07:23 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (350)
49750

საქართველოს ისტორიის განმავლობაში არაერთი სათაყვანო მეფე ჰყოლია, რომელთა საგმირო საქმეები არა მარტო მემატიანეთა ჩანაწერებმა, არამედ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამაც შემოინახა.

მათ შორის ყველასგან გამორჩეული გახლდათ თამარი — მეფე-ქალი, რომელიც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. დღეს სწორედ მის შესახებ შემორჩენილ რამდენიმე ლეგენდას გაგაცნობთ. 

თამარის მანდილი და მკლავმოკვეთილი მხატვარი

შუა კახეთში, ოზაანში, ვანანის ტყის სიღრმეში მდებარე ამაღლების ტაძარში თამარის მეფობის ეპოქაში მოღვაწეობდა მხატვარი, სახელად მიქაელი. სხვა ცნობები მის შესახებ არ მოიპოვება. ეგაა მხოლოდ, დროის მსვლელობამ ვერაფერი დააკლო მის ფრესკებს, დღესაც ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურება მიქაელის მხატვრობა.  

ლეგენდის თანახმად, იქაურობას ორგზის სწვევია მეფე თამარი. პირველი სტუმრობისას საღამოს მისდგომია ტაძარს. ამ დროს მიქაელი ხარაჩოზე მდგარა და ქვემოდან რომ მიუნათებიათ, ელდისაგან ჩამოვარდნილა. 

მოუხსნია თამარს რიდე, საკუთარი ხელით დამზადებული მალამო უცხია დაშავებულისთვის, შეუკრავს ნაღრძობი მხარი. ერთ კვირაში გამოკეთებულა მიქაელი, მეფის რიდე მოუხსნია და ღვთისმშობლის ხატთან დაუკიდია...

ზებუნებრივი მოკვდავი, ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე>>

ერთ დღესაც ხორნაბუჯის ერისთავთ ერისთავმა საღირ მახატლისძემ ქუდზე კაცს უხმო ბრძოლაში — ქიზიყს მოულოდნელად თამარის ქმარყოფილი გიორგი რუსი დაესხა თავს განძელთა ლაშქრით. მიქაელიც გამზადებულა. ჩამოუხსნია თამარის რიდე, შემოუხვევია კვლავ, მარცხენით აღუპყრია მახვილი, რათა მარჯვენა სისხლით არ „წაებილწა“ და გასულა ომში. დააცხრნენ მტერს ხუთჯერ ნაკლები ქართველები „ვითარცა შევარდენთა გროი“ და დაჯაბნეს მტერი.

ბოლოს პირისპირ შესჩეხიან ერთმანეთს მხატვარი და ქართველთა სიძეყოფილი. გზა უტია თურმე მიქაელმა მტრად მისულ გიორგი რუსს — მაინც სათაყვანო თამარის ნაქმარევი იყო და არ აკადრა ბრძოლა. მაგრამ სამეფო რიდეს ჰკიდა თვალი რიურიკოვიჩმა, იცნო თამარის ნაქონი ნივთი და დაუფიქრებლად ჩამოათალა მარცხენა ხელი მხატვარს. გამწარდა მიქაელი თურმე, მარჯვენით აიტაცა მახვილი, დაეწია „რეცა მეფეს“ (ვითომ მეფეს) და გააპო მკერდამდის...

დასრულდა ბრძოლა, მაგრამ ვეღარსად მიაგნო მიქაელმა თამარის რიდეს. მერე საკუთარი მარცხენა დაფლა და ისევ ხატვა დაიწყო. ოღონდ აღარ გამოუდიოდა არაფერი სისხლში გასვრილი მარჯვენით და მიატოვა ხატვა მიქაელმა. 

გავიდა დრო. ისევ ეწვია თამარი კამბეჩოვანს. ტყიდან გასცქეროდა ყოფილი მხატვარი სამეფო სპას... და მოხდა სასწაული: ქარმა საიდანღაც აიტაცა დაკარგული რიდე და თამარს შემოატარა. მერე იფრინა რიდემ, იფრინა და მიქაელთან დაეშვა, თავისით შემოეხვია მარჯვენა ხელზე. კვლავ მოჰკიდა ხელი ყალამს მხატვარმა და თავაუღებლად შეუდგა ხატვას.

ქართული ლეგენდები: ამბავი თამარის მიმინოსი, მოღალატე ცოლისა და შავ-თეთრი არაგვისა>>

ამბობენ, ამაღლების ტაძრის თამარის ფრესკა ხან გამოჩნდება და ხანაც უჩინარდება, მისი დანახვა ყველას არ შეუძლიაო. იდუმალი ფრესკა რომ იხილო, სამი რამ უნდა გწამდეს – ღმერთი, სიყვარული და სასწაულიო. ალიონზე უნდა შეხვიდე ტაძარში, ზღურბლთან მოინანიო ცოდვები, გულის სწორზე ფიქრით დაელოდო სინათლის სხივს, თუ განწმენდილი ხარ და გწამს, კარიდან მარჯვნივ, სვეტზე დაინახავ პირიმზე თამარს, შემოგეგებება მზეთუნახავი ანგელოსის ღვთაებრივი ღიმილითო...

ადიდებული მდინარე

ქვემო ქართლში, დმანისის ხევში, მიედინება მდინარე მაშავერა, რომლის სახელწოდებაც თამარს უკავშირდება. 

ამბობენ, ერთხელ მეფე-ქალი ადიდებულ მდინარეს მიადგა, მაგრამ მის მხედრობას მეორე მხარეს გადასვლა გაუჭირდა, იმდენად დიდი წყალი მოდიოდაო. თამარსაც უკითხავს, მაშ, ვერაო? და შერჩენია კიდეც მდინარეს ეს სახელი.

სხვათა შორის, მასზე ხიდის აგებაც თამარს უბრძანებია. 

თამარის ცრემლები

ერთი ლეგენდის მიხედვით, ვარძიაში მშენებლებს შეუნიშნავთ, რომ სამონაზვნო ოთახში კედელი სველდებოდა. მოუხსენებიათ მეფისთვის. თამარსაც კლდის ამოკვეთა უბრძანებია და წყალს დაუწყია წვეთა. 

სხვათა შორის, ეს წყალი დღემდე ცრემლის წვეთებივით გამოედინება და ასეც ჰქვია – „თამარის ცრემლები“. წყაროს ყოველწლიურად უამრავი დაუქორწინებელი ადამიანი სტუმრობს, ვინაიდან, გადმოცემის თანახმად, ვინც მის წყალს დალევს, სურვილი აუსრულდება. 

„სისხლი სისხლისა წილ“, ანუ მეფე თამარის სასტიკი შურისძიება სომეხთა გაჟლეტისთვის>>

თამარ მეფე და მათხოვარი

ერთხელ თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა და თავსარქმელის შესამკობად ლალს არჩევდა, როცა მოუხსენებიათ, უპოვარია მოსული, მოწყალებას ითხოვსო.

თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცით, დამელოდოს, სანამ შემოსვას მოვრჩებიო. მაგრამ როდესაც გარეთ გამობრძანდა, მათხოვარი აღარ დახვდა. მსახურებმა ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს.

შეშფოთდა მეფე-ქალი, ვინ იცის, თავად მაცხოვარი იყო მოსული უპოვრის სახით და მე წყალობა ვერ გავიღეო. დამწუხრებულმა სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა...

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (350)

მთავარი თემები