„გულთმისანი“ ალბანელები, ანუ რატომ ვერ იქნება დავით-გარეჯა ალბანური კულტურის ძეგლი

© photo: Sputnikდავითგარეჯა
დავითგარეჯა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპონენტებს თუ დავუჯერებთ, ალბანელებს საუკუნეების წინ ზუსტად განუსაზღვრიათ, სად გაივლიდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, ამიტომ ერთი აგურიც არ დაუდიათ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ იქითა მხრიდან უშენებიათ დავით-გარეჯა.

ვანო სულორი

ჩვენ სამეზობლოში გავრცელებულია, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი ალბანელების აშენებულია, ხოლო ალბანელების მემკვიდრეები თავად არიან.

თუ მათ ვერწმუნებით, იქიდან საქართველო-აზერბაიჯანის დღევანდელ საზღვრამდე, თურმე, ალბანელებს უშენებიათ, აქედან კი ქართველებს(?!). გამოდის, რომ ალბანელებს 11-12 საუკუნის წინ ზუსტად განუსაზღვრიათ, თუ სად გაივლიდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი, ამიტომ მათ ერთი აგურიც კი არ დაუდიათ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ჩიჩხიტურის აქეთ, დანარჩენი „კეშიჩკი-დაღის“ (ასე ეძახიან ჩვენი მეზობლები დავით-გარეჯას) მშენებლობა ქართველებისთვის დიდსულოვნად დაუთმიათ. 

დავითგარეჯა - Sputnik საქართველო
მამა დავით გარეჯელის სასწაულები, მეწველი ირმები და იერუსალიმიდან წამოღებული მადლის ქვები

მოდით, ისტორიულ ჭრილში განვიხილოთ ეს პრობლემა. ძველი წელთარიცხვის IV-III საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ფარნავაზმა იბერიის უძლიერესი სახელმწიფო შექმნა, მასში ალბანეთის ტერიტორიის ნაწილიც შევიდა, რომელიც ხუნანისა და კახეთის საერისთავოებს მიაკუთვნეს. შემდგომ პერიოდში ქართველები ხან ვკარგავდით, ხან ვიბრუნებდით მას, ხოლო ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნეში იბერიის ძლევამოსილმა მეფე ფარსმან ქველმა კიდევ უფრო გააფართოვა იბერიის საზღვრები და ალბანეთის დიდი ტერიტორია შეიერთა (ისტორიული კამბეჩოვანი და ჰერეთი). ხოლო ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა დარჩენილი ალბანეთის სამეფო, როგორც პართიელთა მოკავშირეები, დარუბანდის გზით ამიერკავკასიაში გადმოსულ ალანებს დაარბევინა.

თუმცა სპარსელთა ბატონობის ხანაში იბერიის სამეფომ ისევ დაკარგა გავლენა ჰერეთზე და ნაწილობრივ კამბეჩოვანზეც (ქიზიყი). საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ მეფე მირიანი ფრიად გააქტიურდა კახეთსა და ჰერეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ალბანეთის ყოფილი მიწა-წყლის შემომტკიცების საქმეში.

გარდა წმინდა პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ინტერესებისა, ჰერეთის დაბრუნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეკონომიკურ მოსაზრებებს. ის წარმოადგენდა მდიდარ მხარეს, უხვი საძოვერებით, სადაც იყო იდეალური პირობები მესაქონლეობის (განსაკუთრებით მეცხვარეობის) განსავითარებლად. ტყეებით დაფარულ იბერიის სამეფოს არ გააჩნდა ზამთრის ისეთი საძოვრები, როგორიც იყო შირაქი, ქიზიყი, ყარაია. ამიტომაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ჰერეთის შემომტკიცებას. 

Книги на полке - Sputnik საქართველო
„მაშინ იქმნა ბრძოლა დიდძალი“, ანუ ქართველთა და სომეხთა ომი წართმეული მიწებისთვის

არც ის იყო შემთხვევითი, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ წმინდა ნინომ გეზი კახეთ-ჰერეთისკენ აიღო. მისი მისიონერობის წყალობით კახეთში ქრისტიანულ ცენტრებად იქცა უჟარმა (უჯარმა), ბოდინი (ბოდბე), კაწარეთი (კაჭრეთი). მირიან მეფისა და წმინდა ნინოს გარდაცვალებამ ეს პროცესი დროებით შეაფერხა, მაგრამ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს საბოლოოდ დასრულდა ჰერეთის გაქრისტიანებისა და ეთნოათვისების პროსცესი. მეფემ აქ შექმნა ჰერეთის საერისთავო, რომელსაც ერთგული დიდებული − გრიგოლი ჩაუყენა სათავეში.

ჰერეთის გაქართველება გამონაკლისი არ ყოფილა, ალბანეთის დეეთნიზაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენდა. IV-V საუკუნეებში დასრულდა ალბანეთის სამეფოს ცენტრალური ოლქის – არცახის (ყარაბაღის) ე.წ. „არმენიზება“, ხოლო VI-VII საუკუნეებში ასევე არმენიზებული იყო უტიკიც.

ალბანელთა გაქრობის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო არაბების გამოჩენის შემდეგ. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბებმა ალბანეთი საბოლოოდ და მთლიანად დაიპყრეს. 866 წელს ალბანელმა მთავარმა ჰამამმა ცოტა ხნით აღადგინა ალბანეთის სამეფო. მაგრამ თურქული ეთნოსის მოძალების შემდეგ მოხდა ალბანეთის სამეფოს საბოლოოდ დამხობა და ეთნოსის გაქრობა. მეათე საუკუნისთვის ალბანეთის სამეფო და ალბანელები ფაქტობრივად აღარ არსებობდნენ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ათას ადამიანს, რომლებსაც არავითარი ძალა და გავლენა არ გააჩნდათ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე.

რაც შეეხება დავით-გარეჯის სადავო ჩიჩხიტურის კოშკს, ბერთუბნისა და უდაბნოს გამოქვაბულებს, ისინი აშენდა XI-XIII საუკუნეებში და ამ ეპოქის ისტორიულ ანალებში ალბანელთა ხსენებასაც კი ვერსად შევხვდებით. თანაც ის ტერიტორია, სადაც დავით-გარეჯის კომპლექსია აშენებული, არასდროს ყოფილა ალბანეთის სამეფოს ტერიტორია და იქ არასდროს დაფიქსირებულა ალბანური დასახლებები. ეს მიწა სხვადასხვა დროს იყო კახეთისა და კუხეთის კუთვნილება. უფრო მეტიც, IV საუკუნეში ადგილი, სადაც დღეს ჩიჩხითურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები დგას, წარმოადგენდა საუფლისწულო დომენს და ის შედიოდა რუსთავში მჯდომი იბერიელი უფლისწულის პირად საკუთრებაში. 

მხედრები - Sputnik საქართველო
დაუცხრომელი ქურთების კვალი საქართველოს ისტორიაში: სისხლი, ღალატი და ერთგულება

XI-XIII საუკუნეებში, როდესაც აშენდა დღეს სადავოდ ქცეული ჩიჩხიტურის კოშკი, ბერთუბნისა და უდაბნოს გამოქვაბულები, ეს ტერიტორი შედიოდა ჯერ კახეთ-ჰერეთის ქართულ სამეფოში, ხოლო 1104 წლიდან გაერთიანებული საქართველოს სამეფოს კუთვნილება გახლდათ. ამიტომ გამორიცხულია ალბანელთა მიერ „კეშიჩკი-დაღის“ აგება.

ბერთუბანთან ყველაზე ახლოს იყო განძის საამირო (საათაბაგო), სადაც მოსახლეობის თითქმის 99 პროცენტი მუსლიმი გახლდათ, და სომხური პროვინციები. თეორიულად დასაშვებია, რომ ვინმე „გადმოპარულიყო“ და ჩვენ მიწაზე წამოეწყო სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, მაგრამ ჩნდება კითხვა – რატომ ააშენებდა განძელი მუსლიმი ქრისტიანულ სალოცავს?

გამოირიცხება მონოფიზიტი სომხებისა და ალბანელების ფაქტორიც. ქრისტიანულ სალოცავში არსებული ქართველ მეფეთა და სასულიერო პირთა ფრესკები ავტომატურად გამორიცხავს ტაძრების მონოფიზიტურობას, რადგან მონოფიზიტების (ალბანელები, სომხები) აგებულ ტაძრებში მსგავს ფრესკებს უბრალოდ ვერ შეხვდებით, რადგან „მიწიერი“ ადამიანების სახეების ფრესკებზე გადატანა მათთვის კანონიკური წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

ფლობდე რომელიმე ერის კუთვნილ მიწას ან კულტურულ ძეგლებს, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მემკვიდრე ხარ. მაგალითად, არავინ დავობს იმაზე, რომ „აია სოფიას“ დიდებული ტაძარი ბიზანტიელების აშენებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქები არანაირად არ მიიჩნევიან ბიზანტიელთა კულტურულ მემკვიდრეებად.

დაახლოებით ამას ჰგავს ჩვენი მეზობლების მცდელობა – თავი ალბანური კულტურის მემკვიდრეებად გამოაცხადონ.

                                                                                        

ყველა ახალი ამბავი
0