08:44 22 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
იმპერატორი ალექსანდრე  III

ალექსანდრე III საქართველოში: შეხვედრა კარდენახელ გლეხებთან და ქეიფი აზარფეშებით

© photo: Sputnik /
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)
54444

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ დაფუძნებულია ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას ამავე სახელწოდების წიგნზე. მორიგ ნარკვევში ავტორი ალექსანდრე მესამის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა - მოინახულა წმინდა ნინოს საფლავი ბოდბეში და გელათში დავით აღმაშენებლის საფლავი.

ბესიკ ფიფია
კარდენახელებს ვენახში ჩადგმულ მარანში საუზმე გაეშალათ. ხელმწიფე ერთ ქვევრთან მივიდა, რომელსაც უმალ თავი მოხადეს, ორშიმოთი ღვინო ამოიღეს და მის უდიდებულესობას სასმისი შეუვსეს…

იმპერატორი ალექსანდრე III და მისი მეუღლე მარია თევდორეს ასული სამხრეთ სამფლობელოებს — ქუთაისსა და თბილისის გუბერნიებს 1888 წლის შემოდგომაზე ეწვივნენ.

ხომალდმა „მოსკოვმა“, რომელმაც საიმპერატორო წყვილი საქართველოში ჩამოიყვანა, თავდაპირველად ახალ ათონში ჩაუშვა ღუზა. მისმა უდიდებულესობამ  და დედოფალმა მარიამ მხოლოდ ერთი დღე გაატარეს ათონში, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ათონის ტაძრის მონაზვნებმა ზღვის სანაპიროზე სამლოცველო ააშენეს, ჩანჩქერთან მემორიალური დაფა განათავსეს, ხოლო მონასტრიდან სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიამდე მიმავალი გზის გასწვრივ — რომელიც მეფემ ფეხით გაიარა და რომელსაც დღემდე „მეფის ხეივანს“ უწოდებენ — კვიპაროსები დარგეს. იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ მონასტერს კოშკისთვის უზარმაზარი საათი აჩუქა.

იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ბათუმში ბათუმში ზარ-ზეიმით დახვდნენ
ბესიკ ფიფია
იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ბათუმში ბათუმში ზარ-ზეიმით დახვდნენ

ამის შემდეგ ალექსანდრე III კვლავ ზღვით გაემგზავრა ბათუმისკენ, სადაც საპატიო სტუმრების პატივსაცემად, 1888 წლის 25 სექტემბერს, გემებიდან და სანაპირო ბატარეებიდან სალუტები დააქუხეს. მეფის ოჯახი ნავსადგურიდან პირდაპირ ეკლესიაში წაბრძანდა სალოცავად — ქალაქში ერთადერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ იმპერატორი და იმპერატრიცა მოედანზე გავიდნენ, სადაც ახალი ტაძრის საძირკვლის ჩასხმაში მიიღეს მონაწილეობა და იქვე მდებარე ბაღში  რამდენიმე ხეც დარგეს სამახსოვროდ.

ალექსანდრე III-მ მიხაილოვის ციხესიმაგრეც მოინახულა, რომელში განლაგებული არტილერიაც ბათუმის ნავსადგურს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან იცავდა.

იმავე საღამოს მეფის ოჯახი სპეციალური მატარებლით გამოემგზავრა თბილისისკენ. გზად ყველა სადგური, რომელიც საიმპერატორო მატარებელს უნდა გაევლო,  საზეიმოდ იყო მორთული.

იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახთან ერთად
РИА Новости
იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახთან ერთად

ერთი დღე-ღამე იმპერატორმა და მისმა მეუღლემ ბორჯომში გაატარეს დიდი თავადის, მიხეილ ნიკოლოზის ძის მამულში, რომელიც წიწვოვან ტყეში იყო გადაჭიმული და ირგვლივ ფიჭვის არომატი იფრქვეოდა.

იმპერატორის მატარებელი თბილისში 28 სექტემბრის დილით ჩამოვიდა.

სადგურიდან მთავარმართებლის სასახლემდე გადაჭიმული გზა მდიდრულად მოერთოთ და საპატიო ყარაულში ჯარისკაცები ჩაემწკრივებინათ — ძველი ქართული საგვარეულოების ოცდაათი შთამომავალი.

ქუჩებში, სახლების სახურავებზე, აივნებსა და ფანჯრებში უამრავი ადამიანი გამოფენილიყო სამეფო ოჯახისთვის თვალის მოსაკვრელად, ჰაერში ქუდებს ისროდნენ და განუწყვეტლივ ისმოდა „ვაშა!“

იმპერატორ ალექსანდრე მესამის სტუმრობას ტფილისელები მთელი სამი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ხალხი ზეიმობდა და არავის ეცალა საზრუნავ–საფიქრალისა და შრომისათვის…

იმპერატორი ალექსანდრე III
Sputnik
იმპერატორი ალექსანდრე III

 

მერე კი საიმპერატორო წყვილმა დედაქალაქიდან კახეთისკენ აიღო გეზი.  კარდენახის მამულსა და ახლომდებარე სოფლებში 1888 წლის 3 ოქტომბრის ადრიან დილას შეიტყვეს მეფისა და დედოფლის სტუმრობის შესახებ…

მზიანი, თბილი ამინდი იდგა. დაახლოებით დღის პირველ საათზე გამოჩნდნენ ბარგით დატვირთული ფურგონები და იმპერატორის მოსამსახურეები, კიდევ ორი საათის შემდეგ კი წინანდლის გზაზე იმპერატორის ამალა შემოვიდა. ხალხი კარდენახის სამეფო სახლის ეზოს შემოეწყო, რომ მეფისა და დედოფლისთვის კაკლის რტოებით დაწნული ლანგრით შოთის პურები და ხილი მიერთმიათ.

უკვე ოთხის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ალექსანდრე მესამე და მარია თევდორეს ასული მამულის ჭიშკარს მიადგნენ. მცირე ხანს შეჩერდნენ და მერე ფეხით გაეშურნენ მე–17 საუკუნეში აგებული საბაწმინდის ტაძრისკენ. ალექსანდრე III ჯვარს ემთხვია და საკურთხეველში შევიდა ხატებისა და საეკლესიო საჭურვლის დასათვალიერებლად.

იმპერატორი ალექსანდრე  III
Sputnik
იმპერატორი ალექსანდრე III

ეკლესიიდან გამოსულმა მეფეხელმწიფე–დედოფალმა ბაღში გაისეირნეს. იმპერატორს ყველაფერი აინტერესებდა: მამულის მეურნეობა, მეღვინეობა, ღვინის გასაღების ბაზარი…

საათნახევრიანი სეირნობის მერე სტუმრები მარანში ჩავიდნენ და იმპერატორმა პირდაპირ კასრიდან მოისურვა ღვინის გასინჯვა. სურვილი, რაღა თქმა უნდა, მყის აღუსრულეს.

მეორე დღეს იმპერატორი და იმპერატრიცა სასახლის წინ მდებარე ყვავილნარში გავიდნენ და კაკლის ოთხი ნერგის დარგვას შეუდგნენ. ამ დროს მის უდიდებულესობას ორი ხანშიშესული ოფიცერი მიუახლოვდა რაღაც სათხოვრით. მეფემ მოუსმინა მათ და  კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის მთავარსარდალს, თავად ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს უბრძანა, ვეტერანების თხოვნა შესრულებინა.

საიმპერატორო წყვილმა ხეების დარგა და ჯერ სიღნაღში, იქიდან კი ბოდბის მონასტერში გაემგზავრა წმინდა ნინოს საფლავის მოსანახულებლად.

წმინდა ნინოს საფლავი ბოდბეში
ბესიკ ფიფია
წმინდა ნინოს საფლავი ბოდბეში

იმავე დღის შუადღისას იმპერატორი და დედოფალი უკან, კარდენახში დაბრუნდნენ. ვენახში ჩადგმულ მარანში საუზმე გაეშალათ. ხელმწიფე ერთ ქვევრთან მივიდა, რომელსაც უმალ თავი მოხადეს, ორშიმოთი ღვინო ამოიღეს და მის უდიდებულესობას ჭიქა შეუვსეს. მეფემ თეთრი ღვინო შეაქო და სასმისი სიამოვნებით გამოცალა.

„პურობისას ღვინოს ორშიმოთი პირდაპირ ქვევრებიდან იღებდნენ და აზარფეშებში ასხამდნენ. ასე თავად იმპერატორმა მოითხოვა, რათა ქართული ტრადიციები არ დაერღვია… ხალხისთვის ახლოს მისვლის საშუალება რომ მიეცა, ხელმწიფემ მათი ვენახში შეშვება ბრძანა და მარნისწინა მოედანიც ერთ წუთში შეივსო… მისი უდიდებულესობა გლეხებს შეერია და ტკბილად გაესაუბრა. ხელმწიფე კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ბევრი ადგილობრივი ქართველი რუსულად კარგად ლაპარაკობდა, თუმცა წუხდა, რომ ქართველი ქალები ეროვნულ სამოსს თანდათან ივიწყებდნენ და ჩვეულებრივ კაბებს ამჯობინებდნენ“, —  წერს სამეფო კარის მემატიენა.

საიმპერატორო წყვილი თიანეთში
არქივი
საიმპერატორო წყვილი თიანეთში

დღის ორ საათზე იმპერეტორის ამალამ, რომელსაც უამრავი ადამიანი აცილებდა, კარდენახი დატოვა. თუმცა სამეფო მამულში სიმღერა, ცეკვა–თამაში და ქეიფი გვიან საღამომდე არ შეწყვეტილა.

ბათუმისკენ მიმავალი ალექსანდრე III გზად ქუთაისში შეჩერდა, გელათის უძველესი მონასტერი და მეფე დავით აღმაშენებლის საფლავი მოინახულა…
იმპერატორი და იმპერატრიცა ბათუმში გემ „მოსკვაზე“ ავიდნენ დაჩრდილოეთისკენ დაიძრნენ…

დავით აღმაშენებლის საფლავი
ბესიკ ფიფია
დავით აღმაშენებლის საფლავი

 

თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)

მთავარი თემები