ქუჩის მხატვრობა: კრიმინალი თუ ნამდვილი ხელოვნება

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში Street Art
 Street Art - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სტრიტ–არტი" კარგა ხანია საქართველოში სიახლე აღარ არის, თუმცა მისი დედაქალაქის ქუჩებში გამოჩენის დღიდან არ წყდება პოლემიკა – ამშვენებს თუ ამახინჯებს ქალაქს?..

უფერული კორპუსები და ფასადები ისედაც განაცრისფრებულ ქალაქს კიდევ უფრო ამუქებს. ეს ერთფეროვნება ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის მოსაწყენი ხდება, რის შედეგადაც იბადება ქუჩის მხატვრობის იდეა.   

- მწვანე საღებავი მომაწოდე.

- ეს?

- ხო ეგ.

და მწვანე ფერის ქილა გაუწოდა დაბლა ჩამუხლულმა ახალგაზრდამ თავის მეგობარს.

- ახლა ის, შავი.

- ამასაც შემოვავლოთ საღებავი გარედან და მორჩა.

ამ დიალოგს სალანძღავი სიტყვების კორიანტელიც თან მოჰყვა და უცბად ერთი მამაკაცი დაედევნა საღებავში ამოსვრილ ბიჭებს. ახალგაზრდები უბრალოდ ძველი, დანგრეული კედლის გალამაზებას ცდილობდნენ, საპასუხოდ კი გინება მიიღეს.

ვუყურებდი ამ სცენას და ვერ ვიგებდი, რომელი იყო მათ შორის მართალი. მამაკაცი დაქირავებული დაცვა იყო იქაურობის, თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ ბიჭებსაც არაფერი ცუდი არ უქნიათ – მათ ხომ ერთ უღიმღამო კედელს ახალი სიცოცხლე აჩუქეს...

© მუსია ქებურიას პირადი არქივიStreet Art
ქუჩის მხატვრობა: კრიმინალი თუ ნამდვილი ხელოვნება - Sputnik საქართველო
Street Art

უკვე დიდი ხანია საზოგადოებაც ვერ თანხმდება ქუჩის მხატვრობის არსზე. ზოგისთვის ეს უბრალოდ ვანდალიზმია, ზოგისთვის კი ქუჩის ხელოვნება. რა თქმა უნდა, კედლებზე მიჯღაბნილ უწმაწურ სიტყვებსა თუ უბრალოდ ინიციალებს ხელოვნებას ვერ დავარქმევთ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ქალაქებში ასეთი ტიპის ნაწერები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფასეული ნახატები. სწორედ ეს უტეხს ქუჩის ხელოვნებას სახელს და სწორედ ამიტომ აქვთ ნამდვილ კედლის მხატვრებს ხულიგნების სახელი ხალხში.

მე თუ მკითხავთ, ქუჩის ხელოვნება ვანდალიზმსა და თვითგამოხატვას შორის დაჭერილი ოქროს შუალედია. არტისტები შეგნებულად იცავენ წონასწორობას თავისუფლებასა და თავგასულობას შორის.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიStreet Art
ქუჩის მხატვრობა: კრიმინალი თუ ნამდვილი ხელოვნება - Sputnik საქართველო
Street Art

ჩვეულებრივ საღებავის ქილით აღჭურვილი, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, სახედაფარული ქუჩის მხატვრისთვის ეს საქმიანობა ძალიან სახიფათოა. ღამის ქურდივით შემოსილი, შებინდებისას გამოდის გარეთ, ერთ დანგრეულ კედელს აფერადებს და მეორე დილით ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას უბრუნდება, ისე, თითქოს არც არაფერი ჩაუდენია. არადა, არ იცის რა მოელის – საყოველთაო აღიარება თუ ფულადი ჯარიმა ან, სულაც, დაპატიმრება.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მხატვრობა ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია, არსებობს ტერმინი „ლეგალური“ და „არალეგალური“ კედლები. ლეგალური ტიპის კედლები არის კედლები, რომლებსაც ქალაქის მერია ან კერძო კომპანია უთმობს კონკრეტულ არტისტებს გასაფორმებლად, საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ. არტისტების უმეტესობის აზრით, „ლეგალური“ კედლები არ იძლევა საშუალებას, სრულიად გამოხატონ თავიანთი სათქმელი. შესაბამისად, დაღამებისას მაინც გამოდიან მხატვრები და „მწერლები“ „სამუშაოზე“ და, ყველანაირი ცენზურისგან თავისუფლები, ბოლომდე იხარჯებიან კედლებზე.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
ქუჩის მხატვრობა: კრიმინალი თუ ნამდვილი ხელოვნება - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

ხელოვნების ამ დარგის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება დღემდე იგრძნობა საქართველოში, მაგრამ ქუჩის მხატვრობა ნელ-ნელა მაინც იკიდებს ფეხს. თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ, აუცილებლად შეამჩნევდით ერთფეროვან ფასადებზე თუ გიგანტურ რკინის კონსტრუქციებს შორის გაჩენილ ახალ-ახალ წარწერებსა თუ ნახატებს. ქალაქებში მრავალი ნიჭიერი მხატვარი გამოჩნდა. დღეს ქუჩის მხატვრობას ხშირად იყენებენ მარკეტინკინგისთვისაც. ალბათ შეგიმჩნევიათ თბილისის ქუჩებში დიდ საცხოვრებელ კორპუსზე მიხატული ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ-კომპანიის რეკლამა. ასევე თბილისში არის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი „ფაბრიკა“, სადაც კაფე-ბარებთან ერთად ქუჩის არტისტებისთვის მაღაზია-სახელოსნოებიც არის გახსნილი. 2016 წლიდან დღემდე კი „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ურბანული ხელოვნების ფესტივალი Fabrikaffiti ტარდება, სადაც ქართველი მხატვრები უცხოელ არტისტებთან ერთად მრავალ საინტერესო ნამუშევარს ქმნიან.

ქუჩის მხატვრობის წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქუჩის მხატვრობაში პირველი ძვრები მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა მუშამ სახელად კოლროიმ ბომბებით სავსე ყუთებზე „კოლროი იყო აქ“ დააწერა.

შემდეგ გერმანელმა ჯარისკაცებმაც დაიწყეს ამგვარი წარწერების გაკეთება და ნელ-ნელა ამ პირველმა ვირუსულმა გამოვლინებამ მსოფლიო მოიცვა.

დროის გასვლასთან ერთად ქუჩის მხატვრობა ურბანიზმის გამორჩეული სუბკულტურა გახდა. ეს დარგი მრავალ დამწყებ თუ პროფესიონალ მხატვარს აერთიანებს, რომლებსაც თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის გამოაქვთ. ახალგაზრდების ნაწილმა თავის თავზე აიღო ერთფეროვანი ყოველდღიურობის გაფერადება, სხვებისგან განსხვავებით საკუთარი პროტესტი ინტერნეტის იქით გაიტანა და პირდაპირ ქუჩაში ჩვენ ცხვირწინ დაგვიხატა.

ქუჩის მხატვრების ნამუშევრები ხშირად სოციალური თუ პოლიტიკური რეალობის გამოძახილია. სწორედ ამიტომ ქუჩის მხატვრებს ქალაქის მოამბეებს, ხოლო ნახატებს ქალაქის სათქმელს უწოდებენ ხოლმე.

სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი უსმენს ქუჩების ხმებს. არადა, რამდენჯერ შევხვედრილვარ კედლებზე სერიოზული დატვირთვის მქონე ნახატს და ფერების გარდა ვერაფერი აღმიქვია – რთულია, როცა სულ სადღაც გეჩქარება. ადამიანებმა დრო უნდა გამოვნახოთ, დავაკვირდეთ ჩვენს ქალაქს, დავაკვირდეთ ქუჩებს და მასზე დატანილ მესიჯებს. იქნებ თქვენც მოგინდეთ ხელში საღებავის აღება და თქვენც თქვენი პროტესტი კედელზე გადაიტანოთ?... იქნებ ყველას გადაედოს ნელ-ნელა პრობლემის გამოხატვის ეს ფორმა და ჩხუბის მაგივრად კედლები ვაფერადოთ ხოლმე, რა იცით...

 

ყველა ახალი ამბავი
0