01:04 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
თამარ გულიაშვილი

მადრიდის უნივერსიტეტის ქართველი პედაგოგი: მონატრებული თბილისი და პარალელები ესპანელებთან

© photo: courtesy of Tamara Guliashvili
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში 2018 (152)
84950

დღეს საქართველოში ინგლისურ ენაზე მოთხოვნილება რომ თითქმის ყველა სფეროშია — ამას უკვე მივეჩვიეთ. ჩვენს სპეციალისტებს უკვე უცხოეთშიც იწვევენ. მათ შორისაა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ფილოლოგ-ანგლისტი თამარ გულიაშვილი. 

საქართველოში უმაღლესის დამთავრების შემდეგ, დოქტორის ხარისხი (სოციოლინგვისტიკის განხრით) ინგლისურ ლინგვისტიკაში 2017 წელს ესპანეთში დაიცვა.

ამჟამად სპეციალობით მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში (Universidad Complutense de Madrid –UCM) მუშაობს. ინგლისურ ენას ასევე ესპანურ სკოლაში La Salle და კასტილია ლა მანჩის უნივერსიტეტშიც (UCLM) ასწავლის. კემბრიჯის გამომცდელი (Cambridge Speaking Examiner) გახლავთ და ესპანეთის ცენტრში, ტოლედოს პროვინციაში არსებულ ქალაქ ტალავერნა დე ლა რეინაში ბილინგვიზმის პროგრამას ხელმძღვანელობს. ესპანეთში მას ინგლისური ენის საკუთარი ცენტრი/აკადემიაც (Cambridge English Centre) აქვს.

ქალბატონ თამარს მადრიდში დავუკავშირდით.

თამარ გულიაშვილი
თამარ გულიაშვილი

— ქალბატონო თამარ, გაიხსენეთ როგორ შეგხვდათ ესპანეთი პირველად?

— ესპანეთი ხელგაშლილი შემხვდა. ეს მზიანი, სტუმართმოყვარე, საოცრად ლამაზი და მეგობრული ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია, რომ აქ ოდესმე საცხოვრებლად ჩამოვიდოდი, მაგრამ მოგეხსენებათ, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ასე მოხდა — ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი დაოჯახებას უკავშირდება.

— თქვენ ინგლისური ენის სპეციალისტი ხართ და ალბათ ესპანურიც ადვილად აითვისეთ.

— დიახ, მართალს ბრძანებთ. როცა ლინგვისტი ხარ და უცხო ენას, ჩემს შემთხვევაში, ინგლისურს, პროფესიულ დონეზე ფლობ.  ახალი ენის შესწავლა ძალიან გიადვილდება. მით უმეტეს, თუ გარემოც ხელს გიწყობს.

ჩამოსვლიდან ექვს თვეში უკვე კარგად ვსაუბრობდი ესპანურად და მალე სერვანტესის უმაღლესი დონის (C2) სერთიფიკატიც ავიღე. გარდა ამისა, ჩემი ბაკალავრისა და მაგისტრის ტიტულების გადასაბარებლად ესპანეთის ნაციონალურ უნივერსიტეტში (UNED) ესპანური ენის გამოცდა ლინგვისტურ დონეზე წარჩინებით ჩავაბარე.

— რადგან ენობრივი ბარიერი მალე გადალახეთ, თქვენთვის ადაპტაციის პერიოდი, ვფიქრობ, რთული არ უნდა ყოფილიყო.

— დიახ, ჩემთვის რთული არ ყოფილა აქაურ ტრადიციებზე მორგება. თავიდან, როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგად გეჩვენება, მერე კი უფრო რეალური თვალით უყურებ ყველაფერს და იწყება შეგუების პროცესი. შემდეგ შენს გზას პოულობ და საზოგადოებაში ინტეგრირდები. მე

მესმის, რომ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ყველა ამ ფაზის გადალახვას ვერ ახერხებს და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესიც თავისთავად იგვიანებს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს მართლაც მარტივად მოხდა.

აქ მყოფი პარალელს ესპანელსა და საკუთარ თავს შორის უნებურად ავლებ. ესპანელ ქალში ყველაზე მეტად თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობის უნარს გამოვარჩევდი. თუმცა ეს თვისებები ჩემშიც არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მანამდეც იყო ჩემში, მაგრამ აქ უფრო გამტკიცდა.

სცენაზე საზეიმო შეხვედრის დროს
სცენაზე საზეიმო შეხვედრის დროს

— საქართველოში მიმტანად მუშაობის დასაწყებადაც კი ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო გახდა. როგორაა ამ მხრივ საქმე ესპანეთში?

— ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, ერთ-ერთ ესპანურ სკოლაში ბილინგვიზმის პროგრამას ვხელმძღვანელობ და ინგლისურს უნივერსიტეტშიც ვასწავლი. ჩემი სტუდენტები ძირითადად სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან. შეხება მქონდა ასევე ექიმებთან და კასტილია ლა მანჩის პროფესორ- მასწავლებლებთან. ესპანელები ინგლისურ ენას სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლობენ, იქნება ეს პროფესიული, საგანმანათლებლო თუ ტურიზმის სფერო...

— თუ იციან ესპანელებმა რამე თქვენს წარმომავლობაზე და ქართულ ენაზე, რომელსაც ესპანურისგან განსხვავებით საკუთარი ანბანი აქვს?

— ესპანელ მეგობრებთან და ნაცნობებთან ჩემს ქართულ წარმომავლობაზე ყოველთვის სიამაყით ვსაუბრობ. თუკი დღეს ვინმე ისევ რუსებსა და რუსეთთან გვაიგივებს, ყოველთვის ვცდილობ, ავუხსნა, რომ ქართველები უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ერი ვართ, რომელსაც საკუთარი დამწერლობა და განსხვავებული იდენტობა გაგვაჩნია. სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ წინაშე ქართული ანბანისა და დამწერლობის დემონსტრირება არაერთხელ მომიხდენია.

კოლეგებთან ერთად
თამარ გულიაშვილი კოლეგებთან ერთად

— ნოსტალგია უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველის თანმდევი გრძნობაა...

— ბავშვობისა და სტუდენტობის წლები თბილისში მაქვს გატარებული. მენატრება ყველა და ყველაფერი: თბილისი, ადამიანები, ყველა ის ადგილი, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. მონატრების სურვილს საქართველოში ხშირი სტუმრობით ვიკლავ ხოლმე...

სამშობლოში დაბრუნების სურვილი ყოველთვის მქონდა და დღესაც მაქვს. მინდა, აქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ჩემს ქვეყანას გამოვადგე...

 

 

 

 

თემები:
ქართველები უცხოეთში 2018 (152)

მთავარი თემები