პატარა კახი, იოანე ბატონიშვილი და ტყუპი ძმა ინგილოები, ანუ მწარე ფრაგმენტი ისტორიიდან

CC0 / Pixabay / გადაშლილი წიგნი და სანთელი
გადაშლილი წიგნი და სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1795 წლის 11 სექტემბრის დილა კარგს არაფერს უქადდა თბილისის მისადგომებთან დაბანაკებულ ქართველებს. წინა დღის ჭრილობებს იშუშებდა ერეკლე მეფის შეთხელებული ლაშქარი.

ცხადი იყო, რომ სპარსთა შაჰი აღა მაჰმადი ახალი ძალით შემოუტევდა თბილისის დამცველებს, რადგან უკვე იცოდა, რომ დამხვდურები ბევრად იმაზე ცოტანი იყვნენ, ვიდრე ეგონა.

კრწანისის ყაყაჩოები - Sputnik საქართველო
საქართველოს ავი ბედისწერა სახელად აღა მაჰმად ხანი — კრწანისის ბრძოლა

პატარა კახს გვერდით ედგა იმერთა მეფე სოლომონი, ცალკე ემზადებოდნენ უკვე დავაჟკაცებული მისი შვილიშვილები დავით და იოანე ბატონიშვილების თავკაცობით; მათი მოვალეობა უკვე ლეგენდად ქცეული პაპის გვერდით ბრძოლა და მისი დაცვა იყო. 

წვიმიან-ღრუბლიან 11 სექტემბერს 9 ათასამდე სპარსი, ავღანი  და თურქომანი დაეცა თბილისის მისადგომებთან, მაგრამ ამით აღა მაჰმადის ჯარს არაფერი დაჰკლებია; ოთხჯერ ნაკლები ქართველი შეაკვდა მოძალებულ მტერს, მაგრამ პატარა კახის ლაშქარი დაიწრიტა. ერეკლე მიხვდა, რომ ბრძოლა წაგებული იყო და თბილისს ავი დღე ელოდა. გაქცევა იუკადრისა გამარჯვებებს მიჩვეულმა 75 წლის მეფემ, ცხენს დეზი ჰკრა, იშიშვლა თავისი განუყრელი „ავი მუსაიფი“ და მტრის შუაგულში შეიჭრა.

სპარსელებმა უმალ იცნეს თეთრ ცხენზე ამხედრებული პატარა კახი და ალყაში მოაქციეს. ცოტაც და ტრაგედია გარდაუვალი ჩანდა. უეცრად მომხდურთა რიგებში შეიჭრენ ახალგაზრდა ბატონიშვილები, იოანემ ცხენის აღვირზე უტაცა ხელი პაპას, სხვებიც აჰყვნენ და ის იყო, გაძალიანებული ერეკლე ალყიდან უნდა გაეყვანათ, წინ სპარსთა ახალი ჯგუფი აესვეტათ. მოულოდნელად საიდანღაც გლეხურად ჩაცმული ტყუპი ძმები შეცვივდნენ ამ ორომტრიალში და ერთიმეორეზე მიაწვინეს მომხდურები — ბატონიშვილებს შესძახეს, მეფე გაიყვანეთო და თავად მტერს მიეძალენ. იოანემ პატარა კახი სამშვიდობოს გაიყვანა, ძალის-ძალით გაარიდა თბილისს და დუშეთში აიყვანა.

ცრემლმორეულმა ერეკლემ სთხოვა იოანეს, იმ ტყუპი ძმების ვინაობა და ამბავი გამიგეო. მეორე დღეს მოახსენეს, ინგილო ძმები მტერს აეკუწა ისნის მისადგომებთან.

ლეგენდის თანახმად, ეს ძმები იმ ინგილო ქალის შვილები იყვნენ, პატარა კახს ჩალმის გამო ქლიავი რომ გადმოაყარა ხიდან. აღა მაჰმადის წასვლისთანავე, პაპის ბრძანებით, იოანე ბატონიშვილმა ძმების ცხედრები საინგილოს წაასვენა და თმაგაშლილ დედას მიჰგვარა.

ქალმა იოანეს ერეკლესთან დანაბარები გაატანა: მეფეს გადაეცით, კიდევ ოთხ ვაჟკაცს ვუზრდი მტერზე ჯავრის ამოსაყრელადო...

გიორგი XII-ის მეორე ვაჟი იოანე 1768 წლის 16 მაისს დაიბადა და 1830 წელს, დღევანდელ დღეს, 15 თებერვალს გარდაიცვალა. კრწანისის ომის გმირი, გამჭრიახი პოლიტიკოსი, ენციკლოპედისტი, გონებამახვილი მწერალი და მოაზროვნე უმთავრეს საგნად — „უმჯობესად ყოველთა საუნჯეთა“, სწავლას მიიჩნევდა და სწორედ ამ ნიშანს ატარებს მთელი მისი შემოქმედება. 

იოანე დასაყრდენი იყო მამისათვის სახელმწიფოს მართვის საქმეში.  გიორგი XII მასზე  წერდა: „ჩვენის ქვეყნის საქმე ყველა უფალს მინისტრსა და ჩვენს შვილს იოანეზედ იყო წოდებული“. 

ამ პერიოდში იოანე ბატონიშვილმა მოამზადა  სახელმწიფოებრივი რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მუდმივი ჯარის შექმნას, ადმინისტრაციის გამარტივებას, „განათლების მოხელის” თანამდებობის შემოღებას, რომელსაც დაექვემდებარებოდა სკოლები და სტამბები; მას უნდა მოეწესრიგებინა დავრდომილთა დახმარება, უკანონოდ შობილთა აღზრდა. კანონპროექტი მოითხოვდა სისხლის სამართლის კანონების შერბილებას, ბურჟუაზიის მხარდაჭერას, მისთვის სათათბირო ორგანოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განათლების საქმეს: პირველდაწყებითი განათლება მისაწვდომი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებისათვის; უნდა გახსნილიყო უმაღლესი სასწავლებლები თბილისში, თელავსა და გორში, უნდა დაარსებულიყო ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ორკვირეული გაზეთი... 

პროექტი პროექტად დარჩა — გიორგი XII გარდაიცვალა, ქართლ-კახეთის სამეფო კი გაუქმდა. 1801 წელს, სხვა ბატონიშვილების დარად, იოანეც პეტერბურგში გადადის. 29 წლის განმავლობაში ცხოვრობდა იქ. პოლიტიკურ ასპარეზს მოცილებულმა მთელი თავისი ნიჭი შემოქმედებით და სამეცნიერო მოღვაწეობას შეალია — სწავლობდა ენებს, ეუფლებოდა მეცნიერების სხვადასხვა დარგს, თარგმნიდა, ადგენდა სახელმძღვანელოებს, კარაბადინებს და ლექსიკონებს. 

მეომრის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
პატარა კახის მწარე გაკვეთილი და დაშოშმინებული მრისხანე ავღანელი: ამბავი აზატ-ხანისა

იოანეს ძირითადი შრომა „კალმასობა“, ანუ როგორც თავად ამბობდა, „ხუმარსწავლა”, ორიგინალური ენციკლოპედიური ხასიათის შრომაა, სადაც აღწერილია იმდროინდელი მეცნიერების მიღწევები,  მრავლადაა ფილოსოფიური მსჯელობანი; მასში შესულია ცნობები მათემატიკიდან, ასტრონომიიდან, ზოოლოგიიდან, გეოგრაფიიდან, ისტორიიდან, ფსიქოლოგიიდან, მედიცინიდან, ენათმეცნიერებიდან. ნაწარმოებში ასახულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებანი, სოციალური ვითარება, დიდგვაროვანთა გადაგვარება, ბაგრატიონთა დაცემის მძიმე სურათი. 

საკითხავად საინტერესო რომ ყოფილიყო, ასეთი გონებამახვილური ფაბულა მოიფიქრა: სამონასტრო ღალისა და შეწირულების ასაკრეფად , ანუ „საროჭიკედ”, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადის ქვათახევის ბერი იონა ხელაშვილი გაქართველებულ სომეხ ზურაბ ღამბარაშვილთან ერთად. ისინი აწყდებიან სხვადასხვა ადამიანებს, უცნაურ ამბებს და ამ მოგზაურობის დროს უამრავ ინფორმაციას გვაწვდიან.  

იოანე ბაგრატიონი  ლექსიკოგრაფიც გახლდათ. მან შეადგინა სხვადასხვა დარგის მოკლე და ვრცელი ლექსიკონები – ზოოლოგიურ-ბოტანიკური, საბუნებისმეტყველო, სნეულებათა და წამალთა, ენციკლოპედია „სხუათა და სხუათა ჰსწავლათა შეკრებილებანი”, აგრეთვე ენციკლოპედიური ლექსიკონი, რუსულ-ქართული ლექსიკონი. ყველაფერი კი ძმასთან,  დავით ბაგრატიონთან ერთად დაიწყო საბას ლექსიკონის შევსებითა და ახლებურად გავრცობით. ცნობილია აგრეთვე იოანე ბატონიშვილის ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებებიც „პატარა ედემით განძება” და „აღსარება”. 

იოანე ბატონიშვილი თავგადაკლული  კოლექციონერიც ყოფილა.  სწორედ  წიგნებისა და ხელნაწერების მის მიერ შეგროვებული მდიდარი კოლექცია  დაედო საფუძვლად პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ქართულ ფონდს.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ამ ნიჭიერი კაცის ბედი, რომ არა ის ავბედითი 1795 წლის 11 სექტემბრის წვიმიანი დილა; იქნებ თავისი პროექტიც მოეყვანა სისრულეში და ფასდაუდებელი სამსახური გაეწია ერისთვის?  თუმცა, სამშობლოდან მოშორებულმა მაინც მოახერხა, მთელი ცხოვრება საქართველოსთვის ეღვაწა, ისე როგორც ეკადრებოდა ლეგენდად ქცეული პატარა კახის შვილიშვილს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0