18:04 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
მიხეილ ლერმონტოვი

მიხეილ ლერმონტოვი: „ბებია რომ არა, გულახდილად რომ ვთქვა, სიამოვნებით დავრჩებოდი აქ“

© photo: Sputnik / В. Шияновский
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)
105731

Sputnik–ის პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“, რომელიც ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული, მიხალი ლერმონტოვზე მოგითხრობთ, რომელმაც საქართველოს მთელი რიგი პოეტური ნაწარმოებები მიუძღვნა და მხატვრული სურათების სერია შექმნა.

ბესიკ ფიფია

1837 წლის თებერვალში ლექსისათვის „პოეტის სიკვდილი“ მიხეილ ლერმონტოვი დააპატიმრეს და, იმპერატორის ბრძანებით, გამოძიების შემდეგ კავკასიაში გადაასახლეს. 25 თებერვალს სამხედრო მინისტრმა, თავადმა ალექსანდრე ჩერნიშევმა ჟანდარმების შეფს, გრაფ ალექსანდრე ბენკენდორფს „უმაღლესი ბრძანება“ აცნობა: „ლეიბგვარდიის ჰუსართა პოლკის კორნეტი ლერმონტოვი, თქვენი ბრწყინვალებისთვის ცნობილი ლექსების შეთხზვისთვის, გადაყვანილ იქნეს იმავე ჩინით ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, ხოლო გუბერნიის მდივანი რაევსკი, ამ ლექსის გავრცელებისთვის… იყოლიეთ პატიმრობაში ერთი თვის განმავლობაში…“

ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკი თბილისიდან ას ვერსში — კახეთში, ყარაღაჯთან იდგა. 1837 წლის აპრილში ლერმონტოვი დანიშნულების ადგილზე გაემგზავრა, თუმცა იქ მხოლოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩავიდა საქართველოს სამხედრო გზით. სანამ ლერმონტოვი მოგზაურობდა, მისი ბებია ელიზავეტა არსენის ასული, რომელსაც თავისი მიშელი უსაზღვროდ უყვარდა, დაბეჯითებით ცდილობდა ხელისუფლებისგან შერისხული შვილიშვილის შეწყალებისთვის მიეღწია. და მიაღწია კიდეც იმას, რომ იგი ნოვგოროდის გუბერნიაში განთავსებულ გროდნოს ჰუსართა პოლკში გადაეყვანათ. 1837 წლის დეკემბერში იმავე საქართველოს სამხედრო გზით ლერმონტოვი რუსეთში დაბრუნდა.

მიხაილ ლერმონტოვის რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზა მცხეთასთან ახლოს, ზეთი, 1837 წელი
არქივი
მიხაილ ლერმონტოვის "რუსეთ-საქართველოს სამხედრო გზა მცხეთასთან ახლოს", ზეთი, 1837 წელი

1837 წელს ლერმონტოვის საქართველოში ყოფნის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ერთადერთი წყარო ასეთი ცნობებისა არის თავად ლერმონტოვის წერილი სვიატოსლავ რაევსკისადმი, რომელიც თბილისიდან წლის დამლევს, გროდნოს პოლკში გამგზავრებამდეა დაწერილი:

„საყვარელო მეგობარო სვიატოსლავ!

ასე მგონია, რომ ან ჩემი ორი წერილი დაიკარგა ფოსტაში, ან შენები ვერ მოვიდა ჩემამდე, ვინაიდან მას შემდეგ, რაც აქ ვარ, შენ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რასაც ბებია მწერს. როგორც იქნა უკან, გვარდიაში გადამიყვანეს, მაგრამ უკვე გროდნოს პოლკში, და ბებია რომ არა, გულახდილად რომ ვთქვა, სიამოვნებით დავრჩებოდი აქ, რადგან მეეჭვება, რომ საქართველოზე უფრო მხიარული გადასახლება არსებობდეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთიდან გამოვემგზავრე, გინდ დაიჯერე, გინდ არა, დღემდე განუწყვეტლივ ვმოგზაურობ ხან საფოსტო ეკიპაჟით, ხან ცხენზე ამხედრებული; ყიზლარიდან ტამანამდე მთელი მხარე შემოვიარე, გადავდიოდი მთებზე, ვიყავი შუშაში, კუბაში, შემახაში, კახეთში, მეცვა ჩერქეზულად, მხარზე თოფი მქონდა გადაკიდებული. ღამეს ტრიალ მინდორზე ვათევდი, ვიძინებდი ტურების კივილის თანხლებით, ვჭამდი თონის პურს, კახურ ღვინოსაც კი ვსვამდი…

ლერმონტოვის „ჯვრის ხედი კობის ხეობიდან“
არქივი
ლერმონტოვის „ჯვრის ხედი კობის ხეობიდან“

გზაში გავცივდი, მინერალურ წყლებში როცა ჩავედი, სულ რევმატიზმებში ვიყავი. ხალხმა ეტლიდან ხელით გადმომიყვანა, თავად სიარული არ შემეძლო — ერთ თვეში მინერალურმა წყლებმა მთლიანად გამომაკეთა. ასეთი ჯანმრთელი არასოდეს ვყოფილვარ, სამაგიეროდ, სანიმუშო ცხოვრებას ვეწევი. ღვინოს ვსვამ მხოლოდ მაშინ, როდესაც სადმე მთაში ღამით გავიყინები და ადგილზე მისულს გათბობა მჭირდება…  — აქ, ომის გარდა, მეტი სამსახური არაა. მე რაზმში ძალიან გვიან ჩამოვედი, ვინაიდან ხელმწიფემ მეორე ექსპედიციის ნება არ დაგვრთო, გასროლის ხმა აქ მხოლოდ ორ-სამჯერ გავიგონე; სამაგიეროდ ჩემი მოგზაურობის განმავლობაში ორჯერ თავის დაცვა მომიხდა სროლებით: ერთხელ ღამით სამი კაცი კუბადან მოვდიოდით, მე, ერთი ჩვენი პოლკის ოფიცერი და ჩერქეზი (მშვიდობიანი მოქალაქე, რასაკვირველია), — და კინაღამ ლეკების ხროვის ხელში აღმოვჩნდით. აქ ბევრი კარგი ბიჭია, განსაკუთრებით ტფილისში არის მეტად წესიერი ხალხი; და რაც აქ ჭეშმარიტი სიამოვნებაა, ესაა თათრული აბანოები! მე ნაჩქარევად ჩავიხატე რამდენიმე თვალსაჩინო ადგილის სურათი, სადაც ვიყავი და თან გვარიანი კოლექცია მომაქვს. ერთი სიტყვით, ბევრი ვიმოგზაურე. როგორც კი საქართველოსკენ ქედი გადმოვიარე, ეტლი მივატოვე და ცხენზე ამხედრებულმა ვიმგზავრე. თოვლიანი მთის (ჯვარი) მწვერვალზე ავედი, რაც არც ისე იოლია; იქიდან საქართველოს ნახევარი მოჩანს, როგორც ხელის გულზე; და მე არც კი შემიძლია ავხსნა ან აღვწერო ეს გასაოცარი გრძნობა: ჩემთვის მთის ჰაერი — ბალზამია; ჯანდაბას სევდა, გული მიცემს, მკერდი მთელი ძალით სუნთქავს — არაფერი მინდა ამ წუთში; ასე ვიჯდებოდი და ვუყურებდი მთელი ცხოვრება.

დავიწყე თათრულის სწავლა, ენისა, რომელიც აქ და, საერთოდ, აზიაში აუცილებელია ისევე, როგორც ფრანგული ევროპაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე უკვე ვეღარ შევისწავლი, არადა, სამომავლოდ გამომადგებოდა. უკვე ვგეგმავდი მექაში, სპარსეთსა და სხვაგან მგზავრობას, ახლა კი ისღა დამრჩენია, ხივაში პეროვსკის ექსპედიციაში გაშვება ვითხოვო.

ლერმონტოვის ნახატის რეპროდუქცია
Минкевич
ლერმონტოვის ნახატის რეპროდუქცია

ხომ ხედავ, როგორი საშინელი მოხეტიალე გავხდი, როგორც ჩანს, ასეთი ცხოვრების წესი მიზიდავს. თუ გადაწყვეტ და მიპასუხებ, პეტერბურგში მომწერე; სამწუხაროდ, არა ცარსკოე სელოში. ახალ პოლკში გამგზავრება არ მიხარია, ფრონტს სულ გადავეჩვიე და სერიოზულად ვფიქრობ გადადგომაზე.

ნახვამდის, ძვირფასო მეგობარო, არ დამივიწყო, და მაინც გჯეროდეს — ჩემი ყველაზე დიდი დარდი იყო ის, რომ ჩემ გამო შენ დაზარალდი.

მარად შენი ერთგული მ. ლერმონტოვი“.

საქართველო, მისი თავისებური ცხოვრება, ისტორიული წარსული, მისი ხალხური შემოქმედება და ლამაზი ბუნება ლერმონტოვის ისეთ შედევრებში აისახა, როგორებიცაა „დემონი“ და „მწირი“, „ჩვენი დროის გმირი“ და „დავა“, „თერგის საჩუქრები“ და „თამარა“, „პაემანი“, „ჩრდილოეთისკენ სწრაფად მიმავალი“… პოემა „დემონი“ ლერმონტოვმა 14 წლის ასაკში ჩაიფიქრა და მასზე ათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ადრეულ რედაქციებში პოემის მოქმედება დროისა და სივრცის გარეშე მიმდინარეობდა, შემდეგ ლერმონტოვმა პოემის „ებრაელების ბაბილონში დატყვევების“ დროსთან მისადაგება ჩაიფიქრა, მოგვიანებით კი მოქმედება ესპანეთში გადაიტანა. მაგრამ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ ლერმონტოვმა პოემა კარდინალურად გადაამუშავა. კავკასიის მთები, ყაზბეგი, დარიალი, კაიშაურის ველი, არაგვის ნაპირები  — ლერმონტოვის პოემისთვის ყველაზე შესაფერისი გარემო აღმოჩნდა. „დემონის“ ახალ ვარიანტში საქართველოს ბუნებისა და ქართული ფეოდალური ყოფის ვრცელი აღწერები გაჩნდა.

ლერმონტოვის  ტიფლისის რეპროდუქცია
М. Филимонов
ლერმონტოვის "ტიფლისის" რეპროდუქცია

პოემა „მწირის“ მოქმედება ლერმონტოვმა ჯვრის მონასტერში გადაიტანა, რომელიც აღმართულია მთის წვერზე მტკვრისა და არაგვის შესაყართან. პოემაში აღწერილით თუ ვიმსჯელებთ, ლერმონტოვი თავად ავიდა მთაზე და დაათვალიერა VI საუკუნის სამონასტრო ნაგებობა — მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში:

„მას შემდეგ ცოტა გასულა ხანი:
სადაც მტკვრისა და არაგვის წყალნი
ერთმანეთს გვრგვინვით უერთდებიან
და ჩახვეულნი, თითქოს დებია.

იქ მონასტერი იყო; და ახლაც
მგზავრი მთებიდან შორს დაინახავს,
ნამზღვლევი ჭიშკრის ამართულ სვეტებს,
ტაძრის კამარას და კოშკის წვეტებს…“

მიხაილ ლერმონტოვის მხატვრული ტილო.
არქივი
მიხაილ ლერმონტოვის მხატვრული ტილო.

ხოლო პოემა „მწირის“ ცენტრალური ეპიზოდი — ვეფხვთან შებმა — ლერმონტოვს ვეფხვისა და მოყმის შესახებ საქართველოს მთიანეთში გავრცელებულმა ძველებურმა ბალადამ შთააგონა, რომელიც საქართველოში გამორჩეულად უყვართ ხალხური პოეზიის ნაწარმოებთა შორის. ამ ძველი ბალადის თემა ჯერ კიდევ XII საუკუნეში გამოიყენა შოთა რუსთაველმა თავის პოემა „ვეფხისტყაოსანში“.
ანდა როგორი განცდებია — ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და მეხსიერებიდან წარუშლელი სტრიქონები, თავისუფლებისა და ბუნებისადმი ჩვენებური კაცის ასეთ შეუდარებელ სიყვარულს რომ გამოხატავს:

„რას ვაკეთებდი გაჭრილი სოფლად?
ო, იმ სამ ნეტარ დღის შეუცნობლად,
მწამს, იქნებოდა სიცოცხლე ჩემი
უფრო შავბნელი და მოსაწყენი“
(თარგმანი დავით გაჩეჩილაძისა).

დიდ პოეტს საქართველო, მისი ბუნება და ხალხი ლექსებშიც არ დავიწყებია. გავიხსენოთ მისი უსათაურო ლექსი:

„ჩრდილოეთისკენ მივემგზავრები
უიარაღო და უფარაჯო.
თეთრო ყაზბეგო, მოგესალმები,
აღმოსავლეთის თეთრო დარაჯო.

ავდარია თუ მზე გეუფლება,
ეგ შენი ჩალმა ელავს ნიადაგ,
ვერ შესწვდენია შენს მეუფებას
ამაყი დრტვინვა ადამიანთა.

სულს სანუგეშოდ არა უნდა რა,
ოღონდ ერთსა გთხოვ, მთაო ტიტანო:
ჩემი ლოცვა და ხვეწნა-მუდარა
მაღალ ღმერთამდის რომ აიტანო“.
(თარგმანი ოთარ შალამბერიძისა).

ლერმონტოვი: „მას შემდეგ ცოტა გასულა ხანი: სადაც მტკვრისა და არაგვის წყალნი, ერთმანეთს გვრგვინვით უერთდებიან და ჩახვეულნი, თითქოს დებია.
© Sputnik / Levan Avlabreli
ლერმონტოვი: „მას შემდეგ ცოტა გასულა ხანი: სადაც მტკვრისა და არაგვის წყალნი, ერთმანეთს გვრგვინვით უერთდებიან და ჩახვეულნი, თითქოს დებია".

სხვათა შორის, ლექსი თბილისში, ან, შესაძლოა, საქართველოს სამხედრო გზაზე, გადასახლებიდან რუსეთში დაბრუნების წინ დაიწერა.

ანდა ქართველი მამაკაცის როგორი შეფასებაა დიდი პოეტის ასევე უსათაურო ლექსში. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ქართველი ქალი, მისი აღნაგობა, სილამაზე, მომხიბვლელობა მრავალი უცხოელი მწერლის, პოეტის თუ, უბრალოდ, მოგზაურის აღფრთოვანების ნიმუში გამხდარა, აი, მამაკაცებზე კი — ცოტა იშვიათობაა. ამიტომ მიგვაჩნია იგი გამორჩეულად და სანიმუშოდ:

„კმარა, ცრემლები ნუღა გერევა,
წუხილი ნუღა გიდგას თვალებში.
ხუმრობა იყო ის მოფერება,
გართობა იყო მისი ალერსი.
ახოვანი და კოხტა ვაჟები
საქართველოში ცოტა როდია!
შავი თვალებით და ულვაშებით
მათ ბევრის გული დაუკოდიათ“.

(თარგმანი შოთა ნიშნიანიძისა).

მიხეილ ლერმონტოვი საქართველოში ყოფნისას ქართველ საზოგადოებას, მათ შორის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს დაუახლოვდა. არის მოსაზრება, რომ ლერმონტოვმა მის ასულს ეკატერინე ჭავჭავაძეს სამი ლექსი უძღვნა, რომელთა პოეტური ფაქტურა ძალიან წააგავს იმავე ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს.

მიხაილ ლერმონტოვის ძეგლი
ბესიკ ფიფია
მიხაილ ლერმონტოვის ძეგლი

ლერმონტოვი აგრეთვე ნიჭიერი მხატვარიც იყო. მისი ოჯახის გადმოცემით, ხატვა მან უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლექსების წერა. ხატვისა და ფერწერის გაკვეთილებს კი ის მხატვარ პეტრე ზაბოლოცკისგან იღებდა. საქართველოში გადმოსახლების დროს ლერმონტოვმა ნახატების მთელი სერია შექმნა, ჩვენამდე მხოლოდ ექვსმა ნახატმა მოაღწია: „ჯვრის ხედი კობის ხეობიდან“, „ნანგრევები არაგვის პირას საქართველოში“; ოთხ ნახატს სახელწოდება არა აქვს და მათზე ასახულია: კოშკი ხეობაში (ალბათ, დარიალის ხეობაში), მეორე ხეობა, სადაც გზაზე ურემი მიდის, გოგონები, რომლებიც ქართული სახლის ბანზე ცეკვავენ, და ტფილისის მეიდანი მეტეხის ციხის ხედით.

„ქართული ნაწარმოებების“ შექმნით ლერმონტოვმა, ბესარიონ ბელინსკის სიტყვებით, „…სამაგიერო სრულად გადაუხადა ჯადოსნურ ქვეყანას, რომელმაც მის პოეტურ სულს საუკეთესო, უმდიდრესი შთაბეჭდილებები მისცა“.

საქართველოს ყოველ ქალაქში არის ქუჩა, რომელიც მიხეილ ლერმონტოვის სახელს ატარებს. ხოლო იმ ადგილზე, სადაც „მტკვრისა და არაგვის წყალნი ერთმანეთს გრგვინვით უერთდებიან“, აღმართულია პოეტის ძეგლი.

თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)

მთავარი თემები