10:08 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

დიდი სამამულო ომის 97 წლის მონაწილე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი ნიკოლაი ჩუიანოვი საუბრობს თუ როგორ ცხოვრობს საგანგებო მდგომარეობის პირობებში და რა სულისკვეთებით ელოდება საკუთარ დაბადების დღეს – 9 მაისს.

მირანდა ოგანეზოვა

ნიკოლაი ვასილიევიჩს ადრეც შევხვედრილვარ და უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იზოლაციის არცთუ მარტივი პირობებისა, იგი ახლაც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

 „ვცდილობ მთავრობის მიერ რეკომენდებული ყველა წესი დავიცვა. ქალაქის მერიის წარმომადგენლებს ყოველდღიურად ცხელი სადილი მოაქვთ. თქვეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში წამლებითაც მომამარაგებენ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ძალიან მინდა სიცოცხლე, მინდა ვნახო როგორ დამთავრდება ყველაფერი ეს. მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს კორონავირუსთან ბრძოლაში, რათა მოსახლეობა დაიცვას ამ ვირუსისგან. ყველას ვუსურვებ ოპტიმიზმს და ყველა რეკომენდაციის დაცვას“, – განაცხადა ვეტერანმა. 

Ветеран ВОВ Николай Чуянов
© Sputnik / Miranda Oganezova
სამამულო ომის ვეტერანი ნიკოლაი ჩუიანოვი

ბატონი ნიკოლაი მეტრო „მარჯანიშვილთან“ ახლოს ცხოვრობს, ნათესავები არ ჰყავს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ახლობლები უყურადღებოდ არ ტოვებენ:

 „ფოსტალიონმა პენსია წინასწარ მომიტანა. იგი პირბადით, სათვალით, სპეციალური დამცავი ფორმით იყო მოსული, გამაფრთხილა, რომ შეიძლება კუპიურები ვირუსის გადამტანი იყოს. ამასთან, შემატყობინა, რომ შეიძლება მომავალში კომუნალური გადასახადები გაიზარდოს“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩუიანოვი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, იგი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში არ შედის, ამიტომაც, მისი პენსიის ნახევარი ელექტროენერგიის გადასახადზე მიდის. ერთადერთი, რაც მის ყოველდღიურობას გაუსაძლისს ხდის, საკანალიზაციო მილის არარსებობაა. უფრო სწორად, მილი არსებობს, მაგრამ მისი ბინის მახლობლად ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, მილი გადაკეტეს, რამაც მას პრობლემები შეუქმნა. 

 „ახლა ველოდები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის – გამარჯვების დღის დღესასწაულს. სამწუხაროდ, წელს ეს დიდი დღე საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაივლის. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება, ვფიქრობ, 9 მაისს მაინც აღნიშნავს და რაღაც ღონისძიებას გამართავს“, – განაცხადა ვეტერანმა.

საინტერესო დამთხვევა: ნიკოლაი ჩუიანოვი 9 მაისს დაიბადა, თუმცა, დოკუმენტებში ჩაწერილია  22 მაისი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღე. ასე რომ, ვეტერანი საკუთარ დაბადების დღეს მაისში ორჯერ აღნიშნავს.

ფრონტზე ომის დაწყების პირველივე დღეს წავიდა. შორეულ 1941–ზე საუბრისას იხსენებს, რომ იმ დროისთვის იგი ჯარში 7 თვე მსახურობდა. 

Ветеран ВОВ Николай Чуянов
photo: courtesy of Nikolai Chuyanov
სამამულო ომის ვეტერანი ნიკოლაი ჩუიანოვი

 „როგორც ახლა მახსოვს, 22 ივნისს მზიანი ამინდი იყო, – იხსენებს ვეტერანი. – ჩვენი ნაწილი ლენინგრადთან იყო დისლოცირებული. მე ოცეულის მეთაურის თანაშემწე ვიყავი. თეთრი ღამეების პერიოდი იწყებოდა. პეტერგოფში ცნობილი ფანტანები იხსნებოდა და „თეთრი ღამეების“ კარნავალი ტარდებოდა“. 

ლენინგრადი –  ჩრდილოეთის პალმირა ჩვენი, როგორც მას ეძახდნენ, ხარობდა. ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება ის ტრაგიზმი. ჩვენი დანაყოფიდან ჯარისკაცები ერთი დღით დაითხოვეს და ისინი კარნავალზე შეიკრიბნენ.

ისინი, საგანგებოდ ამ დღისთვის გამოწყობილი, ღიმილითა და სიხარულით აღსავსენი, ერთ რიგად იდგნენ. ეს იყვნენ ბიჭები, რომლებიც დიდ ცხოვრებას იწყებდნენ.

და წამში ყველაფერი შეიცვალა – შეტყობინება ომის დაწყების შესახებ. ეზოში რადიომიმღები ჩართეს, საიდანაც გადმოსცემდნენ ინფორმაციას ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შესახებ. ჯარისკაცის სულში ყველაფერი წამში აირია. ნაბიჯი უცნობისკენ – ომში“.

1941 წლის 22 ივნისის დღის ბოლოს ჩუაინოვი ფინეთის საზღვრისკენ მიდიოდა, რომელსაც წინ 150 კილომეტრი მანძილის გადაკვეთა ელოდა. არ შეიძლება ერთი ეპიზოდზე რომ არ მოგითხროთ.

 „ტყეში გავჩერდით და სადილის შემდეგ ბევრი პური დაგვრჩა, – ყვება ვეტერანი. – შესანიშნავმა ადამიანმა, ჩვენი დივიზიის კომისარმა გვიბრძანა გადაყრილი პურის შეგროვება. მთელი დანაყოფი დაგვაყენა ერთ რიგში, პურის ნარჩენები მოგვიტანა და მოგვმართა:

 „არ გადააგდოთ პური! და დაიმახსოვრეთ, რომ ამ პურისთვის თქვენ მოგიწევთ ბრძოლა, შიმშილი და ტირილი“. ეს სიტყვები მახსენდებოდა 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში ყოფნის დროს და მაშინაც, როდესაც ჯარისკაცებს 75 გრამ ორცხობილას,  შაქრის ნატეხსა და ჩაის გვირიგებდნენ, როდესაც ჩვენ ვხედავდით ლენინგრადის მოშიმშილე მოსახლეობას“.

43–ში ვიბორგთან ახლოს, იგი საავადმყოფოში მოხვდა. წყლის უქონლობის გამო ყინვის ლოლუებს კვნეტდა, რის გამოც ტუბერკულოზით დაავადდა. ერთი წლის შემდეგ საქართველოში, აბასთუმნის ჰოსპიტალში გამოაგზავნეს.  თუმცა, საქართველო ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, როდესაც მშობლებთან ერთად არდადეგებზე სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას.

საუბრის ბოლოს ვეტერანმა აღიარა, რომ თითქმის 98 წლის ასაკშიც კი სიცოცხლით სავსეა: „ეროვნებით რუსი ვარ, ომის შემდეგ საქართველოში დავმკვიდრდი, სადაც თბილად მიმიღეს. მე მოვესწარი დროს, როცა ჩვენი საქართველო ყვაოდა, მაგრამ მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, რომელშიც იმყოფება მთელი მსოფლიო, დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს დიდი პროგრესი ელოდება.

მთავარი თემები