05:21 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
შშმ პირის სავარძელი

„შვილის სიტყვები მახსენდება და თავიდან ვვარდები იმ აივნიდან“ – შშმ ქალის სევდიანი ამბავი

CC0 / Pixabay
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
მარი ნებიერიძე
68530

ზოგჯერ ერთი მოულოდნელი წამი მთელ ცხოვრებას, მომავალ გეგმებს რადიკალურად ცვლის და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ასე მოხდა თეა ბოლქვაძის ცხოვრებაშიც.

თეა ხუთი წლის წინ საბედისწერო შემთხვევის გამო ეტლს მიეჯაჭვა. თუმცა ოჯახის წევრების თანადგომით მან შეძლო ძალები მოეკრიბა და ცხოვრება ჩვეულ რიტმში განეგრძო. იყო დიდი ტკივილი, დარდი, იმედგაცრუება, მარგამ დიდი ბრძოლის შემდეგ თეამ ეს ყველაფერი დაამარცხა და დღეს წარმატებული პარამშვილდოსანია. განვლილ ცხოვრებაზე თეა თავად მოგითხრობთ.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

- 43 წლის ვარ. დავიბადე დაბა ჩოხატაურში, მაგრამ სამი თვიდან თბილისში ვცხოვრობ. მაქვს სამედიცინო განათლება. ლიცენზიის აღების შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში, მორიგე ექიმის თანამდებობაზე.

- როგორც ვიცი, საკმაოდ მძიმე ბავშვობა გქონდათ. შეგიძლიათ ეს პერიოდი გაიხსენოთ?                                       

- 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 20 წლის იყო. ოჯახში ერთი შვილი დავრჩი. რა თქმა უნდა, ჩემ ცხოვრებაზე ძალიან მძიმედ აისახა მშობლების დარდი, ჩემი ტკივილი. მძიმე იყო ამ ტრაგედიასთან გამკლავება, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. ფიზიკურად არა, მაგრამ მაინც ვასიკოსთან ერთად ვცხოვრობდით. ანუ სიზმარსა თუ ცხადში ერთად ვიყავით, ის იმ და ჩვენ ამ ქვეყანაში.

სამწელიწად-ნახევარი ადევნებდა დედა სიზმარში თვალს ვასიკოს, როგორ ემზადებოდა ასამაღლებლად, რა ეტაპები გაირა განსაწმენდელში, ბოლოს როგორ ჩაიცვა თეთრი სუდარა და როგორ ამაღლდა. შეიძლება ეს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მეც ძალიან ბევრჯერ დამსიზმრებია, ბევრჯერ გავუფრთხილებივარ. სამწუხაროდ, ბოლო გაფრთხილება ვერ გამოვიყენე...

თეა და ლუკა ტრაგედიამდე
თეა და ლუკა ტრაგედიამდე

- თქვენ როგორ მიიღეთ ტრავმა?                                               

- მაშინ ჩემი შვილი ლუკა პირველ კლასში იყო, ექსკურსიაზე წავედით. დამრიგებელმა გადაწყვიტა, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოგვენახულებინა. გული რაღაც ძალიან ცუდს მიგრძნობდა და მეუღლეც გავიყოლე. ბავშვებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდი, მეშინოდა არაფერი დაშავებოდათ.

მეორე სართული რომ დავათვალიერეთ, ბავშვები პირველზე ჩავუშვით, რამდენიმე მშობელი კი მეორე სართულზე დავრჩით სურათის გადასაღებად... არსად არანაირი აღნიშვნა არ ყოფილა, ან სურათი არ გადაიღოთ, ან რამეს არ მიეყრდნოთო. მუზეუმში რემონტი მიმდინარეობდა, შენობა ექსპლუატაციაში ჯერ არ იყო მიღებული, ისე გახსნა დირექციამ ობიექტი. მოაჯირთან შვიდი ადამიანი ვიდექით. სურათის გადაღების მომენტში ტკაცუნის ხმა გაისმა, მოაჯირი გადატყდა და სამი ადამიანი გადავვარდით. ერთი წყალში ჩავარდა, მეორე მე დამეცა და ამით გადარჩა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მარტო მე აღმოვჩნდი.

შვილს რომ გასისხლიანებული დედა არ ენახა, ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი. მერე რომ ვკითხე, არ ისურვა ამ ამბის გახსენება. არ მინდა ამაზე ლაპარაკიო.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

- რამდენად რთული იყო მორალური და ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესი?                                                               

- ბუნებრივია, ძალიან რთული იყო მძიმე ტრავმების, ტკივილების, უგრძნობი ტორსის თავიდან შეგრძნება, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით თავიდან შევისწავლე ჩემი სხეული. თანდათან უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ სხეულს. როცა ფიზიკურს მორალური ტრავმაც ემატება, ახლიდან იწყებ ცხოვრებას, ადამიანებთან კონტაქტს. საზოგადოებაში დამკვიდრება კი ადვილი ნამდვილად არ არის. ამიტომ უნდა შეძლო, უკანასკნელი ძალები მოიკრიბო და ისევ წამოდგე ფეხზე, მყარად შეუდგე ცხოვრებას.

- ამ პერიოდში ვინ გედგათ გვერდით, ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი, რომ სრულფასოვანი ცხოვრების რიტმს დაბრუნებოდით?          

- ჩემი ოჯახი. ძალიან მამხნევებდნენ და არ მაძლევდნენ უკან გახედვის საშუალებას. მეუღლე გამუდმებით ჩემ გვერდით იყო, ეს თანადგომა გახდა სტიმული, რომ მებრძოლა და ხელი არ ჩამექნია ცხოვრებაზე. ბევრი გამოვიარეთ ერთად, მაგრამ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. პირიქით, რაღაცნაირად უფრო გაძლიერდა ჩვენი სიყვარული.

თეა მეუღლესთან, გია აროშიძესთან ერთად
თეა მეუღლესთან, გია აროშიძესთან ერთად

რაღა თქმა უნდა, ჩემი ლუკა იყო ყველაზე ძლიერი სტიმული. ჯერ შვიდი წლის იყო და დედა სჭირდებოდა. ეს მაძლევდა ძალას. იყო პერიოდი, ტკივილისგან ისე ვიტანჯებოდი, გულამოსკვნით ვტიროდი. ამას რომ ხედავდა, ისე განიცდიდა, რომ... ერთხელ მითხრა, ნეტა, მე გადმოვვარდნილიყავი მაგ მოაჯირიდან და შენ არ დამტვრეულიყავიო. ეს ისეთი შოკი იყო ჩემთვის... ეს სიტყვები რომ მახსენდება, ხელახლა ვვარდები იმ დაწყევლილი მოაჯირიდან.

- 2015 წელს მონაწილეობა მიიღეთ WORLD RUN-ის საქველმოქმედო კამპანიაში, სადაც ეტლით მოსარგებლე ქალთა შორის გამარჯვებული გახდით. როგორ გაგიჩნდათ იდეა და რა გავლენა იქონია ამ კამპანიამ თქვენ მომავალ ცხოვრებაზე?

- ეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია ჩემ ცხოვრებაში. ზუსტად ერთი წელი სრულდებოდა ჩემი ტრავმიდან, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვმოძრაობდი. ტელევიზიით შევიტყვე საქველმოქმედო კამპანია WORLD RUN-ის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. მთავარი რაც არის, შემოსული თანხა მიდის ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად. გამიჩნდა სურვილი, მეც მიმეღო მონაწილეობა ამ კამპანიაში და დავხმარებოდი მათ, ვისაც ჩემსავით ზურგის ტვინის პრობლემა ჰქონდა.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

ნამდვილად არ ველოდი, რომ მე ვიქნებოდი ერთადერთი ქალი ეტლით მოსარგებლე. იმ პერიოდში რეაბილიტაციას გავდიოდი ტატიშვილის ცენტრში და ჩემი რეაბილიტოლოგი იყო თეა ადამია. მან და მისმა უმაგრესმა გუნდმა მარბენინა და გავიმარჯვე. 6800 მეტრი გავირბინეთ! ეს იყო დიდი სტიმული ჩემთვის, რომ ტრავმიდან ერთი წლის თავზე, როცა ჯერ კიდევ არ შემეძლო სრულად მოძრაობა, ასეთი გამარჯვება მოვიპოვე. 

მერე იყო 2016 წლის გამარჯვება, როცა შვიდი კილომეტრი და 300 მეტრი ვირბინე. და წლევანდელიც. წელს უკვე 13 კილომეტრი ვირბინე და ამაში ჩემი შვილი დამეხმარა ძალიან. სამწუხაროდ, ჩემი ეტლით დამოუკიდებლად სირბილი შეუძლებელია და ლუკამ ისეთი ძალისხმევა გამოიჩინა, ოთხი კილომეტრი ისეთი ძალით მაწვებოდა, რომ ძირითადი მონაწილეები ორი კილომეტრით ჩამოვიტოვეთ. ასე რომ, Wings for Life world run - Georgia-Kakheti-ს სამგზის გამარჯვებული გავხდი.

WORLD RUN-ის საქველმოქმედო კამპანია
თეა და ლუკა WORLD RUN-ის საქველმოქმედო კამპანიაზე

- მშვილდოსნობით როდის და რატომ დაინტერესდით და რა წარმატებები გაქვთ მოპოვებული ამ კუთხით? 

- არსებობს კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", რომლის მიზანია შეასწავლოს შშმ პირს დამოუკიდებელი ცხოვრება. ამ პროგრამაში მოვხვდი მეც და გავემგზავრეთ სენაკში. იქ ერთ-ერთი სპორტული აქტივობა მშვილდოსნობა იყო. მაშინ პირველად დავიჭირე მშვილდი, მოვჭიმე და... პირველივე გასროლა მოვახვედრე ათიანში. ამის მერე შემეყარა „მშვილდოსნობის სენი“.

სამწუხაროდ, მე ერთადერთი აქტიური პარამშვილდოსანი ქალი ვარ, ამიტომ შეჯიბრება ტიპიურ სპორტსმენებთან მიწევს. ორჯერ გავხდი თბილისის ზამთრის ინტეგრირებულ, ტიპიურ სპორტსმენებს შორის შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს პირველობაც მოგებული მაქვს. ევროპის თასზე ჩეხეთშიც ვიასპარეზეთ, სადაც შედეგები გავიუმჯობესეთ.

თეა ბოლქვაძე
თეა ბოლქვაძე

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები?

- იმდენი პრობლემაა, ეს სივრცე არ გვეყოფა სასაუბროდ. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა არის არაადაპტირებული გარემო, ინფრასტრუქტურა. ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, მექანიკურად მოხდებოდა ინტეგრირება საზოგადოებაში.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- რა თქმა უნდა, პარალიმპიადა. მსურს მივიღო ლიცენზია, კიდევ ერთხელ გამოვიდე ქვეყნის სახელით და უმაღლესი შედეგი ვაჩვენო. მინდა აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენი არაადაპტირებული გარემო შევცვალოთ.

 

მთავარი თემები