ბრძოლა კახეთის ტახტისთვის: ამბავი მტრად მოკიდებული ძმებისა

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძმები ტფილისიდან საღამო ხანს გგავიდნენ და კახეთის გზას დაადგნენ. დავითი წინ მიდიოდა თავისი ამალით, გიორგი და მისი მომხრენი კი ფეხს ითრევდნენ, უკან რჩებოდნენ. თურმე, დავით მეფეზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

ვანო სულორი

კახეთის მხცოვანი მეფის, ალექსანდრე II-ის ტახტის დასაკავებლად ძმები — დავითი და გიორგი, ისე დაეტაკნენ ერთმანეთს, რომ მამის სიკვდილს არც დაელოდნენ. თავად მეფე, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, გიორგის მხარეს იხრებოდა. მაგრამ უფროსი უფლისწულის, დავითის მომხრენი უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ და უმცროსმა გიორგიმ ოსმალეთში გაქცევა გადაწყვიტა.

დავითის მომხრეებს ხონთქრის შეეშინდათ, გიორგის ფეხებში ჩაუვარდნენ და ძმასთან შერიგება სთხოვეს. იმანაც დათმო, დავითის მეფობა ცნო და საუფლისწულოს დასჯერდა. 

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე კახთა მეფე: ამბავი დედოფლის საწმერთულისა და მამის საკრალური წყევლისა

მოულოდნელად მეფე ალექსანდრე  ისევ ფეხზე დადგა, მაგრამ დავითმა ტახტის დათმობა აღარ ისურვა. უფროსი ვაჟის მრისხანებამ უკან დაახევინა მამას, ბერის ჩოხა ჩაიცვა და ალავერდის მონასტერს მიაშურა.

დავითმა მამა კი გაანეიტრალა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები ახლა გიორგი ბატონიშვილს შეუჩნდნენ, ოღონდ შენ გვიბრძანე, დავითს ყელს გამოვჭრით და მეფედ დაგსვამთო.

გიორგიმ ჯერ იუარა, ძმას ხატ−ჯვარზე შევფიცე და ახლა როგორღა ვუღალატოო?! მაგრამ არ მოეშვნენ დავითის  მტრები, დიდი ფეოდალი ნუგზარ არაგვის ერისთავიც მიიმხრეს და მისი ძალმოსილებით დაიმედებული გიორგი მეფის წინააღმდეგ აამხედრეს.

ერთ დღეს ქართლის მეფე გიორგი X−ემ კახელი ნათესავები —  დავით მეფე და გიორგი ბატონიშვილი ტფილისში მიიწვია. ორივე ძმა თავთავიანთი ამალით ესტუმრა ქართლის მეფეს. რამდენიმე დღემ ნადიმსა და ნადირობაში გაიარა. მერე კი სტუმრობა დასრულდა.

ძმები ტფილისიდან საღამო ხანს გგავიდნენ და კახეთის გზას დაადგნენ. დავითი წინ მიდიოდა თავისი ამალით, გიორგი და მისი მომხრენი კი ფეხს ითრევდნენ, უკან რჩებოდნენ. თურმე, დავით მეფეზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. უბრალოდ, კარეგად დაღამებასა და ხელსაყრელ ადგილამდე მისვლას ელოდებოდნენ. მაგრამ უფლისწულის ამალას იდუმალ გამოეყო ბარამ ჩოლოყაშვილი, მეფეს წამოეწია და ამცნო ბატონიშვილის განაზრახი. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ქართული ტრაგედია: როცა ათი მტრიდან ცხრა შენიანია

შეტრიალდა დავით მეფე და ჯიქურ დაეტაკა ძმას: ჩემ მოსაკლავად იარაღი აგისხამს და აჰა, აქა ვარ, თუ ვაჟკაცი ხარ, შემომკარიო.

წახდა უფლისწული გიორგი. მხლებლებიც დაიბნენ. მაშინ დავითმა თავისიანებს ანიშნა და ყველა შეთქმული შეიპყრეს.

მეფემ ძმა თორღვას ციხეში გამოკეტა, მისი მომხრენი კი ჭოეთის ციხეში ჩაჰყარა. რამდენიმე დღის შემდეგ იმათგან თორმეტი აარჩია და ციხის კედლებიდან გადაჰყარა, ხუთს თავები დააყრევინა, დანარჩენები ბნელსა და მყრალ ჯურღმულებში გამოკეტა.

ბერად შემდგარი ალექსანდრე ალავერდის ტაძრად იდგა და მისი ოჯახის უბედურებას ცხარე ცრემლით დასტიროდა.

დავითი გრძნობდა, მამა მის საქციელს აუგად რომ იხსენებდა და მოხუცის სიკვდილს მოუთმენლად ელოდა. ეშინოდა, მამისა და ძმის მომხრეებს ტახტიდან არ ჩამოეგდოთ. ალავერდის ტაძარში სიარულს მოუხშირა მეფემ, მაგრამ ალექსანდრე მასთან შეხვედრას გაურბოდა და ეს კიდევ მეტად უმტკიცებდა დავითს იმის ეჭვს, რომ მამა შეთქმულებას უმზადებდა. გაანჩხლებულმა მეფემ ზედ ტაძრის შესასვლეში ააჩეხინა ხმლით ალექსანდრეს უახლოესი კაცი. გაცოფებულმა მამამ საშინელი წყევლით დაწყევლა შვილი და ხატზე გადასცა.

1602 წელს 14 ოქტომბერს დავით მეფე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და 21 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოთხი თვეც ვერ მოათია ტახტზე... 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ბედისწერასთან მებრძოლი, მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული ქართველი უფლისწულები

ახლა მეფობა დავითის ძეს, 13 წლის თეიმურაზს ეკუთვნოდა, მაგრამ პაპამისმა მონაზვნის ჩოხა გაიძრო და ისევ მეფობას დაუბრუნდა. ტახტზე ხელახლა ასულმა ალექსანდრემ გიორგი ბატონიშვილი თორღას ციხიდან გამოუშვა და მასთან ერთად შეუდგა ქვეყნის მართვას.

დავითის ქვრივმა, ქეთევანმა გადაწყვიტა, რომ კახეთის სასახლის კარზე დატრიალებული უბედურებანი მისი შვილებისათვის — თეიმურაზისა და ელენესთვის დიდი ხიფათის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. რაკი პაპამ შვილიშვილს „კანონონიერი ტახტი“ წაართვა და გიორგი ციხიდან გამოუშვა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მოხუცი ალექსანდრე მეფობას უმცროს ძეს დაუტოვებდა, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეეცდებოდა, ძმისწული თეიმურაზი როგორმე თავიდან მოეშორებინა.

ქეთევანს კახეთში ქომაგი აღარ ეგულებოდა გარდა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილ−ომანაშვილისა. ბრწყინვალე ვაჟკაცი იყო ქაიხოსრო, ახოვანი და პირმშვენიერი, ნიჭიერი სარდალი და მამაცი მხედარი, ამავე დროს პოეტიც („ომანიანის“ ავტორი). იგი მზად იყო, სიცოცხლე გაეწირა ქეთევანისა და მისი დაობლებული  შვილებისათვის. მაგრამ თეიმურაზისა და ელენესთვის ერთბაშად რუსმა და სპარსელმა ელჩებმა გამოიდვეს თავი. ისედაც ტატიშჩევსა და ივანოვს დავალებული ჰქონდათ, საქართველოში შეერჩიათ საცოლე ბორის გოდუნოვისათვის, და საქმრო — ასულისათვის. ელენე და თეიმურაზი, რომ იტყვიან, ზედგამოჭრილი სადედოფლო და სასიძო იქნებოდნენ რუსეთის ტახტისათვის.

მაგრამ შაჰ აბასის ელჩი მაჰმად-ბეგი არ თმობდა: თეიმურაზი და ელენე სპარსეთს უნდა წავიყვანო უთუოდ, რადგან შაჰს სურს თეიმურაზი იშვილოს და ელენე ცოლად შეირთოსო.   სასწორი სპარსეთის მხარეს გადაიხარა. ქეთევანმაც, სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვა და მამამთილ-მაზლის  შიშით „ლომის ხახაში ჩაჰყარა“ შვილები. მოიხმო ჩოლოყაშვილი, ფიცის ქვეშ ჩააბარა ორივე შვილი ირანს გაატანა, შაჰ-აბასთან...

ყველა ახალი ამბავი
0