ავანტიურისტი ბლუზმენი, საიდუმლო სამხედრო პოლიგონი, პატენტი N6, ჯუნა და ბევრიც სხვა...

© DENIS ASLANOVვალერი ხომერიკი
ვალერი ხომერიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა 67 წლის ვარ, ეს ის ასაკია, როცა ადამიანს თავისი წარსული ხშირად ახსენდება, ზოგი იქ სასიამოვნოს პოულობს, ზოგი პირიქით. მე კი წარსულში ბევრ საინტერესოს ვპოულობ...

მასალა ვრცელი გამოვიდა, მაგრამ, დამიჯერეთ, მისი ბოლომდე წაკითხვა ღირს. მით უფრო, რომ ამ ადამიანზე სრულყოფილი ინფორმაცია ინტერნეტში არც არსებობს. საქმე ეხება პიროვნებას, რომელიც ერთდროულად არის ბლუზმენი, საბჭოთა პერიოდში გასაიდუმლოებული სამხედრო პოლიგონის სპეციალისტი, ერთადერთი, რომელიც საქართველოში ბიოენერგეტიკულ სფეროში პატენტს გასცემს და კიდევ ბევრი სხვა რამ… ის ჯერ კიდევ მაშინ ეძებდა განსხვავებულ საქმესა და ჰობის, როცა სიტყვა,,კრეატიული“ ჩვენ ლექსიკონში არც არსებობდა. თუმცა აჯობებს ვალერი ხომერიკის საინტერესო ცხოვრების იმპროვიზაციებს თავად გაეცნოთ…

© DENIS ASLANOVვალერი ხომერიკი
ვალერი ხომერიკი - Sputnik საქართველო
ვალერი ხომერიკი

– ბატონო ვალერი, როგორც ჩანს, ყველა დროში ახალსა და უჩვეულოს ეძებდით და აგნებდით კიდეც…

— ახლა 67 წლის ვარ. ეს ის ასაკია, როცა ადამიანს თავისი წარსული ხშირად ახსენდება. ზოგი იქ სასიამოვნოს პოულობს, ზოგი პირიქით. მე წარსულში ბევრ საინტერესოს ვპოულობ. დავიწყოთ სტუდენტობით, რომელიც მოსკოვში გავატარე – საავიაციო ინსტიტუტში რადიოლოკაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მერე სამუშაოდ ამ მიმართულების მწვერვალზე, ჩკალოვის სახელობის სამხედრო–კვლევით ინსტიტუტში მოვხვდი. ახლა მას ჩკალოვის სახელობის სახელმწიფო კვლევითი ცენტრი ჰქვია. ესაა რუსული ავიაციის N1 ცენტრი, სადაც ახალი თვითმფრინავების გამოცდა ხდება. ბედმა გამიღიმა და ცხოვრებაში ბევრ რუს ცნობილ გმირს შევხვდი. მათ შორის იყო ამჟამად გენერალ-პოლკოვნიკი, რუსეთის გმირი, დამსახურებული მფრინავ-გამომცდელი სტეფან მიქოიანი, რომელიც იმ დიდი მიქოიანის ძმიშვილია. ის დიდი არტიომ მიქოიანიც ნანახი მყავს. ახალგაზრდობა მიქოიანის საკონსტრუქტორო ბიუროში გავატარე, იქ ბევრ ცნობილ მფრინავს შევხვდი. ნანახი მყავს ამ ცენტრში მოსული გაგარინიც, რომელიც პოპოვიჩთან ერთად მოდიოდა ხოლმე. ეს ისეთი ადგილია, სადაც საიდუმლოების მაღალი დონე იყო და აღნიშნული ტერიტორია „კგბ“-ს მიერ სამი ნულით შეფასებულ საიდუმლო ადგილს წარმოადგენდა. ამ პოლიგონთან ახლოს რუსეთის რაკეტების საცდელი ცენტრი „კაპუსტინ-ია“იყო. ეს ადგილი ამერიკულ ფილმებში დარტყმის N1 წერტილადაა აღნიშნული. აქ რაკეტის აფეთქებაც ბევრჯერ მინახავს. ვმუშაობდი გასაიდუმლოებულ თვითმფრინავზე „მიგ-25“, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დიდი მიღწევა იყო. ასეთი თვითმფრინავი ამერიკელებს არ ჰქონდათ. ვიეტნამის ომში დიდი ჯილდო იყო გამოცხადებული მათთვის, ვინც მას ჩამოაგდებდა. აი, ამ ფონზე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ჯაზი…

– საინტერესოა, რა კავშირი აქვთ გასაიდუმლოებულ რუსულ„ მიგ-25“-ს და ამერიკულ ჯაზს?

— ახლავე აგიხსნით. ჩემი ცხოვრების პრინციპია, რომ კარგი სამსახურის გარდა ყოველთვის საინტერესო ჰობიც მქონდეს. თუ ჰობი სამსახურად იქცეოდა, მაშინ ახალ გატაცებას ვეძებდი. ადრე ყოველ სამხედრო ნაწილში მუსიკალური ანსამბლი იყო. ერთი ასეთი პოლიგონზეც არსებობდა, ვინც საუკეთესო მუსიკოსი იყო, ყველა იქ მიჰყავდათ. მოკლედ, თავისუფალ დროს ადგილობრივ ანსამბლს ვუსმენდი. აქ ჯარისკაცები თავის სამხედრო მოვალეობას იხდიდნენ და თან ანსამბლში იყვნენ. ისინი, გარდა აუცილებელი რეპერტუარისა, ჩუმად ჯაზსაც უკრავდნენ. სამხედრო ანსამბლში, რომელსაც,,ინტელექტი“ ერქვა, დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავდი. მახსოვს, როცა პოლკოვნიკი დარბაზში იჯდა, მუსიკოსები აუცილებელ საბჭოთა რეპერტუარს ვასრულებდით. როცა ის გადიოდა და მარტო ვრჩებოდით, მაშინ ჯაზზე გადავდიოდით. სხვათა შორის, იმ ანსამბლში იყო თავის დროზე ცნობილი ოლეგ ლუნდსტრემიც, რომელიც შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და მისი ორკესტრი ჯაზს აქაც უკრავდა. ხომ იცით, რომ მუსიკას უზარმაზარი ძალა აქვს? ჰო და, ჯაზიც საბჭოთა წყობას შიგნიდან ჭამდა…

– და ამ რეალობაში, რაზეც ახლა მიყვებით, გაჩნდა იმ დროისთვის ახალი სფერო — ბიოენერგეტიკა. თუ არ ვცდები, სწორედ მამათქვენს ეკუთვნის ტერმინი „ბიოველი“, ასეა?

— დიახ, ასეა. მამაჩემი რევაზ ხომერიკი სამხედრო ოფიცერი და ცნობილი ბიოფიზიკოსი იყო. ამას გარდა ბიოენერგეტიკულ ძალასაც ფლობდა, მაგრამ იმდროინდელი ჯანდაცვა ამ სფეროს არ სცნობდა. 1969 წელს მათე მირიანაშვილმა მამაჩემს თბილისში ბინა მისცა. როცა 1972 წელს, რუსული ლაბორატორიების მერე მან თბილისში საცოდავი დაძველებული დანადგარები ნახა, გადაირია კაცი. მაშინ მეც უმუშევარი დავრჩი, იმ დროს ცოლი მყავდა და შვილს ველოდებოდით. რა სამსახურსაც მთავაზობდნენ, ყველაფერზე მეცინებოდა, რადგან აქაური ტექნოლოგიის დონე არ მომწონდა და უკეთესს ვეძებდი. იმ დროს საბჭოთა კავშირის ყველა ქარხანაში იყო სამხედრო წარმომადგენელი, რომელიც ქარხნიდან სამხედრო სფეროსთვის საჭირო ნაწილებს იღებდა. გაერთიანება „ორიონში“ და „ელვაში“ და კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ანუ საქართველოში ამ სამი ადგილის სამხედრო წარმომადგენელი სწორედ მე ვიყავი… რაც შეეხება ბიოენერგეტიკას, დაახლოებით 1989 წელს თბილისში ამგვარი კურსების ბუმი იყო. ჯანდაცვის სამინიტროს წერილი მივწერეთ, რომ ჩვენთვის პრაქტიკული საქმიანობის უფლება მოეცათ. ამის მერე პატენტი N6 — ხომერიკის ადამიანის ბიო-ენერგო-კორექციის ხერხი დაარეგისტრირეს და ამ ხერხის გამოცდის უფლება ჩვენ მოგვცეს.

– თქვენ ამ სფეროსაც მოუძებნეთ შემოქმედებით-პრაქტიკული ათვისების საბაბი?

— აბა!.. აი, უმაღლეს ტექნოლოგიებთან რომ მქონდა წვდომა, მაგ დროსაც გულში სულ ჯაზს ვღიღინებდი. ის ცოდნა, რაც მოსკოვში მივიღე, აქ გამომადგა და, იცით, რა დავიწყე?— ღამ-ღამობით სცენის მუსიკალური აპარატურის დამზადება, რომელიც იმ დროისთვის დეფიციტი იყო! ჩემს პოლკოვნიკს რომ გაეგო რას ვსაქმიანობდი, შავ დღეს დამაყრიდა… მოკლედ, იმდენი მსურველი მოგროვდა, იმდენი, რომ საქმე თავზე საყრელი იყო. საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში სასცენო აპარატურას მარტო მე ვამზადებდი. წარმოიდგინეთ, იმ დროს ინჟინრის ხელფასი 180 მანეთი იყო, დირექტორის — 250. მე კი ამ საქმით თვეში 2 000 მანეთს ვაკეთებდი! ეს ძალიან დიდი ფული იყო. 1980 წელს თბილისში საბჭოთა კავშირში პირველი როკ-ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც „გაზაფხულის რიტმები“ ერქვა. ეს იყო როკის პირველი მერცხალი კავშირში და ამ ფესტივალზეც მარტო ჩემი აპარატურა გამოიყენეს.

– ამბობენ, საქართველოში ყველაზე ძლიერი ბიოენერგეტიკული ველის მქონე ადამიანი თბილისელი რუსი სამხედრო კრივოროტოვი თქვენი მამის აღმოჩენილი და,,დატესტილია“?

— როცა მამა ადამიანის ბიოველს იკვლევდა, მე ვეხმარებოდი მას და მთელ თბილისში ძლიერი ბიოველის მქონე ადამიანებს ვეძებდით. აღმოვაჩინეთ კიდეც. ყველაზე ძლიერი თბილისსა და საქართველოში ყოფილი სამხედრო პირი ალექსი კრივოროტოვი იყო, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და უძლიერესი ექსტრასენსი გახლდათ. ის თავის საქმეს მაშინ აკეთებდა, როცა აკრძალული იყო და ეს შარლატანობად ითვლებოდა. მე და მამა მას ვიკვლევდით. თავის მხრივ ასეთებს „კგბ“-ც ეძებდა, მაგრამ კრივოროტოვს იმდენი მაღალი თანამდებობის პირი ჰყავდა მორჩენილი, რომ მას ხელი ვერ ახლეს. ეს კაცი თავის საიდუმლოს არავის უმხელდა. მამა მუშაობდა ოკეანოლოგიის კათედრაზე, სადაც ეკრან-კამერა ავაშენეთ და ცდებს ვატარებდით. მერე ის ონკოლოგიის ცენტრში მაგნიტო-ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად გადავიდა. ჩერნობილის აფეთქების მერე ბევრი ჯანმრთელობაშერყეული ხალხი მოგვაწყდა. ჩვენთან მოსულ ადამიანს ენერგიის სწორად მართვას ვასწავლიდით. ბევრი ცდა ჩავატარეთ, ბევრს ვუმკურნალეთ, სამეცნიერო აღმოჩენები გავაკეთეთ. დღეს ერთადერთი, ვინც ამ სფეროში დარჩა, ლაურა რუხაძეა, რომელიც მამაჩემის მეთოდოლოგიით ასწავლის და მკურნალობს. ამ დროს კავშირი დაიშალა და უმუშევრობა დაიწყო. აქვე ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში ერთადერთი ვარ, ვინც ამ სფეროში პატენტს გასცემს.

© DENIS ASLANOVვალერი ხომერიკი
ვალერი ხომერიკი - Sputnik საქართველო
ვალერი ხომერიკი

– არ შეიძლება, აქ ჯუნა არ ვახსენოთ, მისი ბიოველიც თქვენ ლაბორატორიაში გამოიკვლიეთ?

— ჯერ იმას გეტყვით, რომ მამაჩემს ონკოლოგიის ცენტრის მაგნიტობიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ მუშაობის დროს ბევრი გამოგონება ჰქონდა. იქ იყო უნიკალური დანადგარი, რომელიც ბიოველის პარამეტრებს ზომავდა. ამ დროს გამოჩნდა ჯუნა, რომელიც თბილისში, კაფე „მეტროში“ ოფიციანტად მუშაობდა. იქ მისულებმა შეამჩნიეს, რომ როცა კაფეში ნასვამი მამაკაცები ჩხუბობდნენ, მას მათი დაშოშმინების საოცარი უნარი ჰქონდა. დავიწყეთ ჯუნას გამოკვლევა, ანუ ონკოლოგიურ ცენტრში მისი ბიოველის გამოცდა. მას ქაოტურად ჰქონდა უნარი ადამიანებზე ზემოქმედება განეხორცილებინა. ჩვენგან ამ უნარის გამოყენება ისწავლა და ამ ენერგიის მართვის მეთოდიკა აითვისა. ჩვენ სამი სამეცნიერო კონფერენცია ჩავატარეთ და სახელმწიფო ტრადიციულ მედიცინას ვუწევდით ძლიერ კონკურენციას. ამიტომ ერთ დღესაც დაგვხურეს. მაშინ, იცით, რა მოხდა? 700-მდე ადამიანი გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს წინ ტრანსპარანტებით და დემონსტრაცია მოაწყვეს. შეზღუდვები მეორე დღესვე მოგვიხსნეს. ჩვენთან მოსული ქალების 85% განიკურნა. მე და მამამ შევქმენით ბიოენერგეტიკის აკადემია და ასოციაცია „ბიო-რეზონანსი“, სადაც შესაბამისი უნარისა და სათანადო სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებს ენერგიის მართვის ხელოვნებასა და მკურნალობის მეთოდებს ვასწავლიდით.

– ბატონო ვალერი, ტუჩის გარმონზე დაკვრა ერთი გარემოების მერე და მოულოდნელად დაგიწყიათ?

— ერთი პერიოდი ვმუშაობდი მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სარეპეტიციო ბაზა იყო. ერთ დღესაც, როცა იქ რემონტი იყო, კიბეს წამოვედე და ზურგზე დავეცი. ფოთელმა კარდიოლოგმა ციცო კასრაძემ ხელოვნური სუნთქვა გამიკეთა. როცა მოვსულიერდი და მდგომარეობიდან გამოვედი, მოულოდნელად ტუჩის გარმონზე დაკვრა დავიწყე. არავის უსწავლებია, თუმცა შინაგანად ამისი სურვილი ყოველთვის მქონდა. ერთ დღესაც, როცა ტუჩის გარმონზე ვუკრავდი, ოთახში ვოვა მოგელაძე შემოვიდა. ის მსოფლიო დონის მუსიკოსია და მსოფლიოს ჯაზ-პოპ კატალოგშია შესული. მოკლედ მან თავის ანსამბლში დაკვრა შემომთავაზა. მისი „ბლუზ მობილის“ დისკები ლონდონში დღემდე იყიდება. ამაყი ვარ, რომ მასთან ერთად ვდგავარ სცენაზე.

– ახალი ჰობის გარეშე ვერ ვძლებო და…

— ჰო და, ერთხელაც ახალი ჰობის ძებნაში რომ ვიყავი, მივაგენი — ალკოჰოლური სასმელების დამზადება დავიწყე. ახლა ვწურავ ღვინოს, ვხდი არაყს და საკუთარი სასმელების ლაბორატორია მაქვს. გამოვიგონე ფილტრი, რომლითაც სუფთა არაყს ვხდი. ეს არ არის ბიზნესი, რადგან მათ მარტო მეგობრებისთვის ვამზადებ. ამჟამად ვაშენებ სახლს ჩემი არქიტექტურით და არატრადიციული ტექნოლოგიით, რადგან ჩემი სახლისთვის ცემენტს საერთოდ არ ვიყენებ და ის პირდაპირ ბაღში იდგმება. სხვა გეგმებიც მაქვს. ჩემი ცხოვრების მიზანი ის არის, რომ ყოველთვის მქონდეს რაიმე მიზანი – ამ პრინციპს არასოდეს ვღალატობ. ასე რატომ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია და…

– იქნებ იმიტომ, რომ მამისგან ათვისებული სამხედრო დისციპლინის წრთობა გაქვთ მიღებული, რაც კაცს წესრიგსა და თანამიმდევრულობას აჩვევს?

— იცით, მართალი ხართ, ახლა ეგ რომ მითხარით, დავფიქრდი და სწორედ მაგიტომაც ვაღწევ ხოლმე მიზანს ყოველთვის…

ყველა ახალი ამბავი
0