21:11 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (392)
100051

გიორგი სააკაძეს თავის მოკვეთის წინ ისე ხმამაღლა დაუღრიალია „დიდება საქართველოს“, რომ ალეპოს კედლები შეზანზარებულა...

გიორგი სააკაძის ტრაგიკული პიროვნება და მისი ცხოვრება მრავალი ისტორიკოსის კვლევის საგნად არაერთხელ ქცეულა. ზოგი მკვლევარისთვის ის მოღალატე და მედროვეა, დანარჩენებისთვის ― გმირი და ჭეშმარიტი მამულიშვილი. რომ იტყვიან, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით და დღემდე „ოქროს შუალედი“ ვერა და ვერ გვიპოვია. ამიტომ ყოველი დეტალი და ახლი გარემოება, რომელიც დაკავშირებულია დიდი მოურავის ცხოვრებასთან, დიდ ინტერესს იწვევს.

გიორგი სააკაძის პიროვნების პორტრეტული შტრიხების სრულყოფისთვის დიდ დახმარებას გვიწევს დიდი მოურავის სიკვდილით დასჯის უშუალო შემსწრის ალი აბდულ შაჰნავაზიანის მოგონებები. ოსმალეთში გადახვეწილ გიორგი სააკაძეზე და მის თანმხლებ ქართველებზე ძალზე საინტერესო ფაქტებს გვაწვდის ასევე ფრანცისკანელი ბერი ემილიო დე მილანოც და მათზე დაყრდნობით შეიძლება მეტ-ნაკლებად აღვიდგინოთ გიორგი სააკაძის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები და ქალაქ ალეპოს განადგურების რეალური მიზეზებიც.

1629 წლის ოქტომბერში სირიის ქალაქი ალეპო ნანგრევებად იქცა. ბევრი ისტორიკოსი ამას ძლიერ მიწისძვრას აბრალებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საბედნიეროდ, შემორჩენილია იმ დროისათვის ქალაქ ალეპოს ყადის (ყადი ოსმალთა იმპერიაში ერთდროულად იყო ქალაქის რეალური მმართველი, სასულიერო პირიცა და მოსამართლეც, რომელსაც ყურანის მიხედვით გამოჰქონდა განაჩენი) ალი აბდულ შაჰნავაზიანის ჩანაწერები, რომელიც ალეპოს მაშინდელ განადგურებას მიაწერს არა მიწისძვრას, არამედ ქართველებს.

ოსმალეთში დევნილი გიორგი სააკაძე არ კარგავდა საქართველოში დაბრუნების იმედს და მასთან ერთად მყოფ ქართველებთან ერთად ელოდა ხელსაყრელ დროს. ამალა კი საკმაოდ დიდი მოუგროვდა ოსმალეთში გადახვეწილ მრისხანე გურჯს. მისი ბანაკი დღითი დღე ივსებოდა ახალ-ახალი მეომრებით. ბაზალეთის მარცხის შემდეგ უამრავი მომხრე გაჰყვა საქართველოდან გაქცეულ მოურავს. გარდა ამისა, მასთან თავი მოიყარეს ოსმალეთში (სტამბული, სირია, ერაყი, ეგვიპტე) მცხოვრებმა ქართველმა მამლუქებმა და იანიჩრებმა. ეს პიროვნება სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების დიდი იმედიც იყო და ხალისით მიდიოდნენ მასთან. ისინი უსიტყვოდ ასრულებდნენ თავიანთი ბელადის სურვილებს და მზად იყვნენ თუნდაც ჯოჯოხეთის კარამდე გაჰყოლოდნენ გიორგი სააკაძეს.

მაგრამ დიდ მოურავს აღარ ეწერა სამშობლოში დაბრუნება. როგორც ჩანს, გიორგი სააკაძის მტერს, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველს მსტოვრები ჰყავდა „რაქას ბანაკში“ და მათი მეშვეობით გაიგო დიდი მოურავის გეგმების შესახებ. თეიმურაზმაც არ დაახანა, მაშინვე შიკრიკი აფრინა ომალეთის დიდ ვაზირთან და ყველაფერი ჩაუკაკლა ხუსრევ ფაშას.  ვაზირი თავადაც მტრობდა დიდ მოურავს და საბაბს ეძებდა სახელოვანი გურჯის გასანადგურებლად, რადგან მისი სამხედრო დიდება ჩრდილავდა მის სახელს. შურიანმა დიდმა ვაზირმაც თეიმურაზის შიკრიკის მოტანილი ამბავი საბაბად გამოიყენა და დიდ გურჯს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ალი აბდულ შაჰნავაზიანის მოგონებების მიხედვით, გიორგი სააკაძეს თავის მოკვეთის წინ ისე ხმამაღლა დაუღრიალია „დიდება საქართველოსო“, რომ ალეპოს კედლები შეზანზარებულა. ალი აბდულზე ამას ისეთი დიდი გავლენა მოუხდენია, ახალგაზრდა სულთნისთვის მურად IV-სთვის წერილი გაუგზავნია – ქართველებს დიდი კაცი მოვუკალით, ალეპოს კედლებს აზანზარებდა ყვირილითო. სულთანიც, რომელიც დიდად აფასებდა ალეპოს ყადს, შეშფოთებულა და უფიქრია, ვაიდა, მართალი კაცის სისხლი არ მაპატიოს ალაჰმაო, ხუსრევ ფაშას ჯერ ვეზირობა ჩამოართვა, მოგვიანებით კი სიკვდილითაც დასაჯა. ეს 1631 წელს მოხდა.

ფრანცისკანელი კათოლიკე ბერი დე მილანო, ორ სხვა კათოლიკე პატრესთან ერთად, სირიის ქალაქ რაქაში გაკეთებულ ჩანაწერებში გიორგი სააკაძესაც ახსენებს. მას 1629 წლის 3 ოქტომბერს რაქაში უნახავს დიდი სამხედრო ბანაკი, რომელიც ოსმალებს კი არა, ქართველებს ეკუთვნოდათ ― 15 ათასი კარგად შეჭურვილი და საუკეთესო ცხენებზე ამხედრებული ქართველები მეთაურს ელოდნენ. როგორც ერთი ქართველისგან იონა იბრაჰიმ ათაბეგისგან შეუტყვია ემილიო დე მილანოს, ამ კაცს დიდი მოურავის სახელით მოიხსენიებდნენ. მეომრებს გულზე ერთნაირი ყელსაბამები ჰქონდათო, წერს ემილიო, რომელზეც ქართულ ანბანზე რაღაც ფრაზა იყო ამოტვიფრულიო. ეს წარწერა გაშიფრულია. 1987 წელს ბელგიელმა არქეოლოგმა პოლ ვამ ჰინსტმა ალეპოს ციხე-სიმაგრის ციტადელი გათხარა და იქ ლითონის ყელსაბამი აღმოაჩინა დისკოთი (ის 1998 წლამდე ინახებოდა ალეპოს მუზეუმში). ეს ყელსაბამი გიორგი სააკაძის ლაშქარში მყოფ ყველა ქართველს ეკეთა და მასზე ამოტვიფრული იყო სიტყვები „დიდება საქართველოს“.

მაგრამ როდესაც დე მილანო ქართველთა ბანაკში იყო, იმ დროს დიდი მოურავი ცოცხალი აღარ გახლდათ. ხუსრევ ფაშამ გიორგი სააკაძე მცირე ამალასთან ერთად მოტყუებით იგდო ხელთ და ჯალათებს მოაკვლევინა. ჯერ მოურავი მოუკლავთ, შემდეგ მის შვილსა და სხვა ქართველებსაც დააყრევინეს თავები... 

როდესაც რაქასთან დაბანაკებული 15 ათასი ქართველისთვის დიდი მოურავის სიკვდილი უცნობებიათ, გაცეცხლებულები ამხედრებულან ცხენებზე და იბრაჰიმ (იონა) ათაბაგის მეთაურობით დაძრულან ალეპოსკენ. მიწა იძვროდაო მათი ცხენების ფლოქვებქვეშ. ქართველთა ჯარს იერიშით აუღია ქალაქი ალეპო, გადაუწვავს, დაუნგრევია და მიწასთან გაუსწორებია.

დიდი მოურავის სიკვდილის შემდეგ ქართველ მეომრებს ყელსაბამები გადაუდნიათ, მისგან ჯვარი გაუკეთებიათ და სათაყვანო გმირის საფლავზე აღუმართავთ. დღეს ჯვარიცა და საფლავიც დაკარგულია. უცნობია ისიც, თუ რა ბედი ეწია უმეთაუროდ დარჩენილ 15 ათას ქართველს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ალეპო დიდი ხნის განმავლობაში იყო ნანგრევებად ქცეული და მისი აღდგენა მხოლოდ სულთან მაჰმუდ II-ის ბრძანებით დაუწყიათ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ალეპო ახლაც ლამის მიწასთანაა მოსწორებული. და, მავანის აზრით, ეს უსამართლოდ დასჯილი გიორგი სააკაძის ცოდვა არ ასვენებს ქალაქს...

თემები:
იცით თუ არა, რომ... (392)

მთავარი თემები