„უბატონოს“ მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და ემოციები, რომლის გამოც ცხოვრება ღირს

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ტალახაძე პროფესიით იურისტია. მას სოციალური სივრცე „უბატონო“-ს ფსევდონიმით იცნობს. ამბობს, რომ იმდენად შეეჩვია ამ სახელს, ხანდახან საკუთარ სახელზე რეაგირება უჭირს.

მარიამი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, თუმცა ხუმრობით ამბობს, რომ სამსახურისთვის არ არის დაბადებული, რადგან გული ყოველთვის მოგზაურობისკენ უწევს.

მარიამი „sputnik საქართველოს“ საკუთარი ვოიაჟის და თავგადასავლების შესახებ ესაუბრა. მისი თავგადასავლები იმდენად შთამბეჭდავი და საოცარია შეგიძლია დაუსრულებლად უსმინო და სიამოვნება განიცადო.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

— დასაწყისში მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს. მათი ხელშეწყობა რომ არა, ალბათ დროის დეფიციტის გამო ვერ შევძლებდი მოგზაურობას და იმ მოგონებების შეგროვებას, რომელიც ასე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის.

- მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?

— საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე მოგზაურობა და არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი, დამოუკიდებელი დილა მთაში კარვით. მივხვდი, რომ იმ დღიდან ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში და საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. იმდენად გავაცნობიერე ეს ყველაფერი, რომ დღემდე უამრავი სირთულისა, რომელსაც მოგზაურობის დროს ვაწყდები არასდროს დამიწუწუნია.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

- რას ცვლის მოგზაურობა ადამიანის ცხოვრებაში?

— ხშირად ვხუმრობ, რომ არ ვარ სამსახურისთვის დაბადებული და გული მწყდება ყოველთვის, როცა ჩემს სამოგზაურო ჩანთას კუთხეში უფუნქციოდ დადებულს ვხედავ. ვფიქრობ, რომ ადამიანები აგროვებენ ფულს, მუშაობენ, მუდმივად სადღაც აგვიანდებათ, მე კიდევ არაფერს ვაგროვებ მოგონებების გარდა და ზუსტად ვიცი, რომ ეს ბევრად დიდი განძია ვიდრე მატერიალური ქონება, რომლის მოპოვებისთვის მუშაობა და ბევრ პირად სიამოვნებაზე უარის თქმაა საჭირო. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხშირად ფიქრობენ მოგზაურობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ეს ასე არ არის და უამრავი მარტივი ხრიკი არსებობს მინიმალური ხარჯებით მოგზაურობის დასაგეგმად. თუმცა პირადი გამოცდილებიდან ვურჩევ ყველას, რომ მოგზაურობა საკუთარი ქვეყნიდან დაიწყონ, საქართველოში უამრავი ადგილია, რომლის მსგავსი არასდროს არსად მინახავს და განსაკუთრებული ემოციები დამიტოვა მათ მონახულებამ.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

- პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით საქართველოში?

— პირველი ქვეყანა, რომლის საზღვარის გადაკვეთა და ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრება მომიწია ისრაელი იყო, დღემდე ამ ქვეყნის მიმართ მშობლიური გრძნობა მაქვს და ვფიქრობ, ერთ-ერთი მოწესრიგებული ქვეყანაა თავისი სპეციფიური ტრადიციებით და ორგანიზებულობით სადაც ვყოფილვარ.

- ამის მერე რამდენად გაგიმძაფრდათ მოგზაურობის სურვილი? ეს ერთგვარი აზარტი ხომ არ არის?

— დამოუკიდებლად მოგზაურობა რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყე და პირველი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად მოვინახულე იტალია იყო. დღემდე მახსოვს განცდა, როცა ავტობუსით ვენეციის პატარა გაჩერებას მივადექით და გავაცნობიერე, რომ სრულიად მარტო ვიყავი უცხო ქვეყნის კულტურის და ხალხის წინაშე და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიმეღო მცირე დროში, თუმცა დროის დეფიციტის მიუხედავად მარტივად ავითვისე უცხო ლოკაცია და იმდენად მოვექეცი შთაბეჭდილებების ქვეშ, რომ ბოლო კატერმა გამასწრო, რომელსაც ავტობუსამდე უნდა მივეყვანე და ახლა ხალისით გასახსენებელი ისტორია მაშინ საკმაოდ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად მომეჩვენა და ბევრი ვინერვიულე.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

- უკვე რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი?

— დღეის მდგომარეობით დაახლოებით 17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა შანსი მაქვს ახალი ქვეყანა მოვინახულო მაინც ვარჩევ, რომ ფავორიტ ქვეყნებს ვესტუმრო და მონატრების ნოსტალგია გავიქრო.

- ფავორიტი ქვეყანაც გექნებათ?

— ალბათ იტალიას გამოვარჩევ, როგორც ჩემთვის ფავორიტ ქვეყანას თავისი კულტურით, სამზარეულოთი და მისაღები ფასებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჩემნაირი მოგზაურებისთვის, რომლებიც ცდილობენ მინიმალური ხარჯი გაწიონ მოგზაურობისას.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

- თავად გეგმავთ ტურს, თუ ტურისტულ სააგენტოს მიმართავთ ამის მოსაგვარებლად?

— ჩემი ოჯახი ცხოვრობს გერმანიაში და ძირითადად მოგზაურობას გერმანიიდან ვიწყებ, რომელიც ტერიტორიულად საკმაოდ მოსახერხებელია ახლო ქვეყნების მოსანახულებლად, შესაბამისად არასდროს მისარგებლია ტურისტული სააგენტოს მომსახურებით.

- ადგილი, რომლის ნახვისას იფიქრეთ, რომ ამაზე საუცხოოს ვეღარაფერს ნახავდით…

— განცდა იმისა, რომ ამაზე ლამაზს ვერასდროს ვერაფერს ვნახავდი საქართველოში, ერთ-ერთი ტბის მონახულებისას გამიჩნდა. ქარელთან ახლოს არის ტბა, რომელსაც „ბატეთის ტბა“ ქვია. არასდროს, არსად ამაზე ლამაზი ადგილი არ მინახავს.

- ძირითადად როგორი ტიპის ქვეყნები გიზიდავთ?

— ძირითადად კულტურული ცენტრების და ისეთი ქვეყნების მონახულებას ვარჩევ, რაზეც წინასწარი შთაბეჭდილებები შექმნილი მაქვს და ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა წიგნის ფურცლებზე ასახული ჩემთვის საოცნებო ქუჩები, თუ ადგილები რეალურად. განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება ჩემი პირველი მოგზაურობა პარიზში, როცა წვიმიანი პარიზის ქუჩებში დავდიოდი და ვნახულობდი სრულიად უცხო ნაგებობებს, რომელიც ამავდროულად ყველაზე ნაცნობი და საყვარელი იყო ჩემთვის ძვირფასი წიგნებიდან. თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ზოგადად პარიზი ყველაზე არაპროგნოზირებადი ქალაქია სადაც ვყოფილვარ და ვფიქრობ, რომ რამდენჯერაც არ უნდა ეწვიოს ადამიანი იმდენჯერ აღმოაჩენს რამე ახალს, რაც აღტაცებაში მოიყვანს და თავიდან შეაყვარებს ამ ქალაქს.

- როგორ ფიქრობთ, როდის აღმოაჩინეთ მსოფლიო? სად გაგიჩნდათ ამისი განცდა?

— განცდა იმისა, რომ მსოფლიო აღმოვაჩინე ხევსურეთში მოგზაურობისას გამიჩნდა. ზოგადად არასდროს არსად იმაზე ლამაზი ცა არ მინახავს ვიდრე ხევსურეთშია. რამდენიმე საათიანი ფეხის სიარულის შემდეგ კარვის გარეთ დამეძინა და გვიან ღამით სიცივემ გამაღვიძა, როცა თვალები გავახილე დავინახე ცა, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო და მივხვდი, რომ ცხოვრება მსგავსი განცდების გამო ღირს.

- ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

— კურიოზული და უცნაური სიტუაციები მოგზაურობის თანმდევი პროცესებია, რა თქმა უნდა მსგავსი თავგადასავლები მეც გადამხდენია და მათგან გამორჩეული იყო ის, როდესაც რამდენიმე საათიანი კითხვის შემდეგ, როგორც იქნა მიმასწავლეს ტრიუმფალური თაღი პარიზში. თავიდანვე დამაეჭვა და არ მეცნო არქიტექტურა, თუმცა მაინც თითოეული დეტალი გადავიღე კამერით, რამდენიმე სამახსოვრო ფოტოსთან და როდესაც აღფრთოვანებული, მეგობარს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდი მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ფოტოებზე ჩვეულებრივი თაღი იყო აღბეჭდილი და არა ტრიუმფალური. იმედგაცრუება ვიგრძენი, თუმცა იხტიბარი დღემდე არ გამიტეხავს და ჩემთვის ის დღემდე ტრიუმფალური თაღია.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— ექსტრემალური გასვლა ძირითადად საქართველოს მასშტაბით მიწევს და იყო შემთხვევები როცა მინუს —7, —10 გრადუსშიც გავსულვართ კარვით მთაში, ზამთარში. განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება ნაადრევი თოვლი ყაზბეგში, როცა საღამოს ყვითელ ფოთლებზე გავშალეთ კარავი და დილით ყველაფერი თეთრი იყო გარშემო.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით? ეგზოტიკური, ან უცნაური რა გაგისინჯავთ?

— იტალიური სამზარეულო ჩემი ფავორიტია, ეგზოტიკურ საკვებს რაც შეეხება სიახლეებს არ ვუშინდები, თუმცა მაინც საყვარელი კერძების დაგემოვნებას ვარჩევ. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც და სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს გავსინჯე ესპანური კერძი, კიბორჩხალის სუპი და უფრო გამიმყარა ჩემი ანტიპატია წვნიანების მიმართ.

- ქვეყანა სად წასვლაზეც ოცნებობთ, მაგრამ ჯერ ვერ აიხდინეთ ეს ოცნება…

— ჩემი ოცნების ქვეყანა ინგლისია, ქალაქი კი ლონდონი. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ლონდონზე, რომელიც ადამიანივით მიყვარს, თამად შემიძლია ვთქვა, რომ ლონდონში მოგზაურობა ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომელიც ყველაზე ღირებულია ჩემთვის, წვიმიანი ლონდონით, ჩაის ფინჯანთან და პლედთან ერთად.

© Courtesy by Mariam Talakhadzeმარიამ ტალახაძე
მარიამ ტალახაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ტალახაძე

- ახლო მომავალში სად გეგმავთ წასვლას და რას მოინახულებთ იქ?

— წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ, არა ცრურწმენის, არედ სპონტანურობის გამო. არასდროს ვიცი რას გადავწყვეტ ხვალ, ასე რომ მოგზაურობებს ვერ ვგეგმავ წინასწარ, გეგმას რაც შეეხება უახლოეს პერიოდში გერმანიაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ალბათ უფრო მეტი დრო მექნება მოგზაურობისთვის, ასე რომ მოუთმენლად ველოდები მაგ დროს.

აქვე მადლობა მინდა მოვუხადო იმ ადამიანებს, ვინც ინტენსიურად ადევნებენ თვალს ჩემს სიახლეებს და მგულშემატკივრობენ სადაც არ უნდა ვიყო. ძალიან გამიმართლა, რომ ამდენი ადამიანია ჩემს გარშემო, ვისაც ასე უხარია და ელოდება ჩემს წარმატებებს ნებისმიერ საკითხში. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რომელმაც მომცა სრული დამოუკიდებლობა უამრავი ნერვიულობით გათენებული ღამეების ხარჯზე, ვაცნობიერებ, რომ მათთვის ძალიან რთულია, როდესაც გარკვეული პერიოდი ვერ ვამყარებ მათთან კომუნიკაციას სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაციებიდან გამომდინარე, თუმცა ამას გაგებით ეკიდებიან. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მხოლოდ ასე შემიძლია ვიყო სრულფასოვნად ბედნიერი, ჩემი ოჯახისთვის კი ჩემი ბედნიერება უპირატესია.

 

ყველა ახალი ამბავი
0