იყო თუ არა შამილი ქართველი, ანუ ალექსანდრე ბატონიშვილის დაღესტნური ოდისეა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიდაღესტნის მთები
დაღესტნის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული იმამის - შამილის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. ამბებიც, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ, ამ კატეგორიაში გადის, რომელთაც ვერსიის დონეზე არსებობის უფლება უდავოდ აქვთ.

სტამბულში პირველად სტუმრობისას მასპინძლობას ბალალ (გიორგი) მემეშიში მიწევდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაში სწავლისას გავიცანი. მისი არეული ლაზურ-ქართული, ჩემი მეგრული ფესვების წყალობით მხოლოდ მე მესმოდა და მალე დავმეგობრდით კიდეც.  

შატილი - Sputnik საქართველო
შატილიონი არწივები: ამბავი ხევსურებთან შამილის ბოლო ბრძოლისა და მწარე მარცხისა

აია-სოფიას დიდებული ტაძრის მონახულების შემდეგ ტოპ-კაპის მუზეუმში წამიყვანა. ერთ, ჩემთვის უინტერესო ექსპონატთან გამაჩერა და მითხრა, ეს მოსასხამი და ჩალმა დიდ იმამ შამილს ეკუთვნოდაო. როდესაც დაინახა, რომ არც ამ ფრაზამ მოახდინა ეფექტი, დაამატა, იცი, რომ არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც შამილი კავკასიის მთიანეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილის შვილიაო. ჩემი უნდობლობის გასაქარწყლებლად კი, შინ დაბრუნებულს, თავისი კვლევის ნიმუშები მიჩვენა. ამ ამბის დაბეჯითებით დადასტურება ძნელია, მაგრამ ვერსიის დონეზე მისი განხილვა თბილისში დაბრუნებულმა ვცადე და ასეთი შედეგი მივიღე. 

ალექსანდრე ფრონელი წიგნში „მთის არწივი შამილი“ იმამის წარმომავლობაზე წერს:

„როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილი, ძე ერეკლე მეორისა იყო დევნილი რუსთაგან, მაშინ იგი გადაიხვეწა დაღესტანში, ავარში, სოფელ სოკოლოს, რომელიც არის გიმრის მახლობლად. ამ განდევნილობის ჟამში ალექსანდრემ, როგორც უცოლო ასაკოვანმა ვაჟკაცმა, შეიყვარა რომელიმე ლეკის საშუალებით ერთი ლეკის, სახელად დენგაუს ცოლი, ქალი ლამაზი და მათი შეერთებიდგან დაიბადა შამილი, რომელიც განითქვა შემდეგ დაღისტნის იმამად და შეიქმნა ძლიერ განთქმული რუსების მტერი. თვით დენგაუ იყო კაცი ძრიელ ლაღი და სუსტი ჭკუის. ხელობა იმისი იყო მხოლოდ წყლის ზიდვა საკიდრით მდინარედგან და არა მეტი ხელობა მას არ შეეძლო. მცხოვრები იყო სოფელ გიმრის და, როგორც ამბობენ, არ შესძლებოდა მას სისუსტისა გამო შესრულება ცოლ-ქმრობის წესებისა“.

საკუთარი ვარაუდების მხარდასაჭერად ალექსანდრე ფრონელს მოჰყავს შამილის თანამემამულეთა დასკვნებიც: „ამ თვალსაზრისს ადასტურებს მოხუც ლეკთაგან მოსმენილი გადმოცემებიც – დედა რომ გაუწყრებოდა შამილს, მობეზრებული მისი ცელქობით, წააყვედრებდა ხოლმე, არ დასცხრები, შე გიაურო და გურჯის შვილოვო!“

ვაჟა-ფშაველას საინტერესო მოგონებები დარჩა დაღესტანში ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრებაზე. სოფელ გიმრზე, სადაც ბატონიშვილი კარგა ხანს ცხოვრობდა, მას ფშაური თქმულებაც ჩაუწერია: 

წინანდალი - Sputnik საქართველო
ტრაგედია ჭავჭავაძეთა მამულში და შამილის ტყვე ქართველი დიდებულები

„პირველად, როცა ბატონიშვილი ალექსანდრე გაიქცა და მტრობა გამოუცხადა რუსის მთავრობას, მიჰმართა მთას. ბატონიშვილს ყველგან უნდოდა მომხრეები ეშოვნა. ამ მიზნის მისაღწევად დაღესტანშიაც კი იმყოფებოდა. ფშავისა ხომ ხშირი სტუმარი იყო, სადაც ნათლიდედები და ნათლიმამები გაიჩინა. უამისოდაც ზოგიერთ ოჯახებთან ძლიერ დაახლოვებული იყო ბატონიშვილი. ერთი ამისთანა ოჯახი ხახა ქისტაურისა იყო, სადაც ერთხელ ქეიფობის დროს ბატონიშვილმა წარმოსთქვა თურმე: „ეჰ, მე იქნება ამოდენა ტანტალში უძეოდ მოვკვდე. თუმცა კი არც უძეო ვარ, მხოლოდ ის მენანება, რომ ჩემი თესლი დაღესტანში დარჩაო“. 

წიგნში „ვაინახები და ქართველი მთიელები“ ხვთისო მამისიმედაშვილი შამილის მიერ საკუთარი წარმომავლობის ცნობის საინტერესო ინტერპრეტაციას იძლევა: „როგორც ცნობილია, ამ გარემოებას თვით იმამიც არ უარყოფდა. ვინ იცის, იქნებ გამარჯვების შემთხვევაში სურდა კიდეც კავკასიის გაერთიანება, თავის გამოცხადება ბაგრატიონთა მემკვიდრედ და თავზე საქართველოს სამეფო გვირგვინის დადგმაც“. 

გარეშე მიუმხრობელი წყაროებიდან შამილის ქართული წარმოშობა დასტურდება „რუსეთის საიმპერიო კავშირ–ორდენის“ მიერ ლოს-ანჯელესისა და სამხრეთ კალიფორნიის არქიეპისკოპოს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანტონის რედაქციით გამოცემულ წიგნში „რუსეთის საიმპერატორო ტახტის სამემკვიდრეო“, სადაც ვკითხულობთ:

„მეფე ერეკლე II-ის ვაჟი ალექსანდრე კვლავაც ინარჩუნებდა მტრულ პოზიციას. მან დიდხანს დაჰყო დაღესტანში. იქ გავრცელებული გადმოცემით, შამილი მისი უკანონო ძე იყო“.    

ინგლისელი ოფიცერი მანტეისი კი წერდა, ყველაზე ძვირფასი, რაც ალექსანდრე ბატონიშვილს ამქვეყნად დარჩა, მოწაფე და მიმდევარი შამილი იყო — მისი ასლი და კვალი შესახედავადო.

როგორც ცნობილია, შამილის უთანასწორო ბრძოლა მარცხით დასრულდა. იგი გენერალ ბარიატინსკის ჩაბარდა ტყვედ. ერთი თვის თავზე შამილი პეტერბურგში, იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან მიიყვანეს, თანაც, იარაღითა და ქამარ-ხანჯლით აღჭურვილი – რუსები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს, რომ კავკასიელისთვის იარაღის აყრა შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ამ შეხვედრის დროს იმპერატორს შამილისთვის უთქვამს, მონანიება საჭირო არ არისო და მეგობრობა შეუთავაზებია.

ალექსანდრე მეორემ იმამის ოჯახის 22 წევრს პენსია დაუნიშნა 20 ათასი მანეთის ოდენობით, პლუს შამილს ცალკე – 15 ათასი მანეთი. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ეს თანხა აღემატებოდა 1850-1851 წლებში მთლიანად შამილის იმამათის მეომართა მიერ მოპოვებულ ნადავლს.

შამილის უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ ნება დაერთოთ მისთვის, მექაში წასულიყო და მაჰმადიანთა წმიდა ადგილები მოელოცა. იმპერატორმა მას ეს ნებართვა მისცა. მექაში ჩასულ შამილს ალაჰისთვის უთხოვნია, ჩემი ცხოვრება ამ წმინდა მიწაზე დაასრულეო. მართლაც იქ, ქალაქ მედინაში გარდაიცვალა „კავკასიელი არწივი“ 1871 წელს. დაკრძალულია მუსლიმანთა უწმიდეს ადგილზე – ჯანიათ-ალ-ბაქირის სასაფლაოზე...

ყველა ახალი ამბავი
0