ქართული ცეკვის და ჩვენი გულების დედოფალი...

© Sputnik / STRINGERილიკო სუხიშვილმა ნინო რამიშვილს საერთო კონცერტის შემდეგ ხელი სთხოვა
ილიკო სუხიშვილმა ნინო რამიშვილს საერთო კონცერტის შემდეგ ხელი სთხოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო რამიშვილმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხელოვნებაში. ქართული ცეკვის ოსტატობა კლასიკურ დონეზე აიყვანა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რანი ვართ და როგორები ვართ ქართველები

ლელა ანჯაფარიძე 

გუშინ იმდენი ვაწკრიალე და ვასუფთავე ეს ჩვენი აივანი, რომ დამატებითი ბზარებიც კი გაუჩნდა. იმდენი ვიფიქრე, რა ჩამეცვა, რომ ჭაღარაც კი მომემატა. იმდენი ვივარჯიშე მთლად ნარნარით თუ არა, ოდნავაც კოჭლობით რომ არ გამევლო, რომ არც კი მახსოვს, რომელი ფეხი მტკიოდა, რადგან ახლა ორივე მტკივა…

მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენს აივანს დღეს ისეთი დიდებული ქალბატონი ესტუმრება, რომელსაც ყველა ფეხზე ადგომით და განსაკუთრებული მოწიწებით შევეგებებით და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1910 წლის 19 იანვარს.

ეს გახლავთ დიდი ქალბატონი ნინო რამიშვილი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხელოვნებაში. ქართული ცეკვის ოსტატობა კლასიკურ დონეზე აიყვანა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რანი ვართ და როგორები ვართ ქართველები. რადგან სწორედ ცეკვა, ხალხური ლექსი და სიმღერა ყველაზე მეტად იჟღინთება ერის თვისებებით, განცდებით და სწრაფვებით. 

© არქივის ფოტონინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი - Sputnik საქართველო
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი

მინდა შემოგთავაზოთ ფირი, რომელზეც ქლაბატონი ნინო და ბატონი ილიკო ცეკვავენ:

უამრავჯერ მაქვს ნანახი ეს შესანიშნავი კადრები და ყოველთვის თავიდან მაოცებს ხოლმე, ცოტათი მაინც უკეთესს მხდის და იმედს მისახავს. იმედს იმისა, რომ ქვეყანაში, სადაც ასე ცეკვავენ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

ქალბატონი ნინო იყო ყველასგან განსხვავებული, მას სიარულიც სხვანაირი ჰქონდა, მიხვრა-მოხვრაც, საუბარიც, გრაციაც, შარმიც… სადაც გამოჩნდებოდა ეს მინიატურული და ელეგანტური ქალბატონი, ყველგან ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ის თითქოს აფრქვევდა ღირსებას, კდემამოსილებას და კეთილშობილებას. მე, სამწუხაროდ, მხოლოდ შორიდან ვიცნობდი, მაგრამ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისით. 

გუშინ გადავიკითხე ქალბატონი ნინოს უმცროსი კოლეგებისა და მოწაფეების სიყვარულით გამთბარი მოგონებები… მათი თქმით, დღე არ გადის, რომ მათ ქალბატონი ნინო არ გაიხსენონ. სხვათა შორის, უკლებლივ ყველა ყვება იმის შესახებ, რომ ქალბატონი ნინო იყო ძალიან მკაცრი, მომთხოვნი და ახალგაზრდობაში მათ ეს, რა თქმა უნდა, მაინც და მაინც არ მოსწონდათ, მაგრამ არასდროს სწყინდათ, რადგანაც ის ბევრად უფრო მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ.

და სწორედ იმ დამღლელი 6-საათიანი რეპეტიციების წყალობით, რომელთა განმავლობაში კიდევ საკითხავია, ვინ უფრო იღლებოდა — ქორეოგრაფი თუ მოწაფეები, ყველა ჟესტი და დეტალი ისეთ ფილიგრანულ სიზუსტემდე იყო მიყვანილი, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავდა ქართველ მოცეკვავეებს. 

© არქივიგანუმეორებელი ნინო რამიშვილი
განუმეორებელი ნინო რამიშვილი - Sputnik საქართველო
განუმეორებელი ნინო რამიშვილი

ჟენევაში გასტროლების დროს სუხიშვილების ანსამბლის კონცერტს დაესწრო დიდი გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც წარმოდგენის შემდეგ თავისი ემოციები ისე ლამაზად გამოხატა, როგორც ეს მხოლოდ მას შეეძლო: „ვუყურებდი როკვას ჩვენი ქალებისა, ჩვენი ვაჟებისა და ვერთვოდი მათ როკვით შინაგან. ვერთვოდი ისე, რომ ხანდახან გრიგოლ რობაქიძე აღარ ვიყავი. ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი. ზოგადად, ქართველი — ოღონდ არა განყენებით, არამედ ნამდვილი, ცოცხალი… ვაშა, როკვის ჯადოქარნო: ქალებო და ვაჟებო!“ 

ქალბატონი ნინო, მისი აღზრდილების მოგონებებით, მათთვის მეორე დედა იყო. შეიძლება შენიშვნა გაეკეთებინა, გაეკიცხა, რადგან გულწრფელი და პირდაპირი ადამიანი იყო, მაგრამ სცენის გარეთ მათ სულ სხვა ურთიერთობები ჰქონდათ. ყველა იმეორებს, რომ ქალბატონმა ნინომ მათ არა მხოლოდ მაღალ ხელოვნებას აზიარა, არამედ ჩამოაყალიბა ისინი როგორც პიროვნებები და ისეთი დადებითი თვისებები, როგორიცაა საქმისადმი ერთგული მიდგომა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაც კი, მათში დიდწილად ქალბატონმა ნინომ ჩამოაყალიბა. 

© photo: Sputnik / ბორის კაუფმანი / გადასვლა მედიაბანკშიმოდური ჩალმითა და სამაჯურებით ხელებდამშვენებული ნინო რამიშვილის სარეპეტიციო დარბაზში გამოჩენა თრთოლვას ჰგვრიდა მოცეკვავეებს
მოდური ჩალმითა და სამაჯურებით ხელებდამშვენებული ნინო რამიშვილის სარეპეტიციო დარბაზში გამოჩენა თრთოლვას ჰგვრიდა მოცეკვავეებს  - Sputnik საქართველო
მოდური ჩალმითა და სამაჯურებით ხელებდამშვენებული ნინო რამიშვილის სარეპეტიციო დარბაზში გამოჩენა თრთოლვას ჰგვრიდა მოცეკვავეებს

ქალბატონი ნინო იყო შესანიშნავი დიასახლისი. მის დაბადების დღეს, ან 27 იანვარს (ნინოობაზე) მისი მოწაფეები მასთან სტუმრად დადიოდნენ. ჩვენი სახელგანთქმული მოცეკვავე, ბატონი თენგიზ უთმელიძე იგონებს, რომ ქალბატონი ნინოს ერთ-ერთ ბოლო დაბადების დღეზე ის თამადად აირჩიეს. მან დიდ ჭურჭელში ჩაასხა ღვინო და მაინც ქალბატონ ნინოს გახედა. ქალბატონ ნინოს უთქვამს, დალიე, თენგიზ, ახლა შეიძლებაო, რაზეც თენგიზს უხუმრია – ახლა, როცა დალევა აღარ შემიძლია, მაშინ მეუბნებით შეიძლებაო? და ორივეს ბევრი უცინია…

კარგად მახსოვს, რომ ყოველთვის განსაკუთრებით ვაკვირდებოდი ქალბატონი ნინოს ჩაცმულობას, რადგან თბილისშიც კი, რომელსაც „პატარა პარიზს“ ეძახდნენ, ძალიან ცოტა იცვამდა ასეთი გამორჩეული გემოვნებით. 

© არქივინინომ და ილიკომ დიდხანს, წარმატებულად და ბედნიერად იცხოვრეს
ნინომ და ილიკომ დიდხანს, წარმატებულად და ბედნიერად იცხოვრეს - Sputnik საქართველო
ნინომ და ილიკომ დიდხანს, წარმატებულად და ბედნიერად იცხოვრეს

საოცრად მიხარია, რომ საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომელსაც ამჟამად ახალგაზრდა ნინო და ილიკო ხელმძღვანელობენ, დღესაც ასახელებს საქართველოს. ზოგჯერ მკაცრი კრიტიკოსები ბრალს სდებენ ქართული ცეკვების ზედმეტად გათანამედროვებაში. მე კი ვთხოვ მათ, რომ კიდევ ერთხელ შეხედონ ქალბატონი ნინოს და ბატონი ილიკოს თეთრ-შავ ჩოხიან ცეკვას – მოდერნია დღესაც კი და იმ დროს ხომ წარმოგიდგენიათ? 

დრო მიდის, ყველაფერი იცვლება. ქალბატონი ნინოს და ბატონი ილიკოს შესანიშნავი შთამომავლობა ღირსეულად აგრძელებს მათ დაწყებულ საქმეს.

ვუსურვოთ მათ დიდი წარმატებები…

ჩვენ კი ვნახოთ შესანიშნავი ცეკვა, რომელსაც ასრულებენ ქალბატონი ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი — უმცროსი: 


ყველა ახალი ამბავი
0