07:30 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ლონდონი, სენტ ჯეიმსის პარკი

ხომ შეიძლება უბრალოდ ვიცხოვროთ...

© REUTERS/ Peter Nicholls
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
6141

მათთვის, ვისაც სიცოცხლე უხარია და ვისაც სიკეთე ცხოვრების კრედოდ უქცევია.

სანამ დღევანდელი ამბის ძირითად თემას მივადგები, ნება მომეცით, მოკლე შესავალი გავაკეთო. დილით ადრე გაღვიძებულს გამახსენდა, რომ შვილიშვილი სკოლაში, ხოლო ქალიშვილი და სიძე სამსახურში იყვნენ წასასვლელები. ამავე თანმიმდევრობით შევუდექი საქმეს. შვილიშვილმა გამომიცხადა, დღეს სკოლაში არ მივდივარო. მიზეზმა დამაინტერესა და პასუხად მივიღე — „პროსტო“ მეზარებაო. არგუმენტია, რო ქვას გახეთქავს. სიძეს და ქალიშვილს მივუკაკუნე, დროა, ადექით, არ დაგაგვიანდეთ-მეთქი და… ნამძინარევი ხმით შემომეხმიანა სიძე–ბატონი — დღეს არ მივდივართ, გვეზარებაო, ანუ ორივეს ნაცვლად მიპასუხა. სასწრაფოდ ვეცი კომპიუტერს, ჩემი ჯადო კალენდარი გადავშალე, ეტყობა, დღეს სიზარმაცის საერთაშორისო დღეა და არიქა, არ გამომრჩეს-მეთქი და… აღმოჩნდა, რომ 9 ივნისი სიცოცხლის სიყვარულისა და სიკეთის დღეა. მინდა მოგმართოთ თქვენ, ვისაც სიცოცხლე გიყვართ და გიხარიათ.

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა, რა და რატომ ხდება? და, საერთოდაც, რისთვის ვცხოვრობთ? ეს ის კითხვებია, რომელთაც ბევრი თქვენგანი შეუწუხებია და იქნებ პასუხებიც ვერ უპოვია. შევეცდები, ჩემი ხედვა ჩამოვაყალიბო. რა თქმა უნდა, არ მაქვს პრეტენზია, რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია ვარ და ყველას გაქვთ უფლება, არ დამეთახმოთ. უბრალოდ, ეს ჩემი ამწუთიერი სულიერი განწყობის მინი-სტრიპტიზია, ვინმეს შეიძლება ეგოისტური მოეჩვენოს, ზოგმა კი იქნებ რაღაც საერთოც მოძებნოს; ყველა შემთხვევაში საკუთარი ცხოვრების აზრს ჩაუფიქრდებით და, მგონი, მთავარიც ეს არის.

სადღაც წამიკითხავს, პატარა ბავშვი დედას ეკითხება, რატომ ვარსებობთო. დედამ ბევრი ფიქრის მერე ასეთი არგუმენტები მოიყვანა – იმისთვის, რომ სიკეთე ვქმნათ, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ, დასახულ მიზნებს მივაღწიოთ და მისთანანი. ბავშვმა მოუსმინა და უპასუხა – და არ შეიძლება იმისთვის ვიყოთ, რომ ვიცხოვროთ?

რა მარტივია და ამავე დროს რა რთული?! ადრე ამ მიმართულებით არ მიფიქრია, რადგან მუდმივად დაკავებული ვიყავი გლობალური (ჩემი გადასახედიდან) მიზნებით, რომელთა მიღწევასაც ვცდილობდი, ვეძებდი და ვარჩევდი სწორ ორიენტირებს და ეს მეგონა მთავარი… უცბად კი „იყო იმისთვის, რათა იცხოვრო“… ამაზე ფიქრმა ახალი აზრი დაბადა — თურმე რამდენი რამ ვერ მომისწრია! მინდა ვიცხოვრო! რატომ? იმისთვის, რომ ვიბრძოლო ჩემი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების „ცხოვრებისთვის“. გენიალური ჰემინგუეის ნათქვამი გამახსენდა: „ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად – ისინი, ვისთან ცხოვრებაც იოლია და ასევე იოლია მათ გარეშეც, და ადამიანები, ვისთან ერთად ცხოვრებაც რთულია, მაგრამ მათ გარეშე შეუძლებელი!“

როგორც მოგახსენეთ, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და, მოდით, ავირჩიოთ ადამიანთა ის კატეგორია, ვისთან ურთიერთობაც რთულია და მათთან ერთად „ვიცხოვროთ“, რაც ძალი და ღონე გაგვაჩნია, ვიმხიარულოთ, ვიცინოთ, გემრიელად მივირთვათ, გვიყვარდეს, არავის არაფერი ვავნოთ, უბრალოდ, გვიხაროდეს თითოეული წუთი და წამი…

სტატიის წერაში ისე გავერთე, ვერც კი გავიგე ჩემი ოჯახის წევრები როგორ გაკრეფილან შინიდან, ვინ სკოლაში და ვინ სამსახურში. მობილურზე sms-იც მომსვლია: „ბაბუ, რა კარგი ბიჭი ხარ, რომ გამაღვიძე“. ესეც მიზეზი, რატომაც უნდა ვიყო…

მთავარი თემები