მეფის სისასტიკე: მპარავთმძებნელთა და ჩენილთა რაზმები საქართველოში

© Pixabay / josealbafotosძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მესამის მეფობის პერიოდი უხვად იყო გაჯერებული სისატიკითა და დაუნდობლობით. თუ მეფის ხელისუფლებას საფრთხე ექმნებოდა, გიორგი მესამე ყველას ერთნაირად უსწორებდა ანგარიშს — გარეშესაც და შინაურსაც, მათ შორის, ოჯახის წევრებსაც.

ვანო სულორი

ისტორიული გარემოება მოითხოვდა, რომ მეფე ქვეყნის ორგულებისა და გამყიდველების მიმართ მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ ეს სიმკაცრე სისასტიკეში გადადიოდა. მართალია, პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ დავით მეხუთის სიკვდილში მისი ძმის, გიორგისა და მამის დემეტრეს მომხრეთა ხელი ყოფილიყო გარეული.  

მეფე გიორგის ბრძანებით დასაჯეს სიკვდილით 1177 წლის ამბოხების მოთავენიც, რომელთა შორის იყო მისი ძმისწული დემნა უფლისწულიც. გიორგი მესამემ დემნა ჯერ დაასაჭურისებინა, შემდეგ კი დილეგში გამოკეტა, სადაც ის „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაიცვალა.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ანისი – კერკეტი კაკალი, რომელიც გიორგი მესამემ „გატეხა“

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი დროის მაკიაველი გახლდათ, თუმცა მისი პოლიტიკა „მიზანი ამართლებს საშუალებას“ საქართველოს სამეფოს აძლიერებდა. გიორგი მესამისთვის დესპოტიზმი იყო იარაღი ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად.  

არადა, წესრიგი მართლაც დასამყარებელი იყო. ქვეყანაში გაიზარდა ყაჩაღობის შემთხვევები, დღე არ გავიდოდა, პილიგრიმები, ვაჭრები თუ მოგზაურები არ გაეძარცვათ. საქართველოს გზებზე გავლა სახიფათო გახდა, განსაკუთრებით ვაჭრებისთვის, რომლებიც დიდ ზარალში ვარდებოდნენ და, შესაბამისად, თავს არიდებდნენ ჩვენს ქვეყანაზე ქარავნების გატარებას.

გიორგი მესამემ ძარცვა-ყაჩაღობის მომძლავრებას ჩვეული სისასტიკით უპასუხა. მეფე ძალიან ჩქარობდა წესრიგის დამყარებას, ვინაიდან ტახტის მემკვიდრე ქალი იყო და სურდა, თამარისთვის დაწყნარებულ-დამშვიდებული ქვეყანა დაეტოვებინა. ამიტომაც წავიდა რადიკალურ ნაბიჯებზე.

ქურდებისა და ავაზაკების დევნა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშალა. მეფემ მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა კანონების გამკაცრებით დაიწყო, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა დატყვევებული ყაჩაღი სიკვდილით ისჯებოდა. გარდა ამისა, მეფემ „მპარავთმძებნელთა“ და „ჩენილთა“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. „მპარავთმძებნელთა“ ფუნქცია მეკობრეების, მკვლელების, ქურდებისა და ავაზაკების გამოვლენა და დაპატიმრება იყო, ხოლო „ჩენილებს“ მათი სიკვდილით დასჯა ევალებოდათ. ამ ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. XIII საუკუნის სომეხი მემატიანე ვარდან არეველცი გიორგი III-ის შესახებ წერდა:

„გიორგიმ პირისაგან მიწისა აღგავა ქურდი და ყაჩაღი. მთელ ჯარს დაუწესა კანონმდებლობა, რომლითაც დიდი და მცირე დანაშაულისთვის შეუწყნარებლად უნდა ჩამოეხრჩოთ ხეებზე ყველა. ჩამოახრჩვეს მრავალი წარჩინებული. სამსჯავროს ხის ბოძზე დამნაშავეებთან ერთად აკრავდნენ მათთან ნაპოვნ საგნებს, თვით პირუტყვებს, ძაღლებს და თაგვებს. შიში დაეუფლა ყველას. დაისადგურა დიდმა სიმშვიდემ". 

უნდა ითქვას, რომ ტყეში გასულ ყაჩაღთა რაოდენობის ზრდას თავისი მიზეზები ჰქონდა. სამ ძირითადს მოგახსენებთ: 

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ტრაგედია დემნა უფლისწულისა, რასაც საქართველოს მზის აღმობრწყინება მოჰყვა

1. დიდგორის ბრძოლის  შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე სელჩუკთა თარეში ფაქტობრივად შეწყდა. ომებმა ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაინაცვლა და იმასაც ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. ქვეყანაში მშვიდობის დასადგურებას დემოგრაფიული აფეთქება მოჰყვა და მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ იმ დროს არსებული მაიორატის წესის თანახმად, მამისეული ქონება მთლიანად უფროსი ვაჟის საკუთრება ხდებოდა, დანარჩენი ვაჟები კი ხელცარიელი ტოვებდნენ ოჯახებს. უმცროსი ვაჟები დავით აღმაშენებლის მეფობის დროს სამხედრო სამსახურში დგებოდნენ, მაგრამ დემეტრე პირველისა და გიორგი მესამის მეფობის დროს პროფესიული ჯარი თანდათან დაიშალა. შესაბამისად, უმიწაწყლოდ დარჩენილი რიგითი მოქალაქეებისთვის მუდმივი და შემოსავლიანი სამხედრო კარიერა გამოირიცხა;

2. დავით აღმაშენებელი სისტემატურად ასახლებდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს ახლად შეერთებულ მიწებზე. მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა დემეტრე პირველმა და გიორგი მესამემ ვეღარ გააგრძელეს დავითისეული ექსპანსია. შესაბამისად, ახალ მიწებზე მიგრაცია შეწყდა და უმიწაწყლოდ დარჩენილმა ათასობით ჯანღონიანმა ვაჟკაცმა თავის სარჩენად აბრაგობას მიჰყო ხელი; 

3. დემეტრესა და გიორგის მეფობის წლებში მომხდარი ფართომასშტაბიანი შეთქმულებები და აჯანყებები მარცხით დასრულდა. მაგალითად, 1177 წლის აჯანყებაში 30 ათასზე მეტი მეამბოხე იღებდა მონაწილეობას. ჯანყის მოთავეები სიკვდილით დასაჯეს, რიგით მონაწილეებს კი სიცოცხლე შეუნარჩუნეს, თუმცა ქონება და ადგილ-მამულები ჩამოართვეს. და თავის გადასარჩენად მათი დიდი ნაწილი ტყეში გავიდა.   

ყველა ახალი ამბავი
0