03:07 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
დიანა ძიძიგური და მამა სპირიდონი ჯვარგამოსახულ გველებთან

ღვთაებრივი ცეცხლი, ჯვარგამოსახული გველი, ხმელი შროშანები და ქალი, რომელმაც სასწაული იხილა

photo: courtesy of Diana Dzidziguri
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)
61280

ასეც ხდება: ცხოვრობ, წვალობ, ებრძვი გარემოებებს, საკუთარ თავს და ერთ დღესაც ხილული სასწაული გულის თვალს აგიხელს და ცხოვრებაში ყველაზე მთავარ აღმოჩენას გაგაკეთებინებს.

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი თავად იყო ქრისტიანული სასწაულების მხილველი: იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა, კეფალონიაზე მოჭრილი შროშანების გაცოცხლება და შუბლზე ჯვარგამოსახული გველები. ამის მერე მან წმინდა გერასიმეს  უხრწნელი სხეული და კელიაც მოილოცა და იქაური სასწაულიც შეიგრძნო. ქალბატონი, რომელმაც სიწმინდეები იხილა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიანა ძიძიგური გახლავთ. მისი მონათხრობი, ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ და ჩაგაფიქრებთ კიდეც.

— ქალბატონო დიანა, თქვენ გქონდათ ბედნიერება, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს იერუსალიმში, უშუალოდ ტაძარში ყოფილიყავით და ეს სასწაული საკუთარი თვალით გეხილათ.

— დიახ, წლების წინ იერუსალიმში ვიყავი. მომლოცველთა ჯგუფთან (ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნი ციცი გემაზაშვილი) ერთად ტაძრის შიგნით ვიდექი და ცეცხლის გარდამოსვლას ველოდით. იქ ამ დროს მხოლოდ ხელოვნური განათება იყო, ანუ ჭაღები ენთო. დაახლოებით 2 საათზე დავინახე, რომ ტაძარში ჯერ ერთი მტრედი შემოფრინდა, მერე მეორე და გუმბათის საპირისპირო მხარეს დასხდნენ. მერე ვიგრძენი, მიწამ როგორ დაიგრგვინა და მე და ჩემი ჯგუფის სამმა წევრმა ერთდროულად დავინახეთ, რომ გარდმოხსნის თავზე  წმინდა ლუკას ფრესკას ნაპერწკლები გადმოსცვივდა. ფრესკას ვარსკვლავიანი ფონი აქვს და ვიფიქრე, მეჩვენება მეთქი. ამ დროს მიწამ ისევ დაიგრგვინა და ტაძარში ცეცხლი შემოფრინდა.

დიანა ძიძიგური და მამა სპირიდონი ჯვარგამოსახულ გველებთან
photo: courtesy of Diana Dzidziguri
დიანა ძიძიგური და მამა სპირიდონი ჯვარგამოსახულ გველებთან

— ცნობილია, რომ ამ დროს არაბების ფაქტორიც გადამწყვეტია, ისინი ტაძარში აუცილებლად ყიჟინით უნდა შემოვარდნენ.

— დიახ, თუკი არაბები ყიჟინით არ მოვლენ, ცეცხლი არ გადმოვა. ეს უდიდესი შეგრძნებაა, რომლის მსგავსი მანამდე არასდროს განმეცადა. მახსოვს, როცა გონს მოვეგე, სანთლების შეკვრა (33 სანთელი) მერეღა ავანთე. ჯერ შიში გეუფლება, რომელიც მერე სიხარულში გადადის და ბოლოს უდიდესი  ბედნიერების შეგრძნება გიჩნდება და ტირი! გამოგიტყდებით, ამ დღემდე საკუთარ თავთან შინაგანი ბრძოლები მქონდა. მახსოვს, 1978- 79 წლებში ჩემს მასწავლებელთან, გივი თუმანიშვილთან ასეთ თემებზე ხშირად ვსაუბრობდი. ერთხელ მან ასეთი სიტყვები მითხრა: დრო მოვა და ერთ დღეს ყველაფერში თავად დარწმუნდებიო. ახლა ვხვდები, იერუსალიმში უნდა წავსულიყავი, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა და უფალმა ეს დამანახა.

— ამის მერე თქვენ სხვა ქრისტიანული საოცრებაც იხილეთ: მხედველობაში მაქვს შუბლზე ჯვარგამოსახული გველები.

— ეს სასწაული საბერძნეთში, კუნძულ კეფალონიაზე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ხდება. სხვათა შორის, ბერძნებმა მითხრეს, ბოლო დროს აქ გველებმა იკლეს და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი ცოდვების გამო განსაცდელი გველისო.

კუნძული კეფალონია - ჯვარგამოსახული გველი
საოჯახო არქივის ფოტო
კუნძული კეფალონია - ჯვარგამოსახული გველი

გველებს თავზე ჯვარი აქვთ გამოსახული. ერთი ხელში ავიყვანე  და კისერზე მძივივით მქონდა შემოხვეული.

საბერძნეთში, კუნძულ კეფალონიაზე ვიყავი. ეს იყო ბერძნების მარიამობა დღეს, 14 აგვისტოს. სადაც  შროშანები ცოცხლდება, იმ ადგილზე ვიყავი. საქმე ისაა, რომ ღვთისმშობლის კიოტში ხარების დღესასწაულზე მოჭრილ შროშანებს ალაგებენ და კიოტი მარიამობამდე იხურება. რამდენიმე თვის განმავლობაში დახშულ სივრცეში, უწყლოდ მდგომი მცენარის ყველა ნაწილი ხმება და ყვავილი მხოლოდ მიძინების ღამეს ცოცხლდება! ჩემთვის, როგორც ბიოლოგისთვის, ეს დაუჯერებელი იყო, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე. ესეც უფლის ნება იყო — ერთ წამში დამანახა, რომ ამ სამყაროში ჭიანჭველები ვართ.

ღვთისმშობლის კიოტში გამხმარი შროშანები, რომლებიც მიძინების დღესასწაულზე ცოცხლდება
საოჯახო არქივიდან
ღვთისმშობლის კიოტში გამხმარი შროშანები, რომლებიც მიძინების დღესასწაულზე ცოცხლდება

სასწაულია ასევე წმინდა გერასიმეს კელიაც, სადაც ძალიან პატარა ხვრელია და იქ რომ ძვრები, თვალნათლივ ხედავ, ეს ხვრელი როგორ ფართოვდება.

— ქალბატონო დიანა, დარწმუნებული ვარ, ამ სიწმინდეების ნახვის მერე ადამიანი მნიშვნელოვან და თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ აღმოჩენას აკეთებს.

— მე მივხვდი, რომ ბევრი დრო მაქვს დაკარგული და ყველაფერი უნდა მოვასწრო, რისი გაკეთებაც შემიძლია. ასეთი სასწაულების ხილვის მერე გრძნობ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გამოცდაა. ალბათ, უფლის ნება იყო, რომ ასეთი რამ განმეცადა. ეს უდიდესი ხსნაა.

ერთ დღეს თავს კითხვა დავუსვი: ნეტავ, რას ვებრძვი, რას ვაკეთებ?! ჩვენ ხომ სულ ვიბრძვით, არადა, ყველაფერი ამაოებაა. სულ რამდენიმე წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მიხვდე: ადამიანმა ყველაზე მეტად იმაზე უნდა იფიქრო, როგორ მოიპოვო სულიერი სიმშვიდე. უნდა შეძლო ყველაფერზე მაღლა დადგე და ამაზე ამაღლებული გრძნობა, ალბათ, სამყაროში არ არსებობს.

თემები:
აღდგომა 2019: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ (45)

მთავარი თემები