12:56 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (397)
16740

გადასახლებიდან დაბრუნებულ ყაბარდოელებსა და ინგუშებს საკუთარ სახლებში უცხო ხალხი დახვდათ დაბინავებული და ღია ცის ქვეშ დარჩნენ. გაუმართლათ მხოლოდ მათ, ვის კარმიდამოსაც ქართველები დაპატრონებოდნენ

პოეტი იოსებ ნონეშვილი ერთ დღეს განერვიულებული დაბრუნებულა შინ და ეს სტრიქონები დაუწერია:  

„ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,

ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი,

წუთისოფელს კაცად  შერჩე ბოლომდე,

თურმე ესეც გმირობაა დიდი“.

მერე დასაძინებლად დაწვა და ძილში დალია სული. გულმა უმტყუნა ერთ–ერთ ყველაზე გულიან კაცს საქართველოში. ზემოთ ნახსენები სტრიქონები კი ერთგვარ შეხსენება–ანდერძად შემორჩა; იმის შეხსენებად, რომ ნაღდ კაცს ღირსების დაკარგვას სიკვდილი უჯობს.

ამის მაგალითები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავალზე მრავალია, თუმცა ქვემოთ რამდენიმეს შეგახსენებთ მხოლოდ.

***

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი  რესპუბლიკის მთავრობის წევრი, თბილისის თავი ბენია ჩხიკვიშვილი, გასაბჭოების  შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1924 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა ნოე ხომერიკთან ერთად აჯანყების მოსამზადებლად. მაგრამ თურმე უკვე „გაშიფრულები“ იყვნენ — საქართველოში ჩამოსვლის დღესვე დააპატიმრეს...

ბენია ჩხიკვიშვილის სიკვდილის ორი ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით, ბენია ტამბოვში გადაუსახლებიათ და იქ დაუხვრეტიათ. მეორე ვერსიით კი ამ ღირსეულ ქართველს კბილებით გადაუღრნია მაჯაზე არტერია და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.

***

მსახიობ სპარტაკ ბაღაშვილს ბინა აჩვენეს, დღეიდან აქ იცხოვრებთო. ისიც დათანხმდა, მაგრამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ბინაში ავეჯი იდგა. აუხსნეს, ბინის პატრონი ციმბირში გაასახლეს და ავეჯს თან ხომ ვერ წაიღებდაო.

ბაღაშვილს მრისხანება ვერ დაუმალავს: ეს რა მაკადრეთ, ბინის პატრონი ციმბირში იტანჯება, მე მის ბინაში განცხრომით როგორ ვიცხოვრო, ეს რა კაცობააო?!

და უარი უთქვამს შესახლებაზე.

***

კონსტანტინე გამსახურდია ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის დააპატიმრეს. მეგობრისა და სულიერი ძმის დასასხნელად პავლე ინგოროყვამ, როგორც იტყვიან, „რკინის  ქალამანები“ ჩაიცვა, მოსკოვში არაერთხელ ჩავიდა და „შესაბამის სამსახურებს“ მიადგა მის გასათავისუფლების მოთხოვნით.

ინგოროყვამ იმდენად შეუწუხა გული მოსკოველ ფუნქციონერებს, რომ დირექტივა გაიცა: ან ეს ინგოროყვა დააპატიმრეთ და თავიდან მოგვაცილეთ, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო.

მართლაც დიდმა ქართველმა მეგობრისათვის თავი საფრთხეში ჩაიგდო, მაგრამ მიზანს მიაღწია. ამ დირექტივის გაცემიდან ერთ კვირაში გამსახურდია გაათავისუფლეს.

***

საკმარისი იყო, გერმანელები კავკასიაში შემოსულიყვნენ, რომ მას მორჩილება გამოუცხადეს ყაბარდოელების, ყარაჩაელების, ჩეჩნების, ინგუშების ლიდერებმა და მესვეურებმა.  რა თქმა უნდა, საბჭოთა მთავრობამ ეს კარგად „დაუმახსოვრეს“ და როდესაც ფაშისტები კავკასიიდან განდევნეს, ჩრდილოკავკასიელთა ეგზეკუციაც დაიწყო.

1944 წლის გაზაფხულზე ყაზახეთისა და შუა აზიის გზას გაუყენეს ასობით ათასი ჩეჩენი, ბალყარელი, ყაბარდოელი და ინგუში. უამრავი სოფელი და დაბა გაუკაცრიელდა. მათ ნასახლარზე მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩაასახლეს ხალხი. მათ შორის, საქართველოდანაც: ყარაჩაიში სვანები და ნაწილობრივ რაჭველები გადაასახლეს, ხოლო ინგუშეთში — მოხევები, ხევსურები, მთიულები და ფშაველები.

გავიდა წლები. 1956 წელს საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელის, ნიკიტა ხრუშჩევის ბრძანებით, შუა აზიაში დეპორტირებული კაკვასიელების რეაბილიტაცია მოხდა და მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცათ.

იძულებით გასახლებულები კი დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ სახლებში უკვე სხვა მობინადრეები დახვდნენ. ბუნებრივია ამან სერიოზული კონფლიქტები გამოიწვია. პრობლემები არ შექმნიათ მხოლოდ მათ, ვის სახლებშიც ქართველები იყვნენ დაბინავებული. უსახლკაროდ დარჩენილ ინგუშებსა და ყარაჩაელებს მათ უყოყმანოდ დაუთმეს თავიანთი სახლ-კარი და ისევ საქართველოში დაბრუნდნენ. თანაც ისე, რომ არც კუთვნილი პირუტყვი წამოუყვანიათ და არც სხვა რამ ქონება.

რა თქმა უნდა, შეეძლოთ, არაფერი დაეთმოთ დეპორტირებულთათვის, მაგრამ ქართულმა თავმოყვარეობამ და ღირსების გრძნობამ არ მისცათ ნება, ისედაც დატანჯული ხალხისათვის რამე წაერთმიათ. პირიქით, საკუთარ ფუძეზე დაბრუნებულები კიდეც დააპურეს, კიდეც დააბინავეს, ჭერიც დაულოცეს და თავად მამაპაპისეულ სახლებს მიაშურეს...

ამას ალბათ ყველა ვერ გაიგებს.

თემები:
იცით თუ არა, რომ... (397)

მთავარი თემები