სიკვდილთან ღიმილით შემყრელები: ქართული ისტორიები

© Pixabay / molochszczecinКольчуга, топор и мечи
Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომაელი ფილოსოფოსი და იმპერატორი მარკუს ავრელიუსი წერდა: „სიკვდილი ყველას გვიღიმის, მაგრამ მხოლოდ მამაცს შეუძლია გაუღიმოს მას საპასუხოდ“.

ვანო სულორი

რომაელი ფილოსოფოსი და იმპერატორი მარკუს ავრელიუსი წერდა: „სიკვდილი ყველას გვიღიმის, მაგრამ მხოლოდ მამაცს შეუძლია გაუღიმოს მას საპასუხოდ“.

ქართველებს მრავლად გვყოლია ასეთი გმირები. სიკვდილთან ღიმილით შეყრა ლამის ძვალ-რბილში ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს გამჯდარი... 

მუზარადები - Sputnik საქართველო
მრისხანე გურჯი მეომრები: „ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნი“

***

ქისტების რისხვა იყო შატილელი ქურსიკა ჭინჭარაული. მომხდურს მარტო საკუთარ კარ-მიდამოს სიახლოვეს კი არა, სოფლის მისადგომებთანაც არ აჭაჭანებდა.

დიდი წყნა ჰქონდათ ქისტებს მის მიმართ, ამიტომ გადაწყვეტეს, მოეკლათ შატილელი ვაჟკაცი.

ერთხელაც სათიბში გასული ჭინჭარაული ქვაზე იჯდა და ცელს კვერავდა. ქისტები ზურგიდან მიეპარნენ და თოფი ესროლეს. ტყვია გრდემლს მოხვდა, ასხლტა და მიწაში ჩაერჭო. ქურსიკამ იფიქრა, გაქცევას აზრი არ აქვს, მაინც მომკლავენ, თანაც რომ გავიქცე, იტყვიან,  ხევსური შევაშინეთო. ამიტომ ადგილიდან არ განძრეულა, მშვიდად განაგრძო კვერვა.

გაოგნდნენ ქისტები. ესოდენი ვაჟკაცობა და უშიშრობა მანამდე, ეტყობა, არც სმენოდათ და არც ენახათ. ჭინჭარაულის უდრეკობამ დიდი პატივისცემა აღძრა მათში, თოფები მხარზე გაიდეს და უხმოდ გაეცალნენ იქაურობას. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ხმლით აკაფული გლეხის გოგო: მძიმე ამბები ისტორიიდან

***

ალექსანდრე დიუმამ საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები წვრილად აღწერა წიგნში „კავკასია“.

ერთ-ერთ ეპიზოდში მწერალი ასეთ რამეს წერს:

„მძიმე ტკივილებით შეწუხებული ყმაწვილი საშინლად კვნესოდა. შეთი შვილს მიუახლოვდა, თოფს დაეყრდნო და შუბლშეკრულმა ჰკითხა:

— ვაჟკაცი გამიჩენია ქვეყანაზე თუ დედაკაცი?!

— ვაჟკაცი, მამაჩემო“ — მიუგო შვილმა.

— თუ ვაჟკაცი ხარ, მაშ, რა გაკვნესებს?!

დაჭრილი დადუმდა და ისე განუტევა სული, რომ ხმა აღარ ამოუღია“... 

მეომარი ქალი - Sputnik საქართველო
როცა წინდის საქსოვი ჩხირიც იარაღია: ამორძალი ქართველები

***

სიკვდილის მიმართ უშიშრობით მარტო კაცები კი არა, ქართველი ქალებიც გამოირჩეოდნენ.

ძველი ისტორია მოგვითხრობს, რომ აღა მაჰმად-ხანისთვის საჩუქრად მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი მიუგვრიათ, რომელსაც ქმარი გააფთრებულს ბრძოლაში დაღუპვოდა, ძუძუმწოვარა ბავშვი კი მტარვალებს ქვაზე  დაენარცხებინათ და ისე მოეკლათ. დედისთვის არაფერი ევნოთ — ძალიან ლამაზი ყოფილა და მბრძანებელს მიართვეს საჩუქრად.

მრისხანე საჭურისმა კი ქალი ჯაფარ ბეგს მიჰყიდა. ახალმა პატრონმა მას მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა და ჰარემში გამწესება დაუპირა.

გაუბედურებულმა ქალმა ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: შენი ხელისგული მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით გიწერია სიკვდილიო.

მერე ხანჯალი მოსთხოვა, შევულოცავ და უვნებელი გახდები, სიკვდილი აღარ მოგეკარებაო.

მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმაც ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქართველმა ტყვემ ჯერ ვითომ შეულოცა იარაღს, მერე კი ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა, ხანჯლის ტარს დაჰკარი და დარწმუნდები, რომ ვნება არ მომადგება, არ დავიჭრებიო.

ჯაფარმაც დაჰკრა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერთხით...

 

ყველა ახალი ამბავი
0