საქართველოს მხსნელი უცნობი სადიხა და საბურთაოდ გამხდარი აღა მაჰმად ხანის თავი

გამოწერა
მისი არც გვარი იცის ვინმემ და არც წარმომავლობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სპარსელებმა მცხეთა და მისი მახლობელი სოფლები აიკლეს და მრავალი ტყვე ჩაიგდეს ხელთ. მათ შორის ყოფილა თვალტანადი ყმაწვილი ანდრია...

ვანო სულორი

1795 წელს აღა მაჰმად ხანის საქართველოში ლაშქრობა და თბილისის აოხრება სპარსელთათვის სასურველი შედეგის მომტანი არ ყოფილა. ირანის შაჰის ლაშქრობის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიური გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.

1795 წლის დეკემბერში თბილისში რუსული ლეგიონი შემოვიდა. 1796 წლის გაზაფხულზე, თბილისის აოხრების გამო, რუსეთმა ირანს ომი გამოუცხადა. 13-ათასიანმა რუსულმა კორპუსმა დაუბრკოლებლად გაიარა დერბენტი, აიღო ყუბა, ბაქო, შემახა და მტკვრისა და არაგვის შესართავთან დაბანაკდა. მანამდე ერეკლემ სპარსელთა ყურმოჭრილი ყმის — ჯავად ხანის დასასჯელად განჯა დალაშქრა. 

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გორგასლის სიზმარი, რომელმაც შეცვალა მეფის ცხოვრება: ლაშქრობა კონსტანტინეს ქალაქზე

ბუნებრივია, ამან ძალიან გააშმაგა ირანის მეფე და ურჩი ერეკლეს დასჯა გადაწყვიტა. თუმცა რუსებთან ბრძოლაში მარცხი იგემა და იძულებული გახდა, შურისძიებაზე დრობით აეღო ხელი და ეს საქმე ხელსაყრელი ვითარების დადგომამდე გადაედო.  

ხელსაყრელი დროც მალე დადგა. 1796 წლის 6 ნოემბერს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორე გარდაიცვალა. ტახტზე ასულმა პავლე პირველმა, დედისადმი დაუძლეველი სიძულვილის გამო, ეკატერინეს მიერ გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა: შეწყვიტა ომი ირანთან და მდინარე არაქსის პირას დაბანაკებული რუსული სამხედრო შენაერთი უკან, რუსეთში გაიწვია.

სამწუხაროდ, საქართველო ისევ მარტო აღმოჩნდა გავეშებული სპარსელების წინააღმდეგ. რუსებთან დამარცხებებმა ირანელთა თვალში საჭურისი შაჰის ისედაც შელახული ავტორიტეტი მთლად გააცამტვერა. მას რამდენიმე ვასალი განუდგა, მათ შორის ყარაბაღის ხანიც. ამიტომ შესუსტებული ძალაუფლების განსამტკიცებლად მაჰმად ხანი რუსული გარნიზონის გასვლისთანავე დაუყონებლივ შეუდგა საქართველოში ლაშქრობისათვის სამზადისს.

ირანის შაჰმა ელჩის ხელით ფირმანი გაუგზავნა ერეკლეს. ის არწმუნებდა ქართლ-კახეთის მეფეს: რუსები მე გავაქციე, მათთან ურთიერთობაზე ხელი აიღე, შენ ირანში დიდი სახელი გაქვს და მოდი და შევრიგდეთო. 

ხავსმოდებული ლოდები და ყაყაჩოები  - Sputnik საქართველო
ჟალეთის ბრძოლა: ქართველთა მძიმე გამარჯვება ქართლ-კახეთის მოოხრების წინ    

გაბრაზებულმა თბილისელებმა სპარსელი დიპლომატი კინაღამ შუაზე გაგლიჯეს. რა თქმა უნდა, ირანის შაჰს შერიგებაზე ცივი ური შეუთვალეს და ომიც გარდაუვალი გახდა.

1797 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოსკენ დაძრული ურდო ყარაბაღში დაბანაკდა. მაჰმად ხანს გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენი ქვეყანა მაჰმადიანურ სახანოდ ექცია, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა — 8 ივნისს აღა მაჰმად ხანი სიცოცხლეს გამოასალმეს. ყარაბაღში, ქალაქ შუშაში მისულ ირანის შაჰს ყარაბაღის ხანის სასახლეში ყელი გამოჭრა მისმა მსახურმა სადიხამ.

ქართული ისტორიული წყაროების ცნობით, ამ დროისათვის ირანის შაჰის კარზე ჯამბაზად იყო გამაჰმადიანებული ქართველი ვინმე სადიხა. იგი მცხეთელი ყოფილა და ნათლობის სახელი ანდრია რქმევია.

ყარაბაღში დაბანაკებული ჯარის გასართობად გამართული ზეიმის დროს მოთამაშე ჯამბაზი თურმე აღა მაჰმად ხანს მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. განრისხებულ შაჰს მისი შეპყრობა, დილისთვის კი სიკვდილით დასჯა უბრძანებია. 

სადიხა შუაღამისას საპყრობილიდან გაიპარა, შაჰის კარავში შეაღწია, დანით განგმირა იგი და უმალ საქართველოს მოაშურა. მტრის ჯარი კი დაიშალა.

ასე გადაურჩა აღა მაჰმად ხანის რისხვას მაშინ ქართველთა სამეფო. 

ქართველი  მეომრის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
„შესაზარი ხმა აქვთ და საოცარი სისასტიკე“ - როგორია ქართული გმირობა

სხვა წყაროების თანახმად, სადიხას სულ სხვა მიზეზით გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და ეს მიზეზი ასეთი იყო:  

პარასკევი დღე თენდებოდა. შაჰმა ბრძანება გასცა, სალოცავად ხალიჩა გაეშალათ და წყალი მიერთმიათ. სადიხამ ხალიჩა გაშალა, ვერცხლის სურით წყალი და ტაშტი მიიტანა. მაჰმად ხანმა ხელ-ფეხი განიბანა და ლოცვა დაიწყო. სადიხას ტაშტის აღება სურდა და ამ დროს წყალი დაეღვარა. მაჰმად ხანს ეს წყალი მუხლებქვეშ შეუდგა, მაგრამ სანამ ლოცვა არ გაათავა, სიბრაზე დაიცხრო და ხმა არ ამოუღია. დაასრულა თუ არა ლოცვა, მცველებს მისთვის მეორე დილით თავის მოკვეთა უბრძანა.

მსახურს შირვანის ხანი გამოესარჩლა, მაგრამ მძვინვარე საჭურისი შეუვალი გახლდათ. ზაქარია ჭიჭინაძე ასე გადმოგვცემს აღა მაჰმად ხანის სიტყვებს:

„არა, ეს არ შეიძლება. მე მასზე გაჯავრებული ვარ. იგი გიაურია, გულით ქართველია, ჩემი ლოცვის დროს განგებ დაღვარა წყალი. მისი პატივი არ შეიძლება. ხვალ პარასკევია. გათავდება თუ არა ჩვენი ლოცვა, მაშინათვე სადიხას და მის ამხანაგს თავები მოეკვეთებათ...“  

და შაქ-შირვანის ხანმა მეტი ვეღარა შეჰბედა რა სისხლისმსმელ ტირანს.

იმ ღამით სადიხამ და მეორე მსახურმა მოახერხეს, მცველებს გაპარვოდნენ, შეეღწიათ შაჰის საძინებელში და მძინარე მაჰმად ხანისთვის ხმლის ერთი დარტყმით წაეგდებინებინათ თავი.

სამწუხაროდ, სადიხაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება და რომელი ვერსიაა ნამდვილი, ამის დაბეჯითებით თქმა ძნელია. 

Меч поднятый вверх - Sputnik საქართველო
სიტყვა — გამარჯვებად ღირებული: როგორ აფიცხებდნენ ქართველი მეფეები ლაშქარს ბრძოლის წინ

სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ ერეკლე მეფეს სადიხა ირანის კარზე მზვერავად ჰყავდა მივლენილი. ჯამბაზობა და მაჰმადიანობა დიდებულებთან დასაახლოებელი ხერხი იყო.  

მისი არც გვარი იცის ვინმემ და არც წარმომავლობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1795 წელს სპარსელებმა თბილისის დამხობის შემდეგ მცხეთა და მისი მახლობელი სოფლები აიკლეს. მრავალი ტყვე ჩაიგდეს ხელთ. მათ შორის იყო თვალტანადი, ლამაზი შესახედაობის, მცხეთელი გლეხის შვილი, სახელად ანდრია — ძლიერი ყმაწვილი და თავის ტოლ-ამხანაგებში განთქმული მოჭიდავე. ანდრიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან არსებულ სასწავლებელში მიეღო განათლება.   

ტყვეობაში მყოფი გაამუსლიმანეს, სადიხა დაარქვეს და შაჰის სასახლის კარზე დაიტოვეს. ანდრიამ მცირე დროში შეისწავლა სპარსული ენა და შაჰის ნდობა მოიპოვა. ყარაბაღამდე მაჰმად ხანს მის ერთგულებაში ეჭვი არ შეპარვია.  

სადიხას მიერ აღა მაჰმად ხანის მოკვდინებამ საქართველო უდიდესი კატასტროფისაგან იხსნა. შაჰის მკვლელობა პირველად შირვანის ხანმა შეიტყო, მკვლელებს ტანსაცმელი გამოაცვლევინა, ფული მისცა და ბანაკიდან გააპარა. 

წითელი ვარდი შავ-თეთრ ფონზე - Sputnik საქართველო
შურისძიება ნამდვილ ქართულად, ანუ როცა ასეთი სიყვარულია

ამ მოულოდნელმა ამბავმა ხანებს თავზარი დასცა, უმთავარსარდლოდ დარჩენილი ჯარი პანიკას მიეცა. მათ დაიტაცეს მოკლული შაჰის ქონება, აიშალნენ და ბანაკი დატოვეს. ხანებმა თავთავიანთ მამულებს მიაშურეს და ახალი შაჰის ტახტზე ასვლამდე საკუთარ სამფლობელოებში გამაგრდნენ.

სპარსელების მიერ სამშობლოდან გაგდებული ყარაბაღის ხანის ძმისწულმა მამად−ბეგმა საჭურისი შაჰის მოკვეთილი თავი იბრეიმ ხანს გაუგზავნა ლეკეთში. იბრეიმ ხანმა საძულველი შაჰის თავი მიწაზე ათრია და აგორა. ლეკებმა არ მოუწონეს ხანს ასეთი საქციელი, თავი წაართვეს და ზაქათალის მეჩეთში დაფლეს.

ქართლში დაბრუნებული სადიხა მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა, ბერად შედგა და ანტონ კათალიკოსმა ის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გაამწესა. ანდრიას დიდხანს აღარ უცოცხლია და 1800 წლის ზაფხულში აღესრულა.

ზაქარია ჭიჭინაძე დაახლოებით ერთი საუკუნის წინ წერდა:  

„ყოველთვის ასე იყო ჩვენს ისტორიაში — თითო სადიხა ყოველთვის გამოგვიჩნდებოდა ხოლმე გაჭირვებისას. თუმცა სადიხა და სადიხები აღარავის ახსოვს, სამაგიეროდ სამშობლოს გაყიდვით განდიდებულ−გამდიდრებულნი არიან დიდ პატივში“.

ნამდილად ასეა. ამ ქართველმა პირსისხლიანი მტარვალისგან იხსნა ქვეყანა, მაგრამ მემატიანეთა ფოლიანტებში მასზე ორიოდ ფრაზას თუ ამოვიკითხავთ მხოლოდ...

 

ყველა ახალი ამბავი
0