20:31 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მხედრები

დაუცხრომელი ქურთების კვალი საქართველოს ისტორიაში: სისხლი, ღალატი და ერთგულება

© CC0 / Pixabay
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (326)
30350

საქართველოში ქურთებს მშვიდ და უწყინარ ხალხად იცნობენ, მაგრამ მათზე მამაცი და მეომარი ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. დაუცხრომელი ქურთების ძალას არაერთი სახელმწიფო იყენებდა სათავისოდ...

ვანო სულორი

ქურთები ერთ-ერთი უძველესი ერია, რომლებიც თავს მიდიელთა მემკვიდრეებად მიიჩნევენ. ჰეროდოტეს თანახმად, მიდიელები ადრე არიელებად იწოდებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ათენიდან კოლხი მედეა ესტუმრათ, სახელი შეიცვალეს და მის პატივსაცემად თავიანთ ქვეყანას მიდია დაარქვეს. სხვა ვერსიის მიხედვით, მიდიაში მდებარე ლეგენდარულ ჰეკატეს ბაღებში კოლხ მედეას სამკურნალო მცენარეები მოჰყავდა და ამიტომაც შეერქვა მას ეს სახელი.

ასეა თუ ისე, მიდიელთა ტომები, რომლებიც ქრისტეშობამდე IX საუკუნიდან არიან ცნობილი, ებრძოდნენ კოლხასა და დიაოხის ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. და სანამ ისინი ჩვენს წინაპრებს უსწორებდნენ ანგარიშს, ქვეყანა ასურელებმა დაიპყრეს. ძველი წელთაღრიცხვით 673 წელს მიდიამ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაახლოებით 30 წელიწადში რეგიონში უდიდეს იმპერიად იქცა. მაგრამ 550 წელს მიდიის მეფე ასტიაგს სპარსეთის სატრაპი კიროსი აუჯანყდა, რომელმაც დაასრულა კიდეც ამ სახელწიფოს არსებობა. სწორედ მის ნამსხვრევებზე წარმოქმნა აქემენიდური ირანის უზარმაზარი იმპერია.

იმ დროიდან მოყოლებული, ქურთებს სახელმწიფოებრიობა აღარასდროს ჰქონიათ, მაგრამ მშობლიური მიწა-წყალი არ მიუტოვებიათ და თითქმის 27 საუკუნეა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რეგიონის ცხოვრებაზე. 

მართალია, საქართველოში ქურთებს მშვიდ და უწყინარ ხალხად იცნობენ, მაგრამ მათზე მამაცი და მეომარი ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. დაუცხრომელი ქურთების ძალას საუკუნეთა განმავლობაში თავისდა სასიკეთოდ იყენებდნენ სელჩუკები, არაბები თუ სპარსელები.

1071 წელს, როდესაც სელჩუკებმა მანციკერტთან ბიზანტიელთა კოჰორტები გაანადგურეს, მათ ავანგარდს ქურთები წარმოადგენდნენ. ეს ქურთებმა გაარღვიეს პირველებმა ბიზანტიელთა დაცვის რკალი და გადაწყვიტეს კიდეც ბრძოლის ბედი.

სელჩუკთა „ქურთული გამოცდილება“ ოსმალებმაც გადაიღეს და XVI საუკუნიდან ქურთები ოსმალთა აღმოსავლეთ საზღვრების დამცველებად იქცნენ.

ქურთები დიდ ძალას წარმოადგენდნენ XVI საუკუნის სპარსეთის არმიაშიც, სადაც ყიზილბაშებთან ერთად მის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ მანამ, სანამ ალავერდი-ხან უნდილაძემ სამხედრო რეფორმა არ გაატარა და გამუსლიმებული ქართველებით დაკომპლექტებულ შაჰისევნებს არ გააჟლეტინა ისინი.

მანამდე კი ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც „ოსმალო ქურთები“ და „სპარსი ქურთები“ ერთმანეთის პირისპირ დამდგარან და უბრძოლიათ კიდეც.   

ნიშანდობლივია ისიც, რომ VII-XII საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის კავკასიასთან მოსაზღვრე რეგიონებს რამდენიმე ძლიერი ქურთული დინასტია მართავდა. მათგან აღსანიშნავია მარვანიანთა, რავადიანთა, შედადიანთა და აიუბიანთა დინასტიები.

მარვანიანთა დინასტია ქურთული ტომის ბელადმა ბაზმა დააარსა, რომელთაც დიარბაქირი, არზანი, მაიფარაქინი, ჰის კაიფა, მანასკერტი, არჭეში და ხლათი ეკავათ. 

სისხლი გაუშრეს ხლათელებმა ქართველ მეფეებს, დიდი ბრძოლები ჰქონდათ მათთან ვანის ტბის მიდამოების დასაუფლებლად. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 1085 წელს სელჯუკთა ჯარი არ შეიჭრა მარვანიანთა საამიროში და არ დაამხო მათი ბატონობა.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ XI საუკუნის შუა წლებში სწორედ მარვანიანთა ამირა იყო მთავარი ინიციატორი იმისა, რომ სელჩუკთა სულთან თოღრულს სამწლიანი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში.

სხვა ქურთულმა დინასტიამ, რავადიანებმა, რომელთა სახელმწიფომ 983-1117 წლებში იარსება, ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში დიდი მიწები ჩაიგდო ხელში. სელჯუკების კავკასიაში ლაშქრობის მომენტში მათი სახელმწიფო უკვე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. თუმცა მერე პოლიტიკური ხელისუფლება დათმეს და ძველი დიდება ვეღარ აღიდგინეს.  

რაც შეეხება აიუბიდებს, რომლებიც ეგვიპტეს, სირიას, იემენსა და დიარბაქირს მართავდნენ, ამ დინასტიის ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი და დამაარსებელი იყო სალადინი — ეგვიპტის სულთანი, რომელმაც ჯვაროსნებს იერუსალიმი წაართვა და ყველა მუსლიმის მრავალწლიანი ოცნება აღასრულა. თუმცა, სანამ იერუსალიმზე მიიტანდა იერიშს, საქართველოს ნეიტრალიტეტი უზრუნველყო. მეფე თამარისგან ჩაურევლობის გარანტია მიიღო და ამის შემდეგ გარეკა ჯვაროსნები წმიდა მიწიდან.

მუსლიმთა დიდი სულთანი განუზომელი პატივით ეპყრობოდა ქართველებს. გარდა იმისა, რომ მან თამარ მეფეს უკლებლივ დაუბრუნა ბერძნებისა და კათოლიკე ჯვაროსნების მიერ მიტაცებული ქართული სალოცავები წმინდა მიწაზე, სწორედ სალადინმა დართო ქართველებს ნება, გაშლილი დროშებით, იარაღასხმულები და ცხენზე ამხედრებულები შესულიყვნენ იერუსალიმში, რაც აკრძალული იყო ყველა არამუსლიმისათვის. უფრო მეტიც, ქართველ ვაჭრებსა და პილიგრიმებს აიუბიდების სამეფოს საზღვართან სალადინის მეომრები ხვდებოდნენ და მიაცილებდნენ მათ იერუსალიმისკენ და უკან. აი, ასე უფრთხილდებოდნენ საქართველოსთან ურთიერთობას სალადინი და მისი მემკვიდრეები.

აი, ქურთმა შადადიანებმა კი ყველაზე სისხლიანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. ამ დინასტიის ფუძემდებელი მუჰამედ იბნ შადადი იყო, რომელმაც ქალაქი განძა მთავარ რეზიდენციად გაიხადა და მთელი საუკუნე ბატონობდა არანში. ამის გამო გამუდმებული ბრძოლები ჰქონდა ქართველ ბაგრატიონებთან და სომეხ მთავრებთან.

განძა-არანის მმართველნი ცდილობდნენ ზიანი მიეყენებინათ საქართველოსთვის, „ჟამითი ჟამად მეკობრეობითა და პარვით“ დაერბიათ და „ადგილთ ადგილად“ ეძარცვათ ქვეყანა.

მას შემდეგ, რაც შედადიანთა სახელმწიფოს მმართველმა ფადლონ III-მ თურქ-სელჩუკთა ზეწოლით უარი თქვა კუთვნილ ტახტზე, შადადინთა ერთი შტო შეწყდა, ხოლო მეორემ ქალაქი ანისი დაიკავა და იქ გამაგრდა. ახლა ანისის გამო დაიწყო განუწყვეტელი ბრძოლები სომხებთან და ქართველებთან. და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ამ ყველაფერს წერტილი არ დაუსვა თამარ მეფემ და ანისი საბოლოოდ არ შემოუერთა საქართველოს. 

მართალია, მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით ქურთული დინასტიები საქართველოში არ გაბატონებულან, მაგრამ შუა საუკუნეების სამეფო კარზე საკმაო გავლენით სარგებლობდნენ.

ამ ფაქტის ნათელი მაგალითია ქურთული წარმოშობის მხარგრძელთა მძლავრი ფეოდალური საგვარეულო, რომელთაც მაღალი საფეხურები ეკავათ საქართველოს სამეფოს იერარქიულ კიბეზე — სხვადასხვა დროს იყვნენ ამირსპასალარები, მსახურთუხუცესები, მანდატურთუხუცესები თუ ათაბაგები.  

გაქრისტიანებული მხარგრძელები საქართველოში ბაბილონის ქვეყნიდან მოვიდნენ, საიდანაც სარწმუნოებრივ დევნას გამოქცევიან. ამიერკავკასიაში დასახლებულ მხარგრძელთა შორის უპირველესი ყოფილა ხოსრო. გვარის აღზევება 1178 წლიდან დაიწყო, როდესაც გიორგი მესამემ მოღალატე ივანე ორბელის ნაცვლად ამირსპასალარად სარგის მხარგრძელი დანიშნა. შემდგომ თამარის კარზე კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს მისმა ვაჟებმა — ზაქარიამ და ივანემ.  

მხარგრძელებს პოზიციები არც ლაშა-გიორგისა და რუსუდანის სამეფო კარზე დაუთმიათ. მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში კი ჩამოყალიბდა გვარის ორი შტო — გაგელები და თმოგველები, ანუ გვარი გაიყო თამარის ვეზირი ძმების, ზაქარიასა და ივანეს სახლებად.

მონღოლთა ბატონობის პერიოდში მხარგრძელებმა ნელ-ნელა დაკარგეს გავლენა საქართველოს სამეფო კარზე. გზა კარიერისტებს გაეხსნათ, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული მაინც წარმოშობით ქურთი სადუნ მანკაბერდელი გახლდათ — ფიზიკური ძალითა თუ ჭკუა-გონებით გამორჩეული პიროვნება.

მანკაბერდელმა, როგორც მრავალი ენის მცოდნემ, ადვილად გამონახა მონღოლთა ყაენთან დასაახლოებელი გზები, თუმცა სიკვდილამდე ქართველთა მეფეების დავით ულუსა და დემეტრე თავდადებულის ერთგული დარჩა და მოხერხებულობის წყალობით არაერთი განსაცდელი ააცილა ჩვენს ქვეყანას. ნიშანდობლივია ისიც, რომ სადუნი მეფეზე მდიდარიც იყო და როდესაც დღის წესრიგში მეტეხის ტაძრის აგების საკითხი დადგა, დემეტრეს საჭირო თანხა სწორედ მანკაბერდელმა ასესხა.

მამისგან განსხვავებით, მრისხანე და გულბოროტი გამოდგა სადუნის ვაჟი ხუტლუბუღა. ის ელოდა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ პირველი ვაზირის თანამდებობას, ანუ სახელოს მას მისცემდნენ, მაგრამ დემეტრე მეორემ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

ამიტომაც იყო, რომ 1289 წელს ხუტლუბუღამ ბოროტად გამოიყენა ყაენთან დაახლოებული მდგომარეობა და დაარწმუნა ის, სიკვდილით დაესაჯა დემეტრე მეორე.

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (326)

მთავარი თემები