11:03 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ძველი წიგნი

დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები

CC0 / Pixabay
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (305)
13020

ვანო სულორი

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ისტორიას უყვარს გამეორება. მემატიანეთა ანალების კითხვისას ხშირად დეჟა-ვიუს შეგრძნება ჩნდება, ისეთ გასაოცარ დამთხვევებს აქვს ადგილი — როგორც მოვლენების, ისე პიროვნებების კუთხით.

მაგალითად გამოდგება დავით აღმაშენებლისა და პეტრე პირველის ბიოგრაფიული მონაცემები.

ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, ზოგი წყაროს მიხედვით, 1073 წელს დაიბადა, ზოგის კი — 1072 წელს. უკვე 1089 წელს დავითმა და მისმა მომხრეებმა აიძულეს და დაარწმუნეს მეფე გიორგი მეორე, რომ გადამდგარიყო და სამეფო ტახტი 16 წლის ვაჟისთვის დაეთმო. ასეც მოხდა. 

მეფობის პერიოდში დავითმა კავშირი დაამყარა ევროპელ ჯვაროსნებთან, გაატარა სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმები. 1100 წელს ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქ-სელჯუკებს და პერმანენტული ომი დაიწყო საქართველოდან მათ გასადევნად. რაც 1121 წელს დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა.

დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა (ძველი სტილით) და საქართველოს სახით მაშინდელ წინა აზიაში უძლიერესი კავკასიური იმპერია დატოვა.

რუსეთის მეფე და იმპერატორი პეტრე I დიდი 1672 წელს დაიბადა. 9 წლისა მეფე გახდა, თუმცა მთელი ძალაუფლება უფროსი დის სოფიას ხელთ იყო. 1689 წელს პეტრე პირველმა მონასტერში გამოამწყვდია საკუთარი და და სამეფო ტახტზე ავიდა.

ამის შემდეგ პეტრე პირველი ევროპაში გაემგზავრა და იქაურ მონარქებთან დაამყარა კავშირი, მიიღო სერიოზული გამოცდილება, რაც ძალიან წაადგა მას სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებისას. 

1700 წელს რუსეთი შვედეთს დაუპირისპირდა და ეს 21-წლიანი ომი 1721 წელს ფინეთის ქალაქ ნიშტადტში დადებული საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. შვედებმა აღიარეს დამარცხება და რუსეთს დაუთმეს კარელია, ესტონეთი და ლატვია.

პეტრე პირველი 1725 წლის 28 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა და შთამომავლობას იმ დროის მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი იმპერია დაუტოვა.

ამ მოკლე ცნობებიდან ჩანს, რომ ორივე მეფემ განადგურებული და გაპარტახებული ქვეყანა ჩააბარა და მათგან უძლიერესი სახელმწიფოები შექმნა. თავად პეტრე პირველი ამბობდა:

„ჩვენ არარაობიდან ძალად ვიქეცით“.

საინტერესოა ისიც, რომ დავითიცა და პეტრეც გამორჩეული აღნაგობისა — ორ მეტრზე მეტი სიმაღლისანი (პეტრეს სიმაღლე დაზუსტებულია — 213 სმ) და გასაოცარი ძალის პატრონები იყვნენ. თუ პეტრე მუშტის ერთი დარტყმით ცხენსა და ხარს კლავდა, დავითმა წყალწითელადან გელათამდე აღმართზე ზურგით აიტანა ორი უზარმაზარი ლოდი, რომელიც მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფუძის ყურეშია ჩატანებული. 

ერთხელ კარვიდან გასულ და შილიფად ჩაცმულ დავით აღმაშენებელს მოღალატემ ახლოდან ესროლა ისარი. მაგრამ მეფის გულზე დაკიდებულმა პატარა ხატმა, რომელსაც ის არასდროს იხსნიდა, აისხლიტა ნასროლი.

პოლტავასთან გამართულ ბრძოლაში პეტრე დიდს ტყვიებმა ქუდი და უნაგირი გაუხვრიტა. ერთი ტყვია, რომელიც გულში უნდა მოხვედროდა, ოქროს ჯვარმა აისხლიტა და პეტრე უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა...

ამ ორი უდიდესი პიროვნების ცხოვრებისეული დამთხვევების თაობაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა, ყველაზე დიდი „დამთხვევა“, შესაძლოა, მაინც ის იყოს, რომ პეტრე პირველი, ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი, სავარაუდოდ, ბაგრატიონთა გვარისა გახლდათ...

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (305)

მთავარი თემები