჩეული, უღვთო მოსისხლე და ტყვის მსყიდეველი უწყალო“. თამარის ხელში ჩაგდების მიზნით მან ბაგრატ მეფის დამხობა განიზრახა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ამას მარტო ვერ გააკეთებდა. ამიტომ ახალციხის ფაშას გაურიგდა, დიდძალი ქრთამი მისცა. ეს უკანასკნელიც ადგა და ბაგრატი ხონთქართან ორგულობაზე დააბეზღა. სულთანმაც ასლან ფაშას იმერეთში ლაშქრობა უბრძანა. 1672 წელს გურიელი ოსმალთა ჯარით ქუთაისს დაეცა თავს. იმერეთის მეფემ მოასწრო და თამარი რაჭაში, კვარიათის (კვარას) მიუვალ ციხეში გადამალა, თავად კი ჯარით დაუხვდა მომხვდურთ. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა ოსმალებმა ვერ შეძლეს ბაგრატის ტახტიდან ჩამოგდება. ხონთქართან რომ შერცხვენილი და დამარცხებული არ წარმდგარიყო, ახალციხის ფაშა დიდი ძღვენის საფასურად გაურიგდა ბაგრატს და ის ისევ იმერეთის ტახტზე დატოვა, მძევლად კი მისი ძე ალექსანდრე წაიყვანა. ხელმოცარული გურიელი კი, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, დაბოღმილი გაბრუნდა უკან.

იმ ზამთარს ბაგრატ მეფე ჩაუხტა ჯარით გიორგი გურიელს და დაამარცხა იგი. იმერეთის მეფემ „მოსტყვევნა და მოსწვა გურია და წარმოვიდა ალაფითა და იავარითა“, მაგრამ ბაგრატი იმასაც ხვდებოდა, რომ გურიელი ასე იოლად არ დაეხსნებოდა. ამიტომ, თავიდან რომ მოეშორებინა ჯიუტი მოტრფიალე და იმერეთის მეფის ტახტის მაძიებელი, ცოლად თავისი 11 წლის ასული დარეჯანი შერთო, რომელიც თამარ მუხრან-ბატონისაგან ჰყავდა. ასე და ამგვარად, ვისაც გურიელი ეტრფოდა, ის მისი სიდედრი გახდა.

1678 წლის სექტემბერში ახალციხის ფაშის, ოდიშის მთავარ ლევან დადიანისა და იმერეთის დიდებულების მხარდაჭერით ტახტი არჩილ ვახტანგის ძემ (ქართლის გამგებელ შაჰ–ნავაზის შვილმა) დაიკავა. იმერლებმა და მეგრელებმა არჩილი ზეიმით შეიყვანეს ქუთაისში და „კუბოს კარამდე“ ერთგულება შეჰფიცეს. ბაგრატმა აწ უკვე სიძეს — გიორგი გურიელს მიაშურა თავშესაფრისთვის, ხოლო თამარი სკანდის ციხეში დატოვა. არჩილმა გამოიყვანა ციხიდან თამარ დედოფალი და პირველ ქმარს — ლევან დადიანს დაუბრუნა.

განრისხდა ოსმალთა სულთანი – როგორ თუ არ იშლიან სპარსთა ქვეშევრდომი ქართლელები „ჩემი იმერეთის“ საქმეებში ხელის ფათურსო, და მაშინვე არზრუმის ფაშას უბრძანა იმერეთში წესრიგის აღდგენა.

მიეგებნენ ბაგრატ მეფე და გიორგი გურიელი ფერსათზე გადმოსულ ოსმალთა ლაშქარს. არჩილ მეფემაც „შემოიკრიბნა სრულიად იმერნი, შეიფიცნა და ლამობდა ბრძოლასა“. 1679 წლის აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს მოწინააღმდეგენი, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა, ვინაიდან იმერლებმა არჩილი მიატოვეს და ბაგრატის ბანაკში გადავიდნენ. შაჰ– ნავაზის ძემ მცირე ამალით რაჭისკენ გაქუსლა, იქიდან კი ქართლში გადავიდა.

ქუთაისის ტახტზე ისევ ბრმა ბაგრატი ავიდა, რომელმაც გამეფებისთანავე „მოიმტკიცნა ივერნი, შემოიკრიბნა და წარვიდა ოდიშს“. ლევან დადიანიც ჯარით მიეგება და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც ბაგრატ მეფემ გაიმარჯვა. მან მაშინვე წაართვა დადიანს „კეკლუცი თამარი“, ცოლად დაიბრუნა და „მოვიდა ქუთათის გამარჯვებული“.

ლევან დადიანმა ვერ გადაიტანა ასეთი მარცხი და დამცირება და 1680 წელს მშფოთვარე სული უფალს მიაბარა. ერთი წლის შემდეგ უსინათლო ბაგრატიც მის გზას დაადგა. ამ ვითარებით ისარგებლა გიორგი გურიელმა და ხელთ იგდო ქუთაისის ტახტი. ახლადმოვლენილი იმერეთის მეფის პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ კანონიერ ცოლს გაეყარა და თანამეცხედრედ მისი დედა, თამარ მუხრან-ბატონი დაისვა.

მართალია, გურიელმა 1683 წელს იმერეთის ტახტი დაკარგა და ის ალექსანდრე ბაგრატის ძეს დაუთმო, მაგრამ თამარის შენარჩუნება შეძლო. თუმცა ამ უკანასკნელსაც დიდი დღე აღარ ეწერა. 

გიორგი გურიელს იმერთა და ოდიშართა გაერთიანების შიში ჰქონდა. ამიტომ ქუთაისიდან გაქცევისთანავე თავისი მშვენიერი „ცოლ-სიდედრი“, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ორსულად იყო, დადიანთან გაუშვა მოციქულად, „რათა არ მიერთვნენ ოდიშარნი ალექსანდრეს“. მაგრამ სამეგრელოში მისულ დესპანს მუცელი ასტკივდა და მშობიარობას გადაჰყვა. და მყის ჭორები აგორდა მის შესახებ – ბავშვის ნაცვლად ცეცხლმოკიდებული მუგუზალი დაჰბადაო. ამ ერთ ფრაზაშიც ნათლად ჩანს, მეფე-მთავრების სათაყვანო „კეკლუცი თამარი“ როგორ სძულდათ რიგით ქართველებს, რომლებიც ქვეყნის გავერანება-გაჩანაგებასა და დაუსრულებელ შიდა ომებს მის იმერეთში გამოჩენას უკავშირებდნენ...

თემები:
იცით თუ არა, რომ... (412)

მთავარი თემები