06:13 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0954
  • 100 RUB4.2930
  • USD2.7799
იზოლდა გაბიტაშვილი

ქართული წინდის უნიკალური ქუსლი, პაჭიჭები და შიბები: Handmade და თამარ მეფე

© photo: courtesy of Izo Gob
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
45940

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხელით შექმნილი, ანუ „თანამედროვე“ ენით რომ ვთქვათ, Handmade ნაწარმი გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ფაბრიკის და სერიული პროდუქცია. ბოლოს წლებში საქართველოშიც მივუბრუნდით და, როგორც იქნა, დავაფასეთ წინაპრების უძველესი ტრადიციულ ხელსაქმე.

ქსოვა-მქარგველობა ჩვენში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. ხელსაქმე ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ოჯახის ქალს აუცილებლად უნდა სცოდნოდა რთვა-ჩეჩვა, ქსოვა და ქარგვა. იმის დასტურად, რომ ხელსაქმე იცოდა, პატარძალს მომავალი მეუღლის ოჯახში ძღვნად უნდა მიეტანა თავისივე მოქსოვილი ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები. 

დღეს, მართალია, ამ პირობის დაცვას არავინ ითხოვს პატარძლისგან, მაგრამ ფაქტია, ქართველი ქალბატონები აქტიურად მიუბრუნდნენ ბავშვობაში ბებიებისგან მხოლოდ გასართობად ნასწავლ ხელსაქმეს. ზოგიერთმა ის პროფესიად და შემოსავლის წყაროდაც აქცია, რაც დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში პრობლემების დაძლევის შედარებით ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, ღირსეული გზაა.

მარიკა მოსაშვილი და იზოლდა გაბიტაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო კონფერენციის დროს
მარიკა მოსაშვილი და იზოლდა გაბიტაშვილი (მარჯვნივ) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო კონფერენციის დროს

იზოლდა გაბიტაშვილი ტრადიციული ხალხური რეწვის სპეციალისტია და ამ სფეროში უკვე 30 წელია მოღვაწეობს. უამრავ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. რვა წელია, რაც ეთნოგრაფიული მუზეუმის ხალხური რეწვის მხარდამჭერ პროგრამაში კოორდინატორად არის ჩართული და თან მსურველებს ქართული წინდების ქსოვას ასწავლის.

– ქალბატონო იზოლდა, ორი პროფესია გაქვთ და ორივეს მეშვეობით ბუნებასა და მხოლოდ ბუნებრივ მასალასთან გაქვთ შეხება.

– ასე გამოდის. ძირითადი პროფესიით მეტეოროლოგი ვარ. ვმუშაობ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აგრომეტეოროლოგიის განხრით, უფროს სპეციალისტად. მარტივად რომ გითხრათ, აგრომეტეოროლოგია მეტეოროლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მეტეოპირობებსა და ელემენტებს იყენებს სოფლის მეურნეობაში. ამის გარდა, უნივერსიტეტის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე გობელენის განხრით. თუმცა გობელენზე ნაკლებად ვმუშაობ. მუშაობის დროს ძირითადად ბუნებრივ მასალას ვიყენებ, როგორიცაა აბრეშუმი, შალი, სელი და ბამბა. უბრალოდ, ძირითადი სპეციალობით 32 წელია ვმუშაობ, ეს საქმე კი თანმდევია. ყველაფერს დამოუკიდებლად ვამზადებ.

გოგონები, რომლებიც ქსოვას სწავლობენ
გოგონები, რომლებიც ქსოვას სწავლობენ

– თავად როდის და ვისგან ისწავლეთ ხელსაქმე?

– ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარს და თუ რაიმე კეთდება ტექსტილზე, ყველაფერს ვაკეთებ. ქსოვა ძალიან პატარამ ვისწავლე ბებიების დახმარებით. შემდეგ იყვნენ მეზობელი ქალები, რომლებიც მუდმივად ხელსაქმობდნენ. მათგან ვიცი ბადისა და ფიჭვის წიწვებით ქსოვა. წნულის სხვადასხვა სახეობა კი მამამ მასწავლა. დეიდაც დიდი ხელმარჯვე იყო. ყველაზე მეტად მისი შექმნილი ნაჭრისა და ნაქსოვი თოჯინები მიზიდავდა.

– ნატურალურ მასალად ჩვენში ძირითადად მატყლს და აბრეშუმს იყენებენ...

– დიახ. ცნობილია, რომ ქართული ცხვრის მატყლი მრავალ დაავადებას შველის. გარდა ამისა, მისგან დამზადებული ნივთი გამძლეა და მორჩილი, ასევეა აბრეშუმი და სელი.   

ფაქტები ისტორიიდან:

ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე გვამცნობს, რომ იმდროინდელი კავკასიის მთიელები ბრწყინვალედ ქსოვდნენ, ქარგავდნენ და იქვე დასძენს, რომ ეს ნაქარგობა არ ხუნდებოდა.

ქართული ტრადიციული წესით შექმნილი წინდები
ქართული ტრადიციული წესით შექმნილი წინდები

ცნობილია, რომ თამარ მეფე არაჩვეულებრივად ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და მერე ნამუშევრებს უპოვრებს ურიგებდა, ანუ მოწყალებას არა მხოლოდ სამეფო ხაზინიდან, არამედ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდანაც გასცემდა.

XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო საქართველოს დედაქალაქის აღწერისას აღნიშნავს:

„თბილისში ბევრია აბრეშუმი. აქ ამზადებენ აბრეშუმისა და ოქროს ქსოვილებს. ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ“.

– ქალბატონო იზოლდა, ვიცით, რომ ქართულ ოჯახში გოგონას აუცილებლად უნდა სცოდნოდა ქსოვა და თერთმეტი-თორმეტი წლისას, თურმე, აუცილებლად უნდა მოექსოვა: რვა-ათი ჯეჯიმი, ექვსი აბგა-ხურჯინი და წინდები. დღეს მოთხოვნაა ქართულ წინდებზე, ქსოვის რა სტილს გულისხმობს ის?

– ძველი ქართული წინდები სამკუთხედი ქუსლით იქსოვება, რაც, ცოტა არ იყოს, შრომატევადი საქმეა, დიდ დროს მოითხოვს და ჩვენში თითქმის მივიწყებული იყო ბოლო დროს, მასიურად აღარ კეთდებოდა. ხალხური რეწვის მხარდამჭერ პროგრამაში მუზეუმმა ქართული წინდები სწორედ იმიტომ ჩართო, რომ მათი ქსოვის წესი არ დაიკარგოს და შეძლებისდაგვარად ბევრმა ისწავლოს ის.

მუზეუმში იზოლდა გაბიტაშვილი, დედა თამარია თეკლათის დედათა მონასტრიდან და ელისო არაბული მოსწავლეებთან ერთად
მუზეუმში იზოლდა გაბიტაშვილი, დედა თამარია თეკლათის დედათა მონასტრიდან და ელისო არაბული მოსწავლეებთან ერთად

– პაჭიჭებიც სუფთა ქართულია...

– პაჭიჭები წვივის შესამოსელია, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით ამზადებდნენ. ზოგან მას პაიჭიც ერქვა. თანამედროვე პირობებში საცეკვაო ფორმებში ის აქტიურად გამოიყენება და ტრადიციული ორნამენტებითა და ფერთა შეხამებითაა გაფორმებული. 

– ძველ დროში ქალები ტრადიციულ სამოსს სხვადასხვა ორნამენტებითა და დეტალებით ალამაზებდნენ. შევახსენოთ მკითხველს, როგორია ქართული ტრადიციული სამოსი?

– ჩვენი ტრადიციული სამოსი მრავალნაირია. ყველაზე გამორჩეული და ფერადოვანი ხევსურულია, რომლის დასამზადებლად ქსოვა-ქარგვის კარგად ცოდნაა საჭირო. გამოირჩევა ორნამენტების სიუხვით, რომლებსაც ძირითადად უარყოფითი ენერგიისგან დაცვის მისია აკისრია. სხვათა შორის, ქართული ორნამენტები დღესაც აქტუალურია და თანამედროვე მოდის მესვეურებიც იყენებენ.

რაც შეეხება დეტალებს, მინდა ვახსენო შიბი – ლითონით, ვერცხლით, ძაფით ან მძივებით გაკეთებული გრძელი ჯაჭვი, რომლითაც სამოსს ახალისებდნენ და რომელიც ხევსურული მანდილის ძალიან წვრილი ძაფებით დაწნულ ფოჩებშიც გამოიყენებოდა. პირადად მე დაწნულსა და კვანძებით შექმნილ შიბებს ცალკე სამკაულად ვიყენებ ხოლმე სამაჯურად და ყელსაბამად. ეს მაკრამეს ტექნიკის მსგავსია. ძველად ზონრების დაწვნა-ქსოვა კახეთში იყო გავრცელებული, იქ მზადდებოდა და მერე მთაში მიჰქონდათ მანდილების გასალამაზებლად.

– დღეს უკვე ნაქსოვ თოჯინებსაც მივუბრუნდით...

– რაც შეეხება თოჯინებს, მათ ადრე საქართველოში ნებისმიერი მასალით ქმნიდნენ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მცენარე, ქსოვილი, ძაფი... იქსოვებოდა ჩხირებით ან ყაისნაღით. თოჯინებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, მათ შორის, რიტუალურიც. მეც მიყვარს თოჯინების კეთება, რადგან მათზე მუშაობა ბავშვობაში მაბრუნებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს...

მთავარი თემები