03:27 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (366)
29420

მემატიანე ასე აღწერდა მუსლიმთა განწყობას ქართველთა მეფისადმი: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა ზედა: მოვერიდოთ თავი და ვეფაროთ“...

ვანო სულორი

XI-XII საუკუნეებში ანისი სტრატეგიული დანიშნულების ქალაქი იყო. ის დიდ საქარავნო გზაზე მდებარეობდა, ხოლო მისი მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა და მაშინდელი სამყაროს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად მიიჩნეოდა. ამიტომაც ებღაუჭებოდნენ სელჩუკები მას, დასათმობად არ ემეტებოდათ.

გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველოს მესვეურები გულგრილად ვერ უყურებდნენ ანისში მიმდინარე მოვლენებს. ჯერ ერთი, სანამ ეს ქალაქი სელჩუკთა ხელში იქნებოდა, საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე სიმშვიდე ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, ქართველ მეფეთათვის სულ ერთი ნამდვილად არ გახლდათ ქრისტიან სომეხთა აუტანელი ყოფა მუსლიმი მმართველების ხელში. 

1124 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ანისი, მაგრამ მისმა მემკვიდრემ დემეტრე პირველმა ვერ შეინარჩუნა ქალაქი და ყმადნაფიცობის პირობით წინანდელი მმართველის მანუჩეს შვილებს დაუთმო. დემეტრეს ეს ნაბიჯი ნებაყოფლობით არ გადაუდგამს — იძულებული შეიქნა, ვინაიდან მუსლიმები გამუდმებით უტევდნენ ანისს და მოსვენებას არ აძლევდნენ დემეტრეს ვასალ აბულეთისძეებს.

მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო თავისი სიძლიერის მწვერვალზე იდგა. მართალია, ქართველებთან და ჯვაროსნებთან ბრძოლაში სელჩუკები ძალიან დასუსტდნენ, მაგრამ დიდი იმპერიის ნამსხვრევებზე აღმოცენებული თურქული საამირო-სასულთნოები პოზიციებს არ თმობდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ თითოეული ქალაქისთვის, თითოეული ციხისთვის. ამ დროს საქართველოში გიორგი მესამე მეფობდა, რომელიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდა საქართველოს საზღვრების გასაფართოებლად.

მეფე გიორგიმ პირველი იერიში ანისზე მიიტანა, რომელსაც მაშინ საქართველოს სამეფოს ყმადნაფიცი ფაჰრ ად-დინ შადადი  მართავდა. ყმადნაფიცი კი იყო, მაგრამ ფაჰრ ად-დინი ღალატს არ თაკილობდა. და გიორგი მესამემ მისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა.

ანისელები ფაჰრ ად-დინის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ქალაქიდან გააძევეს, მის ნაცვლად კი მისი ძმა ფადლონი მოიწვიეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც მან გაამართლა იმედები და ანისელებმა დახმარებისთვის საქართველოს მეფეს მიმართეს. 

1161 წელს გიორგი მესამემ აიღო ანისი, შედადიანთა მთელი ოჯახი ხელთ იგდო და ქალაქის ამირად სადუნი დანიშნა. მაგრამ მერე გიორგი მეფეს აცნობეს, სადუნმა ქალაქის დამცავი კედლების გამაგრება დაიწყოო და ამან დააეჭვა ქართველთა მეფე — სადუნი შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. მერე ქალაქში წესრიგის დასაცავად 2000 ქართველი მეომარი ჩააყენა, ხოლო ანისის მმართველად ამირსპასალარი ივანე ორბელი დანიშნა, მისი თანაშემწეობა კი სარგის მხარგრძელს მიანდო. ქართველთა მეფემ ანისის მცხოვრებთა გამოსასყიდად 40 ათასი დრაჰკანი გადაიხადა და ტყვედ აყვანილი ქრისტიანებიცა და მუსლიმებიც გაათავისუფლა.

ანისის დაკარგვას თურქები ვერ შეურიგდნენ. ქართული ჯარის იქ ჩაყენება უმძიმესი დარტყმა იყო მათთვის, რადგან ანისი შესანიშნავი პლაცდარმი იყო სამხრეთის მიმართულებით ლაშქრობის გასაგრძელებლად. ამიტომაც იმავე წლის აგვისტოში კოალიციური ლაშქარი შეკრიბეს და 80-ათასიანი ლაშქრით ანისისკენ დაიძრნენ. მუსლიმთა მხედრობას წინ მოუძღოდნენ სულთანი ნასირ ალ-დინ სუქმან მეორე, დიარბაქირის ამირა არდოხის ძე კოტბ ად-დინ ილღაზი, არზრუმის მთავარი ალ-მალიქ სალდუხი.

გიორგი ნაჭარმაგევს მდგარა, როცა ეს ამბავი შეატყობინეს. სამწუხაროდ, ქართველ მსტოვრებს „გამოეპარათ“ მუსლიმთა გადაჯგუფებები და მეფისათვის სიურპრიზი აღმოჩნდა ანისის ალყა. შესაბამისად, გიორგი მესამეს სათანადოდ მოსამზადებლად დრო არ ჰქონდა და იძულებული გახდა, მცირე ჯარით შებმოდა მომხდურს.

როგორც მემატიანე წერდა, „ყოვლადვე არღა მომლოდინე“ მეფე 9000 მეომრით, ამირახორ ლიპარიტთან, ბექა სურამელთან, ქირქიშ აბულეთისძესთან და მწიგნობართუხუცეს იოანესთან ერთად დაიძრა ანისისკენ, სადაც მუსლიმური კოალიცია იყო დაბანაკებული „დიდითა და მიუწვდომელითა ძალითა და უამრავითა ლაშქრითა“. 

მეფემ თავისი მცირე ლაშქარი სამ ნაწილად გაყო. ჯარის ერთ ნაწილს თავად ჩაუდგა სათავეში, დანარჩენი ორი ლიპარიტ სუმბატის ძესა და ბექა სურამელს ჩააბარა და მტერს სამი მხრიდან შეუტიეს. უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა იმარჯვეს. მისი ბედი გიორგი მეფის სიჩაუქემ გადაწყვიტა. მტრის ლაშქრის შუაგულში ღრმად შეჭრილმა გიორგიმ კოალიციის სარდლების კარვისკენ გაიკაფა გზა და მათი მედროშე ძირს დასცა. ამან ისე დააფრთხო სელჯუკთა სარდლობა, რომ ბრძოლის ველიდან გაიქცა. და ბრძოლა დევნაში გადაიზარდა, რა დროსაც ქართველებმა ბოლომდე მიიყვანეს გამარჯვება.

7000 მუსლიმი მეომარი შეეწირა ამ ბატალიებს, ხოლო 2000 ტყვედ ჩაუვარდათ ქართველებს. მათ შორის იყო 6 სარანგი და 150 ამირა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს „სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა. სიმდიდრე თუალთა და მარგალიტთა, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა. სოფლითა სიმდიდრეთა და მონაგებთა, აღსარიცხად გარდარეული“.

მართალია, არზრუმის მთავარმა გაქცევით უშველა თავს, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა გიორგი მეფეს. ქართველთათვის წარმატებული გამოდგა არზრუმზე და დვინზე ლაშქრობაც:

„ყველა მცხოვრებნი, ქრისტიანებს გარდა, დააწიოკეს, მრავლის ნადავლითა და ტყვეებით დატვირთული ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა შინ დაბრუნდა“.  

ამირას ჯარი განადგურდა, თავად სალდუხი ტყვედ ჩავარდა და ტყვეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა დამ, შაჰ-ბანუვარმა ძმის დასახსნელად ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა ქართველთა მეფეს. 

მაგრამ ანისისთვის ბრძოლა ამით არ შეწყვეტილა. გიორგი მესამე და ილდეგიზ ათაბაგი 1165 წელს დაზავდნენ და ამ ზავით ილდეგიზს ეწყალობა ანისი, ქალაქი სამართავად ისევ შადადიანებს გადაეცათ. თავის მხრივ, ანისის მუსლიმი მმართველი საქართველოს ყმადნაფიცი გახდა.

ბუნებრივია, ქართველთა მეფისთვის მიუღებელი იყო ზავის პირობები და საქმის ბოლომდე მიყვანა განიზრახა. 1173 წელს გიორგიმ ანისი აიღო, დაატყვევა ანისის ამირა (ანუ შაჰანშა) და ქალაქი ისევ ივანე ორბელს ჩააბარა. 1174 წელს ილდეგიზ ათაბაგი და არსლან მუჰამედის ძე ისევ დაესხნენ თავს ანისს. მათ მთელი შირაქის ველი მოარბიეს და ივანეს ამირსპასალარს ანისის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც ორბელმა კატეგორიული უარი განაცხადა და მეფის მოსავლამდე ქალაქი შეინარჩუნა. საბოლოოდ, ქართველებმა დაამარცხეს თურქები და უკუაქციეს ისინი.

ანისისათვის ბრძოლაში საქართველოს მეფეს მხარს უჭერდა სომეხი სამღვდელოება და პირადად ანისის ეპისკოპოსი ბარსეღი. თავის მხრივ, გიორგი მესამემაც დიდი დახმარება გაუწია ბარსეღს: ტყვეობიდან გამოისყიდა მისი ძმა აპირატი და ის დანიშნა ანისის ამირად. ამის შემდეგ სელჩუკები უკვე ვეღარ ბედავდნენ საქართველოზე ლაშქრობას. მემატიანე ასე აღწერს მუსლიმთა მაშინდელ განწყობას:

„არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანასა ზედა: მოვერიდოთ თავი და ვეფაროთ“.

და ამიტომ მეფე გიორგის ეს ბოლო ნაბიჯები უპასუხოდ დარჩა...

თემები:
იცით თუ არა, რომ... (366)

მთავარი თემები