ქართველი, რომელიც ელტონ ჯონის ფან-კლუბმა ინგლისში მიიწვია და ჰიმნის დაწერა სთხოვა

© ო. ტატიშვილის პირადი არქივიოთარ ტატიშვილი მოსკოვში, მეგობართან, აწ გარდაცვლილ კომპოზიტორთან, რეზო ჩირინაშვილთან სტუმრად.
ოთარ ტატიშვილი მოსკოვში, მეგობართან, აწ გარდაცვლილ კომპოზიტორთან,  რეზო ჩირინაშვილთან სტუმრად. - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც იცით, ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, სერ ელტონ ჯონი საქართველოში პირველად წარდგება 16-17 სექტემბერს 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night ფარგლებში.

თუმცა, შესაძლოა, ამ ისტორიული ინიციატივის ავტორებმა და ორგანიზატორებმა არ იცოდნენ ის ფაქტი, რომ პოპულარული ქართველი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ელტონ ჯონის ფან-კლუბის მიერ ინგლისში არაერთხელ იყო მიწვეული და მისი ერთი ნაწარმოები პოპ-ვარსკვლავის ერთ ჰიტთან ერთად ინგლისში გამოსულ დისკშია შესული. მანამდე ინგლისში მიწვეულმა კომპოზიტორმა ელტონ ჯონისადმი მიძღვნილი საკუთარი ნაწარმოები შეასრულა იმ ისტორიულ კლუბში, სადაც ოდესღაც ელტონ ჯონი მცირე გასამრჯელოზე წლების მანძილზე უკრავდა. ბატონ ოთარს ვთხოვეთ ელტონ ჯონთან დაკავშირებით საინტერესო ამბები კიდევ ერთხელ გაეხსენებინა.

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივიკომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი - ელტონ ჯონის ფან-კლუბის ფავორიტი
კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი - ელტონ ჯონის ფან-კლუბის ფავორიტი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი - ელტონ ჯონის ფან-კლუბის ფავორიტი

– ბატონო ოთარ, ვინც არ იცის, მათ შევახსენოთ როგორ აღმოჩნდით ინგლისში ყოფნის დროს ელტონ ჯონის კლუბში და მოგვიანებით როგორ მიგიწვიეს იქ?

— დიახ, ეს ამბავი ასე მოხდა: ინგლისში დავუკავშირდი ელტონ ჯონის საერთაშორისო კლუბს, სადაც მილიონობით მისი ფანია გაერთიანებული. ისინი სპეციალურად ჩამოდიან იქ ყოველ წელს, რათა ელტონ ჯონის მუსიკით ისიამოვნონ, მასზე ისაუბრონ, სამახსოვრო ნივთები და გამოცემები შეიძინონ. ეს ორგანიზაცია თავად უშვებს და აწარმოებს ელტონთან დაკავშირებულ ნივთებს, მაისურებს, იშვიათ ჩანაწერებს თუ სხვადასხვა საკოლექციო ატრიბუტებს, მისი მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის აწყობს კონკურსებსა და ფესტივალებს და ა.შ. მე ყოველთვის მხიბლავდა ელტონ ჯონის მუსიკა, ამიტომ ისე ვუკრავდი მის მუსიკას, რომ ელტონის შესრულებისგან  პრაქტიკულად ვერ განასხვავებდით.

– ელტონ ჯონის ფან-კლუბში თუ აქვთ მოსმენილი თქვენი ჩანაწერები?

— დიახ, ინგლისში ჩემი ჩანაწერები გავუგზავნე, ისინი აღფრთოვანდნენ და იმავე წელს ელტონ ჯონის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიმიწვიეს. რასაკვირველია, გავემგზავრე და თან ჩემი მოწაფე, შესანიშნავი მომღერალი კოტე ჩუმაშვილიც გამომყვა. როცა საელჩოში მიწვევა და ფან-კლუბის მიერ ყოველკვარტალურ ჟურნალში ჩემზე დაბეჭდილი სტატია ვაჩვენე, ხუმრობა დაიწყეს – თუ შეიძლება, თქვენი ავტოგრაფი მოგვეცითო. სანამ ივლისში ადგილზე ჩავიდოდით, დავწერე სიმღერა, რომელიც ელტონს მივუძღვენი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ოვაციით დამაჯილდოეს, მოგვიანებით კი თავის ცრემლმორეულ გამოხმაურებებს ფან-კლუბის ყოველკვარტალურ ჟურნალ “ჰერკულესს“ სწერდნენ და მეც მიგზავნიდნენ. საოცარია, მაგრამ ის ადამიანებიც მწერდნენ, ვინც არ დასწრებია ამ ღონისძიებებს, მაგრამ ამ გამოხმაურებების მერე ჩემით დაინტერესდნენ.

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივიოთარ ტატიშვილი და ნინო სურგულაძე
ოთარ ტატიშვილი და ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილი და ნინო სურგულაძე

 

– იმ კონცერტის დროს მომხდარი რაიმე ამბავი გამორჩეულად ხომ არ დაგამახსოვრდათ?

— მახსოვს, ერთ-ერთი კონცერტი ჩაატარეს იმ ისტორიულ კლუბში, სადაც ოდესღაც ელტონ ჯონი მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ წლების მანძილზე უკრავდა. კონცერტს ესწრებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას ყოველდღე ხედავდნენ და უსმენდნენ.  სხვადასხვა ქვეყნიდან ფან-კლუბის კოორდინატორებიც იყვნენ ჩამოსული. მახსოვს, ერთ-ერთმა კოორდინატორმა ფრანკფურტიდან, სანამ ვუკრავდი, მაგიდაზე დიდი ლარნაკი დადგა და შიგ 50-ფუნტიანი კუპიურა პირველმა ჩადო. მერე სხვებმაც მიბაძეს და როცა დაკვრა დავასრულე, ფულით გავსებული ლარნაკი დაცალეს და გადმომცეს — ეს შენ ჩვენგანო. საკმაოდ დიდი თანხა შეგროვდა. მართალია, ზრდილობის გამო ვიუკადრისე, მაგრამ როცა შევატყვე, რომ გაოცებული და ნაწყენი სახეები მიიღეს, რადგან იქ ასეთი წესი ყოფილა, უარი ვეღარ ვთქვი. ამის გარდა,  ინგლისი ძვირი ქვეყანაა და ზედმეტი თანხა არავის აწყენს.

– ამის შემდეგ ერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზეს…

— დიახ, ასე იყო. ფან-კლუბის მმართველმა და პროდიუსერმა ჯორჯ მეტლოკმა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. პროექტი სამახსოვრო დისკის გამოცემას ითვალისწინებდა, სადაც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული და საუკეთესოდ შესრულებული ჩანაწერები შევიდოდა. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. მე უნდა შემესრულებინა ელტონ ჯონის სამი სიმღერა, მხოლოდ ჩემებური, ორიგინალური ვერსიით და არა მიბაძვით, ასევე ჩემ მიერ დაწერილი სამი საუკეთესო სიმღერაც. გარდა ამისა, გადაწყვიტეს ფან-კლუბის ჰიმნიც, რომელიც ელტონ ჯონის ერთ-ერთი სიმღერის ქავერი უნდა გამხდარიყო მის ფანებთან დაკავშირებული შეცვლილი ტექსტით, მე უნდა ჩამეწერა. საქართველოში წარმატების განცდით და  სამახსოვრო საჩუქრებით ხელდამშვენებული დავბრუნდი, ჩვენი მიმოწერა ჯორჯ მეტლოკთან კი მოგვიანებითაც გაგრძელდა.

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივიოთარ ტატიშვილი უცხოურ პრესაში
ოთარ ტატიშვილი უცხოურ პრესაში - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილი უცხოურ პრესაში

– ჩვენ მკითხველს ისიც შევახსენოთ, რომ თქვენი სიმღერა, რომელიც ლედი დის ეძღვნება, ელტონ ჯონის ცნობილ ჰიტთან ერთად ინგლისში გამოშვებულ ალბომში შეიტანეს, ასეა?

— ალბათ გახსოვთ, 1997 წლის აგვისტოში მოხდა პრინცესა დიანას ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ის ელტონის უახლოესი მეგობარი იყო და, ბუნებრივია, მომღერალმა მისი დაღუპვა ძლიერ განიცადა. მან ყველასთვის კარგად ცნობილი სიმღერა  „სანთელი ქარში” (candel in the wind) დაწერა, რომელიც არნახული ტირაჟით გაიყიდა. ეს შემოსავალი ელტონმა მთლიანად ლედი დის ფონდში შეიტანა. სიმღერის დაწერის იდეა მეც გამიჩნდა და უკვე შინაგანად მელოდიაც მესმოდა. როდესაც მიმოწერაში ეს იდეა ჯორჯ მეტლოკს გავუმხილე, მან თავი შეიკავა და მითხრა, რომ ამ სიმღერის დაწერა და მისი პროექტში შეტანა არ ღირდა, ვინაიდან ელტონ ჯონს უკვე დაწერილი ჰქონდა ჰიტი და ეს ცოტა პრეტენზიული ნაბიჯი იქნებოდა. მე ვუპასუხე, რომ სიმღერა უკვე შექმნილი მქონდა, უბრალოდ, ტექსტის მხრივ იყო დასალაგებელი. ამას ჩემი ხარჯებით მაინც ჩავწერ და თუ მოიწონებთ, იმ შემთხვევაში შეიტანეთ ალბომში-მეთქი. ის არცთუ დიდი ხალისით დამეთანხმა. როცა სიმღერა ჩავწერე და გავუგზავნე, ცოტა არ იყოს, ვინერვიულე, მაგრამ სულ ტყუილად…  ცოტა ხანში მისგან ფაქსი მივიღე, სადაც ემოციებს ვერ მალავდა. ბუნებრივია, ამ სიმღერის ალბომში შეტანას სიამოვნებით დათანხმდა.

– ალბომის პრეზენტაციაზე თუ მიგიწვიეს?

— დიახ, ლონდონში იმავე წლის დეკემბერში სწორედ ამ მოვლენების გამო კვლავ მიმიწვიეს. საერთოდ,  1997 წელს სამჯერ მომიწია ინგლისში ჩასვლა. დეკემბერში ჩავედი დისკის პრეზენტაციაზე, რომელიც სადღესასწაულო ვითარებაში ჩატარდა. აქ უამრავი ქათინაური და მოწონება დავიმსახურე. მოგვიანებით  ჟურნალ „ჰერკულესში” ჩემზე ბევრი სტატია დაიწერა. სხვადასხვა ქვეყნებიდან წერდნენ ფანები, რომ ჩემ მუსიკაზე მათ გული აუჩუყდათ. ალბომის ყდაზე ჩემი პორტრეტია, მასში ჩემი რვა ნომერია შესული. ამავე ალბომში ორი ბრიტანელი და ერთი ავსტრალიელი მომღერალიცაა, მაგრამ მათ შესრულებას მხოლოდ თითო ნომერი დაეთმო. სიმღერაზე „ლედი დიანა” უწერიათ, რომ ეს არის ცრემლის მომგვრელი შედევრი, რომელსაც დრო სჭირდება, რომ აღიარონ, ხოლო მეორე ჩემ სიმღერაზე sometimes აღნიშნეს, ეს სიმღერა რომელიმე სუპერვარსკვლავს რომ შეექმნა, მსოფლიო ჰიტი გახდებოდაო.

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივიელტონ ჯონის ფანების კლუბში
ელტონ ჯონის ფანების კლუბში - Sputnik საქართველო
ელტონ ჯონის ფანების კლუბში

– ბატონო ოთარ, ამის შემდეგ ელტონ ჯონის მიერ შექმნილი სიმღერა თქვენი შესრულებით რამდენად პოპულარული გახდა?

— საქმე ისაა, რომ ფან-კლუბ „ჰერკულესის“ ვებ-გვერდი მას შემდეგ 7-8 წლის მანძილზე ჩემ მიერ შესრულებული ელტონის „ჰერკულესის“ ქავერის ფონზე იხსნებოდა. ტექსტი თავად ჯორჯ მეტლოკმა შეცვალა, სადაც დაახლოებით იმაზე იყო საუბარი, თუ როგორ უყვართ ფანებს ელტონი, მისი მუსიკა, როგორ იკრიბებიან, ლუდს სვამენ და მის შედევრებს უსმენენ.

– დღესაც თუ შეგიძლიათ, ელტონ ჯონის სიმღერის მისეული მანერით შესრულება?

— მე ახლაც შემიძლია ელტონის ნებისმიერი კომპოზიცია ზუსტად მისებურად შევასრულო, ან ჩემი მანერით. სიამოვნებით გამოვიდოდი მასთან ერთად და გავაოცებდი. პირადად მას გადატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო ვერ შევხვდი. ფანკლუბის ორგანიზატორებმა იქ ვიზიტის დროს მის კონცერტზე „უემბლი არენაზე“ დამპატიჟეს. ეს დაუვიწყარი სიამოვნება იყო ჩემთვის, თუმცა, შეხვედრა არ მოხერხდა, რადგან იმავე საღამოს მომღერალი სხვაგან მიფრინავდა. როგორც გადმომცეს „ჰერკულესის“ გამოცემული დისკი მის ხმის რეჟისორს გადასცეს, რომელსაც ის ელტონისთვის უნდა გადაეცა. სამწუხაროდ, თავის დროზე ვეღარ განვავრცე ეს კონტაქტები სხვადასხვა მიზეზების გამო, რასაც ახლა პრინციპში ძალიან ვნანობ. ალბათ მიზნის მისაღწევად ზოგჯერ კომპრომისებზე უნდა წახვიდე, სხვანაირად არ გამოდის. ჩემით თავადაც იყვნენ გაოცებული და სულ იმას მიმეორებდნენ, აქ რომ დაბადებულიყავი, სუპერვარსკვლავი იქნებოდიო. ვინ იცის, შესაძლოა, აქ უფრო საჭირო ვარ, თუმცა, ამას დიდად ვერ ვგრძნობ… იქ რომ დავბადებულიყავი, აქაც უფრო დამაფასებდნენ, ქართველებს სნობიზმი ღუპავს, რაც უმეტესად პატარა ერების ქრონიკული სენია…

ყველა ახალი ამბავი
0