23:32 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
41131

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იგივე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. ამჯერად შემოთავაზებული ნარკვევის გმირი გახლავთ რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მიხაილ შოლოხოვი, რომელიც ორჯერ სტუმრობდა საქართველოს - 1961 და 1968 წლებში.

ბესიკ ფიფია

მიხაილ შოლოხოვმა, როგორც უკვე რუსული ლიტერატურის კლასიკოსმა, ქართულ მიწაზე 1961 წლის 19 ივნისს დადგა ფეხი. იგი თბილისში როსტოვიდან ჩამოფრინდა. «წყნარი დონისა» და «გატეხილი ყამირის» ავტორს აეროპორტში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნები: პავლე კოვანოვი, გიორგი ჯიბლაძე, გაზეთ «კომუნისტის» რედაქტორი დავით მჭედლიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი ირაკლი აბაშიძე, საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე დახვდნენ.

გიორგი ლეონიძე და მიხაილ შოლოხოვი
საქართველოს ეროვნული არქივი
გიორგი ლეონიძე და მიხაილ შოლოხოვი

აეროპორტიდან სტუმარი წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში წაიყვანეს. აი, რას წერს მოგონებებში ირაკლი აბაშიძე:

«როდესაც ერთად შევიკრიბეთ, შოლოხოვის ჩვენთან სტუმრობის დღეების გეგმის განხილვა დავიწყეთ, ვმსჯელობდით, მისთვის უპირველესად საქართველოს რომელი კუთხეები გვეჩვენებინა.

— იქნებ რუსთავით დავიწყოთ? აქვეა, თბილისის გვერდით, — აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.

— რუსთავი?— შეეკითხა შოლოხოვი.

— დიახ, რუსთავი — ახალგაზრდა ქალაქი, რომელიც საქართველოს მიწაზე ომის შემდეგ წლებში წამოიზარდა. ჩვენი მეტალურგიის დედაქალაქი… ფოლადჩამომსხმელი ქარხანა, ქიმიური კომბინატი, მილსაგლინავი, კაპროლაქტამის წარმოება…

შოლოხოვი დუმდა.

— იქნებ უფრო შორეული ადგილებიდან დაგვეწყო — ტერიტორიულადაც და ისტორიულადაც, მაგალითად, ვარძიით?— შემოგვთავაზა მეორემ.

— ეს რა ადგილია — ვარძია?— იკითხა მიხაილ ალექსანდრეს ძემ.

— კლდეში გამოკვეთილი ქალაქია, შოთა რუსთაველის ეპოქა, XI-XII საუკუნეები…

— ჩვენც იქით წავიდეთ. ქარხნები ბევრი მინახავს. მე მინდა საქართველო ვნახო, მის ისტორიას, რუსთაველის ადგილებს გავეცნო… უმჯობესია, საქმე იქიდან დავიწყოთ, საიდანაც იგი საუკუნეების წინ დაიწყო.

მეორე დღეს გეზი ვარძიისკენ ავიღეთ.

ვარძიის გამოქვაბულები
© Sputnik / Alexander Imedashvili
ვარძიის გამოქვაბულები

ამ ძველი ქალაქისკენ გზა მთლიანად მდინარე მტკვრის ხეობას მიუყვება, დინების აღმა, თითქმის მის სათავეებამდე. ეს მხარე საქართველოს კულტურის ერთ-ერთ მთავარ აკვნად მიიჩნევა».

მიხაილ შოლოხოვი გააოცა კლდეში გამოკვეთილმა გამოქვაბულებისგან შემდგარმა ქალაქმა ვარძიამ, მწერალი უდიდესი ინტერესით ათვალიერებდა ურიცხვ დარბაზებს, ფრესკებთან ჩერდებოდა, ითხოვა დაწვრილებით ესაუბრათ წარსულის ამ უნიკალურ ძეგლზე.

«რა ხელმა გადააქცია კლდე ქალაქად! — წამოიძახა სტუმარმა. — ვინ იყო ის გოლიათი ოსტატი, რომელმაც კლდეში ეს უზარმაზარი დარბაზები გამოკვეთა! ასეთის აგება მხოლოდ გმირ ხალხს შეეძლო! ბედნიერი ვარ, რომ ვნახე და შევიტყვე საქართველოს წარსული!»

მიხაილ შოლოხოვი ეწვია მცხეთას, ავიდა მთაზე, სადაც აღმართულია ჯვრის მონასტერი — მეექვსე საუკუნის ძეგლი, იმოგზაურა საქართველოს სამხედრო გზით. მწერალი კახეთში მევენახეებს, გლეხებს, პედაგოგებს შეხვდა. ამბობდა მაღალი მთების, ბარაქის, ღვინის, სიყვარულის სადღეგრძელოებს, უსმენდა ქართულ სიმღერებს. «თქვენს სიმღერებში თქვენი მდინარეების დუდუნი ისმის, — აღნიშნა მწერალმა. — ქართველი ხალხი — გენიალური კომპოზიტორია!»

ჯვრის მონასტერი
Sputnik/ ს. ვართანესოვი
ჯვრის მონასტერი

ქართველი მეფეების რეზიდენციაში — სიღნაღში ასულმა მწერალმა წარმოთქვა: «სიღნაღი, ალბათ, იმისთვის ააშენეს, რომ ამ არაჩვეულებრივი ალაზნის ველით დამტკბარიყვნენ. მართლაც, გასაოცარი ქვეყანა გაქვთ. რა სივრცეებია! არ ნახო ალაზნის ველის სილამაზე — დანაშაულია».

წინანდალში შოლოხოვი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ეწვია და მნახველთა წიგნში ჩანაწერი დატოვა: «წმინდად შეინახეთ ეს ყოველივე, რაც დაკავშირებულია ჭავჭავაძის სახელთან, საქართველოს ისტორიასთან, გრიბოედოვის სულისშემძვრელი სიყვარულის ისტორიასთან. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, ოდითგანვე მონათესავე კულტურების ისტორია, უკვდავებაში გადასულთა მწარე და საამო ისტორია».

ექვსი დღის განმავლობაში შოლოხოვმა ნახევარი საქართველო შემოიარა. ვიღაცამ მწერალს ჰკითხა, ხომ არ დაიღალეთო?

— არა, — უპასუხა მან. — სიყვარულისგან არ იღლებიან. მე ბევრი რამ სასიხარულო და საამური ვნახე. აქ ჩემთვის ყველაფერი მშობლიური, მახლობელი, ძვირფასი იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე საქართველოში არ ვყოფილვარ.

ალავერდის ტაძარი (საარქივო ფოტო)
© photo: Sputnik
ალავერდის ტაძარი (საარქივო ფოტო)

მიხაილ შოლოხოვმა ამ მოგზაურობაში მის თანმხლებს ირაკლი აბაშიძეს უთხრა:

— რა სამწუხაროა, ირაკლი, რომ მე და კოლია შენგელაია მის სამშობლოში არ შევხვედრივართ.

შემდეგ კი დაამატა:

— მაჩვენე შენგელაიას შვილები…

მაგრამ იმ დროს კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას შვილები — ელდარი და გიორგი — თბილისში არ აღმოჩნდნენ, ისინი სადღაც მთებში ფილმს იღებდნენ. მწერალმა გაიხსენა, რომ სამი ათეული წლის წინ მან გაიცნო ნიკოლოზ შენგელაია, საქართველოს შესახებ მისგან ისმენდა და ასე შეიყვარა ეს ქვეყანა. ისინი კი ერთმანეთს შეახვედრა რომანმა «გატეხილი ყამირი». 1933 წელს ნიკოლოზ შენგელაიამ თბილისის ვაგზალზე საგაზეთო ჯიხურში შემთხვევით იყიდა წიგნი «გატეხილი ყამირი». როდესაც უკანასკნელ გვერდებს კითხულობდა, კინორეჟისორს უკვე მაშინ გაუჩნდა ამ ფილმის გადაღების იდეა. მალე მიხაილ შოლოხოვს შეხვდა და მისგან წიგნის ეკრანიზაციის ნებართვა მიიღო. შემოქმედებითი კავშირი დაამყარეს და სცენარზე მუშაობის შესახებაც მოილაპარაკეს.

შემდეგ ნიკოლოზ შენგელაია, მეორე რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, ოპერატორი ანტონ პოლიკევიჩი სტანიცა ვეშენსკაიაში მიხაილ შოლოხოვთან გაემგზავრნენ. «გატეხილი ყამირის» ავტორი ლიტერატურულ სცენარს ყოველ საღამოს წერდა, ნიკოლოზ შენგელაია ამ ტექსტს კითხულობდა და რეჟისორული შესწორებები შეჰქონდა. შოლოხოვმა გადამღებ ჯგუფთან ერთად ხუტორები და სტანიცები მოიარა, კინოს მუშაკებს კაზაკების ცხოვრების წესსა და თავისებურებებს აცნობდა, მისი რომანის გმირების პროტოტიპებს აჩვენებდა.

ირაკლი აბაშიძე, ვასილი მჟავანაძე და მიხაილ შოლოხოვი, 1961 წელი
საქართველოს ეროვნული არქივი
ირაკლი აბაშიძე, ვასილი მჟავანაძე და მიხაილ შოლოხოვი, 1961 წელი

«მასალის ლიტერატურული დამუშავება დავამთავრე და მას თამამად ვანდობ რეჟისორს, რათა ჩემი იდეები და აზრები გარდასახოს სრულფასოვან კინემატოგრაფიულ ნაწარმოებად, — წერდა მიხაილ შოლოხოვი. — სცენარზე ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ აჩვენა, რომ შენგელაიას ჩემი ესმის და ჩემსავით აღიქვამს «გატეხილი ყამირის» გმირებს. ეს საშუალებას მაძლევს, იმედი ვიქონიო, რომ ფილმის გმირებში ჩემთვის ახლობელ, ჩემ მიერ შექმნილ გმირებს ამოვიცნობ…»

როდესაც სარეჟისორო სცენარი დამთავრდა, მოსკოვიდან ვეშენსკაიაში მოვიდა ცნობა ფილმის გადაღების შეწყვეტის შესახებ. ყოველგვარი წინასწარი საუბრებისა და განმარტებების გარეშე.

იდგა 1934 წელი.

…საქართველოდან გამგზავრების დღეს, 1961 წლის 25 ივნისს, წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში მიხაილ შოლოხოვი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მიიღო. საქართველოს პარტიულმა ხელმძღვანელმა მწერალი აეროპორტამდე პირადად გააცილა.

დონის როსტოვში ჩასულმა მწერალმა გაზეთ «კომუნისტის» რედაქციას თბილისში დეპეშა გამოუგზავნა:

«ჩემს ქართველ მეგობრებს. ნაღვლიანმა დავტოვე თქვენი შესანიშნავი ქვეყანა. არც ისე ადვილია, თავადაც გესმით, დატოვო ის, რაც გულთან ასე ახლოს მოვიდა. დაგტოვეთ, მაგრამ იმედი მაქვს ახალი შეხვედრებისა, კიდევ ერთხელ გეხვევით და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. თქვენი შოლოხოვი. 25.6.61».

მწერალი მიხაილ შოლოხოვი
Sputnik/ ივან დენისენკო
მწერალი მიხაილ შოლოხოვი

მეორე გაზეთს, «სოფლის ცხოვრებას», «გატეხილი ყამირის» ავტორმა მიმართვა გამოუგზავნა ჩაის პლანტაციებში მომუშავე ქალებისადმი:

«ჩემდა სამარცხვინოდ, საქართველოში ჩამოსვლამდე არ ვიცოდი, თუ რა მძიმეა თქვენი შრომა. ამიტომ განსაკუთრებული სალამი თქვენ და გულიანი ჩახუტებაც. თუ მე ყველა თქვენგანს ვეხვევი — ეს უკვე აღარ არის საშიში, თანაც თუ ისინი, ვისაც თქვენ უყვარხართ, გაითვალისწინებენ, რომ მე უკვე მეექვსე ათწლეულში ვარ, მაშინ ჩემი ეს ჩახუტება მათ ეჭვიანობას არ გამოიწვევს, სამაგიეროდ მათ სულებში გაიღვიძებს სიამაყის გრძნობა ქართველი ქალების გამო, როგორც ჩემს სულში გაიღვიძა».

…წლების შემდეგ მიხეილ შოლოხოვმა საქართველოდან მიიღო წერილი-მიწვევა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მახარაძის რაიონის სოფელ ნატანების მეჩაიეებმა გლეხური ცხოვრების მცოდნე მწერალი ლენინის სახელობის კოლმეურნეობის საპატიო წევრად აირჩიეს და მისი სტუმრად მიწვევა სურთ. და 1968 წლის ზაფხულში, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი მიხეილ შოლოხოვი ქართველ მეჩაიეებს ესტუმრა მეუღლესთან — მარია პეტრეს ასულთან და შვილიშვილებთან — საშასა და ანდრიუშასთან ერთად.

«დიდი მადლობა ჩემდამი გამოჩენილი უდიდესი პატივისთვის, — მიმართა ნობელიანტმა ნატანების მცხოვრებლებს. — თქვენი კოლმეურნეობის საპატიო წევრის წოდებას მე უფრო დიდი სიამაყით ვატარებ, ვიდრე უცხოეთის სხვადასხვა სახელგანთქმულ დაწესებულებათა წოდებებს…»

მიხაილ შოლოხოვი მეუღლესთან ერთად
საქართველოს ეროვნულ იარქივი
მიხაილ შოლოხოვი მეუღლესთან ერთად

მწერალი კოლმეურნეობაში ორი დღით დარჩა, რესპუბლიკის მეჩაიეთა მეურნეობას გაეცნო, ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები დაათვალიერა, გლეხების საუბრებს უსმენდა. კოლმეურნე კონსტანტინე გუჯაბიძესთან საუბრისას მწერალმა შეიტყო, რომ დიდ სამამულო ომში კონსტანტინემ თავისი ხუთივე ვაჟიშვილი ფრონტზე გაგზავნა, ოთხი მათგანი შინ არ დაბრუნებულა. დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად მან გუჯაბიძესთან ერთად კოლმეურნეობის მეგობრობის ბაღში ოთხი მანდარინის ხე დარგო.

მიხაილ შოლოხოვმა იქვე ნახა ჩაის საკრეფი მანქანა «საქართველოს» მუშაობაც, რომელიც სულ ახალი შემოსული იყო. მწერალმა წარმოთქვა:

— სულითა და გულით მიხარია, რომ ქართველი მეჩაიე ქალების შრომა პლანტაციებში, ბოლოს და ბოლოს, ნაწილობრივ მაინც შემსუბუქდა.

გამგზავრების წინ შოლოხოვმა კოლმეურნეობის საპატიო სტუმრების წიგნში ჩაწერა:

«ლენინის სახელობის კოლმეურნეობის რიგითი კოლმეურნე, რომელიც დიდი ხნის არყოფნის შემდეგ ჩამოვედი მშობლიურ კოლმეურნეობაში, აღფრთოვანებული ვარ კოლმეურნეობის წარმატებებით და, ვტოვებ რა ნატანების სტუმართმოყვარე მიწას, კოლმეურნეებსა და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს გივი წითლიძეს ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს, კეთილდღეობასა და აყვავებას. მ. შოლოხოვი 21.8.68 წ.»

საქართველოში მეორედ მოგზაურობის დროს მიხეილ შოლოხოვი იყო ბათუმში, ავიდა რიწის ტბაზე. კურორტი დაათვალიერა, ტბაზე კატარღით ისეირნა და ითევზავა. აქ, სტალინის აგარაკზე მას ბანკეტი მოუწყვეს. მწერალმა ორჯერ წარმოთქვა იოსებ სტალინის სადღეგრძელო.

«რომანის იდეა, რომელზეც მე ვმუშაობ, ჯერ კიდევ ომის დროს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა მიკარნახა, — წარმოთქვა წყნარი დონის შვილმა. — უფრო სწორად, ასეთი რომანის დაწერა დამავალა. მაშინ მე მას ვუპასუხე: გამიჭირდება იოსებ ბესარიონის ძევ, სამხედრო კორესპონდენტის მოვალეობანი რომანზე მუშაობას შევუთავსო-მეთქი. მან კი მითხრა: ყველას გვიჭირს, უნდა ვცადოთო».

მიხაილ შოლოხოვი ლიმნის ხეს თესავს
საქართველოს ეროვნული არქივი
მიხაილ შოლოხოვი ლიმნის ხეს თესავს

სუფრის წევრთა შორის იყო ცნობილი აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბა. ლხინისას მწერლებმა ერთმანეთი გაიცნეს, ისაუბრეს. ბაგრატ შინკუბას არ ესიამოვნა, რომ მიხეილ შოლოხოვი აფხაზეთში სულ რამდენიმე საათს დაჰყოფდა და მხოლოდ მაიმუნსაშენის ნახვას მოასწრებდა. აფხაზმა მწერალმა მოუქნელად გამოთქვა, რომ აფხაზეთში, მაიმუნების გარდა, არის კიდევ ძველი ხალხიც, რომლის გაცნობაც ურიგო არ იქნებოდა. მიხეილ შოლოხოვმა პასუხის ნაცვლად მხრები აიჩეჩა და შეხვედრის აღსანიშნავად ბაგრატ შინკუბას ფინური დანა აჩუქა.

უკანა გზაზე «გატეხილი ყამირის» ავტორი მაღალ ბორცვზე ავიდა, რომელიც შავ ზღვას დასცქერის, მეორე ზღვას — ციტრუსოვანთა ბაღებს გადმოხედა და წარმოთქვა:

«აი, თქვენი ქართული გატეხილი ყამირი!»

მთავარი თემები