„გაიღიმე, მოხუცობაც ასწორებს“- როდის და სად არ აშინებთ სიბერე

© photo: courtesy of Teona Gogniashviliმოხუცობა ასწორებს
მოხუცობა ასწორებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვინდა თუ არა, გარდაუვალი რეალობაა, რომ ერთ (სულაც არა) მშვენიერ დღეს ჩვენც დავბერდებით და ეს ამბავი არ უნდა დავივიწყოთ.

ეს მასალა ღირსეულ სიბერეზე და სიბერეში მარტოობის დაძლევაზეა. ძალიან ზუსტად უთქვამს ალბერ კამიუს: „სიბერე გრძნობიდან თანაგრძნობაზე გადასვლას ნიშნავსო“. მოხუცები ბავშვებივით არიან და თანაგრძნობასა და სითბოს განსაკუთრებულად იმსახურებენ. ამ მასალაში დართული ფოტო წარწერით: „გაიღიმე, მოხუცობაც ასწორებს“ სამგორის ბაზრის ტეროტორიაზეა გადაღებული და ეს ალბათ მხატვრის მიერ ქართველი მოხუცების მისამართით ნასროლი გამამხნევებელი რეპლიკაა. თუმცა, ასეთი გამხნევება რამდენად „მუშაობს“ ეს სხვა საქმეა..

საქართველოში არც ისე ბევრს აქვს უზრუნველი და მშვიდი სიბერე. მინიმალური პენსიის ფონზე უმრავლესობა ელემენტარულ საარსებო პირობებს მოკლებულია. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაუფასებელი მიდის დიდ სოფელში, ამის ნათელ მაგალითად მარტო უნიკალური მეხსიერების საკმაოდ წიგნიერი ფოთელი მასწავლებელი, ტული გვასალია გამოდგება. კაცი, რომელმაც იცოდა 48 ენა, 1500-მდე ჩინური იეროგლიფი და ინდიელთა ტომების დიალექტებზე ლაპარაკობდა, 71 წლის ასაკში სიღარიბეში გარდაიცვალა. არადა,  ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთ ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ხელის გულზე ატარებდნენ...

იყო დრო საქართველოში გვიკვირდა უცხოეთში დამკვიდრებული ტრადიცია, როდესაც ასაკოვანი მშობლები შვილებისგან მოშორებით მომვლელების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდნენ ან თავშესაფრებში მიჰყავდათ. თუმცა ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ქართველი ქალები დღეს ხდებიან იძულებული, რომ ოჯახისა და მშობლების სარჩენი ფული უცხოელი მოხუცების მოვლით იშოვონ...

თამარ სხირტლაძე - Sputnik საქართველო
„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ

ნელი გოძიაშვილი - ქართველი ემიგრანტი, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს.

- იტალიაში მარტო ქართველი ქალები არ მუშაობენ მომვლელებად, იცით, რამდენი იტალიელი არჩენს ოჯახს ამ საქმით?  მეტი წილი ევროპელებისა მშობლებს ვერ იმეტებენ თავშესაფარში მისაყვანად და ამიტომ აჰყავთ მომვლელები, რაც ბევრად ძვირი უჯდებათ, ვიდრე მათი თავშესაფარში მიყვანის შემთხვევაში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვაგან არ ვიცი, მაგრამ აქ, ევროპაში ხალხი დიდხანს ცოცხლობს. ჩვენში კი ასაკზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. 60 წელი სრულიად ნორმალური ასაკია იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ. ანატომია გვასწავლის, რომ სიბერე 80 წლის შემდეგ იწყება. ამიტომ სანამ ადამიანი ცოცხალია, მომავლის იმედი მუდამ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ასაკს? ბევრი მინახავს ისეთი, 30 წლისას სახიდან ზეთი რომ ჩამოსდის.

© photo: courtesy of Nelli Godsiashviliნელი გოძიაშვილი
„გაიღიმე, მოხუცობაც ასწორებს“- როდის და სად არ აშინებთ სიბერე - Sputnik საქართველო
ნელი გოძიაშვილი

უცხოეთში მოხუცთა თავშესაფრები დიდი ხანია არსებობს. ჩვენში კი, მენტალობიდან გამომდინარე, ხშირად საჩოთიროდ მიაჩნიათ მშობლების ასეთ სახლში მოყვანა. საქართველოში არსებული ხანდაზმულთა თავშესაფრიდან ზოგი სახელმწიფო დოტაციაზეა, ზოგი კერძო სახისაა. ჩვენს დავუკავშირდით ზაჰესში არსებულ მოხუცთა კერძო თავშესაფარს, რომელიც პროფესიით ექიმმა, ქალბატონმა მზეო ჯაჯანიძემ გახსნა.

© photo: courtesy of Nursing Homeმზეო ჯაჯანიძე თავშესაფრის ბინადრებთან ერთად
„გაიღიმე, მოხუცობაც ასწორებს“- როდის და სად არ აშინებთ სიბერე - Sputnik საქართველო
მზეო ჯაჯანიძე თავშესაფრის ბინადრებთან ერთად

მზეო ჯაჯანიძე: ჩვენ ოფიციალურად ვართ ინდმეწარმეები, ესაა კერძო ტიპის თავშესაფარი, რომელიც პატრონების თანადაფინანსებით არსებობს. აქ 20-მეტი მოხუცია და მათ შორის არიან ისეთები, რომელსაც არავინ ჰყავს. უმეტესობა მეურვეობის ქვეშ მყოფია, ანუ ისეთი, ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს. ჩვენში ასეთი სახლები ჯერჯერობით მთლად ვერ მიიღეს და ვერ უყურებენ ისე, როგორც საჭიროა. ბევრს ერიდება, რომ ამის შესახებ სხვებმა გაიგონ, მაგრამ როცა ხედავენ რეალურ სიტუაციას ეს კომპლექსი ეხსნებათ. მოხუცებს თავიანთი სამყარო და თანატოლებთან ურთიერთობა უნდათ. ზოგიერთი მოხუცი თავად თხოვს პატრონს, რომ ასეთ სახლში მიიყვანონ, იმიტომ, რომ მთელი დღე ერთ ოთახში მარტო ყოფნა არ უნდათ. ეს ადამიანები უმწეოები და სხვებზე დამოკიდებული არიან. ჩვენ უფლის წინაშე ვალდებულება გვაკისრია, რომ მათზე ვიზრუნოთ. როცა სახლიდან გავდივარ ხოლმე ლოცვას მომაყოლებენ, რომ მშვიდობით ვიარო. ჩემი ოჯახის წევრები არიან და მათზე იქამდე ვიზრუნებ, სანამ ამის ძალა და შესაძლებლობა მექნება.

სიბერეში ზედმეტად რომ არ იგრძნობს ადამიანმა თავი საამისოდ ყველაზე კარგი „წამალი“ და სტიმული აქტიურობაა და იმის შეგნება, რომ შენს ახლობლებს ძველებურად სჭირდები. ლია ხაჩიძე 80 წლისაა და ალბათ ვინმემ „აუგად“ რომ უხსენოს ასაკი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. ის პერიოდულად ამერიკაში დაფრინავს თავის ქალიშვილთან, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამერიკამ, სადაც ცხოვრების გიჟური რიტმია სულაც ვერ შეცვალა მისი ბუნება, ისეთივე აქტიური დარჩა როგორიც წლების წინ იყო.

© photo: courtesy of Nursing Homeლია ხაჩიძე ოჯახთან ერთად
„გაიღიმე, მოხუცობაც ასწორებს“- როდის და სად არ აშინებთ სიბერე - Sputnik საქართველო
ლია ხაჩიძე ოჯახთან ერთად

ინგა ადამს პოგანიკი, ლია ხაჩიძის ქალიშვილი:

-რაც თავი მახსოვს, დედა ყველას მრჩეველი, დამხმარე და დამრიგებელია და მთელი ცხოვრება ყურადღების ცენტრში იყო. მართლა ძალიან ძლიერი პიროვნებაა. შაბათობით, როცა დილით კომპიუტერის ჩართვის ხმა გვესმის ხოლმე, ჩემი მეუღლე, რიჩარდი ასე მეუბნება: ხედავ, ლიამ გახსნა თავისი ოფისიო. დედამ ინგლისურიც ისწავლა, ეხლა კომპიუტერით აგვარებს საქმეებს და როცა აქ არის, საქართველოში დებს, დისშვილებს, რძალს და მეგობრებს ინტერნეტით ეკონტაქტება. ყველას ეხმარება, თავის პენსიას დეიდაშვილის ობოლ შვილებს ურიცხავს. პროფესიით რუსულის ფილოლოგია, მაგრამ ყოველთვის საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა. სიბერეს ვერ უხსენებ: ვინაა ბებერიო?- შეიცხადებს ხოლმე. მართლაც ვერ გრძნობს წლების სიმძიმეს, დღემდე აქტიურია და სიცოცხლით სავსე.               

მადრიდში შეიმუშავებულია საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, რომელიც სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავს. ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს  ხანდაზმულების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ჩართულობის მნიშვნელობას. სამწუხაროდ ჩვენში დღემდე არ მომხდარა მადრიდის გეგმის რატიფიცირება, რათა  ხანდაზმულებს აქაც მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან. ფსიქოლოგების აზრით, სიბერეში ცხოვრება იმითაა საინტერესოა, რომ ყოველ ახალ დღეს იმაზე მეტად აფასებ, ვიდრე ადრე... თუ ასეთ აზრს, ღირსეული პენსიაც დაერთვება, მაშინ ჩვენს  ასაკოვან ბებია-ბაბუებსაც ცერა თითის აწევით შეეძლებათ წარმოთქვან: მოხუცობაც ასწორებს!..

 

 

ყველა ახალი ამბავი
0