ბრწყინვალე გონება: ამბავი დიდერისთავ იოანე მარუშისძისა

CC BY-SA 2.0 / Apichart Meesri / diary on the grassგადაშლილი წიგნი ბალახზე
გადაშლილი წიგნი ბალახზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოანე მარუშისძის შესახებ თანამედროვე ახალგაზრდობას, შესაძლოა, არც სმენოდეს, არადა, მის სახელს საქართველოს გაერთიანება უკავშირდება

საქართველოს ისტორია ბევრი გამოჩენილი მოღვაწისა და დიდი პატრიოტის სახელს ინახავს, რომელთა ღვაწლი, მიზეზთა გამო, არც სათანადოდაა შეფასებული და არც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი.

ერთ-ერთი მათგანია იოანე მარუშისძე, რომელიც მემატიანეს მხოლოდ ორიოდე სიტყვით ჰყავს მოხსენიებული. არადა, მის სახელს საქართველოს გაერთიანება უკავშირდება.

VII-X საუკუნეებში არაბთა ბატონობამ დიდი დაღი დაასვა ქართველთა ერთიანობას. გამომდინარე იქიდან, რომ არაბთა უღლის ერთიანად გადაგდება არ ხერხდებოდა, პროცესი დაახლოებით 3-4 საუკუნეზე გაიჭიმა. ჯერ დასავლეთ საქართველომ დაიძვრინა თავი მათგან და ეგრის-აფხაზეთის სამეფო შეიქმნა, მერე სამხრეთ საქართველომაც გადააგდო აგარიანთა უღელი და ტაო-კლარჯეთის სამეფოდ ჩამოყალიბდა, ხოლო აღმოსავლეთით კახეთ-ჰერეთის სამეფო აღმოცენდა. რჩებოდა მხოლოდ თბილისის საამირო, რომელსაც არსებობის დღეებს ქართული სამეფოების ერთმანეთთან ბრძოლა-ქიშპი უხანგრძლივებდა... 

კავკასიის მთები - Sputnik საქართველო
სამი ქართული სამეფოს მემკვიდრე და ქვეყნის გამაერთიანებელი: წმიდა მეფე ბაგრატ III

მხოლოდ მეათე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ქვეყნის წინაშე სრულიად ახალი ეროვნული კონცეფცია დააყენა. ეს კოდორის ერისთავი იოანე მარუშისძე გახლდათ.

წესით, დიდი ერისთავისთვის არანაირად არ უნდა ყოფილიყო ხელსაყრელი ძლიერი მეფე, რომელიც უფლებებს შეუზღუდავდა და ჩარჩოებში მოაქცევდა. მისთვის სავსებით მისაღები უნდა ყოფილიყო აფხაზეთის სუსტი, უნიათო და უსინათლო მეფის თეოდოსის ვასალობა, მაგრამ ღირსეულმა ქართველმა ქვეყნისთვის ერთადერთი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რამაც დიამეტრალურად შეცვალა საქართველოს ბედი.

იოანე მარუშისძე აფხაზეთის მეფის ერისთავი გახლდათ, რომელსაც საგამგებლოდ ქართლი ჰქონდა ჩაბარებული. მის პირად ცხოვრებაზე არაფერი ვიცით. მემატიანე მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ იგი იყო „კაცი ძლიერი და ერმრავალი“. თუმცა, მარუშისძის პოლიტიკური ნაბიჯები მას ბრწყინვალე გონების პატრიოტად და ღირსეულ პიროვნებად წარმოაჩენს. 

გორაკზე აღმართული ქართული დროშა - Sputnik საქართველო
„საშინელება იქნება, თუ ქართველები გამრავლება-გაერთიანებას შეძლებენ“ - ვინ რა თქვა ჩვენზე

დიდ ერისთავს ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება დაესახა მიზნად, ხოლო ერთიანი საქართველოს პირველ მონარქად ბაგრატ მესამის კანდიდატურა ჰყავდა შერჩეული. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად სამი ქართული სამეფო ტახტის მემკვიდრე იყო: მამის, გურგენის მხრიდან ქართველთა მეფის ტიტული ერგებოდა; როგორც დავით კურაპალატის შვილობილს — ტაოს სამეფოზე ჰქონდა უფლებები; ხოლო როგორც ეგრის-აფხაზეთის მეფე თეოდოსის დისწული, მისი ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ.

სწორედ დავით კურაპალატის ძალისა და ავტორიტეტის, ბაგრატ მესამის ლეგიტიმური უფლებების აღიარებისა და საკუთარის დათმობების ხარჯზე აპირებდა თავისი ბრწყინვალე გეგმის განხორციელებას ერისთავი მარუშისძე.

საქართველოს გაერთიანებისთვის პრაქტიკული ბრძოლა მან 975 წელს დაიწყო. იმ პერიოდში კახეთის ქორეპისკოპოსმა შიდა ქართლი და მისი მთავარი ქალაქი — უფლისციხე დაიკავა. იოანე მარუშისძემ დასახმარებლად დავით კურაპალატი მიიწვია და სთხოვა, ქართლში მეფედ ბაგრატი გამოეცხადებინა. ბაგრატი იმავე წელს აკურთხეს მეფედ და მეურვედ მამა, გურგენი დაუნიშნეს. 

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
რა წერია სომხურ წყაროებში დიდი ქართველი მეფის შესახებ: დავით კურაპალატის ისტორია

ყველაფერი ბრწყინვალედ იყო მოფიქრებული. ბაგრატს თანდათანობით, უმტკივნეულოდ უნდა შეეერთებინა სამეფოები. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის გაერთიანებას უამრავი მტერი ჰყავდა, იოანე მარუშისძე და დავით კურაპალატი უსინათლო თეოდისის გარდაცვალებას აღარ დაელოდნენ და ბაგრატი 978 წელს ქუთაისში აფხაზეთის მეფედაც აკურთხეს.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დავით კურაპალატი და გურგენ ქართველთა მეფე გარდაიცვალნენ, ბაგრატ მესამემ ტაოს სამეფო გვირგვინიც დაიდგა თავზე და ბოლოს კახეთ-ჰერეთიც შეიერთა. მისი გავლენის მიღმა მხოლოდ თბილისის საამირო რჩებოდა.  

მსოფლიო ისტორია ცხადყოფს, რომ გაერთიანების პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში ძალზე მტკივნეულად მიმდინარეობდა და ხშირად დიდი სისხლისღვრაც ახლდა. იოანე მარუშისძის ბრწყინვალე, დეტალურად გათვლილი გეგმის წყალობით კი საქართველოში ამ პროცესმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა და, რაც მთავარია, წარმატებით დასრულდა.

სამწუხაროა, რომ ქვეყნის ამ უდიდესი მოჭირნახულის სახელი ახალგაზრდა თაობისთვის პრაქტიკულად უცნობია...

ყველა ახალი ამბავი
0