03:23 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (382)
24611

თეიმურაზ მეფემ დაივიწყა არაგველებისათვის მიცემული პირობა და თავისუფლებისმოყვარე მთიელებისგან ბეგარა-გადასახადების ამოღება განიზრახა, მაგრამ...

ვანო სულორი

მცდარია მოსაზრება, თითქოს ქართველი კაცი სიღარიბის გამო ნაკლებად გამოთქვამდა უკმაყოფილებას და არასდროს უბრძოლია მხოლოდ სოციალური მიზეზებით. უბრალოდ, ჩვენი მეფეები თავადაც მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და გლეხის მდგომარეობაშიც შედიოდნენ — გადასახადები რეალობასთან მიახლოებული იყო. მაგრამ თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრებოდა და „დაუკრეფავში გადავიდოდა“, გლეხკაცი მაშინვე იარაღს ჰკიდებდა ხელს საკუთარი უფლებებისა და სოციალური მდგომარეობის  დასაცავად. სწორედ აუტანელი სოციალური ყოფის გამოძახილი იყო 1742 წელს ქართლში დაწყებული დიდი აჯანყება. 

საქმე ასე იყო: ირანის ხელმწიფე ნადირ შაჰმა დაღესტნის დაპყრობა განიზრახა. ერთი მხრივ, ეს პოზიტიური მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან ლეკთა თარეშმა ამოაგდო და გააპარტახა კახეთი და ქართლი. ამიტომ კახეთის მეფე თეიმურაზ მეორემ და უფლისწულმა ერეკლემ მხარი დაუჭირეს ამ ლაშქრობას. ისინი სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ დაღესტნის დალაშქვრის შემდეგ მარბიელ ლეკთა თარეში შეწყდებოდა საქართველოში. მაგრამ, საუბედუროდ, ამ დიდი ლაშქრობის ხარჯი ხალხს დააწვა კისერზე — სპარსელთა დიდი ურდოს გამოკვება ჩვენს ქვეყანას დაადეს ვალად. დამატებითმა გადასახადებმა მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ნადირ შაჰმა ქართლს, შეწერილი 1800 ტონა მარცვლეულის ნაცვლად, 9 ათასი ტონა წაართვა. ამასაც არ დასჯერდა და დაღესტნისკენ დაძრული ჯარის გამოსაკვებად დამატებით 6 ათასი ტონა მოითხოვა. არადა, მოსახლეობას ისედაც აუტანელ ტვირთად აწვა ყიზილბაშური ხარკი „მაჯულათი“, „სურსათის გადასახადი“, „ნუქერი“. ახალმა გადასახადებმა კიდევ უფრო გააღატაკა ქართლისა და კახეთის მოსახლეობა და ბართან ერთად მთელი არაგვის ხეობაც აჯანყდა.

იქ უკმაყოფილების მიზეზი, გადიდებულ ბეგარა-გადასახადებთან ერთად, მებატონე თავადთა სისასტიკეც გახდა. იარაღს მოჰკიდა ხელი გაღატაკებულმა აზნაურობამაც – ისინიც უკმაყოფილონი იყვნენ არაგვის ერისთავის სიხარბითა და სისასტიკით. 

1742 წელს აჯანყებულებმა საერისთავოს სახლთუხუცესის ამინა კობიაშვილის მეთაურობით ბეჟან არაგვის ერისთავის შეპყრობა და მოკვლა გადაწყვიტეს. მაგრამ ბეჟან ერისთავს გივი ამილახვარი მიეშველა ჯარით. აჯანყებულები დაარბიეს და აიკლეს, მოთავენი დილეგში ჩაამწყვდიეს, ხოლო ამინა კობიაშვილი სიკვდილით დასაჯეს. 

1743 წლის ივნისში უსასტიკესი ფეოდალისგან დაჩაგრული და მძიმე გადასახადით ილაჯგაწყვეტილი საერისთავოს მოსახლეობა კვლავ აჯანყდა. ამბოხი საერისთავოს ბარის სოფლებს, ხევსა და მთიულეთსაც მოედო. აჯანყების მოთავეები იყვნენ პაპა ღუდუშაური (ხევში), გივი და ზარიბეგ ნადიბაიძეები (მთიულეთში), ტეტია გელდაშვილი (საერისთავოს ბარის ნაწილში) და სხვა თხუთმეტი გლეხი.

აჯანყებულებმა მოკლეს ბეჟან არაგვის ერისთავი და მისი ბიძაშვილი ოტია, თავს დაესხნენ გივი ამილახვრისა და ბეჟან ერისთავის სახლობას, რომლებიც მთიულეთს აფარებდნენ თავს, აიკლეს და დაიტაცეს დიდძალი ქონება. ოღონდ ქალებს ხელი არ ახლეს — „ცარიელნი დედაკაცები გაუგზავნეს ამილახორსა“. 

იმ დროს არაგვის ხეობა უმეფოდ დარჩენილი ქართლის რეალური მმართველის გივი ამილახვრის საგამგეოში შედიოდა. ამიტომ აჯანყებულებმა თეიმურაზ კახთა მეფეს მოუხმეს და სთხოვეს, თავის მფარველობაში მიეღო ისინი. თეიმურაზიც მაშინვე ადგილზე გაჩნდა და არაგვისხეველებს დახმარებას დაჰპირდა: „რაც ძველი ერისთავებისგან არა გდებიათ, მის მეტს მე თქვენ არას გთხოვთ და ხელმწიფის სამსახურსაც მე გარდავსწყვეტ“. 

ანუ ხალხს დაპირდა, აჯანყებისთვის არ დაისჯებით, მხოლოდ ადათით დაწესებული გადასახდელი შეგინარჩუნდებათო. სამაგიეროდ კი მორჩილება მოითხოვა. მერე ჯანყის მეთაურებს მძევლები გამოართვა და საერისთავოში თავისი მოხელეები დანიშნა.

მთიელი კაცისთვის მეფის სიტყვას ნოტარიუსი არ სჭირდებოდა და არაგველებმაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, ხმლები ქარქაშში ჩააგეს... 

სპარსელების წინააღმდეგ მებრძოლმა გივი ამილახვარმა არაგველებს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი საერთო მტერთან ნადირ-შაჰთან ბრძოლაში გვერდით დაეყენებინა, იქით შეუტია. საარაგვოში კაცი გაგზავნა და მუქარა შეუთვალა: ვისაც ბეჟან ერისთავისა და ჩემ ღალატში ხელი ურევია, ან ცოცხლად ჩამაბარეთ, ან მკვდრად; ხოლო უკეთუ ჩემს ბრძანებას არ აღასრულებთ, იცოდეთ, რასაც კი ღმერთი შემაძლებინებს, არაფრით აღარ დაგზოგავთ, აღარც მტყუანს გავიკითხავ და აღარც მართალსა; თორმეტი ათასი მეომარი მზად მყავს და ასეთ საქმეს გიზამთ, კაცაგანს თავის დღეში არ ექნასო. 

მაგრამ არაგველებმა არად ჩააგდეს ამილახორის მუქარა. ქართლის რეალურმა მმართველმა კი ვერ გაბედა ხეობის დალაშქვრა. ამასობაში ირანელების წინააღმდეგ აჯანყებული ამილახვარი აჩაბეთის ბრძოლაში დამარცხდა და 1744 წელს შაჰმა თეიმურაზ მეორე ქართლის მეფედ, ხოლო უფლისწული ერეკლე კახეთის მეფედ აღიარა. დამარცხებული ამილახვარი კი ისპაჰანს გაგზავნეს, სადაც ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, შაჰ-ყული-ხანი დაირქვა და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციის მმართველობასაც კი მიაღწია. 

გავიდა ორი წელი და 1746 წელს მთის მოსახლეობა ახლა თეიმურაზს აუმბოხდა. გივი ამილახვრის თავიდან მოშორების შემდეგ მეფეს ხელ-ფეხი გაეხსნა, დაივიწყა არაგველებისათვის მიცემული პირობა და თავისუფლებისმოყვარე მთიელებისგან ბეგარა-გადასახადების ამოღება განიზრახა. მაგრამ ქსნის, არაგვისა და თრუსოს ხეობების მოსახლეობამ არ შეუშვა მეფის მოხელეები და ისევ იარაღს მოჰკიდა ხელი. ამ აჯანყებას სათავეში ბეჟან ერისთავის მკვლელები ჩაუდგნენ. ქსნის ხეობის გლეხებთან, მოხეევებთან, ფშავ-ხევსურებთან, გუდამაყრელებთან ერთად ოსებიც იბრძოდნენ. თეიმურაზმა თავის ვაჟს, ერეკლეს უხმო კახეთიდან, რათა საერთო ძალით ჩაეხშო ეს ამბოხება. თეიმურაზ II ქართლის ჯარით ქსნის საერისთავოში შევიდა და ვანათს დადგა. ერეკლეც დაიძრა კახთა და თუშთა ჯარით. მოწინავეებს თუშთა მოურავი ჯიმშერი სარდლობდა და პირველი შეტაკება ოსებთან მოხდა:

„დაერივნენ ხმალ-და-ხმალ, გააქციეს ოსნი და მიჰყვნენ, შეყარეს კოშკებში და შემოადგნენ გარს... რასაც კოშკს იერიში უყვეს, მაშინვე გატეხეს. ორმოცი კოშკი აიღეს და დაწვეს“.

მერე კახელებმა და თუშებმა ლაშქრობა განაგრძეს და ქსნისა და არგვისხეველ მთიელებსაც იგივე დღე დაადგათ. აჯანყება ჩაქრა. ერეკლე ანანურს მივიდა, ჯანყის მოთავენი და ბეჟან ერისთავის მკვლელები შეიპყრო და თვალები დათხარა, მათი ცოლ-შვილი კი კახეთს გადაასახლა.

გლეხთა ეს დიდი აჯანყება მარცხით დამთავრდა. სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან ერეკლესთან ჭიდილში ლეკებმა, ოსმალებმა და სპარსელებმაც არერთხელ წაიტეხეს კისერი და რა გასაკვირია, რომ აჯანყებულ მთიელებსაც არაფერი გამოსვლოდათ...

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (382)

მთავარი თემები