„ქარიზმა“ - ქართული მინანქრის მრავალფეროვანი ბრენდი

გამოწერა
„ერთი ნახვით შეყვარება“ – ასე ახასიათებს წლების წინ მინანქართან პირველ „შეხვედრას“ მიხეილ ბუდაღაშვილი, რომელსაც დღეს საქართველოში უნატიფესი ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო აქვს

ქართული მინანქრის ხელოვნება საუკუნეებს ითვლის. ეს უნიკალური ქართული დეკორატიული ხელოვნებაა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე ვითარდება.

„ერთი ნახვით შეყვარება“ – ასე ახასიათებს მიხეილ ბუდაღაშვილი წლების წინ მინანქართან პირველ „შეხვედრას“. ის იმდენად გაოცდა ნაკეთობის ფერებით, სილამაზითა თუ ნატიფი ფორმებით, რომ გადაწყვიტა, თავადაც შეესწავლა ტიხრული მინანქრის ხელოვნება. დღეს ბატონ მიხეილს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო აქვს. წლების განმავლობაში რა გზა გაიარა წარმატების მისაღწევად, ამას თავად მოგიყვებათ.

© Qarisma Pc / FBმიხეილ ბუდაღაშვილი მოსწავლეებთან ერთად
„ქარიზმა“ - ქართული მინანქრის მრავალფეროვანი ბრენდი - Sputnik საქართველო
მიხეილ ბუდაღაშვილი მოსწავლეებთან ერთად

– პროფესიით მანქანათმშენებელი ინჟინერი ვარ. ამ სფეროში 33-წლიანი გამოცდილება მაქვს. ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი და დღემდე ვმუშაობ რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში. ჩემი სპეციალიზაციაა ჰაი-ტეკ (მაღალი) ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება კოსმოსში, ავიაციაში, ენერგოსექტორში, მედიცინაში და სხვა უამრავ სფეროში, სადაც უმაღლესი მოთხოვნები ენიჭება ზუსტ და რთულ დანადგარებს.

– სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ. მინანქრით როგორ დაინტერესდით, რამ განაპირობა ეს ინტერესი?

– მინანქარი ერთი ნახვით შეყვარებაა. პირველად 2011 წელს ვნახე და ისე გამაოცა ფერების სილამაზემ და ნატიფმა მხატვრულმა შემოქმედებამ, რომ მეც შევისწავლე მინანქარი, თუმცა, მხოლოდ თეორიულად. ამის შემდეგ შვეიცარიაში დავეუფლე საიუველირო პროფესიას. ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო, თუმცა იმავდროულად საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოც.

– თქვენი აზრით, რით არის მინანქარი გამორჩეული?

– მინანქარი არის უკვდავი ცოცხალი ფერების განუმეორებელი თამაში, იმ ფერებისა, რომლებიც არასდროს ბერდება და არ კარგავს პირველყოფილ პეწს. მინანქარმა ათასობით წლის განმავლობაში განვითარების საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გაიარა, თუმცა დამზადების კლასიკური ტექნოლოგია დიდად არ შეცვლილა – იხვეწება მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობები და ფერები. 

© photo: courtesy of Qarisma Jewelryსაყურეები
„ქარიზმა“ - ქართული მინანქრის მრავალფეროვანი ბრენდი - Sputnik საქართველო
საყურეები

– როდის გადაწყვიტეთ, გატაცება სერიოზულ საქმიანობად გექციათ? როგორც ვიცი, დღეს უკვე დიდი საწარმო გაქვთ.

– 2011 წელს ჩემს მეუღლეს, ქალიშვილსა და რძალს მინანქრის უამრავი სამკაული ვუყიდე ოქროს ბირჟაზე. მაგრამ მათი თავდაპირველი სიხარული და აღტაცება მალე ცხარე ცრემლებით დასრულდა – ყველა ნივთი გამოდგა ძალიან უხარისხო. საყურეებს იმდენად უხეში ანჯამები ჰქონდა, რომ საშინელ ტკივილებს იწვევდა. იმის მერე უფრო ყურადღებით ვარჩევდი ნივთებს, განსაკუთრებით ანჯამებს, რადგან უხარისხო საჩუქრებს ძალიან დიდი უსიამოვნებები მოჰქონდა ჩემთვისაც და მათთვისაც, ვისაც ვჩუქნიდი.

საბოლოოდ, 2012 წელს გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი QARISMA - Made in Georgia, რომელიც ხარისხიან სამკაულებს დაამზადებდა მინანქრისგან და არ შეგვარცხვენდა საზღვარგარეთ.

ასეცაა. ჩვენ ვამზადებთ ხარისხიან მინანქარს, იმიტომ რომ „ქარიზმას“ ჰყავს ალბათ ყველაზე საუკეთესო სპეციალისტები საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ უნიჭიერესი დიზაინერებით, რომლებიც ქმნიან გასაოცარ, განუმეორებელ კომპოზიციებს. „ქარიზმის“ ხარისხზე უამრავი ადამიანი ლაპარაკობს და თანაც არა მარტო საქართველოში.

– რით განსხვავდება „ქარიზმა“ სხვა საწარმოებისგან?

– „ქარიზმა“ არის ბრენდი, რომელიც არ უშვებს მასიურ ქარხნულ პროდუქციას. ჩვენი ყველა ნივთი ხელნაკეთია, საუკეთესო მემინანქრეები ამზადებენ ტრადიციული, კლასიკური ქართული ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიით, აბსოლუტურად ყველა ნივთი და ნებისმიერი სამუშაო ოპერაცია გადის მკაცრ შიდა კონტროლს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ „ქარიზმის“ ხარისხი იყოს მაღალი, ფასები კი მისაღები.

© photo: courtesy of Qarisma Jewelryყელსაბამი და საყურეები
„ქარიზმა“ - ქართული მინანქრის მრავალფეროვანი ბრენდი - Sputnik საქართველო
ყელსაბამი და საყურეები

გვაქვს ჩვენივე, განსაკუთრებული, დახვეწილი სამინანქრე ფორმები, საუკეთესო პროგრამული მართვის რუტერი, საკუთარი ხარისხიანი ჩამოსხმა, გვყავს პროგრამისტები, გამოცდილი დიზაინერები... ანუ, ვართ სრულიად დამოუკიდებლები გარე ხელოსნებისა და პრობლემებისგან.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ისინი არიან, ვინც ხარისხიანი საიუველირო ნაწარმით ვაჭრობს და აფასებს საიმედო პარტნიორობას; ასევე ისინი, ვისაც სურს, რომ შევუქმნათ განსაკუთრებული კოლექციები დროულად და ხარისხიანად.

„ქარიზმის“ საამქრო ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ჩვენთან თანამშრომლობა არის მარტივი, სასიამოვნო, მომგებიანი, საიმედო და წარმატების მომტანი. 

– რთული იყო ქართულ ბაზარზე სახელის მოხვეჭა და თავის დამკვიდრება? რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?

– ჩვენ ჯერ მინანქრის მწვერვალზე არ ვართ. ძველ სირთულეებს ახალი სირთულეები ცვლის, და ეს ნორმალურია ნებისმიერ ბიზნესში.

ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში კვალიფიციური და დისციპლინიანი კადრების პოვნაა. თუმცა, ბოლო სამი წელია, სასწავლებელი „მერმისი“ გვამარაგებს კარგი მემინანქრეებით. სამწუხაროდ, ხარისხიანი ხელსაწყოების, დანადგარების, ანჯამებისა და საიუველირო კომპონენტების ჩამოტანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვიწევს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებულის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.

© photo: courtesy of Qarisma Jewelryყელსაბამი, საყურე და ბეჭედი
„ქარიზმა“ - ქართული მინანქრის მრავალფეროვანი ბრენდი - Sputnik საქართველო
ყელსაბამი, საყურე და ბეჭედი

– ქართულ ბაზარზე კონკურენცია დიდია?

– ჯანსაღი კონკურენციის გარეშე არ არსებობს პროგრესი და წინსვლა. ჩემდა სასიხარულოდ, საქართველოში არის რამდენიმე ბრენდი, რომლებიც ჩვენ კონკურენციას გვიწევენ და, ასე ვთქვათ, გვაკაჟებენ.

გარდა ამისა, არის უამრავი უნიჭიერესი ხელოვანი, რომლებიც ამზადებენ უნიკალურ საიუველირო შედევრებს. თუმცა ჩვენ არ ვართ კონკურენტები, რადგან სხვადასხვა კატეგორიისა და ოდენობის ნაწარმს ვუშვებთ.

სამწუხაროა, რომ საქართველო გადატენილია უხარისხო მინანქრით. მათი ავტორები ჩვენ კონკურენციას ვერ გვიწევენ, თუმცა გარკვეულ პრობლემებს კი გვიქმნიან გამოუცდელ მყიდველებთან და ტურისტებთან. ის, ვინც იაფ და კუსტარულად დამზადებულ ნივთს ერთხელ შეიძენს, მეორედ მინანქარს ან საერთოდ აღარ იყიდის, ან იყიდის მხოლოდ ბრენდულ ნაწარმს. 

– სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?

– საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში. თუმცა თბილისი ჯერჯერობით ლიდერია.

– უცხოელებს რამდენად მოსწონთ ქართული მინანქარი?

– ჩვენ უკვე ბევრი ქვეყნის გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. მინანქარზე დიდი მოთხოვნაა რუსეთში, უკრაინასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში. ევროპაშიც ბევრს მოსწონს, მაგრამ მაინც ცოტა მყიდველი ჰყავს, ვინაიდან იქ ძირითადად სადა, ყოველდღიურ და პრაქტიკულ ნაწარმს ანიჭებენ უპირატესობას.

– რომელ ფრინველს შეადარებდით მინანქარს?

– მინანქარი, ალბათ, ულამაზეს ფრინველს – ფარშევანგს წააგავს, რომელიც საცქერლად ყველას მოსწონს, მაგრამ როცა საქმე ჭამაზე მიდგება, ადამიანები მას ინკუბატორის ქათამს ამჯობინებენ ხოლმე.

– როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

– ყოველ წარმატებულ საქმეს სჭირდება კარგი იდეა, საკმარისი ოდენობის ფინანსები, პროფესიონალების გუნდი, რკინის ნერვები და უდიდესი მოთმინება.

საკუთარი საქმე ისევე უნდა გიყვარდეს, როგორც ოჯახი და სამშობლო, ერთგულად უნდა ემსახურო. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოგიტანს საქმე წარმატებას, სიხარულსა და ბედნიერებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0