09:02 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
ფიქრია ლეჟავა

პოეტი ქალის ფილოსოფია: როდის დაკარგა კაცმა ნეკნი და ჭკუა

© photo: courtesy of Pikria Lezhava
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
1584100

როგორც სხვა ბევრმა, მანაც საკუთარი მინიატურული ლექსები პირველად სოციალურ ქსელებში „დატესტა“. დადებითი გამოხმაურება მისთვის ერთგვარი სტიმული გახდა.      

ფიქრია ლეჟავა ინგლისური ენის სპეციალისტია და ამჟამად თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. პარალელურად ეუთოს დამკვირვებლების თარჯიმანი გახლავთ. ამას წინათ ერთმა რედაქციამ ლექსების დაბეჭდვა შესთავაზა, მანამდე კი ცნობილი მომღერლისა და პოეტის, გიორგი ნიკოლაძის პოემის მისეული თარგმანი საქართველოში ჩამოსულმა რომის პაპმა წაიღო...  

ფიქრია ლეჟავა
ფიქრია ლეჟავა

— ფიქრია, მე თუ მკითხავთ, მინიატურული ლექსების წერა, ანუ აზრისა და შეგრძნების ერთ სტროფში მოქცევა გაცილებით რთულია...

— სხვათა შორის, ჩემს ლექსებს ამას წინათ საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმაც ზუსტად ასეთივე შეფასება მისცეს. ერთმა რედაქციამ, რომელსაც საკუთარი სტამბა აქვს, ლექსების დაბეჭდვაც შემომთავაზა. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვუყარე თავი ყველა ლექსს. თანაც, ცოტა არ იყოს, მეშინია, ვინმემ კადნიერებაში არ ჩამომართვას. ამიტომ ამ ეტაპზე გაჩერებული ვარ.

ისე, მარტო მინიატურული ლექსებით არ შემოვიფარგლები, ვრცელი, სერიოზული ლექსებიც მაქვს. სტუდენტობის დროს ინგლისურ ენაზეც ვცადე წერა და სტუდენტურ გაზეთში ვიბეჭდებოდი.

გიორგი ნიკოლაძესთან ერთად
გიორგი ნიკოლაძესთან ერთად

— ცნობილია, რომ პოეზიის თარგმნა უფრო რთულია, ვიდრე ორიგინალური ლექსების წერა. როგორც შევიტყვე, გიორგი ნიკოლაძის პოემა თარგმნეთ ინგლისურად...

— როგორ გითხრათ... მე, მაგალითად, თარგმნა უფრო მიადვილდება, რადგან რითმას ვპოულობ და თან შინაარსსაც ვადევნებ თვალს.

გიორგის პოემა ორი წლის წინ ვთარგმნე ინგლისურ ენაზე. მითხრა, ინგლისური დღეს ბევრმა იცის კარგად, მაგრამ ლექსს ვერ თარგმნიან და ნახე, თუ შეძლებო. დავთანხმდი და ყოველდღე ხუთ-ხუთ სტროფს ვუგზავნიდი. პოემის თარგმნისას არც რითმა დამირღვევია და არც შინაარსი, ამიტომ ავტორს ძალიან მოეწონა.

საქართველოში რომის პაპის ვიზიტისას პოემის 700 სტროფიდან ნახევარი უკვე გადათარგმნილი მქონდა. გიორგი ნიკოლაძემ თავად გაატანა ის პონტიფიკოსს.

უნდა გითხრათ, რომ ეს წიგნი ძალიან შემიყვარდა — ჩემი ნაწილი მგონია.

სკოლაში კოლეგებთან ერთად
სკოლაში კოლეგებთან ერთად

— ლექსის წერას მშობიარობას ამსგავსებენ ხოლმე...

— მართლაც ასეა: რაღაც გაწუხებს, გტკივა და მერე, როცა დაწერ, ერთბაშად მოგეშვება. ლექსის წერის სტიმული რა გახდა, არ მახსოვს, მაგრამ ლექსის წერის პროცესში დიდ სიამოვნებას ვგრძნობ. როცა თავს კარგად ვერ ვგრძნობ, გადაღლილი მოვდივარ სკოლიდან, ლექსის წერა ჩემთვის დასვენებაა.

— თქვენი ერთსტროფიანი ლექსების მიხედვით სამ კითხვას დაგისვამთ: „რისთვის აგროვე ავლა-დიდება, საფლავზე მარტო ქვა თუ იდება?!“ — რა უნდა შეაგროვოს ადამიანმა?

— ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი სიყვარული უნდა შეაგროვოს. არ მწამს ნივთებისა და სუვენირების სიყვარული, მხოლოდ ადამიანთა შორის სიყვარულის მჯერა.

— „მასთან პრობლემას ვერასდროს დაძლევ, უკვე მეათედ ერთ შანსს თუ აძლევ“ — ანუ, აზრი არ აქვს შანსის მიცემას?

ია ფარულავასთან ერთად
ია ფარულავასთან ერთად

— მეათედ ერთი და იმავე შანსის მიცემა, როცა ვერ აწყობ ურთიერთობას, მხოლოდ თავის მოტყუებაა, რომ თითქოს რაღაც შეიცვლება. რაღაც კიდეც რომც შეიცვალოს, ადამიანები მაინც არ იცვლებიან.

— „რაც კაცმა ქალის ნება განკარგა, ნეკნი და ჭკუა ერთად დაკარგა“ — ადამის ჭკუის დაკარგვაზე რა აზრის ხართ?

— რაც შეეხება ნეკნთან ერთად ჭკუის დაკარგვას, ძალიან მომწონს ღმერთის ასეთი გადაწყვეტილება. სწორედაც რომ ჭკუის დაკარგვამდე უნდა უყვარდეს ადამს თავისი ევა და ედემსაც უნდა შეელიოს იმ ქალის გულისთვის...

მთავარი თემები