ამბავი ქართველი უფლისწულის სასწაულებრივი განკურნებისა: სხვაობა ქართულ და სომხურ ვერსიებში

© Pixabay / 131355ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
1235 წლიდან საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, რომელთა თარეშმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი უბედურება მოუტანა: მათ სხვადასხვა ინფექციური დააავადები — შავი ჭირი, დიზენტერია, ტიფი, ყვავილი და მრავალი სხვა გაავრცელეს.

XIII საუკუნის 60-იან წლებში ამიერკავკასიაში ეპიდემიური დაავადებების მთავარი კერა გახლდათ სიბა, საიდანაც ხდებოდა ინფექციის მთელ რეგიონზე გავრცელება.

საქართველო სასაზღვრო ზოლში აღმოჩნდა და ორ მონღოლურ სახელმწიფოს — „ოქროს ურდოსა“ და ილხანთა სახელმწიფოს შორის წარმოებული ბრძოლების ასპარეზად იქცა. ილხანებმა ქართველებს სიბაზე დგომა დაავალეს. სიბა თავდაცვით ზღუდეს ნიშნავს, სადაც ქართველთა და მონღოლთა ჯარი მუდმივად იყო დაბანაკებული და „ოქროს ურდოს“ დიდი იმპერიის შემოსევებს აკავებდა.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ჟამიანობა საქართველოში: ყვავილზე „აჭრილი“ უფლისწული და ქოლერას შეწირული პატრიარქი

სიბაზე ათასი ჯურის ხალხი ირეოდა — ქართველები, სომხები, მონღოლები, ყივჩაღები, შირვანელები, განძელები და ა.შ. უზარმაზარი ლაშქრის საველე პირობებში ხანგრძლივად ყოფნა ჰიგიენის დაცვის საშუალებას არ იძლეოდა. მით უმეტეს, მონღოლები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და დიდად არც ზრუნავდნენ ამაზე. ასეთი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა გადამდებ დაავადებათა და ეპიდემიათა გასავრცელებლად.  

ულმობელი სენი ერთიანად მუსრავდა დიდსა თუ პატარას, დიდგვაროვანსა თუ „უგვაროს“. საფრთხე საქართველოს სამეფო კარსაც დაემუქრა. ვინაიდან ქართველთა მეფე დავით ულუ მონღოლთა ქვეშევრდომი იყო, ვალდებული გახლდათ ყოველ წელიწადს, შემოდგომიდან გაზაფხულამდე სიბაზე მდგარიყო თავის ერთგულ მოლაშქრეებთან ერთად. სწორედ იქ დასნეულდნენ მეფე დავით ულუ და ძე მისი. ამაზე სომხური და ქართული წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას.

XVII საუკუნეში მოღვაწე სომეხი მემატიანე ზაქარია ქანაქერცი „ქრონიკაში“ წერს:

„...სწორედ იმ ხანად ქართველი მეფის ძეს შეეყარა ავი სნეულება კანისა და ვერ განკურნეს იგი. მაშინ უამბეს მეფეს: „არის შენს სამეფოში, კარბის ოლქში, ერთი მონასტერი, რომელსაც ოვანავანქი ჰქვია და იქ განისვენებს ნეშტი წმინდა გიორგისა და თავს იყრიან კეთროვანნი და ხეიბარნი და იკურნებიან წმინდა გიორგის წყალობით. მაშ გაგზავნე იქ შვილი შენი და განიკურნება ისიც“. ეს რომ მოისმინა, განიხარა მეფემ და შეუდგა სამზადისს, რათა გაეგზავნა თავისი შვილი ოვანავანქში, მაგრამ მეუღლე მეფისა გაჯიუტდა და არ ინება ეს საქმე. ამბობდა: ერთადერთი შვილი მყავს, ვაითუ დამეღუპოს და მერე მწარე სინანული მომიწევსო“.

მემატიანის თქმით, დაიბნა მეფე, აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო და გადაწყვიტა, ხელქვეითები გაეგზავნა წმიდა გიორგის ნეშტის ჩამოსატანად. ამოარჩიეს „გონიერი კაცნი“, უხვად გაატანეს ძღვენი და წერილი, აღსავსე ვედრებითა და მუქარითაც.

წარგზავნილები ოვანავანქის ეპისკოპოსთან და კარბის წარჩინებულებთან ჩავიდნენ და მეფის ბრძანება წარუდგინეს. მაგრამ კარბის წარჩინებულებმა არაფრად ჩააგდეს მეფის შემონათვალი.

ელჩებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ და მალემსრბოლი აფრინეს მეფესთან — ამბავი ამცნეს. მაშინ მეფემ შეკრიბა მრავალი აზნაურის შვილი და გაგზავნა ისინი მძევლებად. ამ ყმაწვილთა შესახებ ზოგი ამბობდა, ოცდაათნი იყვნენო, ზოგიც ამტკიცებდა — ორმოცნიო. ზოგი ამას ამბობდა და ზოგი იმას, მაგრამ სინამდვილეში სულ თორმეტნი იყვნენ.  

ანატორის აკლდამა - Sputnik საქართველო
შავი ჭირიდან კორონავირუსამდე, ანუ ხევსურთა თვითდამარხვის უანალოგო ისტორია

ოვანავანქის ბერებმა ამ ყმაწვილების სანაცვლოდ წმიდა გიორგის ნეშტი გაამზადეს გასატანებლად, მისგან მხოლოდ კბილთა ნაწილი და სისხლი დაიტოვეს. ნეშტს თან აახლეს ორი მონაზონი, ოთხი ხუცესი და რვა საერო პირი, აგრეთვე მეგობრული არზა. მაგრამ როდესაც მოაღწიეს ტფილისს, შეიტყვეს, რომ უფლისწული უკვე გარდაცვლილიყო. მათ წმიდანის ნეშტის უკან წაღება მოისურვეს, მაგრამ ქართველებმა ამაზე უარი უთხრეს, სანამ კაწარეთში მყოფ მეფეს არ ამცნობდნენ.

ზაქარია ქანაქერცი წერს, რომ სომეხმა წარმოგზავნილებმა მაშინ „თვითონვე ააშენეს ეკლესია და დაასვენეს იქ წმიდანის ძვლები. დაბრუნდა მეფე თბილისში და ნეშტის ჩამომტანთ არათუ განტევების ნება მისცა, არამედ ბრალიც კი დასდო, თქვენ მოკალით ჩემი შვილი, სწორედ თქვენ გამო მოკვდაო. საბოლოოდ უპატიოდ გამოუშვა ისინი, ხოლო ნეშტი წარგზავნა კაწარეთს, რომელსაც ამჟამად ჰქვია ჩხარი და დღესაც იქ განისვენებს ნეშტი...“

ამ შემთხვევას ქართული წყაროები სულ სხვაგვარად აღწერს. ქართველი ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ ერთხელაც ულუ-დავითის პირმშოს გიორგი ბატონიშვილს შეჰყრია „სალმობა მუცლისა“. სნეულება დიდხანს გაგრძელებულა, ბატონიშვილი სიკვდილის პირად ყოფილა უკვე, როცა დავით-ულუსთვის მოუხსენებიათ, დმანისის ღვთისმშობლის ხატს იშვიათი ძალა აქვს სნეულთა განსაკურნადო. და მეფე თავად წასულა დმანისიდან სასწაულმოქმედი ხატის ჩამოსაბრძანებლად.

ჟამთააღმწერლის თქმით:

„ანაზდად მეფის პირმშო ძეს გიორგის მუცლის სნეულება დაეცა და ისე მძაფრად მოსწყდა, რომ მკვდარივით იწვა სარეცელზე და ძლივსღა სუნთქავდა და როცა ამ მწუხარებასა და უიმედობაში იყო მეფეცა და ყველა მკვიდრიც საქართველოისა, მეფეს დმანისის ღვთისმშობელი გაახსენდა და უმალ წავიდა იქ. მაშინ ყველანი ფეხშიშველნი მოჰყვებოდნენ მეფეს და მხურვალე ცრემლებით ევედრებოდნენ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს მეოხი ყოფილიყო თავისი ძის წინაშე და განეკურნა მეფისწული. ღვთის დედამაც შეისმინა მათი ვედრება და როგორც კი სნეული წმინდა ხატს მიამთხვიეს. უმალ გაახილა თვალი და სრულიად უვნებელი წამოჯდა, თითქოს არც ყოფილა მძიმედ სნეულიო. ამის ხილვაზე დიდად განკვირდნენ მეფეცა და ყველა მისი თანმხლებიც და ერთხმად განადიდეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი და ღმერთი“.

ამ ორი წყაროს შედარებისას ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ XIV საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ქართველი ჟამთააღმწერლის ცნობები უფრო სანდოა, ვიდრე ოთხი საუკუნის დაგვიანებით მოღვაწე სომეხი მემატიანისა, რომელიც ამბავს, სავარაუდოდ, საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოგვცემს.

სანთელი ხელისგულზე - Sputnik საქართველო
„მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!“ – ამბავი ერეკლე მეორის „არადღესასწაულებით“ დაკრძალვისა

საინტერესოა, როგორ უნდა აღმოჩენილიყო წმიდა გიორგის ნეშტი სომხეთში? ვარაპეტ არაქელის მიხედვით, მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებული წმიდა გიორგის ნეშტი ერთხანს კაპადოკიაში ინახებოდა. შემდეგ კი, IV საუკუნეში მოღვაწე სომეხთა კათალიკოს ნერსეს დიდის ბრძანებით, ის ოვანავანქში გადაასვენეს. ანისის სამეფოს გაუქმების შემდეგ შირაქი და კარბის ოლქი ჯერ ბიზანტიის კუთვნილება გახდა, XII საუკუნის ბოლოს კი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა და, შესაბამისად, წმიდა გიორგის ნეშტიც ქართველთა მეფის ხელში აღმოჩნდა.

წმინდა გიორგის ნაწილების საქართველოში არსებობას ადასტურებს XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური შარდენიც. ის თავის ნაშრომში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ ჩამოთვლის თბილისის სომხურ ეკლესიებს, რომელთა შორის არის დასახელებული მოგნაის ეკლესია.

ავტორი განმარტავს, რომ „მოგნაი“ ერევანთან ახლოს მდებარე ერთ სოფელს (მოღნა) ერქვა, სადაც დიდი ხნის წინ წმიდა გიორგის თავის ქალა ინახებოდა. შემდგომში მისი ერთი ნაწილი ხსენებულ ტფილისურ ეკლესიაში გადმოუსვენებიათ და ამიტომაც უწოდებიათ მისთვის იმ სოფლის სახელი.

რაც შეეხება ქართველთა მეფე დავით-ულუს, ისიც დასნეულებულა „სალმობითა მუცლისათა“. მეფე მარტყოფის ხატს ხლებია და საკაცეზე უღონოდ მწოლი შევედრებია მას განკურნებას. მარტყოფის ხატსაც სასწაული მოუხდენია და განკურნებული მეფე მშვიდობით დაბრუნებულა ტფილისს.

სლესა, ანუ მოქცევის ციხე - Sputnik საქართველო
დავით ულუს ჯანყი მონღოლთა წინააღმდეგ და ერისთავ კახა თორელის ღალატი

დაახლოებით 1268 წელს 18 წლის ბატონიშვილი გიორგი ისევ დასნეულებულა და „მისვე სისხლისა მდინარეებისაგან აღსრულდა“. ამ დროს მეფე სიბაზე ყოფილა წასული.

ცხედარი უდროოდ გარდაცვლილი ბატონიშვილისა დაუსვენებიათ სიონის ტაძარში და მეფის დაბრუნებას დალოდებიან. ჟამთააღმწერელს ძალზე ემოციურად აქვს აღწერილი მეფის ჩამოსვლა და სასახლეში მისვლა, სადაც თურმე „შავით მოსილნი“ ვეზირნი ემალებოდნენ. როგორც კი ბატონიშვილის სიკვდილი მოუხსენებიათ, გული შეღონებია მრავალ ჭირგადახდილსა და ომებში გამობრძმედილ მეფეს:

„სალმობიერითა გოდებდა და სიკვდილსა აღირჩევდა თავისა თვისისა, რაჟამს იხილა აღყვავებული და შუენიერი გუამი ძისა მისისა გიორგისი მკუდრად, უფერულად მდებარე, რომელსა იგლოვდა ერი“.

საყვარელი ვაჟის სიკვდილის შემდეგ მეფე დაუძლურდა და ავადმყოფობამ დარია ხელი. მიუხედავად ამისა, 1270 წელს თავის ჯარით მაინც გაჰყოლია აბაღა-ყაენს სიბაზე. ზაფხულის დადგომისთანავე სამშობლოსკენ წასულს ისევ მორევია „სალმობა მუცლისა“. მკურნალებს ვერაფერი გაუწყვიათ. მეფეს კვლავ გახსენებია მარტყოფის სასწაულმოქმედი ხატი, მაგრამ ამჯერად ვეღარც მას განუკურნავს სასიკვდილოდ განწირული...

ყველა ახალი ამბავი
0