ბრეტ უოლკერი პროდიუსერი და კრიეიტორია, ანუ სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ორიგინალური კონცეფციებისა და ახალი, არასტანდარტული გადაწყვეტილებების შემუშავებითაა დაკავებული. ახლა საქართველოში ცხოვრობს და ჩვენ ქვეყანაში ყოფნით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
აი, რას გვიამბობს იგი:
ერთი ჩემი ბრიტანელი მეგობარი უკვე სამი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და სანამ მეც ჩამოვიდოდი, უამრავ რამეს მიყვებოდა აქაურობაზე. რა თქმა უნდა, ბევრი მსმენია სანაქებო ქართულ ღვინოზეც.
თქვენს ქვეყანას პირველად ზაფხულის დასაწყისში ვეწვიე. იცით, რამ გამაოცა ყველაზე მეტად? ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა, მწვანედ ხასხასებდა, ყველაფერი ქორფა, ნორჩი და მშვენიერი იყო — ტყეც, ლურჯი ნისლით შებურული ზვიადი მთებიცა და ხეობაში ერთმანეთს შერწყმული მდინარეებიც…
მართლა გამაოგნებელი ბუნება გაქვთ!
ლონდონური დატვირთული გრაფიკის შემდეგ, სადაც ბუნებით ტკბობას ძალზე იშვიათად თუ მოახერხებს კაცი, აქაურობა მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა…
მეორე, რამაც გამაოცა — ეს უამრავი ძველი მანქანა და მართვის კულტურის სიმწირე იყო. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ და როგორ ატარებენ ქართველი მძღოლები მანქანებს ისე, რომ პრაქტიკულად ყველა წესს არღვევენ.
ჰო, და კიდევ – არქიტექტურა — XX საუკუნის 50-იანების საბჭოთა და XIX საუკუნის გერმანული არქიტექტურის მიქსი, თანაც მუსლიმური და მავრიტანული ელემენტებით… თბილისი საკამოდ ჭრელი, თუმცა მაინც ულამაზესი ქალაქია.
თავიდან მომეჩვენა, რომ თბილისი მშვიდი, თანაბარი რიტმით ცხოვრობდა, მაგრამ რეალურად სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ეს საკმაოდ საქმიანი და ცოცხალი ქალაქია.
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობს…
ბრიტანეთისგან განსხვავებით, საქართველოში ცხოვრება ძალიან იაფია. სხვათა შორის, ესეც მხიბლავს.
რაც შეეხება პრობლემებს…
ჩემი აზრით, ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი პრობლემა — ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ნაკლებობაა. ხელფასები საკმაოდ დაბალია, რაც საქმიანობაში დაბალ მოტივაციას განაპირობებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ კარიერული წინსვლისთვის აქ არც ისე დიდი შანსები არსებობს.
თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, იმიტომ რომ იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები, სადაც საცალო ვაჭრობა ყვავის. ეს კი ქვეყნის ეკონომიკას განვითარების საშუალებას აძლევს.
კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა არის ჰაერის დაბინძურება. ქვეყანაში ძალიან ბევრი შეუმოწმებელი და დასავლეთში კარგა ხნის წინ ჩამოწერილი ავტომობილი მოძრაობს და გარემოს აბინძურებს. არადა, განა საცოდაობა არაა, რომ საქართველოს გამაოგნებელი სილამაზის ბუნება ამ დაბინძურებას ეწირება?!
მანქანების სიჭარბის გამო თბილისში ფეხით მოსიარულეებს პრობლემები აქვთ — ტროტუარებზეც კი, იმიტომ რომ მათ საპარკინგედ იყენებენ. ეს, გარდა იმისა, რომ სრულიად გაუმართლებელია, დასავლეთის ქვეყნებში აბსოლუტურად წარმოუდგენელიცაა…
შემდეგი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს პირდაპირი რეისები თბილისისკენ, რაც ინვესტორებსაც აფრთხობს და ყველა იმასაც, ვისაც აქ ბიზნესის კეთება სურს. უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ადამიანს ხან ორი დღეც კი ეხარჯება. ძნელია აეროპორტიდან აეროპორტში ხეტიალი, იმიტომ რომ იღლები. მთავრობამ აუცილებლად უნდა იზრუნოს ევროპის ქვეყნებიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების გაზრდაზე…
და, მაინც, მიუხედავად ყველა პრობლემისა, საქართველოში ცხოვრება ძალიან მომწონს. აქ ისეთი ადგილები ვნახე, როგორიც სხვაგან არსად მინახავს. აი, თუნდაც, თუშეთი, სადამდე ასასვლელადაც ველური ბუნება, დაკლაკნილი გზები და საშიში უღელტეხილები უნდა გაიარო… მაგრამ ეს ამად ღირს! თუშეთი ყველაზე ლამაზი ადგილია მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე სადმე მინახავს!
ჰო, მართლა, თუშეთში ერთი საინტერესო ამბავი შემემთხვა. იქ რელიგიურ დღესასწაულზე ჩავედით და რამდენიმე ადგილობრივი გავიცანით. ერთ-ერთი გამომელაპარაკა, მკითხა, ვინა ხარ, სადაურიო? ვუპასუხე, ინგლისელი ვარ, ლონდონიდან, მაგრამ ახლა თბილისში ვცხოვრობ-მეთქი. იცით, რა მითხრა? რახან თბილისში ცხოვრობ, ესე იგი, ქართველი ხარო!
არ იცით, როგორ მესიამოვნა ამ სიტყვების მოსმენა. საოცრად მახარებს იმის შეგრძნება, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისიანად მიმიღო და აქ თავს უცხოდ არ ვგრძნობ.