ადამიანი, რომელიც ირგვლივ მყოფთ თავმდაბლობით ხიბლავდა

© ლასხიშვილითამილა ლასხიშვილი
თამილა ლასხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგს, არაჩვეულებრივ მსახიობს და უთვალავი ადამიანის ჭეშმარიტ მეგობარს, ქალბატონ თამილა ლასხიშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა.

ქალბატონი თამილა ლასხიშვილი მსახიობების ოჯახში გაიზარდა. მისი ნიჭი თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ამის დასტური იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული მთავარი როლები. თავისი შემოქმედებით მან მაყურებლის გული მოინადირა და ხალხში უდიდესი სიყვარული დაიმკვიდრა. ქალბატონი თამილა ბრწყინვალედ თამაშობდა დრამატულ როლებს, რაც ძალიან რთულია და იშვიათი მოვლენაა, თუმც მან საინტერესო სახასიათო როლებიც შექმნა. მარჯანიშვილის თეატრში მნიშვნელოვანი იყო მისი, როგორც პიროვნებისა და მსახიობის როლი.

მახსოვს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში მიმავალი ქალბატონი თამილა, რომელიც თავის კდემით, მდუმარებით და თავმდაბლობით გხიბლავდათ და აუდიტორიაში იმ პროფესიონალური საიდუმლოებით მოცული შედიოდა, რომელიც სტუდენტებს ბედნიერებას ანიჭებდა. 90-იანი წლების ბოლოს ხელოვნების მოყვარულებმა უცნაური ფაქტი გაიგეს: მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებლის საყვარელ და ნიჭიერ მსახიობებს ვეღარ იხილავდნენ. თამილა ლასხიშვილი თანამშრომლობდა ტელე-რადიო დეპარტამენტის ლიტერატურულ განყოფილებასთან, იცოდა ლიტერატურა, უყვარდა და ეს სიყვარული უამრავ ადამიანს ჩაუნერგა.

მსახიობი ზანდა იოსელიანი: თამილას წასვლამ დიდი სევდა დამიტოვა. სანამ მოხვიდოდით რაღაცას ვწერდი მასზე და ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები. მისი წასვლით ჩემი ყოველდღიური ცხოვრება დავკარგე. უზომოდ უყვარდა სტუდენტები, მაგრამ ძალიან მომთხოვნიც იყო, მკაცრი და ისე დაცოცხავდა მათ, რომ სულ მიკვირდა — ასე რატომ უყვარდათ?!. ლიტერატურის უბადლო მცოდნე იყო,  ეს ფაქტი თავის დროზე აკაკი ბაქრაძემ შეამჩნია და თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა: „ასეთი განათლებული არტისტი და ასეთი მეტყველების კულტურის მქონე, აუცილებლად უნდა მუშაობდეს სტუდენტებთან!“ 80 წელი შეუსრულდებოდა — რა მალე გარბის დრო!

მუსიკოსი გოგი ჭიჭინაძე: მახსენდება ბერნარდა ალბას მისეული შესრულება ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე, გაჭედილ დარბაზში მაყურებლის ტევა არ იყო და ჩვენ, ყველა აღფრთოვანებასა და ემოციებს ვერ ვფარავდით… ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო… დედაჩემის მონათხრობიდან ვიცი, თუ რა ხდებოდა ქუთაისის მესხიშვილის დრამატულ თეატრში, როცა მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ საგრიმიოროში თაყვანისმცემელთა შემოტევა იწყებოდა, რასაც თურმე მილიცია ძლივს იგერიებდა იმით, რომ უკანა კარიდან ძლივს ახერხებდა ქალბატონი თამილას გაყვანას.

მწერალი და ჟურნალისტი, ნინო ქუთათელაძე: თამილა ლასხიშვილმა ზედმიწევნით, საუკეთესო ფილოლოგის დონეზე იცოდა ქართული ლიტერატურა, თანამედროვე, სრულიად ახალგაზრდა მწერლების ჩათვლით. თამილას მრავალი ლიტერატურული მონო-სპექტაკლი ჰქონია, მაგრამ ორი მათგანი აუცილებლად მინდა გავიხსენო, ერთი ტერენტი გრანელის პოეზიას მიეძღვნა.

საღამოთი აღფრთოვანებულმა მწერალმა ჯანსუღ ღვინჯილიამ წერილი დამიკვეთა და ის დაიბეჭდა კიდეც სათაურით „ფიქრები ფრთების გაშლის წინ“. მეორე საღამო ჩვენი ერთობლივი პროექტი გახლდათ და დიდი რუსი პოეტის ანა ახმატოვას ხსოვნას მიეძღვნა. არასოდეს დამავიწყდება, რაც საღამოს შემდეგ ხდებოდა — 10-15 წუთი ფეხზე ამდგარი მაყურებელი ტაშს უკრავდა უბადლო მკითხველს. ახლაც თვალწინ მიდგას ქალბატონი მედეა ჯაფარიძის ულამაზესი, გაცისკროვნებული თვალები და ჩამესმის მისი შეძახილი — „საოცარია! ბრავო, ბრავო!“ ქალბატონმა ლილი იოსელიანმა, რომელმაც ეს თეატრალური მონო-სპექტაკლი დადგა, მეც სცენაზე ამიყვანა. დაუვიწყარია ჩემთვის ამ უჩვეულო საქმეში ამ ორი ქალბატონის თანადგომაც. შეიძლება ითქვას, რომ თანადგომა, მეგობრობა თამილას მეორე პროფესია იყო.

თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, რამაზ იოსელიანი: ქალბატონი თამილა მარტო მეგობარი არ იყო, ჩვენ ურთიერთობას „დედა-შვილობას“ დავარქმევდი. არ მახსოვს სპექტაკლი მეთამაშა და თამილა არ მოსულიყო პრემიერაზე, არ მახსოვს! რამდენი უბედურება, გაჭირვება გადამიტანია და სულ ჩემ გვერდით იყო! ყველას მიმართ ასეთ მზრუნველობას ამჟღავნებდა. თამილას უზადო მეტყველება ჰქონდა, მან ბრწყინვალედ იცოდა სუნთქვის დაყენება და მხატვრულ ლიტერატურას არაჩვეულებრივად კითხულობდა. 

რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს ბოლომდე მიიყვანდა. თეატრზე ფანატიკურად შეყვარებული, ის იყო გენიალური არტისტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრებამ დასაჯა… თამილა ზედმიწევნით ღირსეული ადამიანი იყო და თეატრს ხანდახან „არ უყვარს“ ასეთი პიროვნებები, ისინი თითქოს ვერ უმკლავდებიან თეატრის ე.წ. ბნელ დინებებს.

ჟურნალისტი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე: ქალბატონი თამილა გამორჩეული ადამიანი იყო. მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა (როცა თეატრიდან ამდენი მსახიობი გამოუშვეს), ამ საკითხზე საუბარს ერიდებოდა, იმიტომ რომ მისთვის ეს მოუშუშებელი ტრამვა იყო, რომელსაც ცხოვრების „ღია ჭრილობას“ უწოდებდა.

თავისი დიდი ნიჭი და გამოცდილება მან თავის სტუდენტებს გაუზიარა. როცა სცენაზე დახვეწილი მეტყველების მსახიობს უყურებ, ხვდები, რომ მას გამოცდილ პედაგოგთან უმუშავია… მეტყველების სფეროს ერთ-ერთი უპირველესი ოსტატი ქალბატონი თამილა ლასხიშვილი გახლდათ.

ქალბატონი თამილა სცენაზე ძალიან მართალი იყო, დახვეწილი მეტყველებითა და ნიჭით არაჩვეულებრივი სახეები შექმნა. რადიოშიც მოღვაწეობდა, ტელევიზიაშიც… მახსოვს, გოგი თოდაძემ დააკავა „თავისუფალ თეატრში“ და სცენაზე გამოსვლას დღესასწაულივით ელოდებოდა. მას სიგიჟემდე უყვარდა თავისი პროფესია, სტუდენტებს თან ჰყვებოდა, ყველაზე ზრუნავდა. სულ ვთხოვდი „გადავიღებ თქვენ ლექციებს“, მაგრამ უფლებას არ მაძლევდა, ბოლოს მაინც მოვიყვანე ორჯერ „ტელე-იმედის“ გადაცემაში და ბგერის წარმოთქმის წესზე ღია ეთერში მასტერ-კლასი ჩაატარა. 

კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი: თამილა თავისი სიდარბაისლით, კდემამოსილებით, გონიერებითა და უკიდეგანო განათლებით შენთვის ცხოვრობდა, გამოგიყვანდა რთული სიტუაციიდან და იმედით აგავსებდა. მას ყველა და ყველაფერი უყვარდა, ცუდად არავის მოიხსენიებდა, მიმტევებლობის მაგალითს გაძლევდა. 

ქალბატონ თამილას შესახებ კიდევ ბევრი რამ დარჩა უთქმელი, მაგრამ, ალბათ, მრავალი ინატრებდა ამ ნიჭიერი მსახიობის მიმართ გამოხატულ ასეთ რჩეულ სიტყვას, სითბოს და სიყვარულს. 


 

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0