„ცხოვრება არის ის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა"– წერდა „დათა თუთაშხიაში". მასაც ბევრი რამ ახსოვდა ყველაზე ამაღელვებელი, სულს დაჩნეული, მაგრამ მაინც, ყველაფერ დანარჩენზე ღირშესანიშნავი შვილების დაბადება და თამარ ჯავახიშვილზე დაქორწინება მიაჩნდა, ღმერთი არ ივიწყებს სიკეთესო – გაანდო მკითხველს და ყველაზე დიდ სიკეთედ, რომელიც ღმერთმა არ დაუვიწყა, ქართველი ერის წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიყვარული ესახებოდა, ის, რამაც სამშობლოსათვის შეძლებისდაგვარი სამსახური გააწევინა. „ეს დაინახა ჩემში ღმერთმა და ამისთვის მაცოცხლა დღემდე. ვამაყობ და ვხარობ იმით, რომ სამშობლოსთვის სამსახურის ილაჯი მომცა, ვამაყობ მაღალმა ღმერთმა“.
ჭაბუა ამირეჯიბმა 16 წელი გაატარა „საბჭოურ კაციჭამიათა მოდგმის" ციხეებსა და ბანაკებში, 3-ჯერ მიუსაჯეს დახვრეტა, 83 წლით რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში — ტუსაღობა, გაუძლო ათასგვარ წამებასა და ძალადობას. კარგად იცოდა 6-ჯერ გაქცევის მცდელობისა და, საბოლოოდ, წარმატებული გაპარვის შემდეგ მოპოვებული თავისუფლების ფასი. პიროვნული თავისუფლებაც თავისებურად ესმოდა, უფრო სხვა მასშტაბში — „პიროვნების თავისუფლება არის მისი ის თვისება, რომლითაც იგი თავის დამოკიდებულებას ამჟღავნებს და ახორციელებს სხვა პიროვნების, ერის, საზოგადოების ამა თუ იმ მოვლენისა და წარსულ-აწმყო-მომავლისადმი, საერთოდ, სამყაროსადმი და თვით თავისუფლებისადმიც“.
არასოდეს დასთანხმდებოდა ქართველი ერის ღირსებათა უარყოფითს შეფასებას. მისი აზრით, ქართველი ერის ღირსებებსაც და უარყოფით მახასიათებლებსაც დროთა ვითარება აყალიბებდა. მის ბრძნულ გამონათქვამებს ამშვენებს აზრი: „ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა"…
თავად სიცოცხლის ბოლოსკენ მივიდა ბერის სულიერ მდგომარეობამდე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში პასუხგაუცემელი კითხვების პასუხთა ძებნამ მიმიყვანა წყაროსთან, რომლიდანაც ყველაფრის პასუხი მოედინება — მივედი ღმერთის მიერ მოძღვნილ წყაროსთან წყურვილის მოსაკლავადო…
მას თავისი აზრი ჰქონდა მიმდინარე ლიტერატურული პროცესის მიმართაც. თანამედროვე ქართული მწერლობა საზოგადოების, ერის მოთხოვნილებებს აქტიურად ვერ აკმაყოფილებსო, — ამბობდა, მაგრამ თავად პროცესს აფეთქებისთვის მზადების პროცესად მიიჩნევდა.
ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ საუკუნის წიგნად იქნა აღიარებული. მეოცე საუკუნეში ძალიან ცოტა დაწერილა ამ სიღრმისა და მხატვრული ღირებულების რომანი. ჩვენ მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოვიხმობთ დათა თუთაშხიასა და დედა ეფემიასთან საუბრიდან, რადგან ეს დიალოგი, ფაქტობრივად, თავად ავტორის ცხოვრების გზის გვირგვინადაც იქცა:
„უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს. ერისკაცობა აღარ შეიძლება შენი, უნდა აღიკვეცო… ბერად!.. შენ საკუთარი ერისა და მამულის მტრად იქეცი. დარწმუნებული ვარ, ხედავ კიდეც, რომ ეს ასეა, მაგრამ მაინც შენსას სჩადი, რადგან არ ძალგიძს გულხელდაკრეფილი იჯდე. ისეთი ბუნების კაცი ხარ, რაიმე უნდა აკეთო, აუცილებლად უნდა აკეთო რაიმე! რა?— ეს ამჟამად არ იცი და ვერც გაიგებ, სანამ საკუთარ სულში არ ჩაღრმავდები, სანამ ახალი შთაბეჭდილებებისა და ცოდნის ნაკადი არ შემოიჭრება შენს გონებაში… მონასტერი, ლოცვა, მონანიება, ფიქრი, ჭეშმარიტების ძიება და მიგნება — სხვა გზა არა გაქვს! “
სწორედ, ჭეშმარიტების ძიებასა და მიგნებაში გაატარა ცხოვრება დიდმა მწერალმა და მისი არჩევანიც ლოცვის, სინანულისა და ფიქრის გამართლება იყო. ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარი მაგალითით დაგვანახვა იმ გზის ჭეშმარიტება, რომლის არჩევასაც ასეთი რუდუნებით ურჩევდა დედა ეფემია დათა თუთაშხიას.