21:28 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
8 მარტი თბილისში

რა სურთ ქალებს? – სიყვარული რომ წვრილმანებზე არ იფანტებოდეს…

© Sputnik / Levan Avlabreli
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
30820

ბოდიშის მოხდით გეტყვით: თუ თვლით, რომ კაცებმა არ ვიცით რა გსურთ, მაშინ თქვენ ნამდვილი მამაკაცი არ შეგხვედრიათ.

მამაკაცებო, კაცური სოლიდარობა გვჭირდება! როგორც იქნა, მეცნიერებმა დაადგინეს – რა სურთ ქალებს. მაგრამ ამასობაში ქალებმა გადაიფიქრეს... შემდეგ წუწუნი დაიწყეს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვიტრიალებს გონებაში, მაგრამ როდესაც ამაზე აღარ ვფიქრობთ, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს.

ისიც მართალია, რომ ქალებს ყველაზე მეტად საწოლში მირთმეული საუზმე უყვართ კოცნით გაღვიძების შემდეგ. საუზმის გვერდით კი დაკრეფილი ყვავილები და ბარათი წარწერით: „ძვირფასო, დღეს უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე გუშინ და იმაზე ნაკლებად, ვიდრე ხვალ მეყვარები“. აბა, ვის სჭირდება შენი ბანალური „მიყვარხარ“...

ასეა, ქალებს ღმერთკაცები ურჩევნიათ და არა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცები. მოკლედ, გემოვნებას ვერ დავუწუნებთ.

ღმერთკაცებსაც ალოდინებენ. ჰმ... ჩვენი ბრალია, სხვა როგორ დავადანაშაულოთ. გვეტყვის, რომ 10 წუთში მზად იქნება, ჩვენ კი ველოდებით მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მათი 10 წუთი რამდენსაც ნიშნავს – გავფრინდეთ მარსზე, დავწეროთ პოემა, ისევ დავბრუნდეთ და ისევ სიხარულით ველოდოთ...

ისე, ქალები ბავშვებივით არიან, უყვართ უარის თქმა. კაცები კი ამას ბავშვებივით სერიოზულად ვიღებთ. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ელოდებიან ზარს იმისთვის, რომ არ უპასუხონ.

იქნებ ეს იმიტომ, რომ მეტი ჟინი უნდათ? როდესაც ქალი გეუბნებათ „არა“, ეს არ ნიშნავს უარს. ეს ნიშნავს ან „დიახ“, ან „იქნებ, შესაძლოა“. რაც ნამდვილად სურთ, არის ის, რომ მამაკაცმა გამოავლინოს ჟინი და ათქმევინოს მას მყარად „დიახ, თანახმა ვარ“. მათ სურთ, რომ მამაკაცი ერთი თხოვნით არ შემოიფარგლოს.

კაცური სოლიდარობა გვჭირდება... ახლა იმასაც ამბობენ, მამაკაცებმა არ იცით რა სურთ ქალებსო. როგორ გეკადრებათ! ეს უბრალო სიტყვებია, რომელსაც გადასცემენ ერთმანეთს და იმეორებენ და იმეორებენ. ჩვენ საყვარელი ქალბატონებისთვის უკვე დიდი ხანია სამი წესი ცხოვრების წესად ვაქციეთ:

წესი 1: ქალი წმინდანია, რომლის გამოც ჩვენ სიამოვნებით ვხდებით ცოდვილნი

წესი 2: არასდროს დაივიწყოთ წესი 1

წესი 3: ყოველთვის გახსოვდეთ წესი 2

წესი დღესაც წესად დარჩა და, როგორც შენიშნეთ, ეს მხოლოდ სარვამარტოდ არ ვრცელდება. და რა სურთ ქალებს, ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის.

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
რა სურთ ქალებს

ქალს რომ გაუგო, გულით უნდა იგრძნო, ლოგიკით ვერ გაუგებ... ის უნდა შეიგრძნო და არა მოუსმინო. ვერ გაუგებ, თუ ამას კაცური „სწორხაზოვანი ლოგიკით“ მიუდგები.

ამინდის შექმნა გსურთ...

მოიცადეთ, არა, ის ამინდი არა, თქვენ რომ გგონიათ. აი, ისევ... შეუფასებელი ნიჭი გაქვთ სათქვენოდ გაიგოთ, ერთს ფიქრობდეთ, მეორეს გვეუბნებოდეთ, მესამეზე ოცნებობდეთ, მეოთხე გეგმაში გქონდეთ და ასე დაუსრულებლად.

თქვენ ყოველდღიური ამინდის შექმნა გსურთ, ამინდის, რომელსაც მარტონი ვერ შექმნით, ან არ გინდათ დაიჯეროთ, რომ არ შეგიძლიათ… აი, იმ დღეებზე გესაუბრებით, როდესაც თქვენ გვერდით ვართ და გჯერათ, რომ ღრუბლებს იქით მზეა. ნდობა... ოჰ, ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის...

როცა იცით, რომ ჩვენ დროს არ ვხარჯავთ იმაზე, რომ ავტომობილებიდან პირველი გადმოვიდეთ და კარი გაგიღოთ, მაგრამ მიზეზი არ გვჭირდება სიურპრიზების მოფიქრებისთვის ოღონდ თქვენ სახეზე ღიმილი დავინახოთ. ვიკამათებთ? მერე რა მოხდა? მთავარია შერიგება შევძლოთ, ჩვენ კი თქვენი გაცინება ყოველთვის შეგვიძლია. ემოციური კავშირი...

არც კი ღირს აღნიშვნა იმისა, რომ ქალები უფრო ემოციური ნატურები არიან, უფრო მეტად მელანქოლიურები. ქალი უანგაროა და ამაყი. იმ ამინდზე გესაუბრებით, როცა გჯერათ, რომ არ ვცნობთ სიტყვა „შეუძლებელს“, როცა იანვარში მარწყვი მოგინდებათ. მხარდაჭერაც ხომ თქვენთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, მნიშვნელოვანია.

თქვენს ამინდს კომპლიმენტები ამშვენიერებს. გულის საამებლად არ გეუბნებით, თქვენ ჩვენი დღის განსაკუთრებული ქალბატონი ხართ. სწორედ ამიტომ არის 8 მარტი მამაკაცებისთვის ყველაზე საყვარელი დღე.

იცით, თქვენი ბუნებიდან რომელი ამინდი მიყვარს ყველაზე მეტად? აი, ჩვენ რომ წვიმაში ერთი ქოლგის ქვეშ შეყუჟულები ვიწრო ქუჩებში მივსეირნობთ. თქვენ არ გცივათ, რადგან ჩვენი ქურთუკი გათბობთ, ჩვენ კი – თქვენ.

თქვენ შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ ვბრუნდებით პაემნიდან შინ თაიგულების გარეშე... სამსახურიდან დაბრუნებულებს ერთი კოცნა რატომ არ გვხვდება კარის ზღურბლთან... რატომ ვერ ვხვდებით, რომ უმიზნოდ ნაჩუქარი ძვირადღირებული საჩუქრები თქვენში ემოციებს არ იწვევს... ერთგულებაშიც ეჭვი გეპარებათ... ჩახუტება როდის გახდა მოხვევა... იმედიანად რატომ ვერ გრძნობთ თავს, როცა გვერდით გყავთ, ან კიდევ ამდენი წელი გავიდა და რით ვერ დავიმახსოვრეთ, რომ ყავა შაქრის გარეშე გიყვართ...

დამიჯერეთ, ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენთვის იდეალურები ვიყოთ. თქვენ რა, არ მისმენთ? მე ნამდვილ მამაკაცებზე გელაპარაკებით და არა ნაძირლებზე! ისინი სამოთხიდან გამოდევნასაც ქალს აბრალებენ. ალბათ ზარმაცი ნაძირლებიც რომ დაფიქრებულიყვნენ, ისინიც მიხვდებოდნენ რა გსურთ. მე იმას კი არ ვწუხვარ, რომ სიყვარული ქრება, არამედ იმას, რომ იგი წვრილმანებზე იხარჯება.

ბოდიშის მოხდით გეტყვით... ვწუხვარ, მაგრამ თუ თვლით, რომ კაცებმა არ ვიცით რა გსურთ, მაშინ თქვენ ნამდვილი მამაკაცი არ შეგხვედრიათ. როგორ მიხვდეთ, რომ ნამდვილი მამაკაცი შეგხვდათ? როგორც კი დაინახავთ, ამას აუცილებლად მიხვდებით...

ასეა, ქალბატონებო... სუნამო ორთქლდება, ყვავილები ჭკნება, მაგრამ როგორც თქვენ ინახავთ ბარათებს წარწერით: „ძვირფასო, დღეს უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე გუშინ და იმაზე ნაკლებად, ვიდრე ხვალ მეყვარები“, ისევე – ჩვენ. საჩუქრები ქრება, მაგრამ ეს სიტყვები თავდავიწყებამდე გვემახსოვრება...

გვახსოვს და გვემახსოვრება!

თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი... რას გაუგებ ქალებს!..

მთავარი თემები