11:28 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
სლესა, ანუ მოქცევის ციხე

დასჯილი ერთგულება: ამბავი ბააკა ხერხეულიძისა

CC BY-SA 3.0 / Wikipedia
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (319)
23260

ვანო სულორი

მას შემდეგ, რაც ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე გიორგი სააკაძეს დაუმოყვრდა და მისი და შეირთო ცოლად, სააკაძე სამეფო კარზე კიდევ უფრო დაწინაურდა და მეფის ნდობა კიდევ უფრო განიმტკიცა. თბილისის მოურავმა ისარგებლა ხელსაყრელი ვითარებით და სამეფო ხელისუფლების განსამტკიცებლად ქმედითი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ მამულიშვილურ საქმეში მეფე გვერდით დაუდგებოდა.

სააკაძის აღზევებამ და მისმა რეფორმებმა თავზარი დასცა ქართლის დიდგვაროვნებს, რომლებიც ვერაფრით ეგუებოდნენ უფლებების შეზღუდვასა და სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას. მას განსაკუთრებით ქვემო ქართლის სადროშოს მეთაური შადიმან ბარათაშვილი და მისი „დასი“ — ფარსადან ციციშვილი, ბერუკა ჯავახიშვილი და სხვები ემტერებოდნენ.

ამას დაემატა ერთი საჩოთირო შემთხვევა, რამაც საბოლოოდ გადაამტერა დიდ მოურავს ქვემო ქართლის გავლენიანი თავადი.

სამეფო კარზე სალხენად შეკრებილი დიდგვაროვნების წინაშე ბარათაშვილს თავი მოუწონებია ორლესული მახვილით. გიორგი სააკაძეს კი დაცინვით უთქვამს მეფის სუფრაჯისთვის, შენს ხმალს კვეთა არ აქვს, ანუ ბლაგვი და ბრძოლაში გამოუსადეგარიაო.

რისხვამ აიტანა თავმომწონე თავადი, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს, წყენა გულში ჩაიმარხა.

გაქნილი და გაიძვერა თავადები კარგად ხვდებოდნენ, რომ მეფის ცოლისძმას პირდაპირ ვერაფერს დააკლებდნენ, ამიტომ სხვა გზა აირჩიეს – თბილისის მოურავს პირში უცინოდნენ, ზურგს უკან კი სამარეს უთხრიდნენ.

როგორც მემატიანე წერს „ქართლის ცხოვრებაში“:

„მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე, იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა“.

საქმე ისაა, რომ შადიმან ბარათაშვილი ლუარსაბ მეორის მამამძუძე გახლდათ და დიდი გავლენა ჰქონდა ქართლის მეფეზე.

მიუხედავად იმისა, რომ ლუარსაბი თავიდან არ იჯერებდა დამბეზღებელთა მონაჩმახს სააკაძის ღალატზე, ბოლოს მაინც გატყდა და ერთგულ მოურავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

1612 წლის მაისი იდგა, წავკისში მყოფმა მეფემ სანადიროდ იხმო ქართველი დიდებულები, მათ შორის გიორგი სააკაძეც. თუმცა, სანამ მოურავი მოვიდოდა, მეფემ საიდუმლო თათბირი გამართა. ფარეშთუხუცესმა ბააკა ხერხეულიძემ დარბაზობის ადგილზე შემთხვევით გაიარა და გაიგონა სიტყვები: „ხვალ, ნადირობისას... უნდა მოვკლათ...“

ბააკამ ვერ გაიგონა, ვისზე ლაპარაკობდნენ მოთათბირენი, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ ნადირ-ფრინველს არ გულისხმობდნენ მონადირეები.

სიფხიზლე გააათკეცა მეფის ფარეშთუხუცესმა და მალევე შენიშნა, რომ მეფის ამალა უფრო კბილებამდე შეიარაღებულ ჯარს ჰგავდა, ვიდრე სანადიროდ წვეულ დიდებულებს. 

ბოლოს გიორგი სააკაძეც მივიდა წავკისს. დიდად გაიხარა მეფე-სიძემ, სუფრის გაშლა ბრძანა, სმაში უნდა გავეჯიბრო ჩემს ცოლისძმასო.

მხიარულ გუნებაზე გახლდათ მეფე, იცინოდა და ღვინოს აძალებდა მოურავს. სუფრის სხვა წევრებიც თასს თასზე ცლიდნენ თითქოს. მაგრამ ბააკა ხედავდა, როგორ იპარავდნენ ღვინოს შადიმან ბარათაშვილი, ფარსადან ციციშვილი და ბერუკა ჯავახიშვილი.

და მიხვდა ფარეშთუხუცესი, რომ მეფესა და მის დიდებულებს სააკაძის დათრობა სურდათ. თვალით ანიშნა სააკაძეს საფრთხე. შემთვრალმა მოურავმა თანამეინახეებს გადახედა და ყველა ფხიზელი მოეჩვენა. უმალ სიმთვრალე დათრგუნა სააკაძემ, ნადირობა და ნადიმობა ერთმანეთს არ უხდება და დროც არის, მოვისვენოთო, თქვა.

აიშალა სუფრა.

გიორგი სააკაძეს მაინც ვერ წარმოედგინა სიძის მუხანათობა, ამიტომ მშვიდად დაიძინა. მაგრამ ფხიზლობდა მისი ერთგული ბააკა ხერხეულიძე.

შუაღამისას ფრთხილმა ნაბიჯებმა, ჩურჩულმა და იარაღის ჩხარაჩხურმა წამოაგდო ფეხზე ფარეშთუხუცესი. მყის ფეხზე წამოიჭრა და სააკაძის კარვისკენ გავარდა.

— თავს უშველე, გიორგი, შენს მოსაკლავად მოდიან! — დაიღრიალა ხერხეულიძემ.

ახალუხის ამარა წოლილა დიდი მოურავი, თავშიშველი და ფეხშიშველი. მხოლოდ ხმალი აუტაცია, უბელო ცხენს მოვლებია ზურგზე და გაფრენილა შურდულივით. დაედევნა მდევარი, მაგრამ ხელმოცარულები დაბრუნდნენ უკან.

და როგორც ქართულ ანდაზაშია, კაცი უნაგირს ვერ მისწვდა, უზანგებს მტვრევა დაუწყოო, ისე მოხდა მაშინაც.
გიორგი სააკაძე ხელიდან დაუსხლტდათ, მაგრამ ბააკა ხერხეულიძე ხომ იქვე ჰყავდათ — ცხვირი მოაჭრეს და ლოყა-ნიკაპი დაათალეს მეფის მოღალატეს.

ამასობაში ნოსტეს მიიჭრა სააკაძე, ცოლ-შვილი აყარა და სამშვიდობოს გაიტაცა. ის-ის იყო, ტყეს შეაფარეს თავი, რომ შადიმან ბარათაშვილი და მისი მომხრეები დაეცნენ თავს მოურავის საცხოვრებელს. თავდამსხმელები სააკაძის ოჯახს ვერ მისწვდნენ, მაგრამ ქონება დაიტაცეს და სახლ-კარი ცეცხლს მისცეს.

დევნილებმა ჯერ არაგვის საერისთავოს მიაშურეს, ნუგზარ ერისთავს შეაფარეს თავი, იქიდან კი ისპაჰანის გზას დაადგნენ.

აი, ასე მიუგდო მალემრწმენმა ლუარსაბ მეორემ ქვეყნის მტრების გასანადგურებლად ალესილი მახვილი საქართველოს უბოროტეს მტერს შაჰ-აბასს...

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (319)

მთავარი თემები