„მარკოზაშვილის დარბაზელები“, ანუ ამბავი გაცემული შეთქმულებისა

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი ქართული აღჭურვილობა
ძველი ქართული აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთქმულებმა ვადაც დათქვეს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ერთმა შინდისელმა გლეხმა, დათუნა ფეიქარმა, რომელმაც ყველაფერი დაწვრილებით იცოდა, შეთქმულები მეფესთან დაასმინა და ისინი უმალ დააპატიმრეს

ვანო სულორი

ქართლ−კახეთის მეფე ერეკლე II დიდი ხელმწიფე რომ გახლდათ, ამაზე ყველაფერთან ერთად ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის აქტიურად ჩაერია „ბატონყმური რიგის“ დაცვის საქმეში და ამ რიგის დაცვა ორივე მხარისთვის სავალდებულო გახადა.

ერეკლემ აკრძალა გლეხის ოჯახის დაშლა, მისი უმიწოდ გაყიდვა და გლეხის გაქცევის პასუხისმგებლობა თავადს დააკისრა. მეფე უსამართლოდ დაჩაგრულ ყმა-გლეხებს ესარჩლებოდა და მკაცრად სჯიდა დამნაშავეებს — მიუხედავად წოდებისა, სამეფო კარზე გავლენისა და სიმდიდრისა. ამის გამო იყო, რომ გლეხობამ ერეკლეში მფარველი დაინახა, „უფლებაშეკვეცილმა“ თავადებმა კი — მოწინააღმდეგე. მათ არ მოსწონდათ მეფის ქმედებები და შეთქმულება−ქვეგამხედვარობას მიჰყვეს ხელი. 

ერეკლე მეორის ძეგლი თელავში - Sputnik საქართველო
ერეკლეს სამართალი: როგორ უჩივლა ქიზიყელმა გლეხმა მეფეს

ერთ-ერთი ასეთი შეთქმულება 1765 წელს მოეწყო თბილისში. მასში ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი პაატა, სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახორიშვილი, ელიზბარ თაქთაქიშვილი, დავით აბდულაბეგიშვილი, იოანე თაქთაქიშვილი, ალექსანდრე ამილახორიშვილი, გლახა ციციშვილი და კიდევ სხვანი მონაწილეობდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ერეკლეს მოწინააღმდეგეები მარკოზაშვილის სახლში იკრიბებოდნენ ხოლმე, მას „მარკოზაშვილის დარბაზელთა“ შეთქმულებასაც უწოდებენ.

განაწყენებულ თავადებს, რომლებსაც პაატა ბატონიშვილი მეთაურობდა, ხალხში მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რადგან ეს იყო მდიდართა შეთქმულება ხალხის მეფის წინააღმდეგ. დიდი მცდელობის მიუხედავად, სამასამდე მომხრესაც ვერ მოუყარეს თავი. ამიტომ „მარკოზაშვილის დარბაზელებმა“ აჯანყებაზე უარი თქვეს და „სასახლის გადატრიალება“ დაგეგმეს.

შეთქმულთა გეგმა ასეთი იყო: ისინი მოულოდნელად უნდა დასხმოდნენ თავს ერეკლეს სადგომს, ამოეწვიტათ ცოლ-შვილითურთ და ტახტზე პაატა აეყვანათ. 

ვადაც დათქვეს, მაგრამ, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ერთმა შინდისელმა გლეხმა, დათუნა ფეიქარმა, რომელმაც ყველაფერი დაწვრილებით იცოდა, შეთქმულები მეფესთან დაასმინა და ისინი უმალ დააპატიმრეს.  

Грузия - горный пейзаж на восходе - Sputnik საქართველო
მეფე ერეკლე და „აფერისტები“, ანუ საერთაშორისო ავანტიურისტები პატარა კახის კარზე

საგანგებო სასამართლომ სხვადასხვა სასჯელი გამოუტანა შეთქმულთ: პაატა ბატონიშვილსა და დავით აბდულაბეგიშვილს თავები მოჰკვეთეს, ელიზბარ თაქთაქიშვილი ცეცხლში დაწვეს, სხვებს კიდევ „ნასაღით გარდაახდევინეს“ დანაშაული, ანუ დაასახიჩრეს. ალექსანდრე ამილახორიშვილს ცხვირი მოაჭრეს და ქუსლები დანით გადაუსერეს, გლახა ციციშვილს ენა ამოკვეთეს, დიასამიძეს ერთი თვალი დათხარეს, ხოლო დიმიტრი ამილახორიშვილი უკუღმა შესვეს ჯორზე და ქუჩა-ქუჩა ატარეს.

პაატა ბატონიშვილის გამოსვლა რეაქციული ხასიათისა გახლდათ. ქართლელ თავად-აზნაურთა ერთი ნაწილი ვერ ეგუებოდა გაერთიანებული ქართლ−კახეთის შედარებით ძლიერ ხელისუფლებას, მეფის მიერ სათავადოთა სისტემის ნაწილობრივ ხელყოფას, გლეხკაცობის მდგომარეობის შემსუბუქების ცდებს. ეს ძალები მუხრანელ ბაგრატიონთა შტოს ემხრობოდნენ ქართლში სამეფო ხელისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში და არც ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებთან კავშირზე ამბობდნენ უარს — თვით საქართველოს დაუძინებელ მტრებთან, ოსმალებთანაც კი.  

თუმცა ზოგი ისტორიკოსი პაატა ბატონიშვილის შეთქმულებას პროგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამდა.

ზაქარია ჭიჭინაძის ვერსიით:

„პაატა ბატონიშვილი რუსეთიდან ჩუმად გაიპარა საფრანგეთში, იქიდან ინგლისში, ინგლისიდან ისევ პარიჟში მობრუნდა, რადგანაც იქ ცხოვრება გაუჭირდა, უკანასკნელ იგი შევიდა პარიჟის სამხედრო სასწავლებელში, სადაც შეისწავლა ფრანგული და ინგლისური ენები, უმაღლეს სამხედრო სწავლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა“.

ჭიჭინაძის ცნობით, პაატა ბატონიშვილი ერეკლეს ინგლისთან დაახლოებას ურჩევდა და ამ მიზნით ის თურმე სპარსეთშიც კი გამგზავრებულა ოსტ-ინდოეთის ინგლისურ კომპანიიასთან კავშირის დასამყარებლად.

სხვა ისტორიკოსი, პაპუნა ორბელიანი წერდა: 

  • „მოვიდა პაატა ბატონიშვილი, ძე მეფის ვახტანგისი (ხარჭისგან) სტამბოლით, ესწავლა არტილერია, საქმე თოფხანისა. მეფე ვახტანგ რომ მიცვლილიყო, რუსეთს აღარ დამდგარიყო, იქიდან გაპარვით წასულიყო, საფრანგეთის ქვეყანა მოევლო, სტამბულს მისულიყო და იქიდან მოვიდა ქალაქსა თბილისისასა“.

პაპუნა ორბელიანის ცნობით, პაატას მთელი 15 წელი დასავლეთ ევროპაში ეცხოვრა და იქაური წეს-ჩვეულებების საქართველოში გადმოტანა უცდია.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ერეკლე მეორის მრისხანება: მეფის ხელით ნაგვემი და დასახიჩრებული ალექსანდრე ამილახვარი

რაც შეეხება ლოვარდ ტუხაშვილს, მას მიაჩნდა, რომ „მარკოზაშვილის დარბაზელთა მიზანს მუხრანელთა ტახტზე აღდგენა კი არ შეადგენდა, არამედ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირეული გარდაქმნა“. ის არ გამორიცხავს, რომ ბატონიშვილს მართლაც ჰქონოდა ინგლისთან დაახლოების მცდელობა.

მაგრამ, ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით, პაატა ბატონიშვილის გამოსვლა, რომელსაც გარე ძალებთან ჰქონდა კავშირი, ნამდვილად ვერ ჩაითვლება პროგრესისკენ მიმართულ ნაბიჯად. ჯერ ერთი, ძალზე ბუნდოვანი დარჩა შეთქმულთა სამომავლო გეგმები და თითქმის არაფერია ცნობილი, თუ რა რეფორმების გატარებას აპირებდა ტახტზე ასვლის შემთხვევაში.

გარდა ამისა, იმ დაწყევლილ ეპოქაში ქართველი კაცი გადარჩენისათვის იბრძოდა. ქვეყანას დასავლეთიდან ოსმალეთი უტევდა, სამხრეთიდან — ირანი, ჩრდილოეთიდან მარბიელ ლეკთა თარეში არ წყდებოდა და ასეთ დროს საქართველოს სწორედ ისეთი მეფე−სარდალი ესაჭიროებოდა, როგორიც ერეკლე მეორე გახლდათ...

 

ყველა ახალი ამბავი
0