23:29 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
სკივრი

შელოცვები ბებიის სკივრიდან – გათვალულისა

CC0 / Pete Hughes / chest
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
ხალხური ცრურწმენები (22)
18973303

ვიწყებთ ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგის, ქართული ფოლკლორის გაქრობის პირას მყოფი უნიკალური სახეობის - შელოცვების პუბლიკაციას. კვირაში ერთხელ გაგაცნობთ სამკურნალო შელოცვებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალებს. რუბრიკას გაუძღვება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.

შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.

მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია. ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის  მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა. გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს:

დღეს გათვალულისას შემოგთავაზებთ.

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასას, თვალის ღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასას; 

თვალბოზისა, თვალქურდისა, თვალამპარტავანისასა; წითელწვერა კაცისა, შავწვერა კაცისა, 

ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა.

გარევიდა ღობესა, მეიშალა ღონესა; გააღო კარი, ავარდა ფხარი. მოკვდა კლდეშავი.

გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი. 

სა მიხვალ, შე შავო კაცო?— წმინდა მთავარანგელოზმა უბრძანა. 

-მე მივალ ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად 

-არა, მამაძემასულმა არ გაგიშვას ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.

ჩაგაგდებ ქვაბსა კარვალისა, შემოგკიდებ ცეცხლსა ნამთისასას.

დაგწვავ ამ (იტყვიან სახელს) გამთვალავს 365 წელიწადს!

დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ, 112-მა ხატმა-ჯვარმა გააქროს,

გააწყალოს შენი გლახა თვალით შემხედავი, გლახა სულით შემხედავი, გლახა გულით შემხედავი.

გევიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე. მეითხარა ორი ძირი ბალი, წამოუვარდა ორი კაკალი თვალი.

ასკილი, ღოღო-მაყვალი, დამპალი გველი და ბაყაყი, გახურებული კერია გულზე ტენია,

სამი კოდი ხვიერო გულზე ასვია, სამი კოდი ღვიერო გულზე აყრია მის გულსა და მუცელს,  

რამა კაცმა და ქალმა ჩემი (სახელი) გათვალა!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ამ შელოცვის დროს ხელში ეჭირათ შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრიდნენ პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირს შუბლზე ჯვრის სახით აცხებდნენ. მიღებული იყო შელოცვა პურის ნაჭერზეც, თუ გამოსალოცი შორს იმყოფებოდა (შელოცვილი პურის ნაჭერს გაუგზავნიდნენ და შეაჭმევდნენ). კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „პაციენტი“ ნამდვილად გათვალული იყო და შელოცვამაც გაჭრა, არგოო.

თემები:
ხალხური ცრურწმენები (22)

მთავარი თემები