ისტორიული მკრეხელობა: ამბავი სვანეთიდან გაუჩინარებული შეუფასებელი რელიგიური სიწმინდეებისა

© photo: courtesy of Teona Gogniashviliსიყვარულის კოშკი
სიყვარულის კოშკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
სვანეთიდან ვითომ შესწავლის მიზნით წამოღებულ სიწმინდეებს, რომელთაგან უმრავლესობას შეფასების გრაფაში „შეუფასებელი“ ეწერა, დანიშნულების ადგილამდე არ მიუღწევია – ისინი უბრალოდ გაქრა...

სვანეთი საუკუნეთა განმავლობაში იყო ძნელბედობის ჟამს არა მარტო ბარის დევნილი მოსახლეობის თავშესაფარი, არამედ სიწმინდეთა ნავსაყუდელიც. სვანეთის ეკლესიებს მტრის ხელი ძნელად სწვდებოდა და ქართველი მეფეები იქაურ სალოცავებს ხშირად სწირავდნენ წმინდა ხატებს — ოქროს პერანგით შემოსილ და პატიოსანი თვლებით მოოჭვილ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს.

განძის მაძიებლები სწავლობენ რუკას - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2020
ეძებეთ ქართველ მეფეთა საგანძური: ლეგენდებით შემონახული ადგილები

გარდა ამისა, საქართველოს მეფეები პირად და სახელმწიფო საგანძურსაც ლეჩხუმისა და სვანეთის მიუვალ მთებში ინახავდნენ (მაგალითად გამოდგება ხვამლის მთა). ახლაც ცნობილია ის გვარები და ოჯახები, რომელთაც განძის მოვლა-პატრონობა და შენახვა ევალებოდათ. განსაკუთრებით საპატიო იყო დიდი სიწმინდეების, მათ შორის, ხატების შენახვა. ეს მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა მამიდან შვილზე გადადიოდა და ასე მოაღწიეს სვანეთს „შეფარებულმა“ წმინდა ხატებმა მეოცე საუკუნემდე ისე, რომ ერთიც არ დაკარგულა. კომუნისტური მმართველობის დაისს კი ერთბაშად სამ ათეულზე მეტი ხატი „გაქრა“...

მურვან ყრუებმა, ჯალალ ედ დინებმა, შაჰ-აბასებმა და თემურ ლენგებმა, რომ იტყვიან, ძვლებამდე გაატყავეს ჩვენი ქვეყანა, უდიდესი სიმდიდრე გაზიდეს. ამას მოჰყვა ბოლშევიკების ტირანია და ახლა მათ გამოუყვანეს წირვა გადარჩენილ სიწმინდეებს. თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ყველაფერი დაწყნარდა... და სწორედ იმ დროს, როცა თითქოს ეროვნულ სიწმინდეებს აღარაფერი ემუქრებოდა, მოხდა უდიდესი დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ, მეცნიერული შესწავლისა და მათი უკეთ დაცვის მიზნით, ქვემო სვანეთის ეკლესია-მონასტრებიდან უნიკალური, ძვირფასი ხატები გაიტანა, რომლებიც მუზეუმებში უნდა დაებრძანებინათ. მაგრამ იქამდე სვანეთის ეკლესიებიდან წამოღებულ არც ერთ ხატს არ მიუღწევია.

რომაელი ლეგიონერები - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2018
მოუდრეკელ სვანებთან დამარცხებული დიდი რომაელი და პომპეუსის აუხდენელი ოცნება

საქმე ასე იყო: 1985 წლის 17 ნოემბერს მაშინდელ მთავრობასთან არსებულ საქართველოს მთიანეთის შემსწავლელმა კომპლექსური კომისიის ექსპედიციამ გასცა განკარგულება ქვემო სვანეთის ეკლესიებიდან სიწმინდეების გატანის შესახებ. მაშინდელი მილიციის დახმარებით უამრავი წმინდა ნივთი და ხატი წაიღეს — ზოგი მათგანი X-XI საუკუნისა იყო.

ყველა ეს ნივთი და ხატი უძვირფასესი იყო, მაგრამ სკალდის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაბრძანებული თარიგზენის (მთავარანგელოზის) ხატი ნამდვილად შეუფასებელი გახლდათ. გარდა იმისა, რომ ოქროს პერანგში იყო ჩასმული და უამრავი ძვირფასი თვლით მოჭედილი, თარიგზენის ხატს უდიდესი მადლი ჰქონია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, მთელ საქართველოზე გადმოდიოდა.

ამბობენ, ერთხელ ლენტეხის ამაღლების ძველი ტაძრიდან ხატი თავისით გამობრძანებულა და ხეზე დაბრძანებულა. იმ ღამით ერთ მორწმუნეს უფალი გამოცხადებია სიზმრად და უბრძანებია, ახალი ადგილი შეერჩიათ თარიგზენის დასაბრძანებლად. ამისთვის ორი გაუხედნავი მოზვერი უნდა შეებათ უღელში, ზედ ხატი დაესვენებინათ და გზას გასდგომოდნენ, სადაც მოზვრები გაჩერდებოდნენ, ის იქნებოდა ხატის ახალი ადგილსამყოფელი. სვანებიც ასე მოქცეულან. და მოზვრებს თარიგზენის ხატი იმ ადგილამდე აუტანიათ, სადაც დღეს სკალდის სალოცავია...

ხალდე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2019
ხალდე – იმპერიის ჯარს შელეწილი გაუტეხელი სვანური სოფელი

მოკლედ, სვანეთიდან წამოღებული უძველესი ხატები (რომელთა ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, რადგან მათი აღწერილობაც კი გამქრალია) თავიდან ლენტეხის რაიონულ მილიციაში შეუნახავთ, მაგრამ მერე, თბილისში ტრანსპორტირებისას, „უკვალოდ გაქრა“...

როგორც ამბობენ, ამ საქმეში ძალიან გავლენიანი ხალხი იყო ჩართული. ზოგი ვარაუდით, მილიციამ, რომელიც ბრმა იარაღად იყო გამოყენებული ამ საქმეში, ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღო მითითება, რომ ხატის მცველების ვინაობა დაედგინათ (ტრადიციულად, ეს გასაიდუმლოებული იყო). მათაც აგენტები აამოქმედეს ამ მიზნით და დავალებაც „პირნათლად“ შეასრულეს.

იმასაც ამბობენ, რომ ექსპედიციაში საკმაოდ ცნობილი მეცნიერები მონაწილეობდნენ. როდესაც კომისიის ხელმძღვანელმა (აწ გარდაცვლილმა), ძალიან ცნობილმა და პატივსაცემმა მეცნიერმა ექსპედიციის შემდეგ ქვემო სვანეთის ხატების გზა-კვალს ვეღარ მიაგნო, მიხვდა, რომ მოატყუეს, მაგრამ უკვე გვიან იყო. თურმე სიცოცხლის ბოლომდე დარდობდა, ძალზე დიდი ცოდვა მაწევსო. არადა, ისიც მხოლოდ ბრმა იარაღი იყო, მეტი არაფერი.

სამწუხაროდ, მაშინ მოსახლეობასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა ხატების გატანისთვის — როგორც ჩანს, ისინიც დაარწმუნეს, თითქოს სიწმინდეები, რომელთაგან უმრავლესობას შეფასების გრაფაში „შეუფასებელი“ ეწერა, მართლაც შესასწავლად მიჰქონდათ...

ყველა ახალი ამბავი
0