სამი მუზის მსახური პატარა ქალბატონი

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი ცხოვრების გზა ყველასგან განსხვავებულია: აქ ერთდროულად და ბევრი რამ ხდება... ლიზი ბუდაღაშვილი 15 წლისაა და სამ მუზას ერთნაირად ნიჭიერად ემსახურება: უკრავს, ხატავს, წერს. სწავლობს ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ნიჭიერთა ათწლედსა და რესპუბლიკურ სამხატვრო აკადემიაში.

სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისმა ნოველამ,,მოხუცი თეთრი მეფე" ნეაპოლში გამართულ კულტურული კლასიკის კონკურსზე პრემია დაიმსახურა, ხოლო ნახატმა რომის პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა. დეკემბერში, ჯუზეპე ჯოაკინოს სახელობის ხელოვნებისა და კულტურის ოცდამეოთხე საერთაშორისო კონკურსზე ლიზის 7 ნახატი და 3 ლექსი ჰქონდა გაგზავნილი და იქ  მან ორი მთავარი პრიზი აიღო.  უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II სახელობის ლიტერატურულ ფესტივალზე  „სიკეთის ხე" მან პროზაში პირველი ადგილი და გრან-პრი ერთდროულად დაიმსახურა. მისი ნამუშევრების გამოფენა გაზაფხულისთვის ავსტრიაში, ქალაქ ვენაშია დაგეგმილი.

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

-ლიზი, შეიძლება ითქვას, ამ ასაკში უკვე შემდგარი პიროვნება ხარ, თავად როგორ უყურებ საკუთარ თავს?

— იმის გამო, რომ სამ სკოლაში ერთდროულად ვსწავლობ, არ შეიძლება, თავი განსაკუთრებულად ჩავთვალო. დაბალ კლასში სკოლაში წასვლაზე უარი ვთქვი, რადგან იმ მასალას, რასაც მასწავლიდნენ, უკვე ვფლობდი და მისი თავიდან სწავლა არ მინდოდა. ასე აღმოვჩნდი ჩემზე მოზრდილების კლასში. საერთოდ, ჩვეულებრივი პიროვნება ვარ და თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ განსხვავებული ვარ, ეს სტიმულს მაძლევს, რომ არჩეული გზა გავაგრძელო. მადლობა უფალს, რომ პოეზიაც, მხატვრობა და მუსიკა სამივე ერთნაირად მიყვარს და გამომდის… როცა ლექსში ვიცლები- ტილოზე გადავდივარ, მერე ამ დახატული ტილოდან მელოდია “მესმის“და ახლა უკვე იმას ვინიშნავ, ანუ როგორც წესი დინებას მივყვები. რაც შეეხება ბოლო პერიოდის მიღწევებს, გეტყვით, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალთა სახლში გამართული ჩემი პოეზიის პერსონალური საღამო. ნამუშევრები რამდენიმე საერთაშორისო სახელოვნებო კონკურსზე მაქვს გაგზავნილი და შედეგებს ველოდები. ამასთან მოუთმენლად ველი საბოლოო პასუხს,,FLEX’’-ის პროგრამიდან, სადაც უკვე ნახევარფინალისტი ვარ. ეს პროგრამა 1 წლით ამერიკაში სწავლებას ითვალისწინებს.

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

-ცხოვრების ასეთ ტემპს უკვე მიეჩვიე და სიტყვა დაღლასაც ალბათ ვერასდროს,,მიიღებ“…

— დიდი ტემპი თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამას, ადრეული ასაკიდან მაქვს აღებული. დაღლა თუ არის, აქამდეც უნდა დავღლილიყავი, მაგრამ საკუთარი თავისთვის ასეთი არაფერი შემიმჩნევია ჯერჯერობით და დარწმუნებული ვარ, ვერც მომავალში შევამჩნევ. ორგანულად მაქვს გათავისებული ის რიტმი, რომელზეც ჩემი ყოველდღიურობაა მოქოქილი. ეს არ არის ხელოვნური აჩქარება. ამ აზრს ახლა ცოტა შორიდან გავაგრძელებ. ხელოვნება შინაგანი სამყაროს საზრდოა, სულიერი მოთხოვნილება, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან-არა. ესაა ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ხელოვნების მნიშვნელობა, თორემ რომ ჩავუღრმავდე-ხელოვნება უჰორიზონტო სივრცეა, ადამიანის სულის პერიოდული ან მუდმივი საჭიროებაა და თუ ამ მნიშვნელობით გავიაზრებთ ხელოვნებას, მაშინ დაღლა მასთან ლოგიკურად შეუთავსებელი იქნება. ასევეა ჩემს შემთხვევაშიც…ზოგადად დაღლა პირობითია: დაიღლები, შეისვენებ, განაგრძობ. პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, რაიმეს შექმნის სურვილი და ცდა..

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- მოკლედ, შენს მიერ მიღწეული ყველა წარმატების ჩამონათვალით იდეალური ადამიანის პორტრეტს მივიღებთ…

— საკუთარ თავს იდეალურს ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვუწოდებდი: 1) არ ვარ. 2) საკუთარი თავი იდეალურობისთვის არ მემეტება, ანუ არ მინდა, ასეთი უინტერესო ვიყო. იდეალურ ადამიანს ვერ შეიმეცნებ. მასთან ურთიერთობა არ მოიაზრებს ურთიერთობის სიძლიერისთვის საჭირო იმ ყველაზე აუცილებელ პროცესს, რასაც ადამიანის ძიება ჰქვია. მასში ისეთი წესრიგია, შენში არსებული საინტერესო ქაოსიდან გამომდინარე უხერხულობას გრძნობ. მიხარია, რომ არ ვარ იდეალური, იმიტომ მე ვარ ლიზი და ბევრი ნაკლის განუმეორებელი კომბინაცია მაქვს. ასეა ყველა ადამიანი და ეს ქმნის მის ინდივიდუალობას. მინდა გითხრათ, დღეს რომ ის ვარ, რაც ვარ ეს დედაჩემის დამსახურებაა,- ასეთი მან აღმზარდა. 

-ლიზი, შენს მიერ ემოციურად წაკითხული ლექსები მაქვს მოსმენილი და როგორ ფიქრობ, მეოთხე მუზა, რომელსაც შესაძლოა, მომავალში დაუმეგობრდე- სცენა და თეატრი ხომ არ არის?

— სიმართლე გითხრათ, თეატრი ის სფეროა, რომელიც მხატვრობის, მუსიკისა და ლიტერატურის შემდეგ მართლა ყველაზე მეტად მაინტერესებს. არ ვიცი, სამსახიობო მონაცემები რამდენად მაქვს, მაგრამ უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს, მსახიობობას აუცილებლად ვცდიდი. მუდმივად და განსაკუთრებულად მაინტერესებდა საკუთარი ცხოვრების დროებით მივიწყებისა და სხვისი პიროვნების მორგების, გათავისების პროცესი. ამაზე უფრო საინტერესო ბოლოს ისევ საკუთარ რიტმში დაბრუნება, საკუთარ კანში ჩატევაა,ზოგჯერ დაპატარავება რომ მოგიწევს და ზოგჯერ გაზრდა. თეატრი უსაზღვრო და ამოუწურავი სივრცეა და სულ კეთილი შურით მშურდა მსახიობების, როცა სპექტაკლზე მივდიოდი ხოლმე. ახლაც ასეა. არ ვიცი მომავალში რა იქნება. იქნებ, გამომიჩნდეს დრო და გამოვცადო საკუთარი თავი ამ სფეროში. მე პირადად კინოზე მეტად თეატრი მიყვარს. ცოცხლად შესრულებას სულ სხვა ენერგია, ემოცია და ფასი აქვს.

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- გაზაფხულზე, ავსტრიაში დაგეგმილ შენს გამოფენაზე რას იტყვი?

— ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ჩემი ნახატების გამოფენა 4 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის გახსნა 4 მარტსაა დაგეგმილი, მასზე პროგრამით ჩემი მუსიკალური კომპოზიციების შესრულებაცაა დაგეგმილი. ავსტრიაში სტუმრად იქ მოღვაწე ქართველი პიანისტის, ქეთევან სეფაშვილის ოჯახში ვარ მიწვეული. ქეთი და მისი მეუღლე, ინგმარი 2009 წელს გავიცანი თბილისში, ქეთევან სეფაშვილის სახელობის პიანისტთა კონკურსზე, სადაც 9 წლის ჩემს ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დავიმსახურე. მას შემდეგ ვმეგობრობთ. ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვენაში პირველად მივდივარ, თან მარტომ უნდა ვიმგზავრო და ჩემები ცოტა არ იყოს ნერვიულობენ. დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება, რადგან იქ დატვირთული დღეები მელოდება.. ჩემი მასპინძლები მპირდებიან, რომ თითქმის ყველა მუზეუმსა და საგამოფენო დარბაზს დავათვალიერებ და კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებსაც დავესწრები. ალბათ ყველაფერი ეს იდეებით შემავსებს და ამიტომ გამგზავრების დღეს მოულოდნელად ველოდები…

© FB/Liza Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- რა უყვარს ხელოვან ლიზის ყოფით ცხოვრებაში?

— ფეხით სეირნობა მიყვარს ნებისმიერ მანძილზე მარტოც და სხვებთან ერთადაც. არდადეგებზე, ზაფხულობით ხშირად დავდივარ ვიწრო-ვიწრო შუკებში და ძველისძველი, ლამაზი შენობების აღმოჩენა მიყვარს. ასე სიარულით არ ვიღლები და არა მგონია, ოდესმე დავიღალო. შენობებს რომ თავი დავანებოთ,ზოგადად რაიმეს აღმოჩენა, სიახლეები მიყვარს და  მათი ძიების პროცესი მახალისებს. არ ვიცი, ეს ნაკლია თუ არა, მაგრამ საკუთარი თავის ბოლომდე გახსნა არ მიყვარს თითქოს დანარჩენის გააზრებას მოსაუბრეს ვანდობ. ეს ზოგჯერ კარგია,ზოგჯერ-არა. არც სხვაზე ჩაძიება მიყვარს, მეუხერხულება. ამასთან, გარეგნულად ემოციური არ ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ ემოციების გამოსახატავად სხვა გზა ავირჩიე. ცოტათი უყურადღებო და გაფანტული ვარ. არასდროს ვიცი, რომელი საათია და იშვიათად მახსოვს, რომელი ნივთი სად დავტოვე. დედა ამბობს ჩემზე, რთულიაო. რთული ვარ? არ ვიცი. თუ ასეა, — ასე მირჩევნია. ადამიანებში სიმარტივე არ მიყვარს…

- მადლობა. შემოქმედებით წარმატებებს და რთულ ადამიანებთან საინტერესო ურთიერთობას გისურვებ…

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0