„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliსოფო გუგეშაშვილი
სოფო გუგეშაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბავი მოკლედ ასეთია: ადამიანი, რომელიც უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ერთ მშვენიერ დღეს ტოვებს ქვეყანას, სადაც ცხოვრების გარკვეული წლები გაატარა, ისტორიულ სამშობლოში მიდის და წინაპრების სოფელში საბოლოოდ მკვიდრდება...

ამ ისტორიის შეხსენებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ „სისხლის ყივილი“ მხოლოდ პათეტიკა და ლიტერატორების ფანტაზიის ნაყოფი არ არის.

ბორის გუგეშაშვილი – ეს სახელი და გვარი კარგად იციან რაჭაში და მთელ საქართველოში. მისი ამბავი მოკლედ ასეთია: ადამიანი, რომელიც უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ერთ მშვენიერ დღეს ტოვებს ქვეყანას, სადაც ცხოვრების გარკვეული წლები გაატარა, ისტორიულ სამშობლოში მიდის და მთიან მხარეში, წინაპრების სოფელში საბოლოოდ მკვიდრდება. მოგვიანებით მშობლიურ ენაზე წერს საოცარ ლექსებს და სიმღერებს, რომელსაც ახალი თაობის ქართველებიც მღერიან...

მისი შთამომავლობა დღეს საქართველოში ცხოვრობს, უმცროსი ქალიშვილი, ნინო ცნობილი მწერალია, უფროსი კი რაჭაში ცხოვრობს და საქმიანობს. ქალბატონი სოფო გუგეშაშვილი, რომელიც ონის რაიონის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას ხელმძღვანელობს, მამის მსგავსად ბევრი კეთილი საქმის წამომწყებია.

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliსოფო გუგეშაშვილი
„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა - Sputnik საქართველო
სოფო გუგეშაშვილი

— ქალბატონო სოფო, თქვენი ოჯახის ისტორია საინტერესოა და განსხვავებული, როგორ მოხვდა რაჭული ოჯახი ბაქოში და იქიდან ისევ რაჭაში?

— მამაჩემი ბორია გუგეშაშვილი ბაქოში დაიბადა და გაიზარდა. იქვე გავჩნდით მეც და ჩემი დაც. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდით, ისეთ ადგილზე, როგორიც თბილისში რუსთაველის პროსპექტია.

ბაქოში ჯერ ბაბუა წასულა და მამაჩემი და მამიდაჩემი იქ დაიბადნენ. იქვე დაამთავრეს ქართული სკოლა, რომელიც ძალიან ძლიერი სასწავლებელი ყოფილა. მამაჩემი სკოლის თვალი და გამორჩეული მოსწავლე გახლდათ და ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა.

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliგუგეშაშვილების ოჯახი
„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა - Sputnik საქართველო
გუგეშაშვილების ოჯახი

მამას ძალიან უყვარდა რაჭის სოფელი. მაშინ, როცა სოფლებიდან ყველა ქალაქში მიდიოდა, მამამ, რომელიც 32 წლის იყო, აგვყარა ბაქოდან და წამოგვიყვანა ონის რაიონის სოფელ მაჟიეთში, სადაც ერთი ძველი ხის სახლი გვქონდა.

იმ დროს მე შვიდი წლის ვიყავი, ჩემი და – ექვსის. ბაქოში მარტო პირველი კლასი დავამთავრე. სწავლა რაჭაში განვაგრძე. მდინარე საკაურას ხეობაში ხუთი სოფელია და ჩემ ბავშვობაში იქ მხოლოდ ორი სკოლა არსებობდა. ერთ-ერთი, რვაწლიანი სკოლა ჩვენ მომიჯნავე სოფელში მდებარეობდა, ხიდეშლებში, და სწორედ ის დავამთავრეთ მე და ჩემმა დამ.

— მკითხველისთვის საინტერესო იქნება შეიტყოს თქვენი ბაბუის შესახებაც, რომელსაც, თურმე, ჭკვიან ალექსის ეძახდნენ.

— დიახ, ასე იყო. ბაქოში ქართველების ძალიან დიდი დიასპორა ცხოვრობდა და მასში სხვა ალექსიც იყო. ამიტომ, ერთმანეთისგან რომ გაერჩიათ, ბაბუას ჭკვიან ალექსის ეძახდნენ.

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliბორის გუგეშაშვილი
„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა - Sputnik საქართველო
ბორის გუგეშაშვილი

საინტერესო ამბავია ისიც, რომ რაჭველები სულ სხვაგან მიდიოდნენ სამუშაოს საძებნელად. განსაკუთრებით დიდი მიგრაცია იყო 1900-1910-იან წლებში, ანუ გასაბჭოებამდე. მაგალითად, დედაჩემის ბიძა მამის მხრიდან, ანუ ჩემი ბაბუის ძმა, ვანკუვერში წასულა, მამაჩემის მამა კი ერთ მეგრელ თავადს მოსამსახურედ აუყვანია და მასთან გაუცვნია ვიღაც ბაქოელ ნავთობის მაგნატს. ის კაცი ბაბუაჩემზე, როგორც იტყვიან, გაგიჟებულა და თან წაუყვანია ბაქოში.

— რაჭველი კაცები ცნობილი არიან როგორც უბადლო მზარეულები. ამ შემთხვევაშიც ასე იყო?

— საბოლოოდ ასე გამოვიდა, რადგან ბაბუამ ალექსი გუგეშაშვილმა ბაქოში შეისწავლა მზარეულობა და ამ სფეროში ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ 1935 წლიდან აზერბაიჯანის ცეკას პირველი მდივნის ბაგიროვის პირადი მზარეული იყო. მერე რეპრესიები დაიწყო და ბაგიროვი დაიჭირეს, ბაბუა კი ბაქოში თბილისის ფუნიკულიორის ანალოგიური რესტორნის შეფ-მზარეულად დანიშნეს. ბოლოს თურმე ფეხები სტკიოდა და ვეღარ დადიოდა. დედა მიყვებოდა, სახლში აკითხავდნენ და სთხოვდნენ, უბრალოდ წამოდი და გვასწავლე, რა როგორ უნდა შევაზავოთო.

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliფესტივალი "ბეჩა ყირამალა" რაჭაში
„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა - Sputnik საქართველო
ფესტივალი "ბეჩა ყირამალა" რაჭაში

— როგორია თქვენი მშობლების სიყვარულის ამბავი, რომელიც რაჭაში ჩაისახა?

— როგორც გითხარით, მამას რაჭის სოფელი უყვარდა და ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე ბაქოდან. ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა და ჭადრაკის თამაში, ეს ორივე კი ბიბლიოთეკაში იყო. იმ ბიბლიოთეკის გამგედ კი დედაჩემი მუშაობდა. სწორედ იქ გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი. მერე გაიპარნენ და მამამ დედა წაიყვანა ბაქოში. იქ რაღაც პერიოდი იცხოვრეს, მერე კი მთელი ოჯახი აქ წამოგვიყვანა და მუშაობა სოფელ საკაოს სკოლაში დაიწყო მასწავლებლად. ეს სოფელი ჩვენგან ოთხ კილომეტრშია და მამა სკოლაში ყოველდღე ფეხით მიდიოდა. ნეტავ გენახათ, რა მაგარი რაჭველი იყო!

— ის ბევრი ცნობილი ლექსისა და სიმღერის ავტორია, მაგალითად, პოპულარული სიმღერა „ყირამალა დუქანაო“.

— დიახ, ეს სიმღერა მამაჩემის დაწერილია. რაჭაში ფესტივალზე იყვნენ ჩამოსული ზუმბა და ბათუმელი რეჟისორი გია დიასამიძე. იმ პირველ „არტ-გენზე“ ეს სიმღერა შევასრულეთ და ისე მოეწონათ, რომ გაგიჟდნენ...

 

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ოჯახი ყოველთვის მღეროდა და ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ჩატარებულ საღამოებში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მხოლოდ მამაჩემის შექმნილ სიმღერებს ვმღეროდით და ხალხს ძალიან მოსწონდა. საკავშირო ფესტივალის ორგზის და ბევრი ფოლკლორული ფესტივალის გამარჯვებული ვართ. მამას უამრავი სასიმღერო, ლირიკული და ფილოსოფიური ლექსი აქვს დაწერილი. შარშანწინ მისი წიგნის პრეზენტაცია გვქონდა მწერალთა სახლში და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

— ბატონი ბორისი როგორც რაჭულ დიალექტზე, ისე ლიტერატურულ ენაზეც წერდა საოცარ ლექსებს...

— „ყირამალა დუქანა“ სუფთა რაჭული დიალექტითაა დაწერილი, მაგრამ ფილოსოფიურ და ლირიკულ ლექსებს სრულიად გამართული ლიტერატურული ქართულით წერდა.  სხვათა შორის, აქვს შესანიშნავი სატირული და იუმორისტული ლექსებიც.

— მოდით, მამის ფილოსოფიური ლექსებიდან ერთი ნიმუში გავაცნოთ ჩვენ მკითხველს:

„მერე, როდესაც არაფერი აღარ იქნება,

ან, უფრო სწორად, მე არ ვიქნები,

მეც თუ დავხვავდე თაროებზე მტვრიან წიგნებად,

ან არც მე ვიქნე და არც წიგნები,

...რა არის გლოვა, ან სიტყვები ფოფინ–ფოფინა?

და საერთოდაც, არავისგან არაფერს ვითხოვ,

როგორც ჩემამდე არაფერი არა ვყოფილვარ,

ისე ჩემს მერე არაფერი არ მინდა ვიყო“.

— თქვენი და ცნობილი მწერალია, რომელიც თბილისში ცხოვრობს, თქვენ კი ვერ უღალატეთ ონს და დღემდე აქ საქმიანობთ.

— ჩემ დას, ნინო გუგეშაშვილს, როგორც მწერალს, ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. ის „პენ-მარათონი 2018“-ის ფინალისტიც იყო და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო მიწვეული.

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliსოფო გუგეშაშვილი ონის კულტურის ცენტრში თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა - Sputnik საქართველო
სოფო გუგეშაშვილი ონის კულტურის ცენტრში თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მე კი, მამის მსგავსად, ძალიან მიყვარს ეს კუთხე. აქ გავთხოვდი და ჩემ მეუღლესაც აქაურობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. გვყავს ერთი გოგო, რომელიც წელს ამთავრებს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს. ვმუშაობ საკრებულოში, სადაც განათლებისა და კულტურის კომისიას ვხელმძღვანელობ და შეძლებისდაგვარად ყველა ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. ვცდილობ გავიხსენო მივიწყებული ადამიანები — კულტურის მოღვაწეები.

ჩემთვის საამაყოა ისიც, რომ რაჭის რაიონში ვარ კულტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს პროექტის „კინო სკოლაში“ კოორდინატორი, დავდივარ სკოლებში და ბავშვებს კინოკლასიკის ნიმუშებს ვაჩვენებ.

— ბორის გუგეშაშვილის სახელობის ფესტივალმა როგორ ჩაიარა?

— ეს იყო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. შარშან, 9 სექტემბერს ჩვენი სოფლის სახლის ეზოში ჩატარდა ბორის გუგეშაშვილის სახელობის ფოლკლორული ფესტივალი „ბეჩა ყირამალა“, სადაც მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყო ძალიან ბევრი ფოლკლორისტი, მათ შორის, რობი კუხიანიძე და ლევან ქუმსიაშვილი, ასევე პოეტები, მწერლები და მუსიკოსები. ჩემი ოჯახი ძალიან ამაყი და ბედნიერი იყო, არაჩვეულებრივი ფესტივალი გამოვიდა.

© photo: courtesy of Sofo Gugeshashviliსოფო გუგეშაშვილი და გოგი ქავთარაძე
„ყირამალა დუქანას“ ავტორი: ამბავი ყველაზე ცნობილი ბაქოელი რაჭველისა და მისი ოჯახისა - Sputnik საქართველო
სოფო გუგეშაშვილი და გოგი ქავთარაძე

— რა არის თქვენთვის რაჭა?

— რაჭა წალკოტია, სიცოცხლეა, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ბავშვებს მთელი საქართველო შემოვატარე, ყველა კუთხე ვაჩვენე. ყოველ ჯერზე, როცა სადღაც წავიდოდით და გავგიჟდებოდით იქაურ სილამაზეზე, უკან დაბრუნებულები მაინც ვამბობდით, რომ რაჭისთანა ჰარმონიული მხარე, ყველანაირად მოზომილი — ბუნებით, ჰაერითა თუ მშვიდი, მშრომელი, ლამაზი ხალხით — სხვა არ არის. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს...

ყველა ახალი ამბავი
0